მარიამ ელიაშვილი
21.08.2017

ახლახან ნასა-ს კოსმოსურმა ტელესკოპმა ჰაბლმა მზის სისტემის გარეთ მდებარე პლანეტის გარშემო წყლის მოლეკულები დააფიქსირა. ამ აღმოჩენის მნიშვნელობა განუზომელია, იგი გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ სტრატოსფერო სხვა ეგზოპლანეტებსაც შეიძლება ჰქონდეთ.

ჰაბლის ამ დაკვირვებამ გავარვარებული იუპიტერის - გაზის გიგანტთა საიდუმლოებებით მოცული კლასის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა. ეს ჯგუფი აქამდე არ აღმოჩენილა ჩვენს სამეზობლოში, თუმცა მათი არსებობა მთელ გალაქტიკაშია დადასტურებული. მათ, მზის სისტემის იუპიტერისგან განსხვავებით, მაღალი ტემპერატურა ახასიათებთ, რის გამოც ეგზოპლანეტათა ეს ჯგუფი სიცოცხლისთვის არახელსაყრელია. მიუხედავად ამისა, ეგზოპლანეტაზე წყლის არსებობის გამო იქ მიმდინარე ქიმიური პროცესები მზის სისტემის პლანეტებზე მიმდინარე რეაქციებს შეგვიძლია შევადაროთ, რაც ბევრ ცნობას მოგვაწვდის მათ შესახებ და ერთი შეხედვით უცნობი პლანეტები არც ისე უცხონი აღმოჩნდებიან.

 ჰაბლმა წყალი პლანეტა "ვასპ 121-ბი"-ს ატმოსფეროში დააფიქსირა. როგორც ჩანს, პლანეტის ყველაზე ცხელ უბანში მოხვედრისას (დაახლოებით 2500 გრადუსზე) მოლეკულები ენერგიას კარგავდნენ და ინფრაწითელ გამოსხივებას გამოყოფდნენ. ეს პლანეტა ზომით - ორჯერ, მასით კი 1,2-ჯერ აღემატება იუპიტერს. თუ ეს უკანასკნელი მზის გარშემო ერთ ბრუნს 12 წელიწადს ანდომებს, "ვასპ 121-ბი"-ს თავისი დედავარსკვლავის ირგვლივ სრული ბრუნის შესასრულებლად მხოლოდ 1,3 დღე სჭირდება.

გარდა იმისა, რომ ამ პლანეტაზე მაღალი ტემპერატურაა, დედავარსკვლავის ირგვლივ ასეთი სიახლოვეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ "ვასპ 121-ბი"-ზე ცოცხალი ორგანიზმის არსებობის შესაძლებლობა არ არსებობს.

მიუხედავად ამისა, 900 სინათლის წლით დაშორებული წყლის კვლევა მეცნიერთათავის მაინც საინტერესოა, თუმცა ეს ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ მერილენდის უნივერსიტეტის ასტრონომმა დრეიკ დემინგმა ისაუბრა.

"შორეულ ეგზოპლანეტებს ისეთივე სიზუსტით ვერ ვიკვლევთ, როგორც ჩვენი მზის სისტემის პლანეტებს და იძულებულნი ვართ, შემცვლელი აპარატურა გამოვიყენოთ. "ვასპ 121-ბი"-ზე არსებულ ტემპერატურას წყლის ორთქლის აალებაც შეუძლია", - ამბობს დემინგი.

მკვლევართათვის ჯერ კიდევ უცნობია, რომელი ქიმიური ელემენტების მიერ სინათლის შთანთქმა განაპირობებს ასეთ მაღალ ტემპერატურას. მეცნიერთა ერთი ჯგუფი ამას პლანეტაზე ვანადიუმისა და ტიტანის ოქსიდების არსებობას მიაწერს. სწორედ ამის გარკვევაა ასტრონომების შემდეგი ამოცანა, რაც იმ ტიპის პლანეტათა შესახებაც მოგვაწვდის გარკვეულ ინფორმაციას, რომლებზეც სიცოცხლის არსებობა სავარაუდოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×