ია აბულაშვილი
16.08.2017

 ქართული თანამედროვე თეატრის ფუძემდებლად აღიარებული სანდრო ახმეტელის წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე ბევრი დაწერილა და ვერც ჩვენ შევმატებთ რაიმე ახალს დღევანდელ სტატიას, მხოლოდ რამდენიმე მოგონებას გავიხსენებთ დიდი მაესტროს ცხოვრებიდან, რომელიც ხან ნაციონალისტად შერაცხეს, ხან ანტისაბჭოთა სპექტაკლის ავტორად, ხან ხალხის მტრად, მაგრამ მაინც გენიოსად დარჩა, მის მიერ დადგმული სპექტაკლები კი მსოფლიოს საუკეთესო სპექტაკლებს შორის აღმოჩნდა.

24 წლის იყო, პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა კახეთის ერთ-ერთ ლამაზ სოფელში, ქვემო მაჩხაანში, პირველი სპექტაკლი რომ დადგა - სუმბათაშვილ- იუჟინის "ღალატი". დეკორაციები, გრიმი და კოსტიუმებიც თავად შექმნა. მერე იყო კოტე მარჯანიშვილთან მუშაობა, წარმატება და კონფლიქტი. შემდეგ სპექტაკლი "ლამარა", რომელმაც, როგორც ამბობენ, ტრაგიკული როლი ითამაშა ახმეტელის ცხოვრებაში, არადა, თავად ეს სპექტაკლი ყველაზე მეტად "უყვარდაო".

"ერთხელ რეპეტიციაზე სამაიას ცეკვავდნენ. ვერაფრით ვერ აეწყო ცეკვა, ჟინმა მომიარა, ავირბინე და ვაჩვენე, როგორ უნდა ეცეკვათ. საერთოდ ასეთი ჩვენების მომხრე არ ვიყავი, მაგრამ რაღაც ძალამ წამომაგდო ადგილიდან. მერე ჩავვარდი საორკესტროში, ჯოხი გამოვართვი დირიჟორებს და ვუდირიჟორე" - დაწერს ახმეტელი.

ქართველმა მაყურებულმა "ლამარას" ქართული "რომეო და ჯულიეტა" უწოდა, უცხოური პრესა შექსპირისეულ სპექტაკლად აღიარებდა, კომუნისტებისთვის კი სპექტაკლი იყო "ნაბიჯი უკან", რომელიც მუშათა კლასს ვერაფერს მისცემდა". ამიტომაც მოხსნეს რეპერტუარიდან.

"მაინც შეაჩერეს, ავდექი და აფიშები გამოვაკარი, წარმოდგენა გავუშვი, საყვედური მითხრეს, მაგრამ სპექტაკლი ვერ მოხსნეს" - ასე გააფთრებით იცავდა ახმეტელი თავის "ლამარას." ბავშვივით გაიხარა, როცა ეს სპექტაკლი მოსკოვში გასტროლებისას სტალინმა მოიწონა, ფოტოც გადაიღო ბელადთან, მაგრამ ვერფერმა ვერ უშველა. აგორდა ტალღა, თეატრი საგასტროლოდ საზღვარგარეთ არ გაუშვეს - გასტროლების ანტისაბჭოთა მიზნებისთვის გამოყენებას აპირებსო - დასწამეს. მერე იყო ავბედითი 1936 წელი, მოსკოვის "მწვანე თეატრი", დაკავება, თბილისში ჩამოყვანა, წამება, ღია მანქანით რუსთაველზე გატარება, ხალხს რომ ენახა, რა ბედი ელით "ხალხის მტრებს" და "მავნებლებს"; მერე საბოლოო განაჩენი, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლი - სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. 1937 წლის 29 ივნისი - დახვრიტეს სანდრო ახმეტელი.

ახმეტელის შეუპოვარ ხასიათზე და მის დამოკიდებულებაზე პარტიულ ფუნქციონერებთან ბევრი ჭორი თუ მართალი დადიოდა მაშინ თბილისში. ამბობდნენ, ახმეტელმა შილერის "ყაჩაღები" რომ დადგა, ქვესათაურად სწორედ შილერის მიერ თავისი პიესისთვის დარქმეული ქვესათაური - "ტირანების წინააღმდეგ" გამოიყენა. მაშინ თურმე რუსთაველის თეატრის აივანზე გამოფენდნენ აფიშებს, რომ ქუჩიდან გამვლელებს კარგად დაენახათ, რა სპექტაკლი გადიოდა იმ დღეს თეატრში. ტარდება რაღაც აღლუმი, სულ სხვა სპექტაკლი მიდის იმ დღეს რუსთაველში, მაგრამ ახმეტელმა აფიშა შეგნებულად მოახსნევინა და თეატრის აივანზე "ტირანების წინააღმდეგ" უზარმაზარი წარწერა გამოფინა - მარქსის, ენგელსის, ლენინის, სტალინის პორტრეტების ქვემოთ. აღლუმზე მისული მაშინდელი პარტიული ელიტა კინაღამ გაგიჟდაო.

 იმასაც ამბობდნენ, როცა ბერია საქართველოში პირველი პირი გახდა, ცდილობდა, ხელოვან ხალხთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა, ხშირად ესწრებოდა მათ თავყრილობებს. იმ პერიოდში ლავრენტი ბერია დღევანდელ ქიაჩელის ქუჩაზე ცხოვრობდა, მის მოპირდაპირე სახლში კი - ცნობილი ინჟინერი, რომელთანაც ხშირად იყრიდნენ თავს წარმატებული თბილისელები. ერთხელაც ასეთი თავყრილობაა, მასპინძლის აივანზე სტუმრები საუბრობენ, ზოგი ნარდს თამაშობს, სანამ სუფრა გაიშლება. ამ დროს სახლში დაბრუნებულა ბერია, დაუნახავს აივანზე შეკრებილი მეზობლის სტუმრები, მისალმებია. მათაც აივნიდან მიუპატიჟებიათ ლავრენტი პავლოვიჩი, შემოგვიერთდი და ერთად მოვილხინოთო. ბერიას უარი უთქვამს, არ მცალია, მალე უნდა დავბრუნდე სამსახურშიო. იქ ყოფილა სანდრო ახმეტელიც, ბერიას ამ სიტყვებზე ერთი კარგად შეუკურთხებია - თუ არა გცალია, შენიო... გაიგო თუ არა ეს ბერიამ, არავინ იცის, მაგრამ სტუმრებს შორის მყოფთ ბერიას გასაგონად გაუკიცხავთ ახმეტელი, ამას როგორ ამბობ ჩვენს ბერიაზეო.

ერთი ასეთ ამბავიც ყოფილა. შუა რეპეტიციის დროს ახმეტელს პარტერში შეუნიშნავს, რომ ვიღაც კაცი ზის და რაღაცებს ინიშნავს უბის წიგნაკში. უკითხავს - ეს ვინ არისო. უთხრეს, "ზემოდან" არის გამოგზავნილიო. ასე არ უნდაო და კინწისკვრით გაუგდია ეს "ზემოდან" გამოგზავნილი კაცი, თან დაუბარებია, ვინც გამოგაგზავნა, გადაეცი, რომ მე რეპეტიციებზე უცხო ადამიანებს არ ვუშვებო.

 იმასაც ამბობდნენ, რომ ერთხელ ბერია მანქანით მოდიოდა. სარკმლიდან დაუნახავს სანდრო ახმეტელი, მანქანა შეუჩერებია და შეუთავაზებია - საშა, დაჯექი, წაგიყვანო. ახმეტელს კი ხელი აგდებით აუქნევია - მიდი, მიდიო. ბერია არ იყო ის კაცი, ასეთი რამეები რომ დავიწყებოდაო. არც ის დავიწყებია, როგორ არ ჩამოხსნა მოსკოვის გასტროლების დროს სტალინთან გადაღებული სურათი, რომელიც თბილისში დაბრუნებულს გაუდიდებია და თეატრის ფოიეში დაუკიდია. არადა, ბერიამ რამდენჯერმე შეუთვალა თურმე ახმეტელს, ეს სურათი ჩამოხსენიო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×