ბორჯომის ხეობაში სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის საგანგებო შტაბია შექმინილი. შტაბის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში 1500-მდე ადამიანია ჩართული.
გუშინ დილიდან მუშაობა 6-მა ვერტმფრენმა განაახლა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები და პოლიციელები 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის ახალი კერები დღითი დღე ჩნდება, ამის მიზეზად კი ძლიერი ქარი სახელდება. ერთ-ერთ მიზეზად ასევე, რთული რელიეფური მდგომარეობა დასახელდა.
საქართველოს ხანძრის ლოკალიზებაში აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და ბელორუსის ვერტმფრენები ეხმარება. დახმარების სურვილი ასევე, რუმინეთმა, გერმანიამ, ისრაელმა, აშშ-მა, საბერძნეთმა და რუსეთმა გამოთქვეს.
როგორც პრემიერ-მინისტრ გიორგი კცირიკაშვილისგან ცნობილი გახდა, რუსეთს დახმარებისთვის უარი ეთქვა, რადგან შემოთავაზების დროს დახმარების საჭიროება არ გახდა.
რამდენად ეფექტურად უმკლავდება საგანგებო შტაბი ხანძარს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გია ბუღაძე (მხატვარი): როგორც ჩანს, ძალიან ცუდად მუშაობს. ამდენი ხანი გაგრძელდა და ვერაფერს ვერ ახერხებენ. გასაგებია, რომ ამინდი ხელს არ უწყობს. მაგრამ, ორგანიზებისა და მართვის საკითხში რომ სერიოზული პრობლემები აქვთ, ეს ხომ ფაქტია.
საერთოდ, ეს ქოცური მთავრობა ძალიან უსაქმური პერსონებითაა გამოტენილი. ბუნებრივია, ამ სფეროშიც ასე იქნება და თავს ბევრი რამით იმართლებენ. ჩვენი მთავრობა რაც არის, ხომ კარგად ვიცით, ამის ტრაგიკული მაგალითია ბორჯომის ხეობა და საქართველოს რაც ემართება.
რეზო მიშველაძე (მწერალი): ხანძარს, სტიქიას შტაბი კი არ უნდა, არამედ ხელების დაკაპიწება და შებრძოლება. ხანძრის ჩამქრობი რომ ნაკლები იქნება, ვიდრე მიმთითებელი და მბრძანებელი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ იქ საქმე ადვილად არ მოგვარდება.
ამ ძალიან სამწუხარო ამბავს რაც შეეხება, თვალს შეცბუნებული ვადენვებ. ყველაფერმა ერთად ჩვენ თავზე მოიყარა თავი.
ჯერ ვერტმფრენები დროზე არ ჩამოვიდნენ, მერე მიუვალობის გამო ხანძარი უფრო და უფრო გაძლიერდა. სწორად არ მიმაჩნია, რომ მითითებები ნაადრევად, გამოუძიებლად გამოვიტანოთ და დანმაშავეები ვეძებოთ.
საერთოდ დამნაშავე დოყლაპიობაა, რადგან როდესაც დიდი გვალვაა და ბორჯომის გამგებელი ხარ, შე კაი კაცო, ზოგჯერ კაბინეტიდან გამოდი, მეთვალყურეობა გააძლიერე.
პირველივე კვამლის ავარდნაზე იქ ფხიზელი გუშაგი რომ ყოფილიყო, რომელიც შეატყობინებდა - არიქა, ხანძარია და პირველ ზომებს მიიღებდა, საქმე აქამდე არ მივიდოდა და ასეთი ტრაგედიის მოწმენი არ გავხდებოდით.
მაგრამ, ჩვენ, ქართველები გაკვეთილებს ვერ ვსწავლობთ. ამ გაკვეთილებიდან სათანადო დასკვნები არ გამოგვაქვს, რომ მომავალში მაინც გავფხიზლდეთ.
არც შტაბის და არც სხვა გამგებელ-მეთვალყურეების საქციელი და მუშაობა ეფექტური რომ არ იყო, ეს ფაქტია. ეს ერთი ყველაზე ძვირფასი ტყე გვაქვს და ვერც ამას ვუფრთხილდებით. იქ ბოლო წლების მანძლიზე მეხუთე ხანძარია.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): ეს შტაბი ახლა კი არა, უფრო ადრე უნდა შექმნილიყო. საქართველო ბოლო წლების მანძილზე ცეცხლის გაჩენის სერიამ მოიცვა, ქალაქში, რაიონებში, სოფლებში და ა.შ. ამიტომ, როცა ცეცხლი ერთელ, ორჯერ და მესამეჯერ ჩნდება, მიზეზი ხომ უნდა დაადგინო.
მიზეზი შეიძლება ადამიანი, შეძლება ბუნება, შეიძლება დაუდევრობა და შეიძლება დივერსიაა. ამიტომ, სახელმწიფომ პრევენციას უნდა მიმართოს და გნებავთ, საიდუმლო შტაბი ან მსგავსი უნდა ჰქოდეს, რომ ღონისძიებების მობილიზება გააკეთოს.
ვფიქრობ, ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს. თუ პრევენციის სახით ამას გავაკეთებდით, თანამშრომლებს ავიყვანდით და ტყეებში დღე და ღამე მორიგეობას გავაძლიერებდით, სიტყვაზე, ასი ათასი ლარი დაგვიჯდებოდა.
ახლა ასი ათასი კი არა, მილიონები დაგვიჯდება და რომელი ჯობია? ამიტომ, ხელისუფლებას ხედვა და გააზრება უნდა ჰქონდეს. სწორედ ესაა სახელმწიფოებრვი მართვა. უარყოფითი შედეგის დადგომამდე ღონისძიებები უნდა მივიღოთ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე