ია აბულაშვილი
02.08.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე თითქმის ორ თვეზე მეტი დარჩა და დღევანდელ სტატიაში მკითხველს, გვინდა, გავაცნოთ რამდენიმე საინტერესო მასალა, როგორ ტარდებოდა თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ორი საუკუნის წინ.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში არ დარჩენილა მნიშვნელოვანი ქალაქი, დაბა თუ საქალაქო ტიპის დასახლება, საქალაქო თვითმმართველობის უფლება რომ არ მოეთხოვოს. ყველაფერი კი ასე დაიწყო. 1870 წლის 14 ივნისს ხელი მოეწერა "საქალაქო დებულებას", რომელიც რუსეთის იმპერიის მთელ რიგ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, თვითმმართველობას აწესებდა. ეს მაშინ პროგრესული მოვლენა იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევითობას ემყარებოდა.

ქალაქის მოსახლეობის ეკონომიურად ძლიერ ფენებს უფლება მიეცათ, ქალაქის თავისა და ექვსი ხმოსნისგან შემდარი სათათბირო შეექმნათ. სათათბირო იყო საქალაქო თვითმმართველობის განმკარგველი და მის უფლებებში შედიოდა თანამდებობის პირთა არჩევა, ბიუჯეტის დამტკიცება და სხვა.

აყველა ორგანო და ქალაქის თავი ირჩეოდა 4 წლის ვადით. არჩევნები ტარდებოდა ფარული "საარჩევნო კენჭების" მეშვეობით, ამომრჩევლებს "მეკენჭეები" ერქვათ. ახლად არჩეული სათათბიროს წევრები - "ხმოსნები" - ფიცს დებდნენ იმპერატორის ერთგულებაზე.

მაშინ თბილისი მცირებიუჯეტიანი ქალაქი იყო და ძირითადად ფული იხარჯებოდა ქალაქის წყალმომარაგებაზე, ქუჩებისა და მოედნების მოწესრიგებაზე, ტრანსპორტზე, დასუფთავებაზე. 1883 წელს თბილისში პირველად გაიხსნა ცხენის რკინიგზა "კონკა"; 1887 წელს დასრულდა ავჭალის წყალსადენის მშენებლობა; 1900 წელს გაიხსნა ქალაქში პირველი სამშობიარო; 1909 წელს - არამიანცის სახელობის საავადმყოფო; გოლოვინის პროსპექტზე კი 1911 წელს გაიხსნა პირველი საქალაქო აფთიაქი და სხვა.

პირველი ქალაქი, რომელმაც თვითმმარველობის მოპოვებისთვის ბრძოლა დაიწყო, იყო ქუთაისი. 1874 წლის იანვარში ქუთაისის გუბერნატორმა, გრაფმა შუვალოვმა ქალაქის მცხოვრებლებს მიმართა, აერჩიათ 55 კაცისაგან შემდგარი კომისია, რომელსაც ქალაქის საქმიანობაზე ზრუნვა ეკისრებოდა.

1874 წლის მარტში ქუთაისში "სამეფო სახლში" მოიწვიეს საქალაქო დეპუტაციის სხდომა, სადაც უნდა მოესმინათ დეპატატების ანგარიში, თუმცა ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ ანგარიშის მაგივრად დეპუტატები თავიანთი უფლებამოსილების შესახებ დავობდნენ.

 1875 წლის ივლისში ქალაქის თავად დაინიშნა ნიკოლოზ აბაშიძე. სექტემბერში კი ხელახლა გაიმართა ქუთაისის ქალაქის დეპუტატთა არჩევნები. "თუმცა სრულიად არა, მაგრამ ქუთაისსაც ეღირსა ბოლოს და ბოლოს თავის დიდი ხნის ნატვრის შესრულება, ქალაქს მიენიჭა უფლება, რომ თავისი შინაგანი საქმეები თითონ განაგოს ამორჩეული და დანდობილი პირების საშუალებით" - წერდა გაზეთ "დროებაში" სერგი მესხი.

დეპუტატთა არჩევნების შედეგად სულ 53 ხმოსანი იქნა არჩეული. 1875 წლის დეკემბერში კი მოიწვიეს ქუთაისის ქალაქის საბჭოს პირველი სხდომა, რომელზეც ხმოსნებმა ფიცი მიიღეს. ასე შეიქმნა ქუთაისში საქალაქო თვითმმართველობა.

რაც შეეხება ბიუჯეტს, მაშინ ქალაქის შემოსავალი მცირე იყო, მის შესავსებად 1880 წელს საქალაქო საბჭომ შექმნა სავაჭრო დეპუტაცია, რომელსაც ევალებოდა, თვალყური ედევნებინა ქალაქის სალაროსთვის, რამდენად სწორად შედიოდა სამრეწველო და სავაჭრო საწარმოებიდან ქალაქის კუთვნილი გადასახადი. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა სამშენებლო კანონმდებლობის სფეროშიც. 1873 წლის ივლისში საქალაქო საბჭომ მიიღო განკარგულება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ხის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის აკრძალვის შესახებ. ასევე, ქუჩებისათვის ახალი სახელწოდების მინიჭებისა, რადგან მაშინ ქუთაისში სულ 114 ქუჩა ყოფილა, აქედან მხოლოდ 38 ატარებდა სახელს.

ფოთმა კი თვითმმართველობა მიიღო 1882 წელს. ქალაქის საბჭოს დღის წესრიგში დადგა შემდეგი საკითხები: ქალაქში შემოტანილ და გასატან ტვირთზე საკანონმდებლო წესით დაწესებულიყო საფუთი გამოსაღები ნახევარი კაპიკის ოდენობით. ასევე, ქალაქს უნდა გადასცემოდა ნავსადგურის ხიდების რღვევის შედეგად დარჩენილი მასალა, რომლის ღირებულებაც მაშინ იყო 23 ათასი მანეთი და ამ თანხით უნდა აგებულიყო ახალი ხიდი. 1883 წელს კი ქალაქის საბჭომ მიიღო დადგენილება ქალაქის ქუჩებში, ეზოებსა და სავაჭრო სათავსოებში სანიტარიული ღონისძიებებისა და სისუფთავის დაცვის შესახებ, ასევე, მეეტლეთა სარეწაოების შესახებ და ქალაქში ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების თაობაზე.

 1894 წლის 25 ოქტომბერს ფოთში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქალაქის თავის ასარჩევად ორი კანდიდატი იყო დასახელებელი - იონა მეუნარგია და ნიკო ნიკოლაძე. არჩევნებში 210 ხმოსანი მონაწილეობდა, რომელთაგან 193-მა ნიკო ნიკოლაძეს დაუჭირა მხარი. ქალაქის თავი გახდა ნიკო ნიკოლაძე.

პირველი, რაც მან გააკეთა, მთავრობის წინაშე აღძრა შუამდგომლობა საპორტო გამოსაღებიდან თანხის დახარჯვის შესახებ. მისი მმართველობის პერიოდში აიგო წყალდიდობისგან ქალაქის დასაცავი ჯებირი, ხიდები მდინარე რიონსა და მალთაყვაზე. გაყვანილ იქნა სატელეფონო ქსელი. მოხდა ქუჩების დაგეგმარება, საცხოვრებელი და სხვა დანიშნულების ნაგებობების აშენება. სწორედ მისი ინიციატივით მოხდა ფოთის ნავსადგურისა და ქუჩების ელექტროგანათება. მოწონებულ იქნა უცხოური ფირმა "ოლშევიჩი და კერნის" მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელთანაც დაიდო ხელშეკრულება "საელექტროფიკაციო სამუშაოთა წარმოების შესახებ". ფოთში ნიკოლაძის ინიციატივით დაარსდა ვაჟთა ჟა ქალთა გიმნაზია, რომლისთვისაც ააგეს ორსართულიანი შენობა. გაყვანილ იქნა ცხენის რკინიგზა. აიგო დახურული ბაზარი. განახლდა ქალაქის კოშკი და აიგო ქალაქის ცენტრში ტაძარი. ნიკოლაძის მერობის პერიოდში ფოთში, ასევე, აშენდა საავადმყოფო და თეატრის შენობა.

რაც შეეხება ბათუმს, ბათუმში 1888 წელს შედგა ქალაქის ხმოსანთა არჩევნები, რომელთა შორის უმრავლესობა იყო რუსი, სომეხი და ბერძენი. ქართველებმა ყველაზე ნაკლები ადგილები მოიპოვეს, მაგრამ 1891 წლის ოქტომბერში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებში ქართველებმა დიდი უპრატესობით გაიმარჯვეს. ქალაქის საბჭოში არჩეულ ხმოსანთაგან 19 ქართველი იყო.

"ძნელი წარმოსადგენია, რა ჯაფა, შრომა დასჭირდათ ბათომის ქართველობას თავისი თავგანწირული ამხანაგობით საქალაქო არჩევნებში გამარჯვებისთვის; ეს იყო და ეს, ქართველობამ ძირი მოიმაგრა და ამას უკან დღემდე ბათომს განაგებდა ქართველობა"- წერდა სოფრომ მგალობლიშვილი.

ქალაქის თავად არჩეულ იქნა ლუკა ასათიანი. იმ წლებში ბათუმში აშენდა მრავალი კაპიტალური შენობა, ძირითადად ორსართულიანი საქალაქო სასწავლებელი, დაიწყო სამუშაოები ქალაქის გარშემო ჭაობების ამოსაშრობად. მოპირკეთდა ზღვისკენ მიმავალი ქუჩები, გაშენდა ზღვისპირა ბაღები. იმ პერიოდში დაიწყო ქალაქის თვითმმართველობის შენობის აგება. ნურიის მოედანზე კი აიგო შენობა დახურული ბაზრისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×