იმპერიული ლოგიკისათვის სიბრალული უცხო ცნებაა, ნებისმიერ პოლიტიკოსსა თუ სახელმწიფოს, რომელიც იმპერიის ინტერესებს ეწინააღმდეგება და ეურჩება, სასიკვდილო ვერდიქტი აქვს გამოტანილი. ეს ისტორიის კანონია, ამ კანონს შეეწირა არაერთი მოაზროვნე და ხელისუფალი, მათ შორის ფარსმან ქველი, ჯერ კიდევ ქრისტეშობიდან მეორე საუკუნეში კავკასიური კოზირის წყალობით თავის ნებაზე რომ ატრიალა იმდროინდელი მსოფლიო ჰეგემონი რომის იმპერია.
ამბობენ, ფარსმანი პართელებმა მოწამლესო. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ არც რომაული კვალი უნდა გამოირიცხოს კატეგორიულად, რამდენადაც სწორედ მარადიული ქალაქის მმართველობის სტილია პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მოწამვლა და ამგვარი ხერხით მათი ჩამოცილება.
როგორ იხსნა დავით მესამე კურაპალატმა ბიზანტიის იმპერია შიდა არეულობისაგან
ეს წესი თუ ლოგიკა ბიზანტიის იმპერიას ერგო მემკვიდრეობით, სახელმწიფოს, რომელიც მანამდე გაუგონარ პრინციპებს ამკვიდრებს, სადაც ყველა დაბადებიდან თანასწორია და ყველას აქვს იმის შანსი, მიუხედავად წარმომავლობისა, იმპერატორის ტახტს წაეპოტინოს.
ჰოდა, ადამიანურ ამბიციებსა და მისწრაფებებს რომ არა აქვს ზღვარი, ამის შედეგი იყო ის, რომ ბიზანტიის ისტორიის არსებობის განმავლობაში - 395 წლიდან 1453 წლამდე 109 იმპერატორიდან მხოლოდ 34 გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით, 13-მა მონასტერს შეაფარა თავი, 30 განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.
ეს ის ფონია, სადაც განსაკუთრებული პატივითა და ღირსებით სარგებლობს დავით მესამე კურაპალატი, მეათე საუკუნის გამორჩეული პოლიტიკოსი, რომლის ჩარევითაც ბიზანტიის იმპერიაში უდიდესი შეთქმულება დამარცხდა, რამაც საშუალება მისცა კონსტანტინე მერვეს, ბასილი მეორის მამას, იმპერატორის ტახტი შეენარჩებინა. ქართველთა 12-ათასიანი ჯარი ბერობიდან დაბრუნებული თორნიკე ერისთავის მეთაურობით უძლეველი ძალაა. ვერაფერს უპირისპირებს სკლიაროსი ქართველებს და დამარცხების შემდეგ ბაღდადის ხალიფასთან გარბის.
იმპერიული ნაღმი ახლად გაერთიანებული საქართველოსთვის
ეს 976-979 წლებში ხდება. ამ დროს ნამეტანი უჭირს ბიზანტიას. შორეულ წარსულს ჩაბარდა იუსტინიანეს ოქროს ხანა და პოლიტიკური ძლიერება, ახლა ინერციითღა იმართება ქვეყანა, რაც საგარეო პოლიტიკას ნამეტანი დაეტყო, მთელი აქცენტი საშინაო პოლიტიკური ინტრიგების გაუვნებელყოფაზეა აღებული და იმპერატორთა საფიქრალიც საკუთარი ტახტის შენარჩუნებაა.
თუმცა ამ ყველაფერს იმპერიული ეშმაკობა და ხრიკები ახლავს თან, რაც სამომავლოდაა გათვლილი. ასეთი ფაქტების სიმრავლე და მასშტაბურობა მიგვანიშნებს, რომ ეს ყველაფერი გენეტიკურად აქვთ სისხლში გამჯდარი იმპერატორებს. ეს უკვე მათი მენტალობის განუყოფელი შტრიხია.
სწორედ ასეთი განწყობითაა ხელდასხმული ბასილი მეორის მამის, კონსტანტინე მერვის, მხრიდან მადლიერების გამოხატვის ფაქტი - მან ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობისათვის დავით კურაპალატი საბერძნეთის "ზემონი ქვეყანანით" დაასაჩუქრა.
ყ| საუკუნის სომეხი ისტორიკოსი სტეფანოს ტარონეცი - ასოღიკი აზუსტებს იმ ტერიტორიებს, რომელიც ქართველ მეფეს საჩუქრად ერგო: "ციხე ხალტოარიჭი და მასთან მდებარე კლისურა დასავლეთ ევფრატის ხეობაში, ჩორმაირის თემი მდინარე ჭოროხის სათავეებთან, კარინი ანუ თეოდოსიოპოლი თავისი თემით, ციხე სევუკი მარდალიის კანტონში, მდინარე არაქსის სათავეებთან, ჰარქისა და აპაუნიქის პროვინციები აღმოსავლეთ ევფრატის ხეობაში."
საჩუქარს არაფერი დაეწუნება - საკმაოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ტერიტორიებია, რაც აშკარად წაადგება ახლად გაერთიანებული სახელმწიფოს ძლიერებას, თუმცა საქმე ისაა, რომ ბასილი მეორის მამა, კონსტანტინე მერვე, ამ ტერიტორიებს დავით კურაპალატს მხოლოდ დროებით უთმობს. ამ შეთანხმებით, კურაპალატის სიკვდილის შემდეგ ბიზანტია აღნიშნულ მიწებს დაიბრუნებს.
რა გათვლები ჰქონდა კონსტანტინოპოლს დავით მესამესთან მიმართებით
ძალიან სკრუპულოზურადაა გათვლილი ბიზანტიის საიმპერატორო კარის მოქმედება - დავითს საკუთარი შვილი არ ჰყავს და თითქოს, შესაბამისად, მემკვიდრის კეთილდღეობაც არ უნდა იყოს მისი საზრუნავი - ეს ფეოდალური მმართველობის ლოგიკაა, თუმცა დავითი, როგორც მმართველი და მოაზროვნე, იმითაა გამორჩეული, რომ არანაირი ფეოდალურ არტახებში არ იზღუდება - ის საერთო ქართველური პრინციპებით აზროვნებს.
ამას კარგად ხვდება ბიზანტია, თუმცა თავისას მაინც ცდილობს, ამიტომაც მიმართავს პრევენციის ზომებს და აქტიურად ხლართავს ინტრიგების ქსელს ბაგრატ მესამესა და კურაპალატს შორის. სამწუხაროდ, ბაგრატი წამოეგო ცდუნებას, ერთი პერიოდი სწორედაც რომ ბიზანტიური თამაში ითამაშა და მათ ნებას აჰყვა.
სწორედ ამ ფონზე კარგად ჩანს, რომ ბიზანტიელთა ეს დროებითი დათმობა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ვერ შეეგუება იმპერია ქართველთა გაძლიერებას. დროებით დათმობილი ტერიტორიები, ფაქტობრივად, ის ნაღმია, რაც იმპერიამ საქართველოს მესამე გაერთიანების საფუძველშივე ჩადო.
კარგად ხვდება დავით მესამე კურაპალატი ბასილი მეორის მზაკვრობას, ამიტომაც შესაბამის დრო და ჟამს ელის იმისათვის, რომ ნაღმი გაანეიტრალოს. ეს შანსიც მალე გამოჩნდა. ბიზანტია ხომ ის სივრცეა, სადაც ყველას აქვს იმპერატორობის სურვილი და ამბიცია. ამჯერად ბარდა ფოკამ მოისურვა რომეების უზენაესი მმართველობის ხელში ჩაგდება.
როგორ შემოუტრიალდა ბარდა ფოკა ბასილი მეორეს
ეს ის ფოკაა, დავით კურაპალატთან ერთად რომ გადაარჩინა ბასილი მეორის იმპერატორობა ბარდა სკლიაროსის აჯანყებისას. ახლა ის იწყებს ბრძოლას და სანამ ხმალს აღმართავს, იმაზეც ზრუნავს, საიმედო და ძლიერი მოკავშირეები გაიჩინოს.
შორს წასვლა არ სჭირდება, კონტაქტი აქვს იმიერტაოს მეფესთან, იცის მისი საწუხარიც - დავითს უნდა, რომ ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი სამუდამოდ დარჩეს საქართველოს. ბარდა ფოკასაც ეს გათვლები აქვს დავით მესამე კურაპალატთან დაკავშირებით, მაგრამ დავითი ის პოლიტიკოსია, ასეთ გაურკვეველ ავანტიურაზე იოლად რომ არ წამოეგება.
ეს 987 წელია, აგვისტო. დომესტიკოსი ბარდა ფოკა თავს იმპერატორად აცხადებს. ბასილი მეორით უკმაყოფილოებს აბა რა დალევს, ჰოდა, მრავლად შემოიკრიბა ისინი ფოკამ, მათ შორის სკლიაროსიც. ერთი სიტყვით, აჯანყებულებმა კონსტანტინოპოლის ბლოკირება მოახერხეს, გამარჯვების სასწორი მათკენ გადაიხარა. ეს უკვე ახალი პოლიტიკური რეალობაა, აქ უკვე შეიძლება დავითმაც სათავისოდ იფიქროს. სწორედ ამ დროს უნდა შემდგარიყო ბარდა ფოკასა და კურაპალატის მოლაპარაკებაც. ფოკას იმპერატორობა საკმაოდ მომგებიანია საქართველოსთვის, რამდენადაც ეს ნიშნავს, რომ ის ტერიტორიები, რაც დავითს ბიზანტიამ დროებით დაუთმო, სამუდამოდ საქართველოს დარჩება.
როგორ იხსნეს ბასილი მეორე დაქირავებულმა რუსებმა
ბასილი მეორე რუსთა იმედადაა. სწორედ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების ექვსიათასიანი ჯარი დაიქირავა ბიზანტიის იმპერატორმა. პოლიტიკური გათვლა ზუსტი აღმოჩნდა - რუსებმა სძლიეს აჯანყებულებს და ბარდა ფოკა დაამარცხეს. ეს 989 წლის 13 აპრილია.
ფსიქოლოგიურად მძიმე აღმოჩნდა მარცხი ფოკასთვის. აგონიაში მყოფმა ძლივს გააცნობიერა მომხდარი - გასცლია ბრძოლის ველს, ჩამოსულა ცხენიდან, მერე გაწოლილა მიწაზე და ასე განუტევებია სული.
ტრიუმფატორია ბასილი. დამარცხებულებს დიდი რისხვა დაატყდათ თავს, მათ შორისაა დავით მესამეც. არაბი ისტორიკოსი იაჰია ანტიოქიელი დაწვრილებით აღწერს აჯანყების შემდგომი პერიოდის მოვლენებს, მათ შორის იმიერტაოს მეფის საქციელსაც. ძალა აღმართს ხნავსო, ნათქვამია და როგორც გონიერ პოლიტიკოსს, დავითს გადაუწყვეტია დათმობა - პატიება და შეწყალება უთხოვია ბიზანტიის იმპერატორისთვის.
ბასილი კარგად ხვდება, რა ამოძრავებდა დავითს ამ აჯანყებისას, ამიტომაც კიდევ ერთხელ ჩამოურთმევია მისთვის პირობა და ფიცი, რომ დროებით გადაცემული "საბერძნეთის "ზემო ქვეყნები" მისი სიკვდილის შემდეგ ბიზანტიას დარჩებოდა.
რატომ არ შეეპუა დავითი კონსტანტინოპოლთან მარცხს
დავითი იძულებულია, ამ პირობას დათანხმდეს და კიდევ ერთხელ დაუდასტუროს ბიზანტიას, რომ ის დროებით ფლობს ამ ტერიტორიებს. ეს, ფაქტობრივად, მარცხის აღიარებაა, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად, სიტყვიერად. მართალია, ეს აღიარება ბიზანტიას ლეგიტიმაციას აძლევს, მოითხოვოს სადავო ტერიტორიები კურაპალატის სიკვდილისთანავე, თუმცა დავით მესამის შემდგომი მოქმედება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ის არ შეგუებია ბასილი მეორის ულტიმატუმს.
990 წელს დავითის მიერ მანასკერტის აღება, შვიდი წლის შემდეგ კი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო პუნქტ ხლათზე შეტევა მიანიშნებს, რომ დავითი არ ეპუება რეალობას და მისი ამბიციები ადრე თუ გვიან სწორედ მისი დადებული შეთანხმების გადახედვასაც დააყენებს დღის წესრიგში.
ამასობაში 998 წელს მაჰმადიანური კოალიცია იკრიბება დავითის წინააღმდეგ. საკმაოდ კარგი პოლიტიკური ფონია კავკასიაში - როგორც ჩანს, საშინაო არენაზეც ყველაფერი გარკვეულია - ერთ დროს დაპირისპირებული ბაგრატი და დავითი ისევ ერთად დგანან კოალიციის წინააღმდეგ. სწორედ ეს ერთად დგომაა იმპერიისათვის სახიფათო.
კონსტანტინოპოლის იმპერიული სასიკვდილო ვერდიქტი დავით მესამისათვის
ამას კარგად ხედავს ბიზანტიის საიმპერატორო კარი, ჰოდა, ვერდიქტიც სწორედ ისეთია, იმპერიული ლოგიკა რომ ითვალისწინებს - დავით მესამე უნდა მოკვდეს, სასწრაფოდ უნდა დაესვას წერტილი იმ ამბიციებს, კურაპალატს რომ ღრღნის და საბერძნეთის ზემო ქვეყნების კანონიერი მფლობელის ვინაობას ჯერ კიდევ კითხვის ნიშანს რომ უსვამს.
1001 წელს აღესრულა დავითი. მიუხედავად მისი მოხუცებულობისა, ეს არ იყო ბუნებრივი სიკვდილი. მაშინ მისი თანამედროვენი ამაზე საკმაოდ ღიად საუბრობდნენ. სომეხმა მემატიანეებმა შემოგვინახეს კიდეც თავიანთი ვერსიები. არისტაკეს ლასტივერტეცის თქმით, ტაოელ აზნაურებს ჩაუდენიათ ეს უკეთურება. საცნაურია ისიც, რომ ეს ამბავი მძიმე მარხვას, დიდ ხუთშაბათს, ხდება: "დიდ ხუთშაბათს სასიკვდილო წამალი შეურიეს საიდუმლო მსხვერპლს, შეასვეს მას და მით მოახრჩეს", - წერს ლასტივერტეცი.
მეორე სომეხი ავტორი მათე ურჰაეცი მკვლელობის ინიციატორებად ოლთისელ მთავრებს ასახელებს, ხოლო მათი დაკვეთის აღმსრულებლად - ეპისკოპოს ილარიონს, რომელსაც ჯერ დავითის მოწამვლა უცდია, ეს რომ ვერ მოუხერხებია, ბალიშით დაუხრჩვია მეფე.
რატომ მიდის დავით მესამის მკვლელობის კვალი კონსტანტინოპოლამდე
მეფის ჩამოცილების ეს ხერხი ძალიან ნაცნობია ბიზანტიური რეალობისთვის. ბუნებრივია, დავითის მკვლელობის ინიციატივად ვერ მივიჩნევთ ვერც ადგილობრივ ფეოდალებს და ვერც ეპისკოპოსს. ეს ბასილი მეორის დაკვეთაა, ისევე როგორც თავის დროზე ბაგრატ მესამისა და დავით მესამის დაპირისპირება იყო ბიზანტიის საიმპერატორო კარის დაკვეთა.
ყველაფერი წინასწარ გათვლილი და დაგეგმილია - 1001 წელს სწორედ ბასილი მოემართება საჩქაროდ ბასიანისკენ, მან ის მიწები უნდა დაიკავოს, ახლად გაერთიანებულ სახელმწიფოს უდიდეს პერსპექტივასა და სავაჭრო და პოლიტიკურ ამბიციებს რომ შესძენს. ეს ის მიწებია, რომლისთვისაც ბაგრატი და მისი შთამომავლობა რამდენიმე ომს რომ გამართავს ბიზანტიასთან.
პოლიტიკურ დაპირისპირებას, მიუხედავად ერთმორწმუნეობისა, მალე იდეოლოგიური დაპირისპირებაც გადაეჯაჭვება - აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება ისტორიის ულმობელი სისასტიკე - იმპერიამ დანდობა არ იცის.