"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მზად ვართ დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის ოპოზიციასთან," - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი 2 თვის განმავლობაში ცდილობდა, რომ ოპოზიციისგან კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მიეღო, თუმცა პასუხი მაინც ვერ მიიღეს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დიალოგისთვის მაინც მზად არის.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის - სერგი კაპანაძის შეფასებით, არასერიოზული და პოლიტიკური მოუმწიფებლობის გამოვლინებაა მმართველი გუნდის მოთხოვნა, ოპოზიციამ ის საკითხები დაასახელოს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
თუკი ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა ჩაიშლება, რა შედეგის მომტანი იქნება ეს ქვეყნისთვის? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.
თედო დონდუა (ისტორიკოსი): არც არაფრის, ვთქვათ, ჩაიშალა, მერე რა მოხდა. რა თქმა უნდა, დიალოგი ყველაფერს სჯობს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად დიდია გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერა მოსახლეობაში. რამდენად კარგია სხვადასხვა პარტიისთვის "ნაციონალებთან" ყოფნა, რადგან რა ტრაფარეტითაც უნდა გამოვიდნენ ისინი, ჩვენ ვიცით, ისინი ვინ არიან. საინტერესო ის არის, მოსახლეობის რა პროცენტი უჭერს მათ მხარს. ისინი უნდა გამოვიდნენ ილუზიიდან, რომ ხალხი მათ მხარეზეა, ასე ნამდვილად არ არის.
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): კარგი იქნება, რომ ეს შეხვედრა შედგეს, რადგან ისე გამოდიოდა, რომ ყველა მოწინააღმდეგე იყო და მხოლოდ ხელისუფლება იყო ამ კონსტიტუციის მიღების მომხრე.
ეს შეხვედრა იმისთვის არის საჭირო, რომ გარკვეული სახე ჰქონდეთ, თუმცა თუ ჩაიშლება, ისევ დაიწყებენ თავიდან შეხვედრებზე ლაპარაკს და ასე იქნება. ჩვენ ჩართულნი ვართ თამაშში, რომელსაც დემოკრატიობანას ვუწოდებ, რადგან დიდი ხანია, დემოკრატია აღარ არსებობს და ჩვენთან მით უმეტეს.
ვინაიდან ამ თამაშში ვართ ჩართულნი, ამას გავაგრძელებთ და მისი ნაწილია შეხვედრები, დროის გადაწევა და ა.შ. იმის მაგივრად, რომ რეალურად ვიმსჯელოთ იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაშია.
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): მგონი, გადაწყვეტილი არაფერია და პროცესი ისევ გაგრძელდება, გაგრძელდება კამათიც ამ საკითხზე, რადგან მხარეები მზად არ არიან ერთიანი გადაწყვეტილების მისაღებად.
ირმა სოხაძე (მომღერალი):კარგის არაფრის მომტანი არ იქნება. მე მართლა ვერ ვხვდები, როგორ ვერ დაწერა ოპოზიციამ ისე თავისი მოთხოვნები, რომ ხელისუფლებამ გაიგოს, ან თუ დაწერა, ხელისუფლებამ რა ვერ გაიგო.
ძირითადად ხომ ორ პუნქტზეა ლაპარაკი, მაჟორიტარულიდან პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასა და პრეზიდენტის არჩევის საკითხზე და რა გახდა ასეთი გაუგებარი, ვერ გავიგე.
როგორ დავიჯერო, რომ ისე უჭკუოდ წერენ, ხელისუფლება ვერ იგებს. ყველა შემთხვევაში ძალიან სამწუხაროა რაც ხდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე