როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, წინ არაფერი უდგას იმას, რომ პეკინის ქუჩა გაცალმხრივდეს. მისი თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მანქანების ნაკადებთან დაკავშირებული სიტუაციის შესწავლა და იმ შემთხვევაში, თუ პოზიტიური შედეგი დადგება, პეკინზე ავტომობილები ცალმხრივად იმოძრავებენ.
"მოქალაქეთა გამოკითხვამ პეკინის ქუჩის გაცალმხრივებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც პროექტის ხარისხთან და მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ცალსახად დადებითი პასუხი მოგვცა.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტრანსპორტის ნაკადების კვლევა. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ესეც პოზიტიურ შედეგს მოგვცემს და საბოლოო პასუხს ამის შემდეგ მივიღებთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
პეკინის ქუჩაზე, რომელზეც აქამდე ორმხრივი მოძრაობა იყო, 2 თვეზე მეტია, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ავტომობილები მხოლოდ ცალმხრივად გადაადგილდებიან.
უნდა გაცალმხრივდეს თუ არა პეკინის ქუჩა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ჩემი აზრით, ამას უკუშედეგი ექნება. როგორც მელიქიშვილის ქუჩის გაცალმხრივებისას მოხდა ვარაზისხევზე მოძრაობის დატვირთვა, ისევე მოხდება პეკინის ცალმხრივობის შემთხვევაშიც, რადგან სააკაძის ძეგლთან შემოვლა და ისე გადაადგილება ძალიან დიდ პრობლემებს და საცობს გამოიწვევს.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ამას ადგენენ ახლა, რამდენად მოსახერხებელი იქნება მძღოებისთვის ეს ცვლილება. თუკი აღმოჩნდება, რომ ეს კარგია, მაშინ უნდა გააკეთონ ცალმხრივი. ეს ყველაფერი ანალიზის საკითხია და არა ჩემი სურვილის.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): ჩემი სფეროა ქალაქდაგეგმარება, მიუხედავად ამისა, დღეს ამაზე ცალსახად ვერ გიპასუხებთ. ვინც ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ, იმის გარეშე, რომ არ დაინახოს ტრანსპორტის მოძრაობის გენერალური გეგმა, არასერიოზული იქნება.
მე ისიც მაინტერესებს, რამდენად შეესაბამება ეს გადაწყვეტილება გენერალურ გეგმას, რომელიც ახლა ექსპერტიზას გადის.
ეს არ უნდა იყოს არასპეციალისტების განსჯის საგანი. აუცილებელია, სპეციალისტები მხრიდან წარმოდგენილი იყოს ფართო გეგმა, თუ რას უპირებენ ამ რაიონს. ეს არის ერთადერთი სწორი პასუხი.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): ქალაქის განტვირთვისთვის აუცილებელია რამდენიმე ხიდის გაკეთება, 6-8 ხიდის მაინც. ასევე, უნდა გახდეს სანაპიროები ცალმხრივი, როგორც ეს მიღებულია სხვა ქალაქებში.
თუ პეკინის ცალმხრივობას გავაკეთებთ, ჯერ ერთი, არა პეკინის, არამედ კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაა. თუ ამას გავაკეთებთ, უნდა არსებობდეს ალტერნატიული ხაზი. თუ ასეთი ხაზი არ არსებობს, მაშინ ამის გაკეთება არ შეიძლება. თუ გამონახავენ, მაშინ კი, ბატონო, ვეთანხმები, რომ გახდეს პეკინის ქუჩა ცალმხრივი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე