ია აბულაშვილი
27.07.2017

 როდის დაიწყო საქართველოში მინის წარმოება, ამაზე ცნობები არც ქართულ და არც უცხოურ წყაროებში არ მოიპოვება, თუმცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე მრავლად არის აღმოჩენილი როგორც მინის ჭურჭელი, ასევე მინის წარმოების საამქროები.

სწორედ ამ თემაზე, გვინდა, რამდენიმე საინტერესო მასალა შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, თავდაპირველად მინას ჭურჭლის და სამკაულების დასამზადებლად იყენებდნენ და ამიტომ იგი ფუფუნების საგნად ითვლებოდა. მოგვიანებით კი მინას საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლადაც იყენებდნენ.

მინის წარმოების პირველი ნიმუშები აღმოჩენილია ორბეთში, ბოლნისში, შუაფეოდალურ ხანაში კი მინის წარმოება ყოფილა დმანისში, თბილისსა და რუსთავში. არქეოლოგიური გათხრებით, ასევე, დასტურდება, რომ მინის წარმოება ყოფილა გრემსა და ჟინვალში.

თბილისში მინის წარმოების შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის სპარსული თხზულება "სამყაროს საკვირველებანი". ავტორი ამ თხზულებაში მე-12 საუკუნის დასასრულისა და მე-13 საუკუნის დასაწყისის თბილისის ხიდის მახლობლად მდებარე ბაზარში გასაყიდ საქონელს შორის მინის ნაწარმსაც ასახელებს.

ამ პერიოდში მზადდებოდა ასევე პირის საფარეშო და სააფთიაქო ჭურჭელიც სურნელოვანი სითხეების, მალამოების, საღებავების და წამლების შესანახად.

მოგვიანებით მინისგან ამზადებდნენ ლამპრებს, რომლებიც აღმოჩენილია როგორც თბილისში, ასევე დმანისსა და რუსთავში; ასევე, მინისგან დამზადებული აკვნის მოწყობილობა.

ქართული მინის ნაწარმი გასაყიდად გაჰქონდათ უცხოეთშიც, მაგალითად, დვინში აღმოჩენილია საქართველოდან გატანილი მინის სასმისი. მინის წარმოება ხდებოდა ძირითადად ჩამოსხმით, თავისუფალი ჩაბერვით ან გლუვ ყალიბში ჩაბერვით.

ვახტანგ მეექვსის წიგნში "ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა" საუბარია ოპტიკური ხელსაწყოების მინისგან დამზადების წესზე. კერძოდ, სათვალეების და სათვალის ჩარჩოს დამზადებაზე.

ვახტანგ მეექვსე თავის წიგნში მინის გაპრიალების წესსაც აღწერს. როგორც ჩანს, ოპტიკური სახელოსნოებისათვის საჭირო ნივთიერება "კროკუსი" საფრანგეთიდან შემოჰქონდათ.

"კროკუსი ერთი ფისია, ყვითელი. საფრანგეთიდან მოვა" - წერს ვახტანგ მეექვსე. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში კი გვხვდება სიტყვები: მინა, შუშა, დურბიანი, სათვალე, შორსათვალე, ჭიგრიანი (ტელესკოპი).

ცნობილია ერეკლე მეორის დროს არსებული ოპტიკური სახელოსნოს შესახებაც. 1788 წელს "ერეკლე მეორის სალაროს, ოქროს შემოსავალ-გასავლის აღწერის ნუსხაში" ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერია.

"ქორონიკონსა 1788 ამა წლის ხარჯი ამის ქვემოთ ჩაიწერება... ბატონიშვილის სათვალე გაუკეთებია გაბრიელ ოქრომჭედელს ნონია მოლარის ზედამხედველობით"...

ამ დოკუმენტით ცნობილი ხდება, რომ მეფის სალაროდან ოქრო მიუციათ მეფის სათვალის ჩარჩოსთვის, ანუ თბილისში 1788 წელს ყოფილა ოპტიკური სახელოსნო და სათვალის ოსტატი გაბრიელ ოქრომჭედელი.

რაც შეეხება მე-19 საუკუნეში მინისგან დამზადებულ ნაწარმს, ქალაქ ბორჯომის მუზეუმში დაცულია "ბორჯომის" 10 ბოთლი. აქედან განსაკუთრებით აღსანიშნავია რომანოვების ოჯახის შეკვეთით დამზადებული "ბორჯომის" თეთრი ბოთლი, რომელიც თავიდანვე შეზღუდული რაოდენობით დამზადებულა.

მინაზე ამოტვიფრულია რუსეთის სამეფო გერბი და სასმელის სახელწოდება. ცნობისათვის, 1895 წელს, როდესაც ბორჯომში პირველი შუშის ქარხანა გაიხსნა, ბოთლები ხელით მზადდებოდა. 1900 წლისთვის ბორჯომის მინერალური წყლის წარმოებამ წელიწადში ერთ მილიონ ბოთლს გადააჭარბა.

ტიხრული მინანქარი

შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრის ძეგლები, რომლებიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული, მსოფლიო საგანძურის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო კოლექციად არის მიჩნეული და მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

დღეს საქართველოს ხელოვნების მუზემში ტიხრული მინანქრის ორასზე მეტი ნიმუში ინახება. ასევე, ტიხრული მინანქრით შესრულებული ნივთები ამშვენებს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმის და კერძო კოლექციებს, კერძოდ, ერმიტაჟის, ბერლინის ნაციონალური მუზეუმის და მეტროპოლიტენ მუზეუმის.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ფერადი მინის საამქროები საქართველოში უძველესი დროიდან ყოფილა.

ხელოვნებთმცოდნე ერმილე მაღრაძე თავის სტატიაში წერს, რომ ორბეთთან ნაპოვნია მე-6 საუკუნის საწარმო, სადაც ხუთი საუკუნის განმავლობაში არ შეწყვეტილა მინის წარმოება.

არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ადრეულ ხანაში ფერადი მინა იწარმოებოდა, რაც განაპირობა მეტალურგიის განვითარების მაღალმა დონემ.

მაღრაძის თქმით, ტიხრული მინანქრის უძველესი ნიმუში კი საქართველოში ძვ.წ. მეორე საუკუნით თარიღდება. ტიხრული მინანქრის უპირველესი წინაპარი ასპარუგ პიტიახშის ხანჯლის წვერზე დამაგრებული მცირე მინიატურაა, რომელიც სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის საგანძურის განყოფილებაშია დაცული.

ტიხრული მინანქრის ნივთები მე-8 საუკუნითაც თარიღდება, თუმცა ეს ხელოვნება მაღალ დონეზე ავიდა მე-9, მე-10 და მე-11 საუკუნეებში, განვითარების პიკს კი მე-12 საუკუნეში მიაღწია.

ტიხრულ მინანქარს ძირითადად იყენებდნენ ხატების შესამკობად. წმინდანთა გამოსახულებებს ტიხრული მინანქრის შარავნდედს უკეთებდნენ.

მაგალითად, წილკნის ღვთისმშობლის ხატზე მაცხოვარს და ღვთისმშობელს უნიკალური ტიხრული მინანქრის შარავანდედი აქვთ, ხახულის ხატი კი ტიხრული მინანქრის შედევრია. ტიხრული მინანქრით არის შესრულებული, ასევე, წმინდა გიორგის ხატები მე-14- მე-15 საუკუნეებისა.

მინის დეკორატიული მოხატვა-ვიტრაჟი

მიუხედავად იმისა, რომ მინის დეკორატიული მოხატვა საქართველოში ადრეული პერიოდიდან შემოვიდა, ვიტრაჟის უნიკალური ნიმუშები მხოლოდ თბილისის ძველ უბნებშია შემორჩენილი, კერძოდ, სოლოლაკში, მთაწმინდაზე. პირველი სახლი, რომელიც თბილისში ვიტრაჟით გაფორმდა, იყო სოლოლაკში მდებარე მადამ ბოზარჯიანის სახლი, რომელიც ააგო არქიტექტორმა მიხეილ ოგაჯანოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×