ია აბულაშვილი
07.08.2017

 "ქართველები ჩემს ღირსებას მეტად აფასებენ, ჩემგან ნაშრომებს მათი მწერლობისთვის, რომელთაგან სიამოვნების გარდა მიმიღია დიდი ბედნიერება. მახსოვს დრო ესე, როდესაც ჩემნი მემამულენი გიჟად მწოდებდნენ, ვითომ ქართული მწერლობა არა ღირს არაფრისა. მეღირსა, ღვთის წყალობით, წინააღმდეგის დამტკიცება", - წერდა სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე ზაქარია ჭიჭინაძისთვის მიწერილ წერილში მარი ბროსე, კაცი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ენის, ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნების კვლევა-ძიების საქმეში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია "ქართლის ცხოვრების", ვახუშტი ბატონიშვილის "ღეოღრაფიული აღწერის" მისეული გამოკვლევები და პუბლიკაციები. ასევე, 1841 წელს თეიმურაზ ბატონიშვილის, დავით ჩუბინიძისა და ზაქარია ფალავანდიშვილის დახმარებით საკუთარი ხარჯით გამოცემული "ვეფხისტყაოსანი", რომელიც მეორე ბეჭდური გამოცემა იყო 1712 წლის ვახტანგისეული გამოცემის შემდეგ. ამ გამოცემის წინასიტყვაობაში კი წერდა: "წიგნი ესე უებარი და უამხანაგოა და მისი უმჯობესი ევროპაშიც ბევრი არ მოიძებნება".

მარი ბროსეს შემოქმედებას და მის ღვაწლს საქართველოს მიმართ ერთ სტატიაში ნამდვილად ვერ ჩავტევთ. მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი გვინდა გავიხსენოთ მისი საქართველოსთან და მოწინავე ქართულ საზოგადოებასთან თანმშრომლობის შესახებ.

მარი ბროსე დაიბადა პარიზში, სწავლობდა პარიზის აკადემიაში. შემდეგ აქტიურად ჩაება 1822 წელს დაარსებული "პარიზის სააზიო ჟურნალის" მუშაობაში. სწორედ ამ ჟურნალში გამოაქვეყნა მან წერილები ქართული ენის, მწერლობის, საქართველოს ისტორიის, ქართული ნუმიზმატიკის საკითხებზე, თარგმანები "ქართული სამართლის" ტექსტისა, "ვეფხისტყაოსნის" პირველი თავი და სხვა.

პარალელურად სწავლობდა საფრანგეთის ბიბლიოთეკებსა და არქივებში საქართველოს შესახებ დაცულ მასალებს.

1834 წელს პარიზში ბროსემ ფრანგულ ენაზე გამოსცა "ქართული ენის თვითმასწავლებელი".

1837 წელს აკადემიის წინაშე დააყენა საკითხი ქართული შრიფტის ჩამოსხმის აუცილებლობაზე. უნდა ჩამოსხმულიყო ორმაგი მხედრული შრიფტი: მსხვილი - ტექსტებისთვის და წვრილი - შენიშვნებისთვის. შრიფტის დასამზადებლად გამოიყენა მის მიერ ჯერ კიდევ პარიზში თეიმურაზის ნახაზების მიხედვთი დამზადებული შრიფტი. 1838 წელს შრიფტი უკვე მზად იყო.

საიდან დაიწყო მარი ბროსეს დაინტერესება საქართველოთი და ქართული ენით - ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის მწერალი და პუბლიცისტი გურამ შარაძე თავის წერილში "თეიმურაზ ბაგრატიონი და მარი ბროსე".

"პირველად მარი ბროსე საქართველოთი და ქართული ენით დააინტერესა ცნობილმა ორიენტალისტმა, აკადემიკოსმა სენ მარტინმა. შემდეგ დამოუკიდებლად შეუდგა ქართული ენის შესწავლას, გაეცნო პარიზის სამეფო ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ ხელნაწერებს, "ვახტანგ მეექვსის სამართლის კრებულს", "ვეფხისტყაოსანს" "ქართულ ქრონიკას", ბიბლიურ წიგნებს და სხვა.

"ჯერ კიდევ ბერძნულ სახარებაზე მუშაობისას შეისწავლა ბაქარის ქართული ბიბლიის ტექსტი, გამოცემული მოსკოვში 1773 წელს. 1829 წელს მარი ბროსე თავისი მეგობრის, აკადემიკოს ფრანც მარშუას მეშვეობით პარიზიდან წერილობით დაუკავშირდა პეტერბურგში მცხოვრებ თეიმურაზ ბაგრატიონს. სთხოვდა, კონსულტაცია გაეწია მისთვის.

"1830 წლის 18 ივლისს თეიმურაზ ბატონიშვილი ბროსეს ქართულით აღფრთოვანებული სწერდა ფრანგ ქართველოლოგს: "სრულიად ევროპის სწავლულთა შორის აწ შენ იწყე პირუელად და თვინიერ მოძღვრისა და მასწავლებლისა მხოლოდ თვით თვისით მშრომელი მიიწიე ესოდენს საზომსა ქართულისა ენისა და წერილისა სწავლისასა... რომელმანცა განმაკვირვა მე დიდად... მე მოსწრაფე ვარ და უეჭველად დიდისა კმაყოფილებითა მზა ვარ ვითარცა მოყვარესა მამაცისა, ენისა ჩემისასა, მე თვით გექმნების შენ თანამოსაუბრე. ესე იგი კორესპონდენტი...".

"თეიმურაზი ბროსეს პარიზში ამარაგებდა ქართული წიგნებით, ხელნაწერებით, ისტორიული, ფილოლოგიური ხასიათის ცნობარებით, თუმცა მეცნიერული სიფხიზლისკენ და სიზუსტისკენ მუდამ მოუწოდებდა:

"ეგრეთ დააბეჭდინე, რომ ან მე და ან არავინ დაგვზრახოს, რომ ფრთხილნი არ არიან ლიტერატურაშიო, როდესაც ვერ მიხვდე, მკითხე, რომ ტყუილები არ ჩაგვიწერო, თორემ სირცხვილი იქნება, მერმე ქართველები მე დამცინებენ. აი, ამისთანა შეგირდი გყავსო".

"მარი ბროსე კი თეიმურაზ ბატონიშვილზე, პირველ ქართველ აკადემიკოსზე წერდა: "მე არ შემიძლია განუცვიფრებლად წარმოვსთქვა თეიმურაზ ბატონიშვილის სახელი, რომელშიც მაღალი ზნეობა შეერთებულა განათლებულ გონებასა და ვრცელ მეცნიერებასთან, რომლის მიზანი არის თავის შრომით უკვდავჰყოს ხსენება თავის ერისა და რომლის მოწაფედ, სვინდისის ქვეშ უნდა ვთქვა, აღვიარებ ჩემს თავს... თუ როგორმე მოეწონათ ქართველთ ბეჯითობისა ჩემის მცირედი ნაყოფი, ვაღიარებ მაღალის ხმით ვემოწმები. ამისი მოვალე ვარ ბატონიშვილის თეიმურაზისა სწავლისა".

"პეტერბურგში მოღვაწეობის დროს მარი ბროსემ ფართოდ გაშალა ქართველოლოგიური მოღვაწეობა. გარდა თეიმურაზ ბაგრატიონისა, მან უშუალო კონტაქტი დაამყარა პეტერბურგის და მოსკოვის ქართველობასთან. 1847 წელს კი ახდა მისი დიდი ხნის ოცნება - მარი ბროსე ჩამოვიდა საქართველოში და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ფეხით მოიარა მთელი საქართველო. მასპინძლობას უწევდნენ პლატონ იოსელიანი, გიორგი ერისთავი, დავით და ეკატერინე დადიანები, რაფიელ ერისთავი, ილია ჭავჭავაძის სიმამრი თადეოზ გურამიშვილი და სხვები.

"მარი ბროსე გარდაიცვალა 1880 წლის სექტემბერში საფრანგეთში, ქალაქ შატერლოში და იქვეა დასაფლავებული. ფრანგი ქართველოლოგის ხსოვნის უკვდავსაყოფად ქართულ მოწინავე საზოგადოებაში მაშინვე გაჩენილა აზრი, "დანიშნონ ბროსეს პრემია საქართველოს ისტორიის საუკეთესო თხზულებისთვის", აგრეთვე "დავაწესოთ ბროსეს სტიპენდია". ეს მოწოდება გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძისა და სერგი მესხის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ "დროებაში" 1880 წლის სექტემბერში. მთელი საქართველო გამოეხმაურა ამ მოწოდებას", - წერს გურამ შარაძე.

1902 წელს მარი ბროსეს დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად ილიამ დაიწყო სამზადისი და "ივერიაში" დაბეჭდა: "თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დაერქვას სახელი განსვენებული ისტორიკოს-არქეოლოგის, მარი ბროსესი, რომელსაც დიდი სამეცნიერო შრომა მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე. ევროპელთაგან მან პირველმა აიღო ჩვენი ქვეყნის ისტორია და ლიტერატურა სამეცნიეროდ შესწავლის სპეციალურ საგნად და მიიპყრო მთელი განათლებული ქვეყნების მეცნიერთა ყურადღება".

მალევე "ივერია" საკუთარ მკითხველს აცნობა: "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თხოვნა ქალაქის საბჭოს კომისიამ 11 მარტის საღამოს სხდომაზე გადაწყვიტა - ბროსეს სახელი დაერქვას ვოდოვოზინის ქუჩას პოლიციის მესამე უბანში".

ილია ჭავჭავაძემ ეს ამბავი დეპეშით აცნობა იმხანად ბარსელონაში რუსეთის მთავარ კონსულად მყოფ მარი ბროსეს ვაჟს: "ჩვენი მამული სამუდამოდ შეინახავს მის სახსოვარს ქართველთათვის ყოვლად ძვირფას სახელთა შორის".

მარი ბროსეს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართველ კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადაიხადეს წირვა და პანაშვიდი, რომელსაც წარჩინებულ ქართველ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ კირიონ ეპისკოპოსი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, საფრანგეთის კონსული და სხვები. გალობდა გუნდი ზაქარია ფალიაშვილის ხელმძღვანელობით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×