მარი ჩიტაია
24.08.2017

ბოლო 3 წელიწადში საქართველოში მოპედების  665 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. როგორც შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მონაცემიდან ჩანს, 2014-2016 წლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მოპედების საგზაო შემთხვევები გახშირებულია. შედეგი კი საკმაოდ მძიმეა - 23 გარდაცვლილი და 733 დაშავებული - ასეთია ინფორმაცია, რომელიც "რეზონანსს" შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა.

 მომრავლებული საგზაო შემთხვევების ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ მოპედი გახდა ძალიან მარტივი სატრანსპორტო საშუალება. სპეციალისტების ინფორმაციით, ვინც ვერ ჩააბარა მართვის მოწმობის გამოცდა, იპოვა გადაადგილების იოლი გზა და ეს არის მოპედი, რითაც გამოუცდელი ახალგაზრდები ჩართული არიან საგზაო მოძრაობაში, როგორც ჩვეულებრივი ავტომობილის მძღოლები.

მზარდი სტატისტიკით დასტურდება, რომ 3 წელიწადში მოპედების მართვისას მომხდარი საგზაო შემთხვევების რაოდენობა თითქმის 50%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2014 წელს 177 ფაქტი აღირიცხა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 193 დაშავდა. მომდევნო 2015 წელს 226 საგზაო შემთხვევა მოხდა და გარდაიცვალა 8 ადამიანი, 257 კი დაშავდა. წინა წელს 262 საგზაო ფაქტია აღრიცხული, რის შედეგად დაიღუპა 4 და 283 დაშავდა.

როგორც ვხედავთ, საკმაოდ მძიმე სტატისტიკაა. მართალია, ერთი მხრივ, ქვეყანა მხარს უჭერს მცირე სატრანსპორტო საშუალებების განვითარებას, მაგრამ ეს ხდება სპონტანურად, ისე, რომ უსაფრთხოების ელემენტარული სტანდარტიც კი არ აქვთ შემუშავებული.

როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია დეტალურად ცდილობს მოპედებთან დაკავშირებული პრობლემის შესწავლას და ანალიზს, რის შემდეგაც იგი რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას.

"ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელ დავით მესხიშვილის ინფორმაციით, საკმაოდ რთული სიტუაციაა, რადგან მძღოლებს არ მოეთხოვებათ ელემენტარული ცოდნა, არ მოეთხოვებათ ჩაფხუტი და 9-10 წლიდან  მოპედებს მართავენ.

"აქტიურად ვუჭერთ მხარს ისეთი სატრანსპორტო საშუალებების განვითარებას, რომელიც ნაკლებად აბინძურებს გარემოს. გადაადგილება ისედაც ჭირს და ამ თვალსაზრისით მოპედი კარგია, მაგრამ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს განუკითხაობას, რა მდგომარეობაც დღეს გვაქვს. ევროკავშირის ქვეყნებში არსებობს მართვის მოწმობის კატეგორია. იმისთვის, რომ მართონ მოპედი, მსურველები განსხვავებული ტიპის გამოცდას აბარებენ. რამდენადაც ვიცი, ევროკავშირში ეს არის # კატეგორია და მართვის უფლების მოსაპოვებლად მძღოლებს მოეთხოვებათ საგზაო წესების ცოდნა. არა მარტო მათ, ევროკავშირის ქვეყნებში ველოსიპედის მართვის დროსაც კი სავალდებულოა ჩაფხუტი, მიუხედავად იმისა, რომ იგი არცთუ ისე სწრაფ სიჩქარეს ავითარებს. ჩვენთან სრული ქაოსია, მოპედები გვხვდება თითქმის ყველგან - ჩვეულებრივ გზებზე, მაგისტრალებზე და ჩქაროსნულ მაგისტრალებზეც კი. ამ ტრანსპორტის მძღოლს ისევე უნდა მოეთხოვებოდეს საგზაო წესების ცოდნა, როგორც ავტომობილების მფლობელებს. ვხედავთ, რომ გაცილებით რთულია სიტუაცია. ასაკობრივად რომ გაიშალოს სტატისტიკა, დაღუპულთა შორის, შესაძლოა, ბავშვებიც იყვნენ, ამაში ეჭვი არ მეპარება. მთლიანობაში, ეს დიდ უწესრიგობამდე მიგვიყვანს, რთული ვითარებაა", - აცხადებს მესხიშვილი.

მისი თქმით, იმდენად მზარდია მოპედების რაოდენობა, რომ მათ მფლობელებს საგზაო წესების ცოდნა აუცილებლად უნდა მოეთხოვებოდეთ.

"ჩვენ გვაქვს ისეთი რეალობა, რომ არც სკოლაში არ ისწავლება საგზაო მოძრაობის წესები, რომ იმის საფუძველზე დაჯდეს მოპედზე ადამიანი და იაროს; არც ავტოსკოლები ამზადებენ შესაბამისად, არც მართვის მოწმობაა საჭირო, არც არანაირი ცოდნა და მოპედი გახდა ძალიან მარტივი სატრანსპორტო საშუალება. ვინც ვერ ჩააბარა მართვის მოწმობის გამოცდა, იპოვა გადაადგილების იოლი გზა და მოპედით ჩართულია საგზაო მოძრაობაში, როგორც ჩვეულებრივი ავტომობილის მძღოლი. სიმართლე გითხრათ, სტატისტიკამ შემაშფოთა. პატრული ვერ რეაგირებს ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე და თუ არ დარეგულირდება, კიდევ უფრო დამძიმდება სტატისტიკა. კანონმდებლობით, მოპედი ველოსიპედის მსგავსად არის გატარებული და არავინ აჩერებს. ამასობაში კი ჩვენ ვხედავთ "მძღოლებად"  მცირეწლოვან ბავშვებს და არავინ რეაგირებს, უსაფრთხოების სტანდარტი კი აბსოლუტურად დაუცველია. კარგია, რომ მოპედი პოპულარულია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის ხარჯზე.

ჩვენი ასოციაცია აპირებს ამ საკითხის დეტალურად შესწავლას და ანალიზს, მათ შორის, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, გვაინტერესებს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს გამოკვეთილი ბრალეულობის საკითხიც და ამის შემდეგ დავდებთ ანალიზს. საგანგაშოა პატარა ბავშვების მომრავლება მოპედით, რომლითაც 50-60 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებენ. მძიმე შედეგს მივიღებთ, თუ რეფორმა მოპედებთან დაკავშირებით არ დაჩქარდება. აუცილებელია, რომ ამ ტრანსპორტსაც მიესადაგებოდეს მართვის მოწმობის კატეგორია, რათა უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს", - დასძენს დავით მესხიშვილი.

მოპედის მართვისას უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ახალგაზრდა მძღოლებს დიდად არ აღელვებთ. 17 წლის გიორგი არ მალავს, რომ მოპედი შემთხვევით შეიძინა.

"წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ მემართა მოპედი. მეგობარმა გამიწია დახმარება და რამდენიმე დღის მეცადინეობის შემდეგ საგზაო მოძრაობაში ჩართვა გავბედე. ჩემთვის იგი ავტომობილის ალტერნატივაა. მართვის მოწმობის ასაღებადაც ვემზადები. ჰობივითაა, მომწონს იგი. თუმცა სანამ ტარებას ვისწავლიდი, 2-3-ჯერ მსუბუქად მოვყევი ავარიაში და მარჯვენა ხელიც დავიზიანე. საკმაო გამოცდილება მივიღე და ვიცი, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ დავიცვა თავი საგზაო შემთხვევის დროს",- ამბობს ახალგაზრდა მძღოლი.

მისგან განსხვავებით, 14 წლის ლევანი ახალბედა მძღოლია. ამბობს, რომ მოპედი მამამ აჩუქა და სკოლაშიც კი ამ ტრანსპორტით დადის.

"მოპედის ტარების სწავლა არ გამჭირვებია. სულ რამდენიმე დღეში ავითვისე. მუდმივად ვიხურავ ჩაფხუტს, უსაფრთხოებისთვის იგი აუცილებელია, მაგრამ ვერ გეტყვით, საკმარისია თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ამას არავინ ითხოვს. არ მახსენდება, პატრულს გავეჩერებინე, ჩვეულებრივ ვმოძრაობ თბილისის ქუჩებში. ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოპედით არასდროს გავსულვარ. იმიტომ არა, რომ მეშინია, უბრალოდ, არ მქონია ამის საჭიროება", - ამბობს თავდაჯერებული მძღოლი.

ასეთია ახალგაზრდა მძღოლების განწყობა. ფაქტია, რომ ქვეყანაში მოპედი ერთ-ერთი პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ პოპულარობას არ უნდა ეწირებოდეს ახალგაზრდა გოგო-ბიჭების სიცოცხლე და რეფორმა დროულად უნდა გატარდეს, როგორც ეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემთხვევაში მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×