ია აბულაშვილი
26.08.2017

1955 წელს თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ "მაგდანას ლურჯა" გადაიღეს. 1956 წელს სურათმა კანის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გაიმარჯვა და "ოქროს პალმის" პრიზიორი გახდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქართველი რეჟისორების ნამუშევარმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, თუმცა ამ წარმატების შესახებ თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ მოგვიანებით, ისიც რადიოს საშუალებით შეიტყვეს.

რაც შეეხება პრიზს, მსოფლიოს კინოხელოვანთა საოცნებო "ოქროს პალმის რტომ" საქართველომდე ვერ ჩამოაღწია, "საბჭოეთის საზღვრები" ვერ გადმოლახა...  

ეს არის ის მწირი ინფორმაცია, რომელიც 60-იანი წლების საბჭოთა კინომატოგრაფისტა წრეებში ვრცელდებოდა იმ უნიკალური ფილმის საერთაშორისო აღიარების შესახებ, რომელზეც შემდეგ თაობები აღიზარდა. დღევანდელ სტატიას ვერც ჩვენ შევმატებთ რაიმე ახალს "მაგდანას ლურჯას" კანის ფესტივალის ისტორიიდან, თუმცა, როგორ შეიქმნა ეს ფილმი და როგორ მოხვდა კანის ფესტივალზე, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მოგონებას შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს.

 რეზო ჩხეიძე: "მოსკოვში წასვლამდე სულ იდგა საკითხი - რით მიდიხართ, სად იცხოვრებთ. ჩვენი ოჯახები სიღარიბის ზღვარზე იყვნენ. გადავწყვიტეთ, წიგნები გაგვეყიდა. გვეგონა, ბევრ ფულს მოგვცემდნენ, მაგრამ შევცდით. მოსკოვში პირველი ღამე სად უნდა გაგვეთენებინა, ისიც არ ვიცოდით. ვიპოვეთ თენგიზისა და მისი ძმის მეგობარი, ორი ღამით მან შეგვიფარა. მერე გავიგეთ, რომ არსებობდა საერთო საცხოვრებელი და იქ გადავედით", - იხსენებდა წლების შემდეგ რეზო ჩხეიძე თენგიზ აბულაძესთან ერთად მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში ("ვგიკი") ჩაბარების ისტორიას, სადაც სწავლის გაგრძელება ახალგაზრდა რეჟისორებს თავად სერგეი ეიზენშტეინმა ურჩია. 

ასე მოხვდნენ თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები სერგეი იუტკევიჩის სახელოსნოში.

"ახალი კურსდამთავრებულები ვიყავით მე და თენგიზ აბულაძე, "მაგდანას ლურჯას" გადაღება რომ დავიწყეთ. მაშინდელი კინოსტუდიის დირექტორმა თითქმის დასრულებული ფილმის გაგრძელება აგვიკრძალა. 

"მაგდანას ლურჯაზე" მუშაობის დროს ორი ადამიანი გვყავდა, რომლებიც გვამხნევებდნენ. ესენი იყვნენ მემონტაჟე ვასილ დოლენკო და კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე.

"დაბრკოლება შეგვხვდა. ასეთი ახალგაზრდები რომ ვდგამდით სურათს, უცხო სხეულებივით ვჩანდით, ეჭვითა და არასერიოზულობით გვიყურებდნენ. მაშინ დამკვიდრებული წესით, ფილმის დადგმის უფლება რომ მიგეღო, ათი წელი ასისტენტად უნდა გემუშავა, ათი წელიც - მეორე რეჟისორად, ასე რომ, 60 წლისას მოგიწევდა რიგი.  თანაც გადაღებებზე რომ გაგვიშვეს, ზამთარი იყო და გორში თოვლი იდო, ფილმს კი ზაფხული სჭირდებოდა. გაზაფხულზე დავიწყეთ გადაღება და რა თქმა უნდა, გრაფიკს ჩამოვრჩით. ამიტომ სამხატვრო საბჭომ "გაგვასამართლა".

"მეორე დღეს აღარ მივედით სტუდიაში. დილით მე და თენგიზი ერთმანეთს რუსთაველის პროსპექტზე შევხვდით, გავიარ-გამოვიარეთ. არ გადის დრო. შევედით კინო "სპარტაკში", ვნახეთ "ვატერლოოს ხიდი". რომ გამოვედით, ჯერ კიდევ ადრე იყო, სახლში არ მიგვესვლებოდა, რადგან არ იცოდნენ ჩვენი ამბავი. დავბრუნდით "სპარტაკში". "ვატერლოო" მეორედ ვნახეთ, როგორც იქნა ფილმი დასრულდა.

"ფილმის გადაღება 6 თვით შეწყდა. თუმცა, შემოქმედთა სექციამ გადაწყვიტა, რომ ჩვენი ნამუშევარი ქართველი მწერლებისთვის ეჩვენებინათ, რათა მათ ეთქვათ, ღირდა თუ არა ამ ფილმის გადაღება. ერთ მშვენიერ დღეს დაუძახეს ქართველ მწერლებს და აჩვენეს "მაგდანას ლურჯა".

"ვდგავართ მე და თენგიზი აწურულები. ამ დროს იღება კარი და შემოდის გალაკტიონი თავისი პორტფელით. გავოგნდით, ეს კაცი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და არასდროს არსად დადიოდა. სხვებიც გაოგნებულები იყურებოდნენ. 

"მწერალი დემნა შენგელაია ჩემი ბიძა იყო. ვიფიქრე, იმან უთხრა-მეთქი, მაგრამ ხელი გამიქნია - ეგ რამდენი ხანია, არ შემხვედრიაო. 

"გალაკტიონი დაჯდა, ბოლომდე უყურა კადრებს, მერე ადგა და უცებ... "ვინც ეს ფილმი გააჩერა, მე იმისიო..." შეიგინა და წავიდა. აკაკი ბელიაშვილმა ცხვირსახოცი ამოიღო, ცრემლები მოიწმინდა, ეკრანს შეხედა: ამ ეკრანს ბევრი კარგი ფილმი უნახავს, მაგრამ რაც ამ ბიჭებმა გვიჩვენეს - მსგავსი არასდროსო.

"მეორე დილას უკვე გამოკრული იყო ბრძანება ფილმის გაგრძელების შესახებ", - ასე იხსენებს რეჟისორი რეზო ჩხეიძე "მაგდანას ლურჯას" გადაღების ამბავს.

1956 წელს რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის პედაგოგმა, სერგეი იუტკევიჩმა ფილმი "მაგდანას ლურჯა" კანის ფესტივალზე წაიღო. პირველად ფილმი შესვენებაზე უჩვენებიათ, მაგრამ საღამოს ჟიურის მოთხოვნით ფილმი ხელმეორედ აჩვენეს, რასაც მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. 

საბოლოოდ კი "მაგდანას ლურჯამ" ფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გაიმარჯვა და "ოქროს პალმის რტოს" პრიზიორი გახდა.

"მაგდანას ლურჯამ" მსოფლიოს არა მარტო ქართული კინო, არამედ საერთოდ საქართველო გააცნო, ის ქვეყანა, რომელიც აქამდე მსოფლიო ფესტივალებზე მხოლოდ "სტალინური ფილმებით" იყო წარმოდგენილი. მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოში იქმნება სწორედაც რომ "ანტისტალინური ესთეტიკის" კინოხელოვნება; რომ გაჩნდა "ახალი ტალღა", რომელმაც კინოს დაუბრუნა ცოცხალი ხასიათები, სიყალბესა და სწორხაზოვნებას მოკლებული დიალოგები და რაც მთავარია, რეალური სინამდვილე", - წერდა კანის ფესტივალიდან დაბრუნებული სერგეი იუტკევიჩი.

"მაგდანას ლურჯას" გადაღების პროცესს კი ასე იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში სოფოს როლის შემსრულებელი ლიანა მოისწრაფიშვილი.

"გადაღების ნაწილი უფლისციხეში მიმდინარეობდა. გაუსაძლისი სიცხე იყო, ქვიშაზე ფეხშიშველებს უნდა გვევლო, ვწუწუნებდი, ფეხები მეწვის, ეკლები შემერჭო-მეთქი. მიხოსა და კატოს ვიყოლიებდი. 

"აკაკი კვანტალიანი მენახშირე მიტუას როლს თამაშობდა. ღამის გადაღებებზე ჩვენთან ერთად ათენებდა. შინ დღე ეძინა, რომ საღამოს თეატრში სპექტაკლი ეთამაშა. თურმე შვილები რომ ახმაურდებოდნენ, აკაკი კვანტალიანის მეუღლე ბავშვებს ასე აჩუმებდა: "არ გრცხვენიათ, მამათქვენი მთელი დღე ვირზე ზის, რომ ლუკმაპური მოგიტანოთ".

"ფილმში არის სცენა, სადაც მიხო კატოს თმას ქაჩავს და კატომ უნდა იტიროს. ერთხელ მიხომ კატოს მაგრად მოქაჩა და კატოც გაიბუტა, აღარ მინდა გადაღებაო. ეხვეწებოდნენ რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე, ცოტა გაუძელიო. 

- არა, - გაჯიუტდა კატო, - სანამ ცოცხალ თევზს არ მომიყვანთ, არ გადავიღებო.  

გააგზავნეს ბიჭები მტკვარზე და დაიჭირეს შემოსარიგებლად თევზები".

როგორც ამბობენ, "მაგდანას ლურჯას" გადაღებისას მიხოს ძიებაში 150 ბიჭი გასინჯეს. საბოლოოდ რეზო ჩხეიძემ და თენგიზ აბულაძემ არჩევანი მიხო ბორაშვილზე შეაჩერეს. მაშინ იგი 7 წლის იყო, კატოს როლის შემსრულებელი ნანი ჩიქვინიძე კი - 5 წლის.   

"კარგად მახსოვს ის გარემო და განწყობა, რომელშიც გადაღების დროს გვიწევდა ყოფნა. სიყვარული, სითბო გვეფრქვეოდა, განსაკუთრებით თენგიზ აბულაძე გვეფერებოდა", - იხსენებს ნანი ჩიქვინიძე.

"რიყეზე ბაზრის ეპიზოდს იღებდნენ და მე და მამაჩემი წავედით სანახავად. გაოცდა მამაჩემი, ეს რამხელა შრომა ყოფილაო და მას შემდეგ ყოველ დილით 6 საათზე დგებოდა და თავისი ხელით უმზადებდა თენგიზს საუზმეს - ყველა მხარში უნდა ამოვუდგეთო, ამბობდა. 

"მაგდანას ლურჯა" კანის ფესტივალზე დილით აჩვენეს, მაგრამ ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ საღამოს გაიმეორეს. რეზოსა და თენგიზს კანში გამარჯვების შემდეგ ბევრი მოტრფიალე გაუჩნდათ", - იხსენებდა წლების შემდეგ თენგიზ აბულაძის მეუღლე მზია მახვილაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×