1951 წლის 26 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დინ აჩენსონმა ამერიკის მთავრობის სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" ახლად შექმნილი ქართული რედაქციიდან მიულოცა. მაშინ მიკროფონთან ბაგრატიონთა გვარის შთამომავალი, ცნობილი ქართველი პიანისტი ერეკლე ორბელიანი იჯდა.
დღევანდელ სტატიაში სწორედ "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის პირველ ხელმძღვანელზე და მის "ამერიკულ ისტორიაზე", გვინდა, რამდენიმე საინტერესო ამბავი შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს.
ერეკლე ორბელიანი დაიბადა 1901 წელს თბილისში, მამუკა ჯამბაკურ-ორბელიანის ოჯახში, რომელიც ბორჩალოს მიწების მფლობელი მდიდარი მემამულე, რუსეთის მეფის არმიის ოფიცერი იყო.
დედა, ელისაბედ ბაგრატიონი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, "ვეფხისტყაოსნის" ფრანგულ ენაზე მთარგმნელი, საქართველოს დამოუკიდებლობის დროს ორი გაზეთის: ფრანგული "ჟორჟ-ინდიპენდენტისა" და ინგლისური "ჯორჯიან მესენჯერის" დამაარსებელი და რედაქტორი.
რა თქმა უნდა, ასეთ ოჯახში აღზრდილმა ერეკლე ორბელიანმა კარგი განათლება მიიღო. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკალური ნიჭით და თბილისის ქართული გიმნაზიისა და კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაემგზავრა.
როგორც პიანისტი, კონცერტებს მართავდა ჯერ გერმანიაში, შემდეგ - საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც იტალიელ მომღერალ ბენიამინო ჯილისთან ერთად წარმატებით გამოდიოდა.
საქართველოს ოკუპაციის დროს ერეკლე ორბელიანი ტურნეში იმყოფებოდა ამერიკაში და მას სამშობლოში დაბრუნების საშუალება აღარ მიეცა. 1924 წლიდან იგი პარიზში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ ამერიკაში გადავიდა და აქედან დაიწყო მისი წარმატებული საშემსრულებლო კარიერა.
მარტო 1931 წელს სამი კონცერტი გამართა, პირველი 1930 წლის ნოემბერში "ასტორ გალერეაში", მეორე კონცერტი ისევ ნიუ-იორკში, რომლის შემდეგაც ცნობილი ამერიკული გამოცემა "ნიუ- იორკ ჰერალდ ტროზენი" წერდა - "მსმენელი გულთბილად ესალმებოდა ქართველ თავადს, რომელმაც ტიტულს მუსიკოსობა ამჯობინა".
1930 წლის 4 დეკემბერს კი ერეკლე ორბელიანი თავისი ხელოვნებით იპყრობს "სტენვეის" ხალხით სავსე დარბაზს. ამ კონცერტების შემდეგ იტყვის სერგეი რახმანინოვი: ჩემ შემდეგ ჩემს ნაწარმოებებს ყველაზე უკეთ ერეკლე ორბელიანი ასრულებსო.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მუსიკალური კარიერის გაგრძელება ვეღარ შეძლო, თუმცა აქტიურად ჩაება ქართული კოლონიის საქმიანობაში, სწორედ იგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი აშშ-ში ქართული სათვისტომოს დაარსებისა.
1936-1944 წლებში ორჯერ აირჩიეს სათვისტომოს ხელმძღვანელად. გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და თავდადებით ქართველი ემიგრანტების მიმართ, ამიტომაც არა მხოლოდ დევნილი ქართველები, არამედ აშშ-ის ადმინისტრაციაც დიდ პატივს სცემდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ამერიკელ ქართველობას საქართველოს განთავისუფლების იმედი საბოლოოდ გადაეწურა, საჭირო გახდა, შექმნილიყო ისეთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს საკითხს დააყენებდა როგორც ამერიკის საზოგადოების, ისე აშშ-ის ადმინისტრაციის წინაშე.
ამ მიზნით 1950 წლის ნოემბერში ერეკლე ორბელიანის ბინაზე შეიკრიბნენ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებული ადამიანები: თენგიზ ბაგრატიონი, ლევან დუმბაძე, პავლე კვარაცხელია და დააარსეს "ქართველ ამერიკელთა ლიგა", რომელმაც მემორანდუმი გაუგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას - "ჩვენი ერის ინტერესების აუცილებლობა მოითხოვს, ამ გადამწყვეტ მომენტში აქ ისმოდეს საქართველოს ხმა".
"ამერიკის ხმაში" მისი მოღვაწეობის ისტორია კი ასე დაიწყო. "ამერიკის ხმის" პირველი გადაცემა ეთერში 1942 წლის 24 თებერვალს გავიდა. ომის დაწყებისთანავე გერმანიამ მსოფლიოს მასშტაბით მხარდაჭერის მიზნით რადიოგადაცემები დაიწყო. სწორედ ამის პასუხად სულ მალე ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო რადიოგადაცემების დაწყების თაობაზე.
პირველი რეპორტაჟი 1942 წლის 24 თებერვალს გავიდა და პირველი ფრაზაც გაისმა ეთერში: "ეთერშია ამერიკის ხმა! ყოველდღიურად ამ დროს ჩვენ გაგაცნობთ ახალ ამბებს, ზოგი კარგი იქნება, ზოგიც სამწუხარო. ჩვენი მიზანი ერთია - გაუწყოთ სიმართლე". სწორედ ამ სიტყვებით მიმართა უილიამ ჰარლანმა "ამერიკის ხმის" პირველ მსმენელს.
ომის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" რედაქციაში დაწყებულიყო ქართულ ენაზე მაუწყებლობა, რაც საშუალებას მისცემდა "რკინის ფარდის" მიღმა დარჩენილ ქართველობას, მშობლიურ ენაზე მიეწვდინა მსოფლიოსთვის ხმა.
ამ დიდი საქმისთვის კი საჭირო იყო, აშშ-ში მცხოვრებ ქართველთა შორის შეერჩიათ მძლავრი ინტელექტუალური ძალები, რომლებიც საქმეს სათანადოდ გაუძღვებოდნენ.
როგორც მკვლევარი რუსუდან დაუშვილი წერს, ასეთი ერეკლე ორბელიანი იყო, რომელსაც კარგად იცნობდა ამერიკული საზოგადოება, როგორც ცნობილ პიანისტს, ევროპული ენების კარგ მცოდნეს, ქართული სათვისტომოს აქტიურ წევრს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავდადებულ მებრძოლს.
მას მიანდეს "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის მოწყობაც და კადრების შერჩევაც.
ასე დაიწყო მაუწყებლობა "ამერიკის ხმის" ქართულმა სამსახურმა, რომელიც მსოფლიოში გაფანტული ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე მაუწყებლობდა.
როგორც მედიის მკვლევარები ამბობენ, "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია თავიდანვე გახდა ერთგვარი "ფანჯარა ამერიკაში", რომელიც ნიუ-იორკის პატარა სტუდიიდან ადამიანებს აშშ-ის ისტორიაზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ცხოვრებაზე, ამერიკაში მცხოვრებ და მოღვაწე ქართველებზე მოუთხრობდა.
ოკეანის გაღმა დარჩენილი ქართველობა კი, მიუხედავად რეპორტაჟის დროს ტექნიკური ხარვეზებისა და იმ წნეხისა, რასაც საბჭოთა ხელისუფლება ახორციელებდა, როგორმე ჩაეხშო მაუწყებლობა, მოუთმენლად ელოდა ამ ხმის გაგონებას, საიდანაც მსოფლიოს ამბები და ამერიკული ჯაზი ისმოდა.