ნათია ლომიძე
23.08.2017

სტუდენტთა ნაწილი სწავლას ფინანსური პრობლემის გამო ვერ აგრძელებს. უმაღლესი სასწავლებლების სხვადასხვა კურსზე მყოფი სტუდენტები გადასახადის გადახდას მუშაობით ცდილობენ. მათგან ბევრი, ვისაც წელს ფასიან სექტორში ჩარიცხვის მოლოდინი აქვს, ამ პრობლემასთან გამკლავებას თბილისის მერიისა და მუნიციპალიტეტების დახმარებით შეეცდება.

დღესდღეობით საქართველოში სტუდენტების დასაქმება პრობლემაა, ასევე რთულია ბანკში სესხის აღება -- სტუდენტურ სესხს ყველა მსურველს არ აძლევენ და ამისათვის საჭიროა ბანკის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. შედეგად, არაერთი სტუდენტი სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებს და იძულებულია, აკადემიური შვებულება აიღოს.

 სექტემბრიდან ახალი სასწავლო წელი იწყება, მაგრამ სტუდენტების უმეტესობას ხელმოკლე ოჯახებიდან სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს. მათი ნაწილი ამბობს, რომ თანადაფინანსების შემთხვევაშიც კი ვალდებულების გასტუმრება უჭირთ, რადგან ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ფონი მათ ოჯახებზე უარყოფითად აისახა. ამის გამო ფინანსური ვალდებულების დაფარვა უძნელდებათ.

სახელმწიფო სასწავლებლებში სწავლის საფასური, საშუალოდ, 2550 ლარია, ხოლო კერძო სასწავლებლების ფასი 2500 ლარიდან 8 000 ლარამდე მერყეობს. სტუდენტთა უმრავლესობა გადახდისუუნაროა, რის გამოც აკადემიურის აღება ხშირად რამდენიმე წლით უწევთ.

"ორ განაკვეზე ვმუშაობ და ვცდილობ, დავზოგო თანხა, რათა მომავალ წელს სწავლის გაგრძელება შევძლო," - განუცხადა "რეზონანსს" ლიკა მესხმა.                            

ბაკალავრიატის სტუდენტი უსახსრობის გამო სწავლის გაგრძელებას ვერ შეძლებს. ამიტომ აკადემიური აიღო და ერთდროულად ორ სამსახურში მუშაობს. მომავალ წელს კი დანაზოგით სწავლის გაგრძელებას გეგმავს. "იმის გამო, რომ ჩემს ოჯახს, ბოლო 2 წელია, ძალიან გაუჭირდა, აკადემიურის აღება მომიხდა და წელს სწავლას ვერ გავაგრძელებ. ორ განაკვეთზე ვმუშაობ და ვცდილობ დაზოგვას, რომ მომავალ წელს სწავლის გაგრძელება შევძლო და ამ მხრივ ოჯახსაც არ დავაწვე კისერზე. ისედაც საბანკო ვალდებულებებისა და სხვადასხვა გადასახადების გამო თვიდან თვემდე უსახსროდ ვართ დარჩენილები.  ასეთ მდგომარეობაში მარტო მე არ ვარ. ჩემ მსგავსად, ჩემს რამდენიმე ჯგუფელსაც აქვს აკადემიური აღებული, თან კერძო სასწავლებელში ვართ და აქ, სახელმწიფოსგან განსხვავებით, ორმაგ თანხას ვიხდით," - განუცხადა "რეზონანსს" ლიკა მესხმა.  

ანალოგიურ სიტუაციაში იყო რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ მებაღიშვილი. მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ უსახსრობის გამო აკადემიური 3 წლით ჰქონდა აღებული. თავდაუზოგავი შრომის ფასად შარშან სწავლა განაგრძო და წელსაც თავისი გამომუშავებული თანხით იხდის სწავლის საფასურს. "იმის გამო, რომ სწავლის საფასურის გადახდა ოჯახმა ვერ შეძლო, სწავლა შევწყვიტე და აკადემიური ავიღე. მეგონა, ერთი წლის შემდეგ გავაგრძელებდი, მაგრამ 3 წლის შემდეგ დიდი შრომის ფასად შევძელი. ვცდილობ, ოჯახი არ შევაწუხო, ამიტომ სწავლის პარალელურად ვმუშაობ და გადასახადს ისე ვფარავ.  გარკვეული შეღავათით ვსარგებლობ და შემიძლია, ყოელთვიურად შევიტანო მცირე თანხა, რაც ნამდვილად ხელსაყრელია ჩემთვის. ორ წელში სწავლას დავასრულებ და ვეცდები, მაგისტრის ხარისხზე დაფინანსება მოვიპოვო, სხვა შემთხვევაში სწავლის გაგრძელებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იქნება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მებაღიშვილმა.

თბილისელმა ნინია ვაშალომიძემ ეროვნული გამოცდები არცთუ წარმატებით ჩააბარა. მისი ვარაუდით, გრანტის გარეშე დარჩება. 18 წლის ნინია არ მალავს, რომ დაფინანსების მისაღებად ადგილობრივ გამგეობას ან თბილისის მერიას მიმართავს.

"სხვა გამოსავალი არ მაქვს. სწავლის საფასურის გადახდა თანადაფინანსების პირობებშიც კი გამიჭირდება. პირველ ეტაპზე გამგეობისა და მერიის იმედი მაქვს, რომ ფინანსურად დამეხმარებიან. მომდევნო წელს მუშაობას დავიწყებ და ამ პრობლემას როგორმე დამოუკიდებლად გავუმკლავდები. სოციალურად დაუცველის სტატუსი რომ გვქონდეს, უფრო მარტივად მივიღებდი დახმარებას. ჩემთვის ეს არ იქნება რთული, მაგრამ ნიადაგს მაინც მოვსინჯავ. დედა არ მუშაობს, მამაჩემი დაცვის კომპანიაშია დასაქმებული და თვეში 400 ლარიც არ გამოსდის. ეს ფული საკვებადაც არ გვყოფნის", - ამბობს ნინია ვაშალომიძე.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სასაწავლებელში სხვადასხვა რეგლამენტია იმისა, თუ როგორ უნდა გადაანაწილო სასწავლო წელზე საფასური. მართალია, პრინციპი ყველგან ერთია, მაგრამ გადახდის სისტემის მოუქნელობა ხშირად პრობლემებს ქმნის, რის გამოც ბევრ სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×