ია აბულაშვილი
14.08.2017

 1952 წელს ჰოლივუდში ცნობილმა რეჟისორმა ჯორჯ სიტინმა გადაიღო ფილმი ჯორჯ პაპაშვილის რომანის მიხედვით - "ყველაფერი შეიძლება მოხდეს". ამ წიგნის ავტორი ბოლშევიკებს გაქცეული და ნიუ-იორკში ემიგრანტის სტატუსით ჩასული, დუშეთის პატარა სოფელ კობიაანკარში დაბადებული გიორგი პაპაშვილია, რომლის წიგნიც უოლტ უიტმანის, მარკ ტვენის, უილიამ ფოლკნერის, ერნესტ ჰემინგუეის ნაწარმოებების გვერდით მოიხსენიება.

გიორგი პაპაშვილის წიგნი "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" გამოიცა 1945 წელს და მაშინვე ბესტსელერად იქცა.

ლიჰის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სპეციალური კოლექციის ხელმძღვანელი ილჰან ციტაკი წერდა: "მიუხედავად იმისა, რომ გიორგი პაპაშვილის ლიტერატურა ამერიკული სივრცისთვის განსაკუთრებულია, მეორე მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც მის სახელს უკავშირდება, მისი ქანდაკებებია. თვითნასწავლმა ხელოვანმა ქვიშაში და ხეში გამოთლილი სილამაზით გააოცა ამერიკა".

როგორც მოქანდაკეზე, მასზე დოკუმენტური ფილმიც არის გადაღებული - "სილამაზე ქვიშაში".

აყველაფერი კი ასე დაიწყო:

გიორგი პაპაშვილი დაიბადა 1898 წელს დუშეთის სოფელ კობიაანთკარში. უსახსრობის გამო მამამ სკოლაში ვერ შეიყვანა. ამიტომ ტყავზე მუშაობა და ხანჯლების კეთება შეისწავლა.

პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა რუსეთის არმიაში. 1921 წელს კი, საქართველოში ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, სამშობლო დატოვა.

ორი წელი დაყო სტამბოლში, ხან მიწას თხრიდა, ხან მძღოლად მუშაობდა. მერე ამერიკაში წავიდა. აქაც ხან ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა, ხან - მძღოლად. შემდეგ შეირთო ცოლი, ამერიკელი მწერალი ქალი ჰელენ უაიტი და სწორედ მასთან თანაავტორობით 1938 წელს დაწერა ავტობიოგრაფიული რომანი "ყველაფერი შეიძლება მოხდეს", რომელიც 1945 წელს გამოიცა და მაშინვე ბესტსელერად იქცა.

ერთ წელიწადში რომანი ათჯერ გამოიცა და თითქმის ნახევარი მილიონი ეგზემპლარი უცებ გაქრა წიგნის მაღაზიების თაროებიდან. რომანი ითარგმნა 15 ენაზე, მათ შორის იაპონურად, ჩინურად და ჯორჯ პაპაშვილი ამერიკის რჩეული ბიბლიოთეკების საპატიო ავტორადაც აღიარეს.

ეს იყო წიგნი ქართველ ემიგრანტზე, მაგრამ, როგორც კრიტიკოსები ამბობდნენ, არა მხოლოდ ქართველ ემიტრანტზე, არამედ ყველა ქვეყნის ემიგრანტზე, თვითონ ამერიკაზე, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

წიგნში მოთხრობილია საქართველოზე, თბილისზე, კობიაანთკარზე, ხევსურეთზე, ქართველი ადამიანის ხასიათსა და მის ფასეულობებზე.

1952 წელს გიორგი პაპაშვილის რომანი "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" გადაიღეს ჰოლივუდში. ფილმში მთავარ როლებს ასრულებდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები ხოსე ფერერი და კიმ პანტერი. ფილმში გამოყენებული იყო ქართული სიმღერები, ცეკვები. ერთ-ერთ ეპიზოდს თავად რომანის ავტორი ასრულებდა.

1953 წლის 26 თებერვალს ფილმმა "ოქროს გლობუსი" დაიმსახურა ნომინაციაში "საუკეთესო ფილმი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას".

1979 წელს პენსილვანიაში, სადაც გიორგი პაპაშვილი ცხოვრობდა, გამოიცა მისი სკულპტურული ნამუშევრების ალბომი. მისი გამოქანდაკებული ცხოველები კი ამშვენებენ აშშ-ის არაერთი მუზეუმის ექსპოზიციას.

იგი არჩეული იყო რამდენიმე პრესტიჟული საზოგადოების წევრად. მის შესახებ სტატიები შეტანილია რამდენიმე მნიშვნელოვან ენციკლოპედიურ გამოცემაში, აშშ-ის მე-20 საუკუნის ამერიკელი მწერლებისა და ხელოვანების ანთოლოგიაში.

საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცულია გიორგი პაპაშვილის ერთ-ერთი სკულპტურული ნამუშევარი - "რაში". იგი მხოლოდ ერთხელ ეწვია საქართველოს, ისიც კომუნისტების დროს - 1966 წელს, ინახულა თავისი მშობლიური სოფელი, შეხვდა ქართველ მწერლებს.

ახლა კი მკითხველს ვთავაზობთ ცნობილი ქართველი მწერლის - აკაკი ბელიაშვილის დოკუმენტური პროზიდან ერთ-ერთ ფრაგმენტს, რომელიც მან ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა და ეძღვნება გიორგი პაპაშვილს.

როგორც გიორგი პაპაშვილის შემოქმედების მკვლევარი რუსუდან ნიშნიანიძე თავის ნაშრომში წერს, ამერიკაში ჩასული აკაკი ბელიაშვილი ნიუ-იორკში მცხოვრებ ცნობილ ქართველ ფალავან ნიკოლოზ ქვარიანს ესტუმრა, რომელიც სასტუმრო "სკოტლანდში" ცხოვრობდა. საუბრის დროს ჰკითხა გიორგი პაპაშვილის შესახებ. უთხრა, რომ მასზე საქართველოში ლეგენდები დადის და მისი წიგნი ხომ არ ჰქონდა:

- კოლია ჩემო, პაპაშვილის წიგნი ხომ არ გაქვს, მინდოდა, მეშოვა, ამ მწერლის შესახებ საქართველოში ლეგენდები დადის.

- მოიცა, - ტელეფონს ხელი დაავლო, აკრიფა ნომერი და ჩასძახა: - ალო, გიორგი, გამარჯობა შენი. ჰო, კოლია ვარ. როგორ ხარ, კაცო, სად დაიკარგე? აგერ, ჩემთან საქართველოდან არიან ჩამოსული, მწერალი ბელიაშვილი და რეჟისორი პიპინაშვილი. მეკითხებიან, ერთი დაგვანახვეთ ეს პაპაშვილიო. რაო, გეწვიოთ? არა, ესენი ვერ წამოვლენ, ხვალ დილით მიფრინავენ. მოდიხარ? ახლავე წამოხვალ?

"მერე თავად დამელაპარაკა: ძალიან გთხოვთ, თქვენი ამხანაგით მესტუმროთ, კოლიამ იცის, სად ვცხოვრობ, სამი საათი დაგჭირდებათ მანქანით.

- არ შეგვიძლია, ბატონო გიორგი, ჩვენ ხვალ დილით მივფრინავთ. ძალიან მინდოდა, თქვენი წიგნი მქონოდა, ჩვენში კიდეც დაიბეჭდა თქვენი წიგნის თარგმანი ქართულად.

- ვიცი, ჟურნალი "დროშა" მივიღე, ვნახე. ჩემს წიგნს მოგართმევთ, მე წამოვალ, თუ დამელოდებით, კოლიასთან მოვალ.

მილი დავდე და ქვარიანს ვეკითხები: განა ნიუ-იორკში არ ცხოვრობს?

- არა, პენსილვანიაში, აქედან 100 მილია. მალე მოვა. მისი წიგნი ძალიან პოპულარულია ამერიკაში, სურათიც გადაიღეს მისი მოთხრობის მიხედვთი."

სამ საათში გიორგი პაპაშვილი პენსილვანიიდან მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა. აკაკი ბელიაშვილი წერდა: "გიორგი პაპაშვილი საშუალო ტანის, ხმელი აგებულების შავგვრემანი კაცია, ტიპური მთიული, მისი მეუღლე ელენე კი - მაღალი ამერიკელი ქალი, საოცრად ცოცხალი თვალებით. დასხდნენ, საუბარი თავისთავად გაგრძელდა.

მასპინძელი - ნიკოლოზ ქვარიანი მეუღლითურთ (გერმანელი ქალი);

სტუმრები - აკაკი ბელიაშვილი, ნიკოლოზ პიპინაშვილი, ფელიქს ვისოცკი, გიორგი პაპაშვილი მეუღლით.

სუფრა - ბერძნულ რესტორანში; პირველი სადღეგრძელო სამშობლოს ეკუთვნის, მეორე - დიასახლისებს და თამადის მიერ ამჟამად თქმული: "აი, ხომ ხედავთ, ჩვენი ცოლები გავაქართველეთ", - გვითხრა ქვრიანმა.

მაშინ პაპაშვილის მეუღლემ ღიმილით მოუჭრა: "თქვენი გაამერიკელება შეუძლებელი აღმოჩნდა და ჩვენც მეტი რა დაგვრჩენოდა, რომ არ გავქართველებულიყავით".

მე მაინტერესებდა, როგორი პოპულარობით სარგებლობდა ის წიგნი, რომელშიც მისი ბიოგრაფიაა მოთხრობილი. აღმოჩნდა, რომ იგი დაახლოებით 35-ჯერ გამოუციათ ორი მილიონის საერთო ტირაჟით", - წერდა აკაკი ბელიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×