მარი ჩიტაია
22.08.2017

პატარძეულში ტყე უკანონოდ იჩეხება, ხევი ნაგავსაყრელის ფუნქციას ასრულებს, არ არის წყალი და არც საქმის გამკეთებელი ჩანს. ასე გრძელდება წლობით. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ამ ცნობილ სოფელში ხალხს ელემენტარული პირობებიც არ აქვს, რომ ღირსეულად იცხოვროს.

პრობლემა განსაკუთრებით მწვავედაა პატარძეულში, ყუშიტაანთ უბანში, რაზეც "რეზონანსი" ორიოდე წლის წინაც წერდა. მაშინ ზუსტად ამ პრობლემაზე გავამახვილეთ ყურადღება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მაშინ გამოგვიცხადა, რომ "საქმე ეტაპობრივად კეთდება". თუმცა, როგორც ჩანს, ეს პროცესი რეალურად დაუსრულებელია, სულ ახლახან, პატარძეულში სტუმრობისას, ჩვენ აბსოლუტურად იგივე სიტუაცია დაგვხვდა, რაც ორი წლის წინ იყო: ხევი ერთხელაც არ არის დასუფთავებული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებიდან გვეუბნებიან, თითქოს "ხევი იწმინდება", რეალობა საწინააღმდეგოა.

ტყე და ხევი ნადგურდება

 პატარძეულის მკვიდრი მაია სხირტლაძე უკვე ვერ ითვლის, რამდენჯერ მოიარა ოფიციალური სტრუქტურები, რათა სოფლის გასაჭირი მთავრობამდე მიეტანა. მისი მცდელობის მიუხედავად, საქმემ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია წინ, ტყე ისევ იჩეხება და არც ხევის დასუფთავებაზე ზრუნავს ვინმე. აღებული ვალდებულების მიუხედავად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ხევი არ დაუსუფთავებია.

არადა, რა ხდება რეალურად, სად მიდის უკანონოდ დაჭრილი ხე, ამაზე გამკითხავიც არავინ არის.

მაია სხირტლაძის ინფორმაციით, წყლის სათავე ნაგებობასთან დაიწყო ხეების მასობრივი ჭრა და გაიჩეხა მრავალწლიანი, ზოგიც საუკუნოვანი მუხები.

"სოფელ ხაშმისკენ არის გაყვანილი უკანონო გზა, სადაც მიედინება უკანონოდ მოჭრილი ხეები დღისა და ღამის განმავლობაში. ამის შესახებ კარგად იციან, მაგრამ არავინ რეაგირებს. გარემოს დაცვის ცხელ ხაზზეც დავრეკეთ და ვაცნობეთ არსებული ვითარების შესახებ. დაგვიკავშირდნენ, მაგრამ რეალურად ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, ისევ ის პრობლემაა.

ვაცნობე ასევე ხევის დაბინძურებასთან დაკავშირებით, რადგან არ არის ბუნკერი და მოსახლეობა ნაგავს ყრის ხევში, რითაც აბინძურებს გარემოს. გამგებელი ამბობს, რომ ბუნკერები პატარძეულში დაამონტაჟა. კი ბატონო, მაგრამ 1500 კომლი ცხოვრობს და ბუნკერები მოთავსდა მხოლოდ სოფლის დასაწყისში, მთავარ ტრასასთან და ეკლესიამდე, მოსახლეობის უმრავლესობა ამით რეალურად ვერ სარგებლობს. ჩვენს ტერიტორეიაზე ხევი არასდროს გაწმენდილა, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მოსახლეობაც ვერ აცნობიერებს, რა დანაშაულს სჩადის და არც სხვა ალტერნატივა აქვს. ყუშიტაანთ უბანში ხევი ნაგავსაყრელად არის ქცეული, არ დადის ნაგვის მანქანაც, რომ თავისი მოვალეობა შეასრულოს. 2 დღის წინ ჩაიარა ნაგვის მანქანამ და რომ გამოვიდა ნაგვის ტომრებით ხალხი, არც გააჩერა, ისე ჩაიქროლა. ვერ მივაღწიეთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი გამოეღო.

ერთადერთი, დაიგო ასფალტის საფარი შიოს ეკლესიიდან ზედა მიმართულებით, რისი მადლობელიც ვართ, მაგრამ ესეც ხარვეზებით გაკეთდა. გზის ორივე - მარჯვენა და მარცხენა მხარეს საკმაოდ განიერი ტერიტორია უასფალტოდ არის დარჩენილი. დაქრიან მანქანები და რამე შემაჩერებელი ნიშანი არ არის გზაზე, რაც ავტოავარიების რისკს შეამცირებს. მაინტერესებს, მაკონტროლებელი ორგანო თუ არსებობს, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხს შეამოწმებს. ბევრი კითხვა გვაქვს, პასუხი კი ვერ მივიღეთ", - ამბობს მაია სხირტლაძე.

ამასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის მიღებას "ბიზნეს-რეზონანსიც" შეეცადა. სამწუხაროდ, ტყესთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროსგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. რაც შეეხება ხევთან დაკავშირებულ პრობლემას, უწყების ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ეს არ არის სამინისტროს პრეროგატივა, თუმცა პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს "გონივრული ვადა" მიეცა.

საგარეჯოს გამგებელთან დაკავშირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი აღმოჩნდა. ერთადერთი იყო დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი, რომელმაც გვითხრა, რომ ხევი გაიწმინდა (მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სოფლის დასაწყისში მდებარე ხევია გაწმენდილი).

რაც უნდა პარადოქსი იყოს, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ხელს მოსახლეობისკენ იშვერს და ამბობს, რომ "მოსახლეობა ყრის ნაგავს და ხევს აბინძურებს".

უწყლო უბანი

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც პატარძეულში ყუჩიტაანთ უბნის მცხოვრებლებს აწუხებს, წყლის გარეშე დარჩენაა. მართალია, ჭაბურღილები გაითხარა, ონკანი "გაკეთდა", მაგრამ ეს მხოლოდ თავლის ასახვევად. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საქმე იმდენად უხარისხოდ გაკეთდა, რომ მთელი სისტემა რამდენიმე დღეში მოიშალა. წყალს არ აქვს ჩამკეტი, გრაფიკითაც კი ვერ იღებს წყალს, ან თუ იღებს, უხარისხოს, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია. პატარძეულის მცხოვრები ცისანა ცხვედიანი ამბობს, რომ სოფელში სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, დიდი ხანია, არსებობს, რომლის მოგვარებაზე ჯერჯერობით არავინ ფიქრობს.

"პრობლემა ტელევიზიით და პრესითაც არაერთგზის გაშუქდა. ერთი შეხედვით, მოგვარდა წყლის საკითხი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სათავე ნაგებობა მოწესრიგებული არ არის, რის გამოც ყუშიტაანთ უბანს ვერ მიეწოდება წყალი. გადაიწვა წყლის საქაჩი, რომლის გამოცვლას არ დაადგა საშველი. მხოლოდ ახლა გამოცვალეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აკლია ნაწილები, რის გამოც ჩვენ წყალი არ გვაქვს. უკიდურეს მდგომარეობაში ჩაგვაყენეს. რამდენიმე თვეა, უწყებიდან უწყებაში დავდივართ და რეალურად არაფერი იცვლება. გამგეობამ დაგვიყენა ქსელური წყლის უხარისხო ონკანები, ჩაკეტვის გარეშე და ამასაც დაუსრულებლად გვაყვედრის. ვითხოვთ, დაგვიყენონ მრიცხველები და მივიღოთ სუფთა და უსაფრთხო წყალი, რომელიც უპრობლემოდ გვექნება და ბაღ-ბოსტანი არ გაგვიხმება.

გვეუბნებიან, რომ ჩვენ ეს გაგიკეთეთ, კეთილი ინებეთ და ჩართეთ წყალიო. რომელი ოსტატები ჩვენ ვართ, რომ წყალი ჩავრთოთ ან გამოვრთოთ. სრულფასოვნად არ არის არაფერი გაკეთებული. თავს იწონებენ, 5 ჭაბურღილი გავთხარეთ და რამდენიმე მუშაობსო. სინამდვილეში მხოლოდ 1 მუშაობს, ისიც ქვედა უბანში.

სოფელს ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელმაც უნდა მიიტანოს ხალხის გასაჭირი გამგეობამდე და ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში. ეს არ ხდება. წყლის ჩამრთველის მოწესრიგება არ არის მოსახლეობის ვალდებულება. კეთილი ინებონ და საქმე ბოლომდე მიიყვანონ", - სამართლიანად აღნიშნავს კახელი დიასახლისი.

ასე ცხოვრობს სოფელი, რომელიც თბილისიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. ეს ხდება მაშინ, როცა სოფლების კეთილმოწყობაზე ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება, საქმე კი ხშირად არ მიდის ბოლომდე. პატარძეულის პრობლემა ჩვენთვის ცნობილი მისი მობინადრეების აქტიურობის წყალობით აღმოჩნდა. გვაქვს ეჭვი, რომ ეს პრობლემა რეალურად ძალიან ბევრ ოჯახს აწუხებს საქართველოში.... თუკი აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური უწყების წარმომადგენლებისგან ვინმე იტყვის, რომ სოფელ პატარძეულში საქმე გააკეთა და ხალხს თუნდაც ერთი პრობლემა ნორმალურად მოუგვარა, ჩვენ სიამოვნებით დავუთმობთ ადგილს ჩვენი გაზეთის ფურცლებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×