"თამარის კაბა ჰაეროვანი არ არის, ის კეთილშობილი ქვებით იმდენად დამძიმებულია, რომ თამარი ალბათ მხოლოდ საზეიმო დღეებში ჩაიცმევდა, მაგრამ როცა ჩაიცმევდა, ცხადია, რომ ქართული სამეფოს სიდიადეს და ფუფუნებას წარმოაჩენდა, რაც მნახველს მისი სამეფოსადმი მოწიწებით განმსჭვალავდა", - წერდა ცნობილი ქართველი მხატვარი სოლიკო ვირსალაძე.
ქართული სამეფო ოჯახების სამოსი მართლაც ხელოვნების ნიმუშია და იგი თავისი მრავალფეროვნებით ტოლს არ უდებს მსოფლიოს მონარქთა სამოსს.
დღევანდელ სტატიაში სწორედ ქართველ მეფეთა და დიგვაროვანთა სამოსზე, გვინდა, მკითხველის ყურადღება შევაჩეროთ, როგორ იმოსებოდნენ ქართველი მეფეები, რომელ ფერს და ძვირფას ქვას ირჩევდნენ საკუთარი სამოსის შესამკობად.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, სამეფო ოჯახისა და დიდგვაროვანთა სამოსი ძირითადად ბიზანტიასა და აღმოსავლეთში გავრცელებული ქსოვილით იკერებოდა. ეს იყო ხავერდი, საკრამინი, ზარქაში, ოსინი, ლარი, ხარა თუ სხვა, თუმცა კოლხეთის სამეფოში წარმოებული ქსოვილი არაფრით ჩამოუვარდებოდა უცხოურ ქსოვილს, რომელიც უცხოეთშიც კი გაჰქონდათ.
ქსოვილი, რომლითაც მეფეები და დიდგვაროვნები იმოსებოდნენ, ძირითადად სხვადასხვა ფიგურით იყო მოხატული, მაგალითად, სამყურა ფოთლებით, ვარდულებით, რომბებით, ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფიგურით. ლომები და ფასკუნჯებიც კი ეხატა. სამოსი შემკული იყო ოქრო-ვერცხლით, მარგალიტებით, იაგუნდით და ლალით, ასევე, ძვირფასი და კეთილშობილი ქვებით.
მეფეთა სამოსი შედგებოდა "კუართი"- ბისონისა და დიადემისაგან. ბისონი შედარებით ფართო და მოკლე იყო, არ ჰქონდა სარტყელი და განსაზღვრული არ იყო მისი ფერი. ბაგრატ მეოთხე ღია მწვანეს იცმევდა, ბაგრატ მესამე, გიორგი მესამე და თამარ მეფე - მოყავისფრო-წითელს; დემეტრე მეორე - იისფერს. კაბა მორთული იყო ძვირფასი თვლებით.
თამარ მეფის კაბა, რომელიც ვარძიის ფრესკაზე არის გამოსახული, შავი მარგალიტითაა გაწყობილი, ზოლების კვეთაში რუმბებია ჩატანებული, რუმბებში იისფერი გულებია ჩასმული.
თამარ მეფის საზეიმო სამოსი მართლაც უნიკალური ხელოვნების ნიმუშია, რომელზეც დამაგრებულია 3 621 მარგალიტი, 154 მოოქროვილი და 158 ვერცხლის ბალთა.
მეფეთა კაბებს ასევე ამშვენებდა ძვირფასი თვალმარგალიტით მორთული საყელო, რომელიც პირველად მე-11 საუკუნეში გამოჩნდა. დიდი ხნის ისტორია აქვს სარტყელს, რომელსაც სამეფო სამოსის მოსართავად იყენებდნენ. მე-6 საუკუნიდან კი გაჩნდა ტყავის სარტყელი, რომელსაც გვერდზე ჩაშვებული ჰქონდა თასმა, ისიც ძვირფასი თვლებით მორთული.
სამეფო სამოსს ამშვენებდა უნიკალური ღილები, ლითონის ან ძვირფასი ქვებისგან დამზადებული, ძირითადად კი ოქროს და მარგალიტის, მრგვალი ან ოთხკუთხა ფორმის. ღილებს ძირითადად მოსასხამის შესაკრავად იყენებდნენ და იგი პეპლისმაგვარი ან რომბისებური ფორმის იყო.
აყველაფერ ამას ამშვენებდა ძვირფასი სამკაული. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ჩვენში აღმოჩენილია ძვირფასი თვლებისგან დამზადებული არაერთი უნიკალური სამკაული. ძირითადად ეს "შესამკობელი" იყო საყურე და ბეჭედი.
მაგალითად, თამარის ფრესკაზე თამარს უკეთია შავი, ბრტყელი სალტე, მსხვილი მარგალიტებით და ოვალური წითელი ქვებით შემკული. ამავე ფრესკაზე ჩანს თამარის საყურე, ოქროს ბრტყელი ორმაგი რგოლი, მაგრალიტებით შემკული. ბეჭედს კი თამარ მეფე ნეკა თითსა და არათითზე იკეთებდა.
სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ლექსიკონში ნახსენებია ფეხსაცმელი, რომელსაც მეფეები ატარებდნენ და მას ჰქვია "მოგვი". იგი ძირითადად წითელი, მწვანე და აგურისფერი იყო.
სრული სურათის აღსადგენად კი, საიდან წამოვიდა სამოსის ისტორია და რომელ წყაროებში გვხვდება, პირველ ცნობებს ქართული სამეფო სამოსის შესახებ გვაწვდიან ბერძენი მოგზაურები ქსენოფონტე და სტრაბონი.
პირველი ქართველი მკვლევარი, რომლის ცნობები საყურადღებოა ქართული სამოსის შესახებ, იყო ვახუშტი ბატონიშვილი. მან თავის ნაშრომში აღწერა, მე-12 საუკუნიდან მოყოლებული, ქართული სამოსის ისტორია. მე-17-მე-18 საუკუნეების სამეფო კარის ჩაცმულობაზე წერდა ფანასკერტელ- ციციშვილი. არანაკლებ საინტერესო ცნობები გვხვდება უცხოელი მოგზაურების - ჟან შარდენის, არქანჯელო ლამბერტის ჩანაწერებში. ივანე ჯავახიშვილს კი აღწერილი აქვს ქართული სამოსის ისტორია მე-6 საუკუნიდან მე-18 საუკუნემდე.
თამარ მეფის უნიკალური სამოსის შემდეგ შეუძლებელია, არ გავიხსენოთ საქართველოს სხვა მეფეთა სამოსიც, კერძოდ, ლუარსაბ მეფის და თეკლა დედოფლის.
ლუარსაბ მეფის სამოსი შეკერილია ძვირფასი სპარსული ფარჩისგან და შემკულია 1692 მარგალიტით. სამხრეულის გასაფორმებლად გამოყენებულია შავი, ვარდისფერი, თეთრი და ოქროსფერი მარგალიტები. სახელოზე დამაგრებულია დიდი ზომის ე.წ. ანდალუსიური მარგალიტები, რომელიც საქართველოში მე-8 საუკუნიდან ვრცელდებოდა. ლუარსაბის სამეფო კაბას 13-გრამიანი მოოქროვილი ვერცხლის გულსაკიდი ამშვენებს.
უნიკალური კაბა ჰქონია თეკლა დედოფალსაც, რომელიც მე-18 საუკუნეშია შეკერილი. თეკლა დედოფლის კაბა სამ ფილმშია გადაღებული. პირველად გადაიღეს ფილმ "გიორგი სააკაძეში"; მეორედ, როგორც ამბობენ, მიხეილ ჭიაურელმა ათხოვა ცნობილ რეჟისორ ეიზენშტეინს, რომელმაც თეკლა დედოფლის კაბა გადაიღო ფილმ "ივანე მრისხანეში". შემდეგ კი რეჟისორმა სერგო ფარაჯანოვმა - თავის უკვდავ ფილმში "სურამის ციხე". მეფე ერეკლეს ოჯახის და მისი გარემოცვის ძვირფასი სამოსი კი შეკერილია მე-18- მე-19 საუკუნეებში.
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია მე-17 საუკუნით დათარიღებული უნიკალური კოსტიუმები, მამაკაცის ხავერდისა და ატლასის მოსასხამი, შემკული ძვირფასი თვლებით; ატლასის წითელი გულსაბამი, მოოქროვილი.
მუზეუმში, ასევე, ინახება 1890 წელს შეკერილი ქულაჯა და ახალუხი, რომელიც ეკუთვნოდა იოსებ რატელის ქართული ხალხური სიმღერის გუნდის წევრ იოსებ ჯანდიერს.