ურთულესი რეგიონია კავკასია, ყველა დროისა და ფორმაციის მსოფლიო გეოპოლიტიკური სივრცისთვის საინტერესო და მიმზიდველი. სწორედ ეს ინტერესი ქმნიდა ქართული სახელმწიფოსათვის საკმაოდ რთულ და ხშირ შემთხვევაში ძნელად დასაძლევ რეალობას.
ცნობილი მეცნიერი მიხეილ თამარაშვილი ერთობ სახასიათო დელატს მიანიშნებს: "კათოლიკე მისიონერებს არაერთხელ უთქვამთ - საქართველო ყოველი მხრიდან "გარემოცულია ისეთი მაჰმადიანი საშინელი მტრებისაგან, რომ თვით დედამიწასაც უმძიმს მათი ყოფნა".
და ამ მრავალწახნაგოვანი პოლიტიკური ფონისას საქართველოსთვის წარმატების ერთადერთი ფორმულა მოქმედებდა - ფილიგრანული ბალანსი და ლავირება. მრავალეროვანი ქვეყანა უამრავი გამოწვევის, გაუთვალისწინებელი სირთულის წინაშე იყო და ასეთ დროს ჩვენს წინაპრებს მოეხერხებინათ სახელმწიფოს მართვა ისე, რომ ერთ პატარა ტერიტორიაზე ექვსი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთ არასდროს ჰქონოდათ ეროვნულ ნიადაგზე უთანხმოება, მსოფლიო ქრესტომათიული დიპლომატიის უნიკალური მაგალითია.
რატომ დაემთხვა სელჩუკებისთვის ხარკის შეწყვეტა ჯვაროსნული მოძრაობის დაწყებას
საგულისხმო დეტალია - საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმავლობა ყოველთვის უშუალოდ უკავშირდებოდა საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებს, ამ პროცესებიდან განყენებულად ჩვენი ქვეყანა არასდროს ყოფილა. შესაბამისად, სახელმწიფოებრივი ძლიერება უშუალოდ დამოკიდებული იყო შიდა პოლიტიკური სამტკიცისა და საგარეო ფაქტორების თანხვედრაზე.
სახასიათო ფაქტია, რომ დავით აღმაშენებელი თურქ-სელჩუკებთან დაპირისპირებას სწორედ მაშინ იწყებს, რაც ამ რთულად დასაძლევ მონსტრს ევროპელი ჯვაროსნები უპირისპირდებიან. 1099 წელს კლერმონში პაპი ურბან მეორე მოუწოდებს დასავლეთ ქრისტიანულ სამყაროს ქრისტეს საფლავის დახსნას ურჯულოებისაგან. ბუნებრივია, აქ პოლიტიკური დემაგოგია სჭარბობს და ეს აშკარად გამოკვეთილია, თუმცა მთავარი ის არის, რომ ეს დემაგოგია რადიკალურად ცვლის იმდროინდელ მსოფლიოს.
ევროპის ქვეყნებიდან იერუსალიმისკენ დაძრული უზარმაზარი ნაკადი აქტიურად უპირისპირდება თურქ-სელჩუკებს. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და, როგორც ჩანს, თურქ-სელჩუკთა ადამიანური რესურსიც არ იყო ამოუწურავი. ამიტომაც მთელი ყურადღება სელჩუკებისა ჯვაროსნებთან დაპირისპირებაზეა გადატანილი, სხვა პრობლემები მათთვის აღარ არსებობს.
შემთხვევითი არაა, რომ სწორედ 1099 წელს შეუწყვიტა ხარკი დავითმა სელჩუკებს. ეს მრისხანე მტერთან აშკარა კონფრონტაციას ნიშნავდა, არადა, მანამდე მთელი ათი წლის განმავლობაში დავითი იძულებული იყო, თავად გამკლავებოდა სელჩუკთა მოძალებას და ხარკიც ხვავრიელად მიეცა.
ჯვაროსანთა ლაშქრობა პირველი ნიშანია იმისა, რომ საქართველო ანტისელჩუკურ პოლიტიკაზე უფრო აქტიურად უნდა გადაერთოს. და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მზადება გადამწყვეტი შერკინებისთვის. მაშინ არავინ უწყის, რომ ეს შერკინება დიდგორში მოხდება, თუმცა ყველა ხვდება, რომ ადრე თუ გვიან მაჰმადიანურ სამყაროსთან დაპირისპირება გარდაუვალია. დავითის მთელი სახელმწიფოებრივი საქმიანობაც სწორედ ამ თარგზეა მორგებული. მისი რეფორმები, ყოველდღიურობა სხვა არა არის რა, თუ არა მზადება ამ გადამწყვეტი შეტევისათვის.
როგორ გაათავისუფლა აღმაშენებელმა ანისი სომეხთა თხოვნით
დიდგორის ომში გამარჯვებამ სულ სხვა პერსპექტივები დაუსახა საქართველოს. ქართული ტერიტორიების შემომტკიცებას საბრძოლო ოპერაციების საქართველოს ფარგლებს გარეთ გადატანა მოჰყვა. დავითის სამიზნე შარვანი და სომხეთია. სელჩუკებს ამ ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილები უკავიათ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისათვის მათი კონტროლი აუცილებელია. ამას სახელმწიფო ინტერესები მოითხოვს. 1123 წელს დავითმა შირვანი დაიკავა, ჯერი სომხეთზე მიდგა. და აქ ხდება ქართველთა და სომეხთა ინტერესების თანხვედრა.
1124 წლის 20 აგვისტოს დავითთან "მოვიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოახსენეს მიცემა ქალაქისა". სომეხი ისტორიკოსი ვარდანი ანელთა ამ გადაწყვეტილებას ანისის შედადიდი ამირას - აბულსუარის მოქმედებით ხსნის, რომელსაც გადუწყვეტია, ანისი 60000 დინარად კარის ამირასათვის დაეთმო.
აბულსუარს ანისის კათედრალური ტაძარი მეჩეთად გადაუკეთებია. ამ ფაქტმაც გააღიზიანა გრიგორიანელები. მიუხედავად იმისა, რომ სომეხთა უმრავლესობას ქართველთა სახელმწიფოს შემადგენლობაში ყოფნა სურს, არ არის იოლი ანისის დაკავება. შედადიდები მზად არიან, წინააღმდეგობა გასწიონ.
60 ათასი მხედრით წასულა დავითი. "ვითარცა მიიწია მესამესა დღესა, აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად, და სოფელნი და ქვეყანანი მიმდგომნი ანისისანი..." აღმაშენებელს ანისის ამირა აბულსუარი მანუჩარის ძე და მისი რვა შვილი დაუტყვევებია და დასავლეთ საქართველოში გაუგზავნია.
ასე გაათავისუფლა დავითმა მონობისაგან სომეხთა სატახტო ქალაქი ანისი, ის ქალაქი, 60 წლის განმავლობაში რომ არ იცოდა, რა იყო თავისუფლების გემო. დავითმა აქ ქართველთა ლაშქარი ჩააყენა და ეს ტერიტორია უშუალოდ საქართველოს სამეფოს შემოუერთა.
"ანისისა მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი." ეს დავითის ისტორიკოსის სიტყვებია, ვარდანის ცნობით კი, ქალაქ ანისის გამგებლობა დავითს ქართველი დიდებულებისთვის - აბულეთისა და მისი შვილი ივანესთვის ჩაუბარებია.
რატომ ამოიღო მიზანში აღმაშენებელმა სომხური ეკლესია
მიუხედავად იმისა, რომ დიდია პოლიტიკური აღტყინება სომეხთა მხრიდან და ეს სრულიად ბუნებრივია - მათ შეძლეს დიდი ხნის ნატვრის ახდენა, სომეხთა ნაწილი მაინც უკმაყოფილოა და არც მალავს თავის განწყობას. დავით აღმაშენებლის თანამედროვეა სომეხი საეკლესიო მოღვაწე დავით ალავიკის ძე, რომელსაც სომეხთათვის "კანონთა კრებული" შეუდგენია. სწორედ იმ კანონთა კრებულშია ერთი სახასიათო "კანონი", რომელიც გრიგორიან სომხებს ავალდებულებს, "არავინ ჭამდეს ქართველის მიერ დაკლული ცხოველის ხორცს შიმშილისაგან იძულებულის გარდა".
ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, ადვილად პროგნოზირებადია ის, რომ ადრე თუ გვიან ეს უკმაყოფილება, შესაძლოა, დიდი პრობლემად ექცეს დავითის სახელმწიფოს, ამიტომაც კონკრეტული ნაბიჯია გადასადგმელი, კონკრეტული გეგმაა საჭირო, ისეთი გეგმა, პრევენცია რომ იქნება ქართული სახელმწიფოებრივი სიმტკიცისათვის.
მას შემდეგ, რაც გადაწყდა სომხეთის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მოქცევა, რაც სომხების მშვიდობიანი ცხოვრებისა და განვითარების გარანტია იყო, საჭირო გახდა ერთიანი კავკასიის კიდევ უფრო შედუღაბება. ბუნებრივია, სწორედ ამ დროს დაისვა იმ იმპერიული კოზირის განეიტრალების საკითხი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე იმპერიები წარმატებით იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ. ეს სომხური კოზირი იყო - განსხვავებული სარწმუნოების სახით უმნიშვნელოვანესი ფორპოსტი ქართული კულტურული სივრცის წინააღმდეგ.
საგულისხმოა ისიც, რომ ქრისტიანობა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო, სწორედ ქრისტიანობამ შექმნა საქართველოს გაერთიანების პრეცედენტი მანამდე, სანამ ქართველური კულტუროლოგიური და სარწმუნოებრივი არეალი ერთ პოლიტიკურ სივრცეში მოექცეოდა.
ბუნებრივია, ეს იციან საქართველოს სამეფო კარზე, ამიტომ სწორედ ამ ნაცადი გზით მიდიან. აუცილებელია, ერთიანი პოლიტიკური სივრცე თანხვედრაში იყოს ერთიან სარწმუნოებრივ სივრცესთან. მხოლოდ ამ გზით შეიძლება კავკასია შეუვალი გახდეს საგარეო აგრესიისათვის, მსოფლიო იმპერიების უმთავრესი მიზანი რომ იყო ყველა დროსა და სივრცეში.
ამბავი სომეხ-ქართველთა უშედეგო დიალოგისა
დავითი, ბუნებრივია, კარგად ხვდება, რაოდენ სენსიტიური თემაა სარწმუნოების შეცვლა, ამიტომაც საკმაოდ ფრთხილად მოქმედებს. ის ცდილობს, სომხების მიმართ იყოს კეთილგანწყობილი. ეს ის ფონია, რამაც დიალოგი უნდა შეამზადოს ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივი დაახლოებისათვის. ამ დიალოგის მთავარი შედეგი უნდა იყოს სომხების ერთიან ქრისტიანულ სივრცეში მოქცევა.
სწორედ ამ მიზნით მოიწვიეს კიდეც საეკლესიო კრება. ეს 1124 წელს ხდება, ანისის შემოერთების შემდგომ. ამ ამბებს გადმოგვცემს დავითის ისტორიკოსი, რომელიც აშკარად არ იწონებს აღმაშენებლის ლოიალურ პოლიტიკას სომხებისადმი და მათ ვერაგის (გულარძნილის) და ბოროტის ეპითეტებით უშურველად ამკობს. მისი განწყობა საკმაოდ კარგად ჩანს "ქართლის ცხოვრებიდან" ქვემოთ მოტანილ ამონარიდში:
"შემოკრბა ოდესმე წინაშე მეფისა ნათესავი გულარძნილი, ყოვლად ბოროტთა სომეხთა ეპისკოპოსები და მონასტერთა მათთა წინამძღურები მრავალი, რომელნი ფრიად აზმნობდეს თავთა თვისთა მიწევნად თავსა ყოვლისა სწავლულებისა და მეცნიერებისასა. და მოახსენეს, რაითამცა ყო ბრძანებითა მისითა კრებაი, და ყვესმცა სიტყვის-გებაი და გამოძიებაი სჯულისაი; და უკუეთუ იძლივნენ, იქმნენ თანაერთხმა სჯულითა, და თვისი შეაჩუენონ; ხოლო უკუეთუ სძლონ, ესე ოდენ მიემადლოს: "რაითა არღარა გუხედვიდეთო მწვალებელად და არცა შეგუაჩუენებდეთო. მოუწოდა მეფემანცა იოვანეს, კათალიკოსსა ქართლისასა და მისქუეშეთა ეპისკოპოსთა და მეუდაბნოეთა და არსენის იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენათასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა და სხუათა მეცნიერთა და ბრძენთა კაცთა".
კრებაზე, როგორც დავითის ისტორიკოსი მიანიშნებს, დოგმატურ საკითხებზე გამართულა მსჯელობა. საკმაოდ წონადია ქართველთა წარმომადგენლობა, ცნობილი ფილოსოფოსი და მოაზროვნე არსენ იყალთოელი, ბუნებრივია, დიდი ძალაა და არც არავის გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისთვის სომხებს ვერაფერი დაუპირისპირებიათ.
რატომ ჰქონდა აღმაშენებელს ერთი კრებით სომეხთა საკითხის გადაწყვეტის მოლოდინი
მიუხედავად ამისა, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე პოლემიკა უშედეგოდ დასრულებულა. რატომღაც მემატიანე ძალიან მარტივად უყურებს ამ საკითხს და მიიჩნევს, რომ ამ ერთი დიალოგით უნდა გადაწყვეტილიყო პრობლემა. ჩვენი დროის გადასახედიდან, ბუნებრივია, რთულია ასეთი საკითხის ერთი შეხვედრით მოგვარება, მაგრამ დავითი არ უშვებს ხანგრძლივი დიალოგის შესაძლებლობას და ამას თავისი წინაპირობაც აქვს - საქართველოს სამეფო კარზე ყველამ იცის, რომ მხოლოდ ერთი დიალოგი დასჭირდა სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ბერძნების პრეტენზიების გაქარწყლებას ქართული ეკლესიის მიმართ. მაშინ გიორგი მთაწმინდელის ერთი არგუმენტიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბიზანტიას ოფიციალურად დაედასტურებინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერება. ბერძნებს ეყოთ გამბედაობა, იოლად ეღიარებინათ საკუთარი პოზიციის უმართებულობა.
სავარაუდოდ, დავითს სწორედ ასეთი მოლოდინი აქვს სომხებისგან, მაგრამ, ბერძნებისგან განსხვავებით, სომეხი სულ სხვა ფსიქოლოგიისაა. მტყუანიც რომ იყოს, უჭირს საკუთარი სისუსტის აღიარება. სწორედ ეს ფაქტორი გახდა გადამწყვეტი. სომეხი ვართაპეტები, მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს თავიანთი პოზიციის გასამყარებლად, მაინც არ დაჰყვნენ ქართველ მღვდელმსახურთა ნებას. საეკლესიო კრება კი ისე დაიშალა, შედეგი არ მოჰყოლია.
რატომ ვერ შეელია სომხური ეკლესია მარიონეტის სტატუსს
გავა წლები და ჯერ თამარის, შემდეგ კი ერეკლე მეორის მეფობისას კიდევ გახდება აქტუალური სომეხთა ქართულ სარწმუნოებრივ სივრცეში მოქცევა და ამგვარი მეთოდით ქართველთა მტერთათვის სასურველი სომხური პოლიტიკური კოზირის განეიტრალება. როგორც დავითის, ისე თამარის და ერეკლეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
საცნაური კი ისაა, რომ სომხური ეკლესია ერთგული დარჩა საქართველოს წინააღმდეგ მტრულად განწყობილი იმპერიების მარიონეტის სტატუსისა, საუკუნეთა განმავლობაში მსოფლიო იმპერიათა ხელში სომხური კოზირი საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე ფასეულ იარაღად შემორჩა.