ისტორიას ადამიანური ურთიერთობები კვებავს, ყველა დროსა და ეპოქაში სწორედ ეს ურთიერთობები ალამაზებს სამყაროს. მიუხედავად სიძნელისა და უმძიმესი ვითარებისა, ადამიანები არ ერიდებიან წინააღმდეგობებს და ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით საზრდოობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სწორედ ასეთი ურთიერთთანადგომის მაგალითია ცნობილი იტალიელი მოგზაურის - პიეტრო დელა ვალესა და ქართველი გოგონას - თინათინის, იგივე მარიუჩას, ურთიერთობაც, რასაც სხვა საინტერესო პოლიტიკურ მოვლენებთან ერთად იტალიელი მისიონერი თავის თხზულებაში აღწერს.
ორი საუკუნის შემდეგ, 1813-19 წლებში, პიეტრო დელა ვალეს თხზულებით მოიხიბლა და აღმოსავლური თემით დაინტერესდა გენიალური იოჰან ვოლფგანგ გოეთე. შედეგად, მისი ლექსების ციკლში "დასავლურ-აღმოსავლური დივანი" ქართველი პერსონაჟებიც გაჩნდნენ.
ამბავი ისპაჰანში მყოფი ობოლი ქართველი გოგონასი
კახეთში შაჰ-აბასის ოთხგზის შემოსევამ 1614-17 წლებში უმძიმესი შედეგი მოიტანა. გარდა იმისა, რომ 200 ათასი ქართველი (ზოგიერთი მონაცემით, 400 ათასი) ფერეიდანში გადაასახლეს.
ეს იყო მანამდე უპრეცედენტო ვანდალობა ქრისტიანობის წინააღმდეგ მიმართული. ამ მოვლენების სპარსელი თანამედროვე ისტორიკოსი ისკანდერ მუნში გარდაცვლილთა რიცხვსაც ასახელებს - 70 ათასი ქართველი მოუკლავთ ამ შემოსევებისას.
სწორედ ამ უსასტიკეს პოლიტიკურ ფონზე ვითარდება ქართველი გოგონას სევდიანი ისტორია. შვიდი წლის თინათინ ზიბა (სავარაუდოდ, ზიბა ან თინათინის მამის სახელი უნდა იყოს, ან მისი გვარის სახეცვლილი ფორმა) შეუფარებიათ ისპაჰანში ალავერდელი მიტროპოლიტის დებს. 1617 წელს სეფიანთა დედაქალაქს სტუმრობს იტალიელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე თავისი მეუღლით, სირიელი ქრისტიანი მაანით. სწორედ მაანი ხვდება სამ ქართველ ქალბატონს.
რა გასაკვირია, ისპაჰანში უმძიმეს მდგომარეობაში არიან ქრისტიანი ქალბატონები, მათ არ ძალუძთ, პატარა გოგონა დაიცვან. უკიდურესი გაჭირვება მძიმე კვალად აჩნდება ყოველდღიურ ცხოვრებას, ამიტომაც სთავაზობენ მაანს და პიეტროს, ბავშვი თან წაიყვანონ.
როგორ მოხიბლა ქართველთა ბუნებამ პიეტრო დელა ვალე
სანამ თინათინის კვალს გავყვებით, ის უნდა გავარკვიოთ, რა ესაქმება იტალიელ პიეტრო დელა ვალეს ისპაჰანში, რა დანიშნულება და მისია შეიძლება ჰქონოდა მას ასეთი ურთულესი პოლიტიკური რეალობის დროს.
პიეტრო დელა ვალე რომის ცნობილ არისტოკრატთა გვარს ეკუთვნის, პაპის დავალებით მოგზაურობს აღმოსავლეთის ქვეყნებში: ოსმალეთში, არაბეთში, პალესტინაში, ეგვიპტეში, ერაყში, სპარსეთში, ინდოეთში. საკმაოდ დიდი დრო მოანდომა მან ამ ვოიაჟს - სულ 9 წელი. საგულისხმოა, რომ არც ერთ მოგზაურს არ რგებია ასეთი აღიარება, როგორც მას, თანამედროვეთათვის ის რომაელი ულისეა - ოდისევსი.
იტალიელი ხუთი წელი შეჩერდა შაჰ-აბას |-ის კარზე. სწორედ ისპაჰანში დაუახლოვდა სპარსეთში მცხოვრებ არაერთ ქართველს, მათ შორის ქეთევან დედოფალს. პირადი შეხვედრებისა თუ ქართველებთან მიმოწერის საფუძველზე მან აღწერა საქართველოსა და ქართველებთან დაკავშირებული არაერთი სახასიათო ამბავი, სადაც აშკარად იგრძნობა ქართველთა მიმართ გამორჩეული კეთილგანწყობა.
საგულისხმოა ისიც, რომ დელა ვალე ზუსტად ჩასწვდა ქართველის ფსიქოლოგიურ ტიპს, აი, რას წერს ის: "ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი, ცდილობენ, შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ. საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულით გამოირჩევიან, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება."
ამბავი ისპაჰანში მყოფ ქართველთა უმძიმესი ყოფისა
საკმაოდ ემოციურად გადმოგვცემს პიეტრო დელა ვალე გადასახლებულ ქართველთა ყოფას ირანში:
"რა მდგომარეობა მოჰყვა ამ საზარელ გადასახლებას, რამდენი სიკვდილი საშინელი გაჭირვებისაგან, რამდენი წყვეტა-ჟლეტა, გახრწნა, ძალდატანება... რამდენი ბავშვი მოჰგლიჯეს დედის ძუძუს და დაჰყარეს გზებზე მხეცების შესაჭმელად, ცხენების, აქლემებისა და ჯორების ფეხქვეშ სასრესად. რამდენი დააშორეს მამა - შვილს, ცოლი - ქმარს, და - ძმას და გაჰფანტეს ერთი ერთმანეთისაგან შორი შორს ქვეყნებში, ისე, რომ ეს საწყლები საუკუნოდ იყვნენ იმედგაწყვეტილნი, ენახათ კიდევ როდესმე ერთმანეთი. რამდენი ქალი და კაცი იყიდებოდა პირუტყვზე უფრო იაფად. რამდენი სხვა ამისთანები ხდებოდა ღირსი სიბრალულისა, მაგრამ ყველას ვინ მოსთვლის."
სწორედ ამ ფრაგმენტიდან ჩანს ნათლად იტალიელი მოგზაურის ფსიქოლოგიური ტიპი, ის, რომ მისთვის უძვირფასესია ადამიანური ურთიერთობები, ზნეობრივი ორიენტირები. აი, კიდევ ერთი დასტური ამისა - ვნახოთ, რას წერს ის შაჰ აბასის შესახებ:
"შაჰ აბასი იყო ტირანი. არც მტერს ინდობდა, არც მოყვარეს. მას მარტო ქრისტიანობის საკითხი არ აღელვებდა. უნდოდა ქართველების სრული მოსპობა და მდიდარი ქვეყნის ხელში ჩაგდება. შაჰს განსაკუთრებით ეშინოდა ქართველებისა, რადგან იცოდა, მათი საბოლოოდ დამორჩილება შეუძლებელი იყო."
ეს ამონარიდებია პიეტრო დელა ვალეს თხზულებიდან "სპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა", რომელიც 1628 წელს გამოიცა რომში.
როგორ უპატრონეს მაანმა და პიეტრომ ქართველ გოგონას
სწორედ ისპაჰანში გადაეჯაჭვა ერთმანეთს პიეტრო დელა ვალესა და ქართველი გოგონას ბედი. ეს თინათინ ზიბაა, კახელი ფეოდალის ქალიშვილი, რომელიც აბასის შემოსევის წყალობით ობლად დარჩენილა. ალავერდის მიტროპოლიტის დებს ულამაზესი ბავშვი შაჰის ჰარამხანისთვის არ ემეტებათ.
პიეტრო დელა ვალე არაოფიციალური დესპანია შაჰის კარზე, მას ხელეწიფება ბევრი რამ და სწორედ ამიტომაც გამხდარა იტალიელი ქართველ ბანოვანთა თხოვნის ადრესატი.
ეს ამბავი ძალიან მარტივად სრულდება - იტალიელმა მოგზაურმა და მისმა სირიელმა თანამეცხედრე მაანიმ თინათინი თან წაიყვანეს, ოჯახის წევრად მიიღეს და მოფერებითი სახელი, მარიუჩა დაარქვეს. საცნაურია, რომ მაანსა და მარიუჩას შორის ასაკობრივი განსხვავება მხოლოდ 12 წელი იყო.
დელა ვალე და მაანი განსაკუთრებულად ზრუნავდნენ მარიუჩას აღზრდაზე, ისპაჰანშივე მოძებნეს ქართველი ძიძა, რომელსაც მარინე ერქვა. სწორედ მარინეს ევალებოდა, ქართული განათლება მიეცა მარიუჩასთვის. აიყვანეს ქართველი მზარეული, სახელად მზისთანდარი.
რატომ მიაჩნდა გოეთეს მაანი ქართველად
ამასობაში პიეტრო დელა ვალე ფასეულ ჩანაწერებს ქმნის, სულ მალე ეს ნაწერები ერთ წიგნად შეიკვრება და მთელ მსოფლიოში პოპულარული გახდება. თხზულება არაერთ ენაზე ითარგმნება, მათ შორის ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ და ჰოლანდიურ ენებზე. სწორედ ამ თარგმანებით გაეცნობა მსოფლიო საქართველოში მიმდინარე ამბებს, ქეთევან დედოფალს, მარიუჩას...
საცნაურია, რომ გოეთე სწორედ პიეტრო დელა ვალეს თხზულების წაკითხვის შემდეგ დაინტერესდა აღმოსავლეთ-დასავლეთის პრობლემით და მას მიუძღვნა კიდეც საინტერესო ლექსების ციკლი "დასავლურ-აღმოსავლური დივანი". საგულისხმოა, რომ ამ ციკლის ერთი ეპიზოდი ეხება იტალიელი მოგზაურის და მისიონერის - პიეტრო დელა ვალეს სასიყვარულო თავგადასავალს, რომელიც მას ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობისას გადახდა. ეს ამბავი დაწვრილებით "დივანის" კომენტარებშია მოთხრობილი.
გოეთე სიუჟეტად იყენებს კლასიკური სპარსული სამიჯნურო ეპოსისთვის დამახასიათებელ აღმოსავლურ ისეთ სტერეოტიპულ მოტივს, როგორიცაა უნახავად გამიჯნურება. დამასკოდან ალეპოში მოგზაურობისას იტალიელის თანამგზავრს აღუწერია ახალგაზრდა ქრისტიანი ქალი მაანის სილამაზე. სწორედ ამის შემდეგ ჩავარდნია გულში მაანი პიეტროს. ქალი ბაღდადში ცხოვრობს და პიეტრო ბაღდადისაკენ მიემართება. გოეთე მაანს ქართველ ქალად მოიხსენიებს.
ალბათ გოეთეს "დივანი" უნდა იყოს პირველწყარო გრიგოლ რობაქიძისთვის, რომელიც თავის ესეში "საქართველოს ხერხემალი" იმეორებს, რომ მაანი ქართველია და მას მანანად მოიხსენიებს.
გოეთეს ვერსიით, პიეტრო ბაღდადში ჩადის და ქალის მშობლებს ხვდება. დიდი ძალისხმევა სჭირდება იტალიელს მათ დასათანხმებლად. მაანი და პიეტრო ისპაჰანისკენ მიემგზავრებიან. სწორედ ირანში სრულდება მათი ოთხწლიანი იდილიური ცხოვრება.
როგორ შეეწირა პოლიტიკურ არეულობას მაანის სიცოცხლე
ეს ის დროა, როცა ჰორმუზის სრუტის გამო დიდი დავიდარაბაა ატეხილი - ერთმანეთს დაპირისპირებიან პორტუგალიელები, ესპანელები და ინგლისელები. თავისი სიტყვა სეფიანებმაც უნდა თქვან და კონფლიქტში ირანიც ერთვება.
პიეტროს სურს, გაეცალოს არეულობას და ცოლთან და ნაშვილებ ობოლ ქართველ გოგონასთან - მარიუჩასთან ერთად იტალიაში დაბრუნებას ცდილობს, მკაცრია უდაბნოს პირობები, არადა, გზაც არ ილევა. ამიტომაც პიეტრო დელა ვალე გადაწყვეტილებას ცვალის და ფიქრობს, გეზი ზღვით - ინდოეთისკენ აიღოს.
არც ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა იოლად აღსრულებადი - სწორედ აქ, ამ მძიმე პირობებში უხდებათ მათ ლოდინი - სპარსეთის ყურეში ყველა ხომალდი გაჩერებულია.
აქ ჰავა საკმაოდ ცუდია, ჭაობიანი გარემო მძიმე ასატანია, არც საკვები მოიპოვება. ყველა ავადდება. მაანი მედიცინაში გაწაფულია და პიეტროს შველას შეძლებს, მაგრამ საკუთარ თავს ვერ უწამლებს.
ვერ შეძლო გამოკეთება მაანმა, საკმაოდ ემოციურად აღწერს მისი გარდაცვალების სცენას პიერტო დელა ვალე. ამ მძიმე წუთებში მასთან მარიუჩა იყო, რომლის ხელშიც დალია სული 23 წლის მაანმა.
1622 წელს პიეტრო და მარიუჩა ინდოეთში ჩადიან, საიდანაც 4 წლის შემდეგ იტალიაში ბრუნდებიან.
ამბავი საქართველოზე შეყვარებული კაცის აღსასრულისა
ირანში ქართველებთან ურთიერთობამ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა პიეტროზე. სამწუხაროდ, მან ვერ შეისრულა წადილი, ერთხელ მაინც ენახა ჩვენი ქვეყანა, არადა, შანსს არ ტოვებდა, პატივისცემა გამოეხატა საქართველოსადმი. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ მან იტალიელ მოგზაურებს - არქანჯელო ლამბერტის და ჯუზეპე ჯუდიჩს თეიმურაზ მეფისა და მისი მეუღლისათვის ძვირფასი საჩუქრები - ოქროთი შემკული წმინდა გიორგის ხატი და კრიალოსანი გამოატანა, არადა, არც მეფეს იცნობდა და არც დედოფალს.
ძალიან განიცდიდა პიეტრო დელა ვალე მაანის დაკარგვას, მას თანაუგრძნობდა მარიუჩა. ბოლოს მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო - იტალიელმა 15 წლის ქართველი გოგონა ცოლად შეირთო. მათი თანაცხოვრება იდილიური იყო - შეეძინათ 14 შვილი. 1652 წელს პიეტრო დელა ვალე სამოცდაექვსი წლის ასაკში გარდაიცვალა.
იტალიელმა მისიონერმა სიკვდილამდე რვა წლით ადრე, 1644 წელს, დაწერა თხზულება "თავგადასავალი სინიორა მარია თინათინ ზიბასი, დელა ვალეს მეორე მეუღლისა", სადაც ქართველი გოგონას ისტორია აღწერა.
როგორ ცდილობდა პიეტრო დელა ვალე რომის პაპის დაყოლიებას
როცა პიეტრო დელა ვალეს ვახსენებთ, პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე ფასეული იყო მისი მცდელობა, დაერწმუნებინა პაპი ურბან მერვე, პოზიცია შეეცვალათ საქართველოს მიმართ.
დელა ვალე ვატიკანს უმტკიცებდა, რომ რომისთვის ხელსაყრელია საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქრისტიანული ქვეყნის, არსებობა. ასევე მიანიშნებდა - რომის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის შემთხვევაში შეიძლებოდა საქართველოს კათოლიკურ რწმენაზე მოქცევა.
მაშინაც და შემდეგაც დასავლეთი ამ შეგონებიდან მხოლოდ იმას გაიგებს, რომ საქართველოს მართლმადიდებლობა ეზედმეტება.