"ილია წინამძღვრიშვილი სპეტაკი ადამიანი იყო, დამაარსებელი კერძო სამეურნეო სკოლისა, რომელსაც შესწირა მთელი თავისი სიცოცხლე და ქონება"
ია აბულაშვილი
26.07.2017

 "გლეხობასა და აზნაურებს, თუმცა ხელთ აქვთ უამრავი სიმდიდრე ბუნებისა, არ შეუძლიათ მითი სარგებლობა იმათ, გარდა წარღვნისდროინდელი საშუალებებისა, არ იციან არავითარი სხვაგვარი მამულისა და ბაღ-ვენახის შემუშავება.

"არ არის საჩვენებელი ფერმა, სადაც მათ და მათ შვილებს შეეძლოთ ენახათ შეკეთება მიწისა და სამეურნეო იარაღებისა, რომლებიც გაუადვილებენ მამულის მეპატრონეთა მუშაობას", - წერდა ილია წინამძღვრიშვილი 1883 წელს გაზეთ "დროებაში", დამაარსებელი და ხელმძღვანელი საქართველოში პირველი სასოფლო-სამეურნეო სკოლისა, რომელსაც დიდმა ილიამ პოემა "აჩრდილი" მიუძღვნა.

ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, პედაგოგმა და პუბლიცისტმა ილია წინამძღვრიშვილმა, რომელიც თვლიდა, რომ "მამულის გაკეთება და ნაყოფიერების ცხოვრების წინ წასვლა შეიძლება მხოლოდ წერა-კითხვის, სოფლის სამეურნეო და სახელოსნო ცოდნის გავრცელებით მცხოვრებთა შორის" გადაწყვიტა, რადგან საქართველოში არ არსებობდა სასწავლებელი, რომელიც ახალგაზრდებს სასოფლო-სამეურნეო განათლებას მისცემდა, დაეარსებინა სკოლა საკუთარ მამულში, თავისი ხარჯით.

მართლაც, 1884 წლის 4 სექტემბერს, ილია წინამძღვრიშვილის დიდი ძალისხმევითა და მოწინავე საზოგადოების დახმარებით წინამძღვრიანკარში საქართველოში პირველი სასოფლო-სამეურნეო სკოლა გაიხსნა, სადაც პირველივე დღეებიდან ისწავლებოდა მევენახეობა, ღვინის დაყენება, მებაღეობა, მებოსტნეობა, მეფუტკრეობა, აბრეშუმის ჭიის მოვლა, ხვნა-თესვა, საქონლის მოვლა-მოშენება, დურგლობა და მჭედლობა.

ილია წინამძღვრიშვილმა სკოლას გადასცა 55 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა და ტყე, 20 ათასი ლიტრი ტევადობის ღვინის სარდაფი საწნახლითა და ქვევრებით. შენობა კლასებისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, ორი სასადილო თავისი სამზარეულოთი და სარდაფით, პურის საცხობი და სახელოსნოები.

პირველი მოთხოვნა, რომელსაც ილია წინამძღვრიშვილი აყენებდა, იყო ის, რომ სკოლაში უნდა ესწავლათ მოსწავლეებს განურჩევლად წოდებისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა.

ეს ამბავი კი ასე ყოფილა: როგორც სოლომონ ცაიშვილი წერდა: "1883 წელს ილია წინამძღვრიშვილმა გადაწყვიტა თუ არა თავისი საკუთარი სახსრებით სასწავლების გახსნა, თავის საკუთარ სახლში მიიწვია თორმეტი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე და თხოვდა ამ რჩეულთა კრებულს - შეემუშავებინა წესდება, სასწავლო გეგმა და პროგრამები სამეურნეო სკოლისათვის.

დადგინდა სკოლის პროფილი, სწავლის ხანგრძლივობა და პროგრამების მოცულობა, მაგრამ ერთი "წყეული" და თავსატეხი მაინც ამღვრევდა წყალს. ეს იყო სკოლის წესდების პირველი მუხლი იაკობ გოგებაშვილის ხელით ჩაწერილი: "სწავლება ყველა საგნისა პირველი წლიდან დაწყებული მეექვსე წლის დასრულებამდინ უნდა მიმდინარეობდეს ქართულ ენაზე".

კრებამ, რასაკვირველია, ეს მოსაზრება მიიჩნია ჭეშმარიტებად, მაგრამ ამ ჭეშმარიტებას ჰყავდა იმ ხანებში ყველაზე ძლიერი მტერი. ეს იყო ცარიზმი, რომელიც ავიწროებდა, ზოგჯერ პირდაპირ აუქმებდა ადგილობრივ სკოლას, თეატრს, საგანმანეთლებლო დაწესებულებას, იმ მოსაზრებით, რომ მასები სიბნელეში ჰყოლოდა.

მაშინ იაკობ გოგებაშვილმა მოიშველია კავკასიის მეფის მოადგილის (ნამესტნიკის) თანაშემწე სტაროსელსკი, ლიბერალურად განწყობილი მოხელე, ილია ჭავჭავაძის ახლობელი ადამიანი, რომლისადმი მიმართვის დაწერა თვითონ იაკობმა იკისრა და წესდების მუხლი უცვლელად დატოვა.

წინამძღვრიშვილმა წესდება დაუყოვნებლივ წარუდგინა სტაროსელსკის, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო ოლქის მზრუნველ იანოვსკის (მეფის ერთგულ მოხელეს) თანხმობა არ მიუღია. სტაროვოლსკის დახმარებით სკოლის წესდება, მისი პროგრამა და სასწავლო გეგმა დამტკიცებული იქნა".

"რომ არა ეს სასწავლებელი, მე ქართული ენა არ მეცოდინებოდა, იმიტომ, რომ ყველგან ყველაფერი რუსულ ენაზე იყო; ილია წინამძღვრიშვილის დიდი დამსახურებაა ისიც, რომ თვითონ, რადგან არ იყო სასწავლებლის მასწავლებლებისთვის სათანადო დაფინანსება, გამოიჩინა ქველმოქმედება, რა თქმა უნდა, სხვა საზოგადო მოღვაწეებიც ეხმარებოდნენ - ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი", - წერდა თავის მოგონებებში სასწავლებლის კურსდამთავრებული მიხეილ ჯავახიშვილი.

დიდი ექვთიმე თაყაიშვილი კი ილია წინამძვრიშვილს ასე იგონებდა: "ილია წინამძღვრიშვილი დიდად დაახლოებული იყო ილიასთან. სპეტაკი ადამიანი იყო, დამაარსებელი და ხელმძღვანელი წინამძღვრიანთა კარის კერძო სამეურნეო სკოლისა, რომელსაც შესწირა მთელი თავისი სიცოცხლე და ქონება.

"მე კარგად ვიცნობდი მას. შეიძლება ითქვას, რომ ის იყო უაღრესი ფიზიოკრატი, დარწმუნებული, რომ საქართველოს მარტო მეურნეობის გაჩაღება და განათლება უშველის. ამიტომ, მისი აზრით, ყველა შეძლებულ ქართველს ან უნდა სამეურნეო სკოლა გაეხსნა ან სკოლისათვის თავისი ქონება შეეწირა.

პირველად ილია წინამძღვრიშვილი სკოლას თავისი ხარჯით ინახავდა, მერე სათავადაზნაურო ბანკმა დაუნიშნა შემწეობა, მაგრამ მაინც მთელ ჯამაგირსა და მამულის შემოსავალს ზედ ადებდა. ყოველ შაბათს ეტლით მიდიოდა თავის სკოლაში და ორშაბათს უკან ბრუნდებოდა.

ზოგჯერ სარევიზიოდ თან მიჰყავდა პედაგოგები ან შენობის სარემონტოდ ხელოსნები და სხვანი. ნიჭიერ შეგირდებს ის ნოვაცკის სამეურნეო სასწავლებელში აგზავნიდა, შემწეობას აძლევდა, მათთან მიწერ-მოწერა ჰქონდა. ყველა მისი შეგირდი მას თავის მამად სახავდა".

ილია წინამძღვრიშვილი თურმე აქტიური მონაწილე ყოფილა ილიაობის აღნიშვნისა, თავისი მოსწავლეები ყოველ წელს საგურამოში ჩაჰყავდა ზეიმზე დასასწრებად, თავად კი წინ მოუძღოდა. ერთ-ერთ ასეთ ილიაობას სოლომონ ცაიშვილი ასე იხსენებს:

"საგურამო. 1887 წლის 20 ივლისი. ილია ჭავჭავაძის სტუმართმოყვარე სახლი და ეზო განსაკუთრებული საზეიმო იერით იყო შემოსილი.

საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსულ სასურველ სტუმართა ლაშქარი გარშემოხვევია ძვირფას მასპინძელს, რომლის დღეობას, ილიაობას იხდიდა არა მარტო ოჯახი ან საგურამო, არამედ მთელი საქართველო.

ნადიმი კარგა ხნის დაწყებული იყო, როცა ეზოს სიღრმიდან მოისმა მშვენიერი ქართული სიმღერა. ხმები ჭაბუკებისა იყო. მოიმღეროდნენ წანამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის მოსწავლეები თავიანთი მასწავლებლებით.

წინ უძღოდათ თვით ილია წინამძღვრიშვილი, ამ სკოლის დამაარსებელი და მისი მუდმივი დაუღალავი მზრუნველი და გულშემატკივარი, მოგვითხრობს იაკობ მანსვეტიშვილი.

ორივე ილია თვალებგაცისკროვნებული შესცქეროდნენ თავიანთ ღვაწლსა და შრომის ნაყოფს. მათ მიერ შექმნილი პირველი ქართული სამეურნეო სკოლის პირველი გამოშვების მომავალ აგრონომებს".

"7 ენკენისთვის თავის სამშობლო სოფელში, წინამძღვრიანთკარში პატრა გორაკზე აყრილი ხეების ქვეშ თავის ნაამაგარ მამულში, შავ მიწას მიაბარეს ორმოცი წლის საზოგადო მოღვაწეობის შემდეგ ილია წინამძღვრიშვილი.

"სწავლა ილიასათვის მარტო ენის გამშვენიერება კი არ იყო, არამედ თვით ცხოვრების ნივთიერად მოღონიერება. ამიტომ აქ უფრო პრაქტიკული ცოდნა სჭარბობდა, მებოსტნეობა, მეღვინეობა, ევროპულად მარნის მოწყობა და ამისთვის საჭირო იაფფასიანი წიგნების გამოშვება თავისი საკუთარი ჯიბიდან.

"ერთი სიტყვით, რაც ილიას სკოლისა და საზოგადოებისთვის შრომა გაუწევია, ის რომ პირად მას დაეხარჯნა, უეჭველია, დიდ ქონებას დასტოვებდა. მაგრამ არც ამაზე უჩიოდა ილია ბედს, ხარობდა, რომ ბედმა არ გასწირა და თავის ამხანაგების ოცნებანი და ნეტარი სიზმრები სამშობლოს აუცხადა.

მოღვაწე ადამიანო! თუ აქნობამდე შენ უვლიდი ხალხსა და სკოლას, ახლა ეგ სკოლა და შენი მოწაფენი მოუვლიან შენს ნეტარ საფლავს, როდესაც შენი საყდრის ზარი მოჰფენს ხმას.

ეს ხმა იქნება შენი და ვიდრე შენი სკოლა და საყდარი თავიანთ დანიშნულებას ემსახურებიან, საფლავი წმინდანად იქნება მიღებული სოფლისა და ხალხისგანაც", - ასე გამოეხმაურა მაშინდელი ქართული პრესა ილია წინამძღვრიშვილის გარდაცვალებას, კაცს, რომელმაც ამგვარი ცოდნის ჩირაღდანი აანთო მე-19 საუკუნის 80-იანი წლების საქართველოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×