"ხალხში გაიღვიძა ცოდნის სურვილმა - ტფილისის ძველი თაობა მხოლოდ ხელნაწერებს კითხულობდა და ხელნაწერებს უსმენდა"
ია აბულაშვილი
06.09.2017

 "მარტო ყარაგიოზას თეატრი, ნაღლი, ყვახანები და სხვა, სავსებით ვერ დააკმაყოფილებდა ხალხის გონებრივ მოთხოვნილებებს. ხალხში გაიღვიძა ცოდნის სურვილმა. ტფილისის ძველი თაობა მხოლოდ ხელნაწერებს კითხულობდა და ხელნაწერებს უსმენდა.

"მნათობი" წერდა: თქვენ შეხვდებით მედუქნეებს, რომლებიც გულმოდგინებით კითხულობდნენ ბეჟანინს, ქალვაჟიანს, ბარამიანს და გადაწერაში ერთი ორად ფასს აძლევდნენ. ეხლა კი მათი მომდევნო თაობა გადაწერაზე ფულს აღარ ჰხარჯავს და ბეჭდვითი სიტყვით სარგებლობს.

გაჩნდნენ იაფფასიანი წიგნის გამომცემელნი. წოვინაშვილი, არაპეტოვი, ჭიჭინაძე, ჩარექოვი, ედიგაროვი, კობალაძე, ლაზარევი, შარბათოვი (შიბრია) ზარიძე და სხვა. ესენი ბეჭდავდნენ, როგორც აღმოსავლეთის ფანტასტიკურ ზღაპრულ მოთხრობებს, ისე იმდროინდელი პოეტების სახალხო ლექსებს", - წერდა იოსებ გრიშაშვილი თავის "ძველი თბილისის ლიტარატურულ ბოჰემაში".

ამბობენ, ტფილისის ბაზარს თავისი მოხეტიალე ბუკინისტები ჰყოლია. ერთი ყარაჩოღელი ესაღოვი, რომელიც ხარფუხში ცხოვრობდა, განიერი შარვლითა და ვერცხლის ქამრით დადიოდა ტფილისის ქუჩებში და კალათით წიგნს ჰყიდდა.

პირველი წიგნის მაღაზიები კი თბილისში სიონის ქუჩაზე ყოფილა გახსნილი, რომელიც 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს განადგურდა.

როგორც მკვლევარი ქეთევან გზირიშვილი თავის პუბლიკაციაში წერს, 1805 წელს სიონის ქუჩაზე ოთხი ახალი მაღაზია გაიხსნა. ამას მოჰყვა 1814 წელს იმავე ქუჩაზე უკვე რვა მაღაზიის გახსნა. 1819 წელს პატარა წიგნის მაღაზია გაიხსნა იარმურკაზე, სადაც სახელმძღვანელოების გაყიდვა დაიწყეს.

1829 წელს კი სოლომონ დოდაშვილის თაოსნობით, ქაშუეთის ეკლესიის დიაკვანმა ივანემ გოლოვინის პროსპექტზე, ქაშუეთის ეკლესიასთან ახლოს ახალი წიგნის მაღაზია გახსნა. ამ მაღაზიაში ახალ წიგნებთან ერთად ძველი წიგნებიც იყიდებოდა.

1834 წელს სოლოლაკში გაიხსნა მაღაზია, რომლის მეპატრონეც იყო ავეტიკ ეფთენჯიანცი, სადაც ქართულ წიგნებთან ერთად რუსული და სომხური წიგნები იყიდებოდა.

1850 წელს თბილისში საცხოვრებლად ჩამოვიდა გერმანელი გუსტავ ბერენშტამი, რომელმაც წიგნის მაღაზია გახსნა და უცხოეთიდან გამოიწერა გერმანული და ფრანგული წიგნები.

კავკასიის მთავარმართებელმა მიხეილ ვორონცოვმა ბერენშტამს წლიური დახმარება დაუნიშნა. იმ დროს ბერენშტანის წიგნის მაღაზია პირველი სახელმწიფო მაღაზია იყო თბილისში, სადაც ევროპულ წიგნებთან ერთად ქართული წიგნებიც იყიდებოდა.

როგორც ზაქარია ჭიჭინაძე წერდა: "ამ მაღაზიაში ქართულ წიგნებს ძლიერ გრილად უმზერდნენ. ბევრჯერ მუშტარი მისულა იქ, წიგნი უთხოვია, წიგნი აქვნდათ გასაყიდი, მაგრამ მუშტრისთვის უთქვამთ, რომ "ნიეტუო", ვინაითგან ამ "ნიეტუს" მთქმელი ყოფილა არმცოდნე ქართული ენისა და წიგნისა".

1950 წელს ქართულმა საგამომცემლო საქმემ წინ წაიწია და უფრო აქტიურად ბეჭდავდნენ ქართულ წიგნებს.

1960 წელს ქართული წიგნის გულემატკივარმა ალადათოვმა გახსნა წიგნის მაღაზია, სადაც ქართული წიგნებს სათანადო ადგილი მიუჩინა.

ახალი წიგნის მაღაზია გაიხსნა მიხაილოვის ხიდზე 1865 წელს, რომლის მეპატრონეც იყო ვართანოვი. პეტრე უმიკაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ დროს, რომელიც ქართულ ხელნაწერებს აგროვებდა ვართანოვის წიგნის მაღაზია შეიძინა, რომელსაც თავის სტამბაც ჰქონდა და წიგნები ქართულ ენაზე იბეჭდებოდა.

1873 წელს ისევ მიხაილოვის ხიდზე გაიხსნა ახალი მაღაზია "კავკასიის წიგნის მოვაჭრის სახლი", რომლის მეპატრონეც იყო გრიქუროვი, პირველად აქ დაიბეჭდა იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო და ალექსანდრე ყაზბეგის "ელგუჯა".

ცენზურამ "ელგუჯას" მთელი ტირაჟი გაანადგურა და მეპატრონეს წიგნის მაღაზია ჩამოართვა.

1870 წელს ალექსანდრე კალანდაძემ თბილისში წიგნის მაღაზია გახსნა, სადაც მხოლოდ ქართული წიგნები იყიდებოდა. პეტრე უმიკაშვილის ჩაგონებით ალექსანდრე კალანდაძემ ხელი მიჰყო იაფფასიანი ქართული წიგნების ბეჭდვას და გავრცელებას.

მის მაღაზიაში ისეთი წიგნებიც იყიდებოდა, რომელიც მთავრობას არ მოსწონდა, რის გამოც კალანდაძე დააპატიმრეს და მაღაზიაც დაუკეტეს.

ციხიდან დაბრუნებულმა 1880-იან წლებში კვლავ განაგრძო წიგნების ბეჭდვა, ოღონდ ახლა გორში გახსნა პირველი სტამბა და წიგნების მაღაზია დაარსა. ასეთია თბილისის პირველი წიგნის მაღაზიების ისტორია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×