1629 წელს სეფიანთა მრისხანე მბრანებელი შაჰ აბას პირველი გარდაიცვალა. შიშზე და მძვინვარებაზე დაფუძნებული სამეფო ვერ გამოდგა ძლიერი ბასტიონი. ირანი, რომელიც რისხვად მოევლინა მეთექვსმეტე საუკუნიდან ქართველობას, ქართველთა მონაწილეობის გარეშე ვერ ახერხებს შაჰის ტახტზე სასურველი კანდიდატის აყვანას.
ისპაჰანის სასახლის კარის ინტრიგებს ნამეტნავად გაუშინაურდნენ ჩვენებურები. უნდილაძეებისა და ხოსრო მირზას (როსტომ-ხანს) შორის უშეღავათო დაპირისპირება ამ უკანასკნელის ფავორიტის, შაჰ სეფის, გამარჯვებით დასრულდა. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ირანში უნდილაძეების პირველობას და გამორჩეულობას აბასის შვილიშვილი არ შეეგუება.
რატომ ეშინოდათ შაჰ აბასის სიკვდილის შემდეგ სეფიანებს ქართველების
თუმცა მანამდე აშკარად გამოიკვეთა, რომ ისპაჰანის სამეფო კარი საფუძვლიანად შეირყა. გამოიკვეთა ისიც, რომ თავისუფლებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისათვის ქართველთა უშეღავათო და უკომპრომისო ბრძოლამ თავისი კვალი დააჩნია მოვლენების განვითარებას. აშკარაა, საქართველო შურისძიებას გეგმავს და ამაზე უკეთესი დრო რაღა უნდა იყოს, თუ არა აბასის სიკვდილი.
კაცმა რომ თქვას, ქართველთა შურისძიება და რევანშის წყურვილი ბუნებრივიც იყო და ეს უნდა ევარაუდათ კიდეც ისპაჰანში, საგულისხმო კი ის არის, რომ სანამ ისპაჰანი გონს მოეგება და ტახტის ინტრიგებისგან დასუსტებული სეფიანები შეეცდებიან თავიანთი პოზიციების განმტკიცებას, ასტრახანის ვოევოდა როსტოვსკი მოსკოვში პასოლსკი პრიკაზს ატყობინებს:
"შაჰის სახელმწიფო არავის ეომება, თუმცა ყიზილბაშებს სერიოზული შიში აქვთ ქართველებისა, რომ ისინი აიკლებენ იმის გამო, რომ ადრინდელმა მმართველმა შაჰ აბასმა საქართველოს მიწა-წყალი დაიპყრო და ააწიოკა." ეს რელაცია მოსკოვში 1629 წლის ოქტომბერში იგზავნება.
რუსი დიპლომატის გათვლა ზუსტია, კახეთში პირველი ლაშქრობიდან 18 წელია გასული, ერთი მხრივ, შაჰის გარდაცვალებასა და, მეორე მხრივ, მარტყოფისა და მარაბდის ბატალიებს ერთმანეთთან ოთხიოდე წელი აშორებს.
როგორ ემზადებოდა თეიმურაზი ირანელებთან გადამწყვეტი ბატალიებისათვის
ქართველთა იმედი თეიმურაზია, მთელი ცხოვრება შეუპოვრად რომ ებრძვის მტერს, თეიმურაზს მოტივაცია საკმარისზე დიდი აქვს. გარდა იმისა, რომ ბრძოლას ღირსეული მეფობა ავალდებულებს, პირადი ანგარიშსწორების განცდაც განსაკუთრებულად ამძაფრებს შურისძიებას. მრისხანე აბასი თეიმურაზის სიძეა, დის ქმარი, რომელმაც ისპაჰანში მძევლად მყოფი მისი ორივე შვილი და დედა სასტიკად აწამა და მოკლა.
ბუნებრივია, ამიტომაც არ იხევს თეიმურაზი უკან და საკმაოდ მასშტაბური დაპირისპირებისთვის ემზადება. აბასის სიკვდილი შესანიშნავი საშუალებაა რევანშისათვის, რევანში კი სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ირანელთა უღლის გადაგდება.
თეიმურაზი ამისთვის, დიდი ხანია, ემზადება. პირველ რიგში, ახერხებს, საბოლოოდ ჩამოიცილოს აბასის მიერ ქართლის ტახტზე დასმული სიმონ-ხანი, რომელიც 1625 წლიდან რეალურად ქართლის მხოლოდ ნაწილს - თბილისსა და ქვემო ქართლს ფლობს. სიმონ ხანის მოკვლის შემდგომ თეიმურაზმა სრულად დაიკავა ქართლი და სამეფო კახეთთან გააერთიანა.
ეს უკვე სხვა რეალობაა, თუმცა მხარდაჭერისთვის აუცილებელია დასავლეთ საქართველოს თანადგომა. იმერეთშიც უნდა ნახოს დასაყრდენი თეიმურაზმა. გამოსავალიც იოლად მოიძებნა - დინასტიური ქორწინება. იმერეთის მეფე ალექსანდრემ თეიმურაზის დაქვრივებული ასული დარეჯანი შეირთო ცოლად.
აშკარაა, თეიმურაზი მასშტაბური შეტევისათვის ემზადება და ამას მოწმობს მისი დიპლომატიური სვლები დასავლეთ ევროპასა და ოსმალეთთან. საჭიროა, შეიქმნას ანტიირანული კოალიცია და სწორედ აქ ჩნდება სომეხი პატრიარქი მოვსეს კათალიკოსი სომეხთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს შექმნის იდეით, რომელსაც სომეხთა კათალიკოსი თეიმურაზს სთავაზობს.
ამბავი მოვსეს კათალიკოსის სომხეთის აღორძინების იდეისა
ეს კარმელიტების ორდენის წევრის - სომეხი უნითორის 1630 წლის 5 ოქტომბრის წერილიდან ირკვევა, რომელიც დაცულია ვატიკანის არქივში. ამ დოკუმენტში ვეცნობით აღმოსავლეთიდან მიღებულ ინფორმაციებს, რომლებიც ადასტურებს ამ დროს ირან-ოსმალეთის სამხედრო დაპირისპირებას.
აი, ფრაგმენტი ამ დოკუმენტიდან: "სპარსეთიდან მიღებულია ახალი ცნობა, რომ ვეზირს გარნიზონი ჩაუყენებია ჰამადანსა და მის მიმდებარე პროვინციებში, შემდეგ იგი შესევია ბაღდათს. თეიმურაზ ხანი მზადაა, 20 ათასი ჯარით დაეპატრონოს საქართველოსა და მის გარშემო მდებარე სხვა ქვეყნებს. სომხეთის უსაყვარლესი პატრიარქი მოისე კატაგიოსი მოელაპარაკა თეიმურაზს, რათა იგი საქართველოსა და სომხეთის მეფედ კურთხეულიყო და რომ სომეხი წარჩინებულნი სურვილს გამოსთქვამენ, დაემორჩილონ აღნიშნულ თეიმურაზ მეფეს, იმედი აქვთ, რომ სომხეთის ახალი სამეფო საქადაგებლად პატრ კარმელიტებს შეხვდება."
დოკუმენტებში მოხსენიებული მოისე კატაგიოსი სომეხთა კათალიკოსი მოვსესია, სრულიად სომეხთა კათალიკოსი, რომელიც ეჩმიაძინის ტახტს 1629-32 წლებში იკავებს. ის სომხეთსა და საქართველოს ერთიან სახელმწიფოებრივ სტრუქტურად მოიაზრებს. ამ იდეის განხორციელებისთვის კი საჭიროა ირანის მარწუხებისგან თავის დახსნა.
და ამისთვის მას მეჩვიდმეტე საუკუნის 30-იანი წლები ხელსაყრელ მომენტად მიუჩნევია. ეს არ არის გასაკვირი, რამდენადაც მეთერთმეტე ს-ის 40-იანი წლების შემდგომ სომხეთმა დაკარგა სახელმწიფოებრიობა. ბუნებრივია, დიდ სომხეთზე მეოცნებე ერი ამას ნაკლებად ეგუება, ჰოდა, ყველა შანსს, ყველა პოლიტიკურ რეალობას იყენებს იმისათვის, რომ საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილოს.
ამბავი "შვიდის საქართველოს" უჩვეულო ერთობისა
ახლაც შესაბამისი დროა - ხონთქარი და ყაენი ერთმანეთს შერკინებია, ოსმალეთი ირანის მთავარი მეტოქეა და, ტრადიციულად, ეს დაპირისპირება უშეღავათობით გამოირჩევა. ოსმანთა აგრესია, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს სეფიანთა სახელმწიფოს შიდა პოლიტიკური კატაკლიზმების დაჩქარებასა და რყევას. ეს ხელსაყრელი დროა თეიმურაზისთვისაც, რათა ყარაბაღზე ილაშქროს და ირანს პრობლემები შეუქმნას.
და იწყება ლაშქრობა, ფეოდალური საზოგადოებისთვის საკმაოდ უჩვეულო ორგანიზებით რომ გამოირჩევა. საცნაური კი ის არის, რომ ყარაბაღზე ლაშქრობისათვის სრულიად საქართველო შეკრებილა. აქ "შვიდის საქართველოს" ლაშქარია თავმოყრილი. აი, რას წერს ფარსადან გორგიჯანიძე: "ბატონმან თეიმურაზმან ყარაბაღის დარბევა მოინდომა, ლევან დადიანი ოდიშის ლაშქრით, მეფე ალექსანდრე იმერეთის ლაშქრით, მესხთ თავადნი და აზნაურნი, ქართველნი და კახნი სრულ შეიყარნეს და განჯა-ყარაბაღი არეზამდისინ დაარბივეს და ააოხრეს."
მოგვიანებით ყარაბაღში მათ უერთდებიან განძასარის სომეხთა კათალიკოსი თავისი ჯარით და განჯის ბეგლარბეგი დაუდ ხანი-უნდილაძე.
საკმაოდ უჩვეულო სურათია, ფეოდალიზმის ხანა იშვიათად ცნობს ასეთ ერთსულოვნებას. ქართველების ერთად დგომა, მათთან ერთად განძასარის სომეხთა კათალიკოსი და განჯის ბეგლარბეგის ყოფნა მიანიშნებს საერთო მასშტაბური ანტიირანული აჯანყების ფაქტს.
აჯანყებულთა მიზანი ირანის გავლენისაგან თავდახსნაა. ეს არ არის სპონტანურად შეკრებილი ლაშქარი. საერთო მიზანი რომ ყველას გაცნობიერებული აქვს, აშკარაა. ამ ფონზე ლოგიკურად მოჩანს ისიც, რომ სანამ ყარაბაღზე ლაშქრობას დაიწყებენ, ისინი უპირისპირდებიან მომთაბარე ყიზილბაშურ ძალებს, რომელნიც ირანის ხელისუფლების მთავარი დასაყრდენია. ფარსადან გორგიჯანიძე გადმოგვცემს, რომ "უწინ ყაჯრის თავნი კაცნი დახოცონ და მას უკან სხვათ ხელი მიჰყონ. უწინ შვიდას ყაჯარს თავი მოჰკვეთეს."
როგორ ცდილობდა განძასარის კათალიკოსი ქართველთა ერთობის გამოყენებას
მართალია, აჯანყებულთა მიზანი ერთია, თუმცა ამ საერთო მიზნის უკან ყველას საკუთარი გეგმები და გათვლები აქვს, მათ შორის განძასარის სომეხთა კათალიკოსს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ყარაბაღში ეახლა თეიმურაზს. ეს სულ სხვა კათალიკოსია, რომლის სახელსაც ფარსადან გორგიჯანიძე არ აკონკრეტებს, სამაგიეროდ, დაწვრილებით გადმოგვცემს ირანის დაპყრობის იმ კონკრეტულ გეგმას, თეიმურაზს რომ სთავაზობს:
"ხონთქარი და ყაენი აშლით არიან, დრო ამის უკეთესი აღარ იქნების. შვიდის საქართველოს ლაშქარნი თან გახლავს, ორმოცს ათასს მეთოფეს მე მოგისხამ, ამავე ფეხსზედ თავრიზს მიბძანდი და შვიდს დღეს თავრიზი დაარბევინეთ და შვიდის წლის ჯამაგირში ლაშქართ უანგარიშეთ და სიდამდისინ ყაენი ლაშქარს შეყრიდეს, ადირბეჟანის ბატონები გამოსცვალეთ, ყველგან თქვენი ყმანი დასხით და მე ხონთქართან გამგზავნეთ, იმისაგან ლაშქარს მოგაშველებთ."
განძასარის კათალიკოსი იმ ვარიანტსაც განიხილავს, თუკი შაჰ სეფი მოძლიერდება და ქართველებს შეუტევს. ამ შემთხვევაში, მისი გათვლით, ქართველებს ალტერნატივა არ რჩებათ - მათ თავდადებით უნდა იომონ, რადგანაც უკან გასაქცევი გზა დიდია და გაქცევის შემთხვევაში ირანელები მათ სრულად ამოხოცავენ.
ირანის დაპყრობის იდეა, კაცმა რომ თქვას, კარგია, მაგრამ იმდენად სარისკო, რომ აშკარაა, მისი პრაქტიკული განხორციელება ისედაც ახლად მოსულიერებულ საქართველიოს სამეფო-სამთავროებს საბოლოოდ გამოუყვანს წირვას.
სრულიად ბუნებრივია, ამ პოლიტიკურ გარიგებაზე არ მიდის თეიმურაზი. ის მკაფიოდ მიანიშნებს, რომ მისთვის მთავარია გავლენის მოპოვება ყარაბაღსა და შირვანზე. საპასუხოდ სომეხ კათალიკოსს უთქვამს - "ძროხა-ცხვრისათვის დადიანი და იმერელი მეფე არ წამოგესხა, ქართლსა და კახეთშიც იშოვნიდი."
ეს აგონიაში ჩავარდნილი კათალიკოსის ირონიაა, ირონია, რამაც სომეხი მღვდელმსახურის განწყობა უნდა გადაფაროს.
საცნაური კი ისაა, რომ ქართველ მემატიანეთაგან ამ თემას არავინ ეხება - არც ბერი ეგნატაშვილი, არც ვახუშტი და არც არჩილ მეფე. გამონაკლისია ფარსადან გორგიჯანიძე, რომელიც აშკარად გამოხატული პროსომხური და პროირანული ტენდენციით გამოირჩევა და სპეციალისტთა ნაწილი მას სომეხ ისტორიკოსად მიიჩნევს.
რატომ ვერ ამუშავდა ქართველთა თვითგანადგურების სომხური სქემა
სწორედ ფარსადან გორგიჯანიძის დაინტერესება ბადებს კითხვებს - ხომ არ იყო განძასარის კათალიკოსის იდეა შაჰ სეფისთან შეთანხმებული? ქართულ-სომხურ სახელმწიფოში ქართველთა პირველობის აღიარებაც საეჭვო ხომ არაა სომხური ეთნოფსიქოლოგიიდან გამომდინარე? სომეხს სხვისი პირველობის შეგუება ნამეტანი უჭირს, არადა, აქ ის საკმაოდ მოკრძალებულ პოზიციაზეა ყაბულს.
ამ კითხვებს რომ პასუხი გავცეთ, უნდა გავიაზროთ - ეს ის დროა, შაჰ სეფის მრისხანება შინაგანად რომ ხრავს ირანს. ასეთ ვითარებაში საგარეო არენაზე წარმატების მხოლოდ ერთი შანსი რჩება - ჩვეული ინტრიგები, რომელსაც მისთვის სასურველი ინკოგნიტო პერსონები - ხშირ შემთხვევაში სწორედ სომხური ეკლესიის წარმომადგენელნი ახორციელებენ. დიდი ალბათობით, ახლაც ეს სცენარი თამაშდება.
ვერ მოახერხეს სომხებმა დიდ ავანტიურაში თეიმურაზის ჩათრევა. გავა ერთი საუკუნე და კიდევ რამდენჯერმე გათამაშდება ზუსტად ანალოგიური ავანტიურა სომეხთა მხრიდან - ისინი ცდილობენ, ქართველებს ხან კონსტანტინოპოლის, ხანაც ისევ თავრიზისა და ისპაჰანის აღების იდეა მოახვიონ თავს.
საცნაური კი ისაა, რომ სომეხთა მსგავსი იდეები თუ ჩვენი ერის მიმართ შეგონება-ჭკუის დარიგებანი, რომელიც სხვა არა იყო რა, თუ არა ქართველთა თვითგანადგურების სქემა, არც ერთხელ არ განუხილავთ იდეის დონეზეც კი ქართლ-კახეთის სამეფო კარზე.