ია აბულაშვილი
03.08.2017

 "ვუყურებდი როკვას ჩვენი ქალებისა, ჩვენი ვაჟებისა და ვერთვოდი მათ როკვით, ვერთვოდი ისე, რომ ხანდახან გრიგოლ რობაქიძე აღარ ვიყავი. ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი, ზოგადად ქართველი... ოღონდ არა განყენებით, არამედ ნამდვილი, ცოცხალი... ვაშა, როკვის ჯადოქარნო ქალებო და ვაჟებო!" - ასე ლამაზად გამოხატა თავისი ემოცია გრიგოლ რობაქიძემ ჟენევაში გამართული სუხიშვილების კონცერტის შემდეგ იმ ანსამბლის მიმართ, რომელსაც მსოფლიო პრესამ "მერვე საოცრება" უწოდა, მათ "ცეცხლოვან ცეკვებს" კი მაყურებული შინ თუ გარეთ ფეხზე წამომდგარი, ოვაციებით ხვდებოდა.

დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ლეგენდარული ანსამბლის ისტორიიდან, გვინდა, გავიხსენოთ ის წარმატებები, რომელიც სუხიშვილებმა მსოფლიოს დიდ სცენებზე მოიპოვეს.

1967 წელს მილანში ლა სკალას საოპერო თეატრში საუკუნოვანი ტრადიცია დაირღვა - სახელგანთქმული თეატრის სცენაზე გამონაკლისის სახით, პირველად დაუშვეს ფოლკლორული ანსამბლი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ლა სკალას სცენაზე ორგანყოფილებიანი ეროვნული პროგრამით გამოდიოდა ერთი პატარა ქვეყნის ფოლკლორული ცეკვის ანსამბლი.

ეს ამბავი კი ასე ყოფილა. სუხიშვილების გასტროლები იტალიაში ნეაპოლიდან დაიწყო. ჯერ კიდევ რომში აფრთხილებდნენ, რომ დიდი ენრიკო კარუზოს სამშობლოში წარმატების მოპოვება იოლი არ იქნებოდა, მაგრამ სუხიშვილებმა ნეაპოლი დაიპყრეს და წარმატებით ჩაატარეს ტურნე გენუასა და ვენეციაშიც.

შემდეგ იყო მილანი, ლა სკალა - საოპერო ხელოვნების ციტადელი. ამ მრავლისმნახველ თეატრში, რომლის სცენაც მსოფლიოს არაერთმა ვარსკვლავმა დაიპყრო, ქართველებს საკუთარი ხელოვნება უნდა ეჩვენებინათ.

ცნობილი თეატრის კრიტიკოსი დიეგო ჯიმინინი, სუხიშვილების იტალიელი იმპრესარიო და ლა სკალას დირექტორი ანტონიო გირინგელი ძალიან ღელავდნენ, რადგან სუხიშვილების "ჩავარდნა" მათ პრესტიჟზე იმოქმედებდა.

 ანსამბლის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი კი მათ ამშვიდებდა, გარწმუნებთ, რომ კონცერტის დროს 10-ჯერ მაინც აიხდება ლა სკალას ფარდაო! მასპინძლები სტუმრის ხმამაღალ განცხადებაზე ირონიულად იღიმებოდნენ.

როგორც ანსამბლის მოცეკვავე თენგიზ უთმელიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ყვება: "დაიწყო კონცერტი. დაჰკრა დოლმა. თეთრი გედებივით შამოცურდნენ სცენაზე სუხიშვილის გოგონები და მაყურებლის პირველი ტაშიც გაისმა. მერე იყო ლატავრა ფოჩიანის და ფრიდონ სულაბერიძის უზადო ცეკვა "ქართული". მერე "ხორუმი", ცეცხლოვანი "ხევსურული" და "ხანჯლური". ამას კი ვეღარ გაუძლო მაყურებელმა, რომელიც უკვე ფეხზე იდგა და მქუხარე ტაში გაისმა.

"ოვაციებს ბოლო არ უჩანდა, იმ საღამოს ლა სკალას თეატრში ყველა რეკორდი მოიხსნა, ლა სკალას მოოქროვილი, მძიმე ფარდა 14-ჯერ აიწია. ამას უკვე აღარავინ ელოდა. სცენაზე ამოვარდნენ მაყურებლები, ჟურნალისტები, ფოტორეპორტიორები, ცნობილი ხელოვანები. ლა სკალას დირექტორი ანტონიო გირინგელი და მარიო პორჩილე თვალცრემლიანები იდგენ კულისებში და გვილოცავდნენ არა გამარჯვებას, არამედ ტრიუმფს, რომელიც თავისი თვალით ნახეს.

"მაყურებელი ყვავილებით სავსე სცენიდან ტაშითა და აღფრთოვანებული "ბრავოთი" გვაცილებდა. თეატრიდან გამოსულებს ლა სკალას წინ, მოედანზე, მეორე კონცერტი გველოდა. მაყურებული არ დაშლილიყო და გველოდებოდა "ბრავო", "ბელა ჯორჯიანოს" შეძახილებით.

"ლა სკალაში სასწავლებლად მივლენილი ზურაბ სოტკილავა მოვიდა, გადაგვეხვია და გვითხრა, ბიჭებო, რომელიღაცა იტალიელ მაყურებელს რომ არ დავეჭირე, ალბათ მესამე იარუსის ლოჟიდან პირდაპირ პარტერში აღმოვჩნდებოდიო. ჩვენც ვუთხარით - შენც მალე გვენახე ლა სკალას სცენაზე გამარჯვებული.

"მილანის გაზეთი "კორიერე დელა სერა" კი წერდა, ლა სკალაში ასეთი ტრიუმფით ჯერ არავინ გამოსულა, ქართველებმა დაიპყრეს ჩვენი გული და სულიო," - ასე იხსენებს თენგიზ უთმელიძე ამ დღეს.

ანსამბლის მოცეკვავე ომარ ლომსაძე კი იხსენებს, რომ ასეთივე დაუვიწყარი იყო კონცერტი ესპანეთში, მადრიდის თეატრშიც.

"გამოგვიცხადეს, რომ კონცერტს საქართველოს ტახტის მემკვიდრე ირაკლი ბატონიშვილი დაესწრებოდა ოჯახით, მას ამ თეატრში თავის ლოჟა ჰქონდა. ილიკომ და ნინომ სცენაზე გასვლის წინ ისეთი სიტყვები გვითხრეს, მთელი საქართველოს ისტორია თვალწინ დაგვიდგა. სამი მოცეკვავე ვასრულებდით ცეკვა "ყაზბეგურს" და სამივემ მოვილაპარაკეთ, რომ მეფის ლოჟასთან ახლოს გვეცეკვა. მართლაც ისეთი თავდადებით ვიცეკვეთ, რომ აპლოდისმენტები არ ცხრებოდა. ცეკვა სამჯერ გაგვამეორებინეს. ირაკლი ბატონიშვილი კონცერტის დასრულების შემდეგ სცენაზე ამოვიდა, ყველას სათითაოდ ხელი ჩამოგვართვა და სახლში მიგვიწვია. რუსეთის საელჩომ მასთან სტუმრად წასვლის ნება კი მოგვცა, თუმცა სამახსოვრო ფოტოების გადაღებისა - არა.

ინგლისის დედოფლის - ელისაბედის კარზე გამართულ საქველმოქმედო კონცერტში, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, ხოლო ბილეთი 1 000 ფუნტი ღირდა და არც ერთი ნომრის გამეორება არ შეიძლებოდა, სუხიშვილები სცენიდან არ გაგვიშვეს. აქაც დედოფალმა მადლობის ნიშნად ყველას სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი"- იხსენებს ომარ ლომსაძე.

ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენ ოპერაში სუხიშვილების კონცერტს 4 ათასი მაყურებელი დაესწრო. კონცერტის შემდეგ ვინც პირველი ავიდა სცენაზე, წარმატება რომ მიელოცა, იყო ცნობილი ბალეტმეისტერი ჯორჯ ბალანჩინი, რომელმაც პირველად ნახა სუხიშვილების ცეკვა და ემოციებს ვერ ფარავდა. სცენაზე ასულა ჰარი ბელაფონტეც, შემდეგ - სალვადორ დალი, რომელიც მოცეკვავეებს ცერებს უსინჯავდა, ეგონა, სპეციალური ფეხსაცმელები ეცვათ. რომ დარწმუნდა, არაფერი მსგავის არ ეცვათ, თვალები უფრო გაუფართოვდაო, იხსენებდნენ შემდეგ სუხიშვილების მოცეკვავეები.

ამბობენ, სტალინს ძალიან უყვარდა ილიკო სუხიშვილი, ჯერ ერთი, რომ გორიდან იყო და, მეორეც, ის, რომ ძალიან მოსწონდა მისი ცეკვა. ერთხელ უთქვამს, ეს ღმერთძაღლი რა განათლებულია ფეხებშიო. 1937 წელს კრემლში საქართველოს კულტურის დეკადა გაიმართა, რომელშიც ილიკო და ნინოც მონაწილეობდნენ. სტალინს ქართველი ხელოვანების გაცნობის სურვილი გამუთქვამს. ისინიც მწკრივში ჩამდგარან, სტალინმა ყველას ხელი ჩამოართვა. ნინოს რომ მიუახლოდა, უთქვამს - რამიშვილი, სურებიდან არა? რამიშვილები მენშევიკები იყვნენ, ყველა დასახვრეტია." ნინოს ფერი დაუკარგავს, მისი მამა მართლაც მენშევიკი იყო და გადასახლებაში დაიღუპა. მერე სტალინს უთქვამს ილიკოსთვის, რა გაჩუქოთო. თქვენი ფოტოსურათი მისახსოვრეთ ავტოგრაფითო - უთქვამს ილიკოს. მართლაც მეორე დილას სასტუმროში ილიკოს და ნინოს სტალინის ფოტო ავტოგრაფით მიართვეს, რომელიც რეპრესიების დროს მათი ერთგვარი მხსნელი იყოო - ამბობენ.

ილიკოს და ნინოს ურთიერთობაზე კი ლეგენდები დადიოდა. ნინო სულ წუხდა ილიკოს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორჯერ გადაიტანა ინფარქტი. ექიმებმა ილიკოს დიეტა დაუნიშნეს, მაგრამ ისეთი გურმანი იყო, რომ როგორც საშუალება მიეცემოდა, ნინოს უჩუმრად კარგად მოულხენდა ხოლმე. ერთხელაც გასტროლებზე არიან. ნინო სცენაზე გასასვლელად ემზადება, ილიკომ დრო იხელთა, თეატრის მახლობლად რესტორანში შევიდა და კარგად ივახშმა. თეატრში დაბრუნებულზე, ნინოს რომ არაფერი შეეტყო, დაუწყო ქება- დიდება, ეს რა იცეკვე დღეს, რა შეუდარებელი იყავიო. ნინოს უთქვამს, რა შესანიშნავად ვიცეკვე, ვერ დაინახე, როგორ წავიქეცი სცენაზეო? ილიკო არ დაბნეულა და მოსწრებულად უთქვამს - სამაგიეროდ როგორ წამოხტიო!

ილიკოს არ უყვარდა, რომ თენგიზს, მის შვილს, ხშირად უწევდა მეგობრებში ქეიფი და ამაზე სულ ბრაზობდა. ერთხელაც მეგობრებს სახლში დაურეკავთ, ტელეფონი ილიკომ აუღია. მოიკითხეს დიდი მაესტრო და უკითხავთ, თენგიზი სად არისო. ილიკოს უთქვამს, სახლშია, მაგრამ სიცხე აქვს 38 და 10 ხაზიო.

სიკვდილის წინ თენგიზს დაუბარა - ყველაფერი გააკეთე, რომ ჩვენი აფიშა კედლიდან არ გაქრესო. დიდი მაესტროს ოცნება ასრულდა, ამ ლეგენდარულ ანსამბლს დღესაც სუხიშვილების მესამე თაობა უდგას სათავეში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×