რატომ აღმოჩნდა ეგვიპტის ფარაონის მუმია მისი თავდაპირველი განსასვენებლიდან შორს
მამუკა ნაცვალაძე
21.08.2017

ისტორიას სასწაულმოქმედი ფარაონის სახელით შემორჩა, მას უწოდებდნენ მეფე მზეს (ამ სახელს 30 საუკუნის შემდეგ საფრანგეთის მეფე ლუი მეთოთხმეტესაც შეარქმევენ), მეფეთმეფეს. იმ პერიოდისათვის უჩვეულოდ დიდხანს იცოცხლა - 92 წელი, აქედან 63 წელი ეგვიპტეს მართავდა. არის ვერსია, რომ ჰყავდა ასამდე ოფიციალური, 50 ზე მეტი არაოფიციალური შვილი, ათეულობით ცოლი, მისი მოწონებული მხევლების რაოდენობა ხომ უთვალავი იყო.

ეს ბედის ნებიერი მეცხრამეტე დინასტიის ფარაონი რამსეს მეორეა, მთელი ეგვიპტის ისტორიაში გამორჩეული ფარაონი, რომელიც ქრისტეშობამდე მეცამეტე საუკუნეში მართავდა ქვეყანას. მის სახელთანაა დაკავშირებული ეგვიპტის ბოლო გაბრწყინება - ოქროს ხანა, რომლის შემდგომ ამ ქვეყნის ისტორიაში დიდი დაღმართი იწყება.

 

რატომ მიაჩნდათ რამსესის გარდაცვალება ეგვიპტელებს სამყაროს დასასრულად

ქრისტეშობამდე 1213 წელს ეგვიპტეს უდიდესი უბედურება დაატყდა - ნილოსის პირველი ადიდების მეთვრამეტე დღეს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა რამსეს მეორე. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტელებისათვის სიკვდილის ცნება არ არსებობს და მათთვის გარდაცვალება ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს, ფარაონების მიმართ ოდნავ განსხვავებული დამოკიდებულებაა - მათი გარდაცვალება ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისია, შესაბამისად, 63 წლის განმავლობაში ეგვიპტის ფარაონის ტახტზე მყოფი რამსესის გარდაცვალება მათთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა და სამყაროს დასასრულის ტოლფასია, რამდენადაც მმართველობის 63 წელი სამ თაობას მაინც მოიცავს და რამსესიც მათთვის, ამ სამი თაობისათვის, სიცოცხლეშივე ხდება ერთგვარი მარადიულობის სიმბოლო.

 გარდაცვლილი რამსესის ცხედარს მუმიფიცირებისათვის საჭირო იმ დროისათვის მიღებული ყველა პროცედურა ჩაუტარდა, შეამკეს მუმია სათანადო ამულეტებით. ეგვიპტელთა წარმოდგენით, მიცვალებულთა ღმერთი ანუბისი იცავდა მუმიას ლპობისგან და ის წყვეტდა, რამდენად ღირსი იყო ადამიანი იმქვეყნიური ცხოვრებისა. რამსეს მეორის მუმია ქვეყნის რელიგიურ დედაქალაქ თებეში დაკრძალეს, მეფეთა ველის ცენტრში.

მეცხრამეტე საუკუნიდან ევროპელი მეცნიერები იკვლევდნენ მის აკლდამას. სწორედ აქედან იწყება რამსეს მეორის სიკვდილისშემდგომი თავგადასავლები.

 

როგორ გაახსენა ნაპოლეონის სამხედრო ექსპედიციამ ევროპას რამსეს მეორე

ახალი სამეფოს ფარაონებს, უკვე დიდი ხანია, დამკვიდრებული ჰქონდათ ტრადიცია, რომ ისინი სწორედ აქ დაეკრძალათ - მეფეთა ველზე, მაგრამ არა პირამიდებში, როგორც მათი წინაპრების შემთხვევაში ხდებოდა, არამედ აკლდამებში, რომელთაც მთის გამოთხრის შედეგად აშენებდნენ.

საგულისხმოა, რომ რომაულ ეპოქაში რამსესის განსასვენებელი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილა, აქ თავისუფლად შესვლა შეიძლებოდა. სწორედ ამის დასტურია აკლდამის კედლებზე დატოვებული რომაელთა ავტოგრაფები. რომაული ეპოქის შემდეგ ეს ადგილი დიდი ხნით დაივიწყეს. ამის მიზეზი იყო ის, რომ ხანგრძლივმა წვიმებმა ქვიშით ამოავსო აკლდამა და მასში შეღწევა შეუძლებელი გახდა.

რამსეს მეორის აკლდამა ევროპას გაახსენდა მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, ნაპოლეონ ბონაპარტის ეგვიპტური სამხედრო ოპერაციების შემდგომ. ნაპოლეონის სამხედრო ექსპედიციის მიზანი იყო ოტომანთა ეგვიპტის გათავისუფლება მამლუქების ბატონობისგან, რათა განემტკიცებინა რევოლუციური საფრანგეთის გავლენა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით. ეს ბრიტანეთის მონარქიასთან დაპირისპირების ერთ-ერთი არენა იყო, იმ ბრიტანეთისა, სადაც არსებული კონსერვატიული და მონარქიული განწყობა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა საფრანგეთის რევოლუციას.

ვერ გამოდგა ნაპოლეონის სამხედრო ოდისეა ეგვიპტეში წარმატებული, თუმცა, სამაგიეროდ, ნაპოლეონის თანმხლებმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ეგვიპტის ფარაონთა ცივილიზაცია, რამაც თვისებრივად შეცვალა იმ პერიოდიდან წარმოდგენები ძველ სამყაროზე.

1809 წელს ნაპოლეონის ბრძანებით გამოიცა წიგნი "ეგვიპტის აღწერილობა", რომელმაც ევროპაში ახალ მოდურ გატაცებას - ეგვიპტომანიას დაუდო სათავე. სწორედ ამ პერიოდიდან ინტერესდებიან ეგვიპტით სხვადასხვა ჯურის მეცნიერები, ავანტიურისტები, ფინანსისტები, კოლექციონერები, მონარქები, რომელთაც უნიკალური არტეფაქტების ხელში ჩაგდების სურვილით მრავლად მოაშურეს ფარაონთა ქვეყანას.

 

რატომ ვერ შეაღწიეს სოლტმა და შამპოლიონმა რამსეს მეორის სარკოფაგში

აქედან იწყება ფრანგ და ბრიტანელ არქეოლოგთა და მეცნიერთა შუღლი. სწორედ ასეთი პოლიტიკური რეალობა იყო 1817 წელს, როცა რამსეს მეორის განსასვენებელს პირველი ეწვია დიდი ბრიტანეთის კონსული ჰენრი სოლტი. მისი მიზანი, ბუნებრივია, რამსეს მეორის საფლავის ძიებისას უნიკალური საგანძურის ხელში ჩაგდება იყო.

ჰენრი სოლტმა დაწყებული საქმე ვერ მიიყვანა ბოლომდე. ამას შამპოლიონისა და იტალიელი იპოლიტო როზალინის ექსპედიცია მოჰყვა 1828-29 წლებში. ვერც მათ მოახერხეს რამსესის აკლდამაში შეღწევა.

15 წლის შემდგომ, 1844 წელს, პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ მეოთხის თხოვნით, ეგვიპტოლოგი კარლ-რიჰარდ ლეფსიუსი ეგვიპტეში ჩადის. ლეფსიუსი ერთ-ერთი პირველი ევროპელია, რომელიც განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს ეგვიპტური არტეფაქტების დაცვის თვალსაზრისით. ის რამსეს მეორის აკლდამის გათხრას იწყებს. საკმაოდ რთული გამოდგა სამუშაოები - მათი მოცულობა დიდია, გრუნტი კი არ არის სანდო. ასეთ სიტუაციაში ლეფსიუსი შეუპოვარ სიჯიუტეს იჩენს და არ ეშვება საქმეს - მთავარი მიზანი რამსესის ოქროს ოთახის პოვნაა, სადაც, გარდა ფარაონის მუმიისა, უძვირფასესი არტეფაქტები - უნიკალური საგანძური ეგულება.

ლეფსიუსმა შეძლო ოქროს ოთახის პოვნა, სადაც რამსესის მუმია უნდა ყოფილიყო დასვენებული, მაგრამ არც მუმია და არც განძი იქ არ აღმოჩნდა. სარკოფაგში არეულობა იმის მანიშნებელი იყო, რომ რამსესის აკლდამა გაეძარცვათ.

ოქროს მაძიებელთ იმედი გაუცრუვდათ, თუმცა ლეფსიუსის საქმიანობას მაინც არ ჩაუვლია უკვალოდ - მან რამსესის აკლდამის დეტალური გეგმა დაგვიტოვა.

 

როგორ მიაგნო მასპერომ რამსეს მეორის მუმიის კვალს

ფარაონის აკლდამის გახსნამ ახალი თავსატეხი გაუჩინა იმ პერიოდის მსოფლიოს - რა იქნა რამსეს მეორის მუმია? 40 წლის განმავლობაში ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობდა.

1881 წელს პროფესორი გასტონ მასპერო ეგვიპტის სიძველეების სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. სწორედ მასპეროს იდეა იყო, გაერკვია, რა გზით აღწევდა კაიროში ეგვიპტის ფარაონთა უნიკალური არტეფაქტები. ის თავის თანაშემწე ემილ ბრუქშს ავალებს ამ საკითხის გარკვევას და გამოძიებას. საგამოძიებო მოქმედებანი შეთანხმებულია ადგილობრივ ხელისუფლებასთან. სწორედ ეს გამოძიება მიიყვანს მასპეროს რამსეს მეორის მუმიის კვალთან.

ლუქსორი, ძველი თებე, განსაკუთრებულად მოდური ხდება მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლების ტურისტული მარშრუტებისას. ლუქსორის ბაზარი ანდამატივით იზიდავს ყველას. აქ მარტო ხილსა და ბოსტნეულს არ ყიდიან, მყიდველები ვაჭრებთან მოლაპარაკებას განცალკევებულად ამჯობინებენ. სწორედ ამ კვალს გაჰყვა კამალი, მასპეროსა და ბრუქშის საიდუმლო აგენტი. მისი ამოცანა იყო, დაედგინა, სად ინახებოდა ეს არტეფაქტები და ვისი ხელმძღვანელობით ხდებოდა უნიკალური სიძველეებით ვაჭრობის ორგანიზება.

სწორედ ასე გავიდნენ მასპერო და ადგილობრივი სამართალდამცავები ახმედ აბდელ რასულის კვალზე. ის დააპატიმრეს, თუმცა ვერ გამოტეხეს. შემდეგ დროებით გამოუშვეს ციხიდან.

ახმედი თებეს მთის წვერზე მდებარე სოფელ გურნაში დაბრუნდა. იმისათვის, რომ კვალს არ გამოჰყოლოდნენ, საჭირო იყო, აღარაფერი გაეყიდათ. შეუთანხმდა კიდეც ახმედი ძმას - მუჰამედს, თუმცა მასში შიშის ფაქტორმა იძალა, რასაც დაემატა ისიც, რომ ძმებს, ფაქტობრივად, არსებობის სხვა საშუალება არ გააჩნდათ. მუჰამედმა გადაწყვიტა, ეღიარებინა ყველაფერი და ამ მიზნით ეწვია კიდეც მასპეროს.

 

ამბავი რამსეს მეორის მუმიის იდენტიფიცირებისა

სწორედ მუჰამედი მოუყვა ფრანგ პროფესორს 10 წლის წინანდელ ამბავს. გაირკვა, რომ ძმები აჰმედი და მუჰამედი 1871 წელს, ერთ ჩვეულებრივ დღეს, ცხვრებს მწყემსავდნენ. ერთი თხა შორს გაქცეულა და მაღლა, დეილ ელ ბაჰრის მთაზე ასულა. ეს მთა მეფეთა ველს გამოჰყურებს. გაჰყოლიან ძმები თხის კვალს და უნიკალური სამალავისთვის მიუკვლევიათ, სადაც უამრავი არტეფაქტი უნახავთ.

სწორედ ამ აღიარებით მიაგნეს ბრუქშიმ და კამალიმ დეილ ელ ბაჰრის სამალავს. ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო ის, რომ, უნიკალურ არტეფაქტებთან ერთად, აქ ხის სარკოფაგებში ჩასვენებული 40 მუმია ინახებოდა.

ერთი წლის თავზე მასპერო თავად ეწვევა სამალავს და ყველა არტეფაქტს უკლებლივ, მათ შორის ხის 40 სარკოფაგს, სადაც სამეფო წარმოშობის მუმიები ინახებოდა, კაიროში გადაიტანს. ამ სარკოფაგებიდან ერთ-ერთზე იყო მითითებული, რომ განსასვენებელი ეკუთვნოდა რამსეს მეორეს. ბუნებრივია, უნდა დაზუსტებულიყო - იყო თუ არა რამსეს მეორის სახელის მქონე მუმია ნამდვილად რამსესი.

ხუთი წლის შემდგომ გახსნეს სარკოფაგი, შემოაცალეს საბურველი, რომლის შიგნით იყო კარტუში, სადაც ადვილად იკითხებოდა რამსეს მეორის სახელი. საცნაურია, რომ რამსეს მეორისათვის საბურველის შეხსნას უემოციოდ არ ჩაუვლია. ალბათ ამის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ მუმია მაგიდიდან გადმოუვარდათ.

 

როგორ აღმოჩნდა რამსეს მეორის მუმია ელ ბაჰრის მთაზე

1871 წელს ძმების მიერ მიგნებულმა სამალავმა ახალი კითხვა გააჩინა - როდის და რა მიზეზით ამოიღეს ახალი სამეფოს 40 მუმია თავდაპირველი განსასვენებლიდან? როგორ აღმოჩნდნენ ისინი მთის წვერზე, რომელსაც დღეს ელ ბაჰრის სამალავს უწოდებენ?

აყველაფერს ნათელი მოჰფინა ხის სარკოფაგების შესწავლამ. სწორედ რამსეს მეორის სარკოფაგზე არსებული წარწერის გაშიფვრამ გახადა შესაძლებელი იმის ახსნა, თუ რატომ აღმოჩნდა რამსეს მეორის მუმია თავდაპირველი განსასვენებლიდან საკმაოდ შორს.

ეს წარწერები თავიანთი შინაარსით ძალიან წააგავს დღევანდელ ბიუროკრატიულ ოქმს, რომელიც რაიმე მოვლენას პედანტურად ასახავს.

რამსეს მეორის გარდაცვალებიდან ორი საუკუნის შემდგომ ეგვიპტეში ვითარება საკმაოდ გართულებულა. პოლიტიკურმა პროცესებმა და ხელისუფლების ცვლამ ვერაფერი უშველა ქვეყანას. ხალხს საარსებო საშუალება არ ჰქონდა და ფარაონთა განსასვენებლის შებილწვასაც არ ერიდებოდა. ასე იქცა საფლავების გაძარცვა ჩვეულებრივ მოვლენად.

სიტუაცია უფრო მძიმდებოდა, ამიტომაც ქრისტეშობამდე 979-760 წელს თებეს ქურუმ პინეჯემ პირველს გადაუწყვეტია, წერტილი დაესვა ფარაონთა განსასვენებლის შებილწვისა და მუდმივი ძარცვისთვის, სარკოფაგები და ნივთები საიმედო და ყველასთვის უცნობ ადგილას დაუმალავს. სამი დღის განმავლობაში გადაჰქონდათ თურმე უძვირფასესი ნივთები.

მასპეროს მიერ რამსეს მეორის ხის სარკოფაგზე არსებული ჩანაწერები, ფაქტობრივად, სრულად აღწერს გადასვენებასთან დაკავშირებულ ამბებს. სწორედ ამ სამი ჩანაწერით ვიგებთ, რომ რამსესის სარკოფაგი ჯერ სეთი პირველის განსასვენებელში გადაუტანიათ, აქედან - უცნობი დედოფლის განსასვენებელში, საიდანაც ბოლოს რამსესი ელ ბაჰრის სამალავში აღმოჩენილა.

კაიროს მუზეუმში დაიდო საბოლოოდ ბინა რამსეს მეორის მუმიამ. საცნაური კი ისაა, რომ აქ არ მთავრდება მისი უცნაური ოდისეა - გავა რამდენიმე ათეული წელი და ეგვიპტის დღეგრძელი ფარაონი პარიზს ეწვევა ერთობ უჩვეულო ამპლუითა და საფრანგეთის რესპუბლიკის პასპორტით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×