ქართველი ჰომეროსი, ქართველი მოპასანი, ქარველი ემილ ზოლა, ხევის ბეთხოვენი - ასე უწოდებდნენ ქართველი მწერლები და ლიტერატორები ალექსანდრე ყაზბეგს. რა თქმა უნდა, ამ ბუმბერაზი მწერლის შემოქმედება ერთ სტატიაში რომ ვერ ჩაეტევა, ფაქტია, ამიტომ რამდენიმე მოგონება, გვინდა, შევთავაზოთ მკითხველს დღევანდელ სტატიაში.
"ხევისბერი გოჩას", "მამის მკვლელის", "ელგუჯას", "ელისოს" და სხვა დიდებული ნაწარმოებების შემქმნელ ალექსანდრე ყაზბეგს, როგორც მისი თანამედროვენი წერდნენ, შნოიანი ლაპარაკი არ სცოდნია, სიტყვის წარმოთქმაც არ ეხერხებოდა. ერთხელ ექიმ გიგო გაბაშვილის ოჯახში სუფრაა გაშლილი. ალექსანდრე ყაზბეგმა სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ ისეთნაირად, რომ მისი შემოქმედების მოტრფიალემ და უახლოესმა მეგობარმა, ექიმმა გიგო გაბაშვილმა თავი ვერ შეიკავა და უთხრა: "სანდრო, თუ გიყვარდე, შენებურად ჩუმად წერე და ხმამაღლა ლაპარაკს თავი დაანებე!"
ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოებთა ბევრი სიუჟეტი მისი რეალური ცხოვრებიდან იყო აღებული, ასეთი კი ყაზბეგის შემოქმედებაში ბევრია, მათ შორის რომანი "ცხოვრების ჩარხი", რომელიც ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.
1869-1870 წლებში ალექსანდრე ყაზბეგი ცხოვრობდა რუსეთში, სოფელ ჩერმენელოეში ჭავჭავაძეების ოჯახში, რომლის ერთ-ერთ ვაჟს ცოლად ჰყავდა მასალსკის მაზრიდან თავად ნიკოლოზ შატიხინის ქალიშვილი. სწორედ ჭავჭავაძეებთან გაიცნო ალექსანდრე ყაზბეგმა ნინა ჩერნიშოვა-კლრუგლოვა, რომელიც იყო გრაფ ჩერნიშოვის ერთადერთი ქალიშვილი. ერთ დღესაც მამას ქალიშვილი ჭავჭავაძეებთან მიუყვანია სტუმრად, ალექსანდრეს და ნინას მაშინვე მოსწონებიათ ერთმანეთი. შემდეგ ნინას თავად დაუპატიჟებია ახალგაზრდა მწერალი საკუთარ მამულში. ნაცნობობა მეგობრობაში, მეგობრობა კი დიდ სიყვარულში გადაიზარდა.
პირველად ყაზბეგი ნინას სიყვარულში მაშინ გამოუტყდა, როცა მის მიერ ფორტეპიანოზე სონეტის შესრულებით მოიხიბლა. როგორც კი ნინამ დაასრულა დაკვრა, ალექსანდრე ხელზე ეამბორა და სიყვარულში გამოუტყდა: "ნინა, მიყვარხარ, ნუთუ არ გრძნობ ამ ამბავს?"
საქმე იქამდე მივიდა, რომ მალე ქორწილიც დაინიშნა, მაგრამ მოხდა ერთი ამბავი. ალექსანდრე ყაზბეგს ნინას ოჯახში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე უსიამოვნება მოუვიდა ნინას მამის მეგობარ რუს გენერალთან, რომელიც ოდესღაც ამიერკავკასიაში მსახურობდა და ძალიან აუგად მოიხსენია როგორც საქართველო, ისე ქართველი ხალხი.
ალექსანდრე ყაზბეგმა ვერ მოითმინა გენერლის შოვინისტური აზრები და ცხარე კამათი გაიმართა. შემდეგ კი წვეულება დატოვა და აღარც გამოჩენილა ჩერნიშოვების ოჯახში, თუმცა გენერლის დუელში გამოწვევა მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი.
ნინა და მამამისი თავად ეახლნენ ალექსანდრე ყაზბეგს, რომ ეპატიებინა გენერლისთვის და ქორწილი არ ჩაეშალა, მაგრამ ამაყი ქართველი მწერალი არ დათანხმდა საცოლისა და სასიმამროს თხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ გენერალმა წერილობით მოუხადა ბოდიში, ალექსანდრე ყაზბეგმა მისი ქვეყნის შეურაცხყოფა ვერ აპატია ვერც რუს გენერალს და ვერც ჩერნიშოვების ოჯახს. ასეთი დასასრული ჰქონდა ამ სიყვარულს, არც ქორწილი შედგა და არც შემდეგ უფიქრია ქორწინებაზე ვინმე სხვასთან.
სამშობლოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, ცხვარში წასულიყო.
"გადავწყვიტე, მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნება, სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსებს განუშორებლად თან სდევს. მე, როგორც მთის კაცს, მყვანდა რამდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე, მივუმატე ჩემს ფარას. ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქმენი მეცხვარედ", - წერდა ყაზბეგი თავის "ნამწყემსარის მოგონებებში."
მწყემსობის შემდეგ ყაზბეგი თბილისში დასახლდა. საკუთარი სახლი არ ჰქონდა. ხან სად ცხოვრობდა და ხან - სად. ამ დროს თეატრის დასს აკაკი წერეთელი ხელმძღვანელობდა და სასოწარკვეთილი სანდრო, როგორც მას მწერლები ეძახდნენ, თეატრის სცენაზე აიყვანა.
ბევრი როლი დაისწავლა, მაგრამ კარგად მხოლოდ ერთ პიესაში ასრულებდა გენერლის როლს, თუმცა მისი ცეკვა მთიულური და ხანჯლური დაუვიწყარი იყო. შემდეგ აკაკიმ "დროებაში" გადაიყვანა, ბინაც რედაქციის შენობაში მიუჩინა.
მისი პირველი მოთხრობა - "ციცკა" "დროებაში" 1880 წელს გამოქვეყნდა. ამას მოჰყვა "ელგუჯა", "მამის მკვლელი", "ელისო", "ნამწყემსარის მოგონებანი", "ხევისბერი გოჩა" და სხვა მრავალი ნაწარმოები, სადაც რუსეთის იმპერიაში მოქცეული ხალხის ტრაგიკულ ბედზე მოურიდებლად წერდა, რაც არ მოსწონდა ცენზურას და ამიტომაც 1884 წელს წიგნად გამოცემული "ელგუჯას" მთელი ტირაჟი გაუნადგურა. "საკვირველის ბედზე ვარ გაჩენილი", - წერდა მწერალი საკუთარ თავზე.
მართლაც ფუფუნებაში გაზრდილს გროშ-კაპიც კი აღარ ებადა. ოჯახის ბოლო რელიკვია - საგვარეულო სახარება და დედის ქაირმანის შალი 15 მანეთად გაყიდა. ჰყავდა ერთი მაიმუნი, რომელიც ბათუმში იყიდა, სახელად ჟაკო. ძალიან უყვარდა. ისიც უჯერებდა პატრონს, მაგრამ ხანდახან "მაიმუნობდა", ფურცლებს დასწვდებოდა, აიტაცებდა და ნაკუწ-ნაკუწ აქცევდა. სანდრო არ უწყრებოდა და ხელახლა იწყებდა წერას.
გაზეთ "დროების" ბათუმის კორესპონდენტ ივანე მჭედლიშვილის მოგონება:
"რაც დრო გადიოდა, იმდენად შინაური კაცი ხდებოდა (ბათუმში) ჩემს ოჯახში სანდრო. ასე ვცხოვრობდით თითქმის სამი თვე. ერთ დღეს სადილის ჟამის დროს შევატყვე, მეტისმეტად მოწყენილია, თუმცა ჩვეულებრივი მწარე ღიმილი იმის ტუჩებს არ სცილდებოდა. ვკითხე:
- სანდრო, კიდევ რას მოღრუბლურხარ, შენს მთიულეთში ხომ არ დაფრინავ?
- ჰოო, - მითხრა და ისევ ჩაღუნა თავი.
- კაცო, ხმა ამოიღე, მოწყენით ვის რას უშველი, ღმერთმანი, ხანდახან სასაცილო ხარ, ისეთი უცნაური ხასიათი გაქვს-მეთქი!
- ჰო, სასაცილო ვართ, არა მარტო მე, ყველანი სასაცილონი ვართ, რომ ვეღარაფერს ვშველით! - ეს თქვა და მომაწოდა ერთი გაზეთი, რომელშიც უწმაწური სიტყვებით იხსენიებდნენ ქართველებს და ქართულ ენას.
მინდოდა, გამხიარულებულიყო და სიცილით ვუთხარი:
- მართალს წერენ, ახლა რა ფასი აქვს თუნდაც შენს სამშობლოს, თუნდაც შენს ენას, ან ეროვნებას...
- რა ფასი აქვს? - იკითხა აღელვებულმა და მომაცქერდა.
- ჰო, რა ფასი აქვს აბა ახლა? - გავუმეორე.
- იცი, რადა ღირს, ან რა ფასი აქვს? ფასი და ღირსებაც ორნაირი აქვს; თუ გაყიდვა გინდა, ფასი ოქრო და ვერცხლია, თუ ყიდვა გინდა - სისხლია. ან შენთვის რა საჭიროა, ამის ფასი და ღირებულება იცოდე? - მითხრა განაწყენებულმა და სუფრიდან წამოდგა.
ბევრი ხანი და ბოდიში დასჭირდა, სუფრაზე ისე დავსვი. ვუთხარი, ვიხუმრე, შენი გართობა მინდოდა-მეთქი.
მეორე დღეს მოინდომა, სადილზე ან მუსაიფის დროს ოჯახში ერთმანეთთან უცხო ენაზე ნურავინ ილაპარაკებსო. სიტყვაში შაურის გადახდა თვითონვე იკისრა. ერთხელ სადილად ერთი უცხო, მაგრამ ქართველი კაცი შემოგვესწრო. ეს კაცი უცხო ენაზე ელაპარაკებოდა ყველას, მაგრამ ამ ენის უცოდინრობის გამო სიტყვის დაბოლოებას ამახინჯებდა. სანდრო დიდხანს ჩუმად იყო, ბოლოს გამოაცხადა - გადაწყვეტილი გვაქვს, ჯარიმას ვახდევინებთ ყველას, ვინც სხვა ენაზე ილაპარაკებსო და სტუმარს ხუმრობით სთხოვა, ამნაირ გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა.
სტუმარს ეს ეუცხოვა, თითქოს ეწყინა. ამოიღო მანეთი, სანდროს მიაწოდა და უთხრა:
- იანგარიშეთ და ხურდა დამიბრუნეთ, რაც მერგება ჯარიმის გამორიცხვის შემდეგ.
სანდრომ მიუგო:
- არა, ბატონო, თქვენ ჯარიმა კი არა, დიდი ჯილდოც გერგებათ, ისე დაამახინჯეთ და ჯვარზე აცვით ის ენა, რომლის ლაპარაკისთვის ჩვენ ჯარიმას ვახდევინებთ, რომ არ ვიცი, რანაირად გითხრათ მადლობა.
ეს სიტყვები იმნაირი შხამიანი ენით და კილოთი იყო ნათქვამი, ყველა გავჩუმდით".