"ჩემი ნატვრაა... როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ, ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს."
ეს იყო გრიგოლ რობაქიძის ნატვრა, კაცის რომელიც, როგორც მისი თანამედროვენი წერდნენ: "ხშირად იმალებოდა ფსევდონიმებში, წერდა განსხვავებული სტილით და მის იდეოლოგიას ვერავინ ხვდებოდა; ძნელად თუ მოიძებნება სადმე მწერალი, რომლის პიროვნებისა თუ შემოქმედების მიმართ საზოგადოების განწყობა რადიკალურად ასე განსხვავებული ყოფილიყო".
რა თქმა უნდა, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას, რომელსაც სხვადასხვა დროს მაღალი შეფასება მისცეს მსოფლიოში აღარებულმა მწერლებმა, ერთ სტატიაში ვერ ჩავტევთ, თუმცა მკიხველს გვინდა შევთავაზოთ გრიგოლ რობაქიძის ერთი უცნობი წერილი, რომელიც უნიკალურ ცნობებს გვაწვდის მწერლის ჟენევური პერიოდის შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ.
1930 წელს გრიგოლ რობაქიძე უკვე მეორედ გაემგზავრა გერმანიაში ლიტერატურული საქმეების მოსაგვარებლად. მას ასევე მიზნად ჰქონდა მოლაპარაკება გერმანიაში რუსთაველის თეატრის გასტროლების შესახებ. უნდა წარმოედგინათ "ლამარა", რომელმაც მოსკოვში წარმატების შემდეგ მოწვევა მიიღო უცხოეთიდან.
გრიგოლ რობაქიძის საზღვარგარეთ გამგზავრებას ეწინააღმდეგებოდა ლავრენტი ბერია, მაგრამ, როგორც ამბობენ სერგო ორჯონიკიძის ნებართვით მწერალი უცხოეთში მაინც გაემგზავრა, თუმცა ბერიამ რუსთაველის თეატრი გასტროლებზე მაინც არ გაუშვა.
რობაქიძე, რომელიც საქართველოში ბრუნდებოდა, ვარშავაში შეხვედრია მისი ნაცნობი, რომელსაც გაუფრთხილებია, საქართველოში არ ჩახვიდე, თორემ მაშინვე დაგაპატიმრებენო. მწერალი საქართველოში აღარ დაბრუნებულა, გერმანიაში დარჩა. სამშობლოში კი იგი მოღალატედ და კონტრევოლუციონერად შერაცხეს.
1935 წლის აპრილში ბოლშევიკურმა მთავრობამ მწერალს განაჩენი გამოუტანა: "გრიგოლ რობაქიძე, როგორც აშკარა მტერი ჩვენი ქვეყნის მშრომელი ხალხისა, თვალთმაქცურად გადასული კონტრევოლუციურ ბანაკში გამოცხადებული იქნას სოციალისტური სამშობლოს მოღალატედ და ჩამოერთვას მას საბჭოთა მოქალაქეობა".
ემიგრაციაში გრიგოლ რობაქიძე ჯერ გერმანიაში ცხოვრობდა, შემდეგ შვეიცარიაში. მწერალი ჟენევაში 1962 წლის ნოემბერში გარდაიცვალა, ხოლო 1976 წელს ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენლების ნინო და კალისტრატე სალიას თაოსნობით, რობაქიძე საფრანგეში, პარიზის მახლობლად ლევილის სასაფლაოზე დაკრძალეს.
მკითხველს ვთავაზობთ გრიგოლ რობაქიძის უცნობ წერილს, რომელიც გრიგოლ დიასამიძის არქივში ინახებოდა, სულ აღმოჩენილია 5 წერილი, რომელიც მწერალმა ჟენევიდან გრიგოლ დიასამიძეს გაუგზავნა 1948-50 წლებში.
1948 წლის 10 სექტემბერით დათარიღებული წერილიდან ირკვევა, რომ ჟენევაში მწერალს სამი წლის განმავლობაში დაუწერია 5 წიგნი, "ჩემი განმარტება", "ისრაელი როგორც საიდუმლოება და ბედისწერა"; "ატლატური ზმანება ანუ ქართული მითოსი"; "იზიდას წყაროსთან" "ფრიდრიხ ნიცშე".
"ძვირფასო და საყვარელო გიგო!
მივიღე შენი ბარათი პარიზისთგან გადმომიგზავნა სალიამ. ვერ მოგწერე ამ სამი წლის განმავლობაში, რადგან მეგონა ჩემს სახელს "ერიდებოდი".
ერთი რამ უნდა გაუწყო ამასთანა დაკავშირებით, ჩემი ცნობილი წიგნი ("ადოლფ ჰიტლერი"), რომელმაც არასასრუველი ატმოსფერო შექმნა ჩემი სახელის გერშემო, ვერ იქნა ნამდვილად გაგებული, ვერც მომხრეთა ბანაკში მაქ გამოყვანილი პიროვნებებისა და ვერც მის მოწინააღმდეგეთა შორის. შარშან დავსწერე "ჩემი განმარტება", რომელიც თვითონ წიგნზე ვრცელია. იქ ვიძლევი "შიფრს" წიგნის ნამდვილად გაგებისთვის.
მოვათავე 4 წიგნი: "ისრაელი, როგორც საიდუმლოება და ბედისწერა" გადმოვშალე ძველთაძველნი საიდუმლონი, რომელნიც საუკუნეთა განმავლობაში ან ვერ დაუნახავთ, ან თუ დაუნახავთ, ბოლომდე ვერ აუხსნიათ. მეორე - "ატლანტიკური ზმანება, ანუ ქართული მითოსი".
სამი კამარა ამ შრომიდან გამოვაქვეყნე "ქართულ საქმეში", დანარჩენს ვაქვეყნებ "ბედი ქართლისაში" დრო და დრო. აქ ვშლი კადუს მზეოსთან სამყაროს, რომელიც თვითონ ქართველებისთვისაც უცნობია, ერთხელაცაა, და ნახავს კაცობრიობა თუ რა არის "საკარდულ"-საქართველო. "იზიდას წყაროსთან" აღმოვაჩინე საიდუმლო ეგვიპტელთა მისტიერებისა. ამ "ენგადიდან" ვიხილავ დასავლეთის "გონიერ ვითარებას".
ერთი ნაკვეთი ამ შრომიდან ეხება მაგისტრალს დასავლეთის ფილოსოფიისას-დაიბეჭდა ერთ ფრიად მნიშვნელოვან ჟურნალში. "ფრიდრიხ ნიცშე" - ავსახე ნამდვილი ნიცშე. წავიკითხე მოკლედ ციურიხში (ერთ წრეში) განცვიფრებულები დარჩნენ. დაწვრილებით სხვა დროს.
იყავი მხნედ, მარჯვედ და კარგად! შენი ერთგული გრიგოლ რობაქიძე"
1963 წლის სექტემბერში გრიგოლ რობაქიძის დამ ლიდია რობაქიძემ მიმართა საქართველოს მწერალთა კავშირს რათა აღედგინათ მწერლის სახელი და შემოქმედება, თუმცა გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას, კერძოდ ერთ პუბლიკაციას ქართველი მკითხველი მხოლოდ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს გაეცნო.
ამ ამბავს კი ასე იხსენებს საქართველოს ცეკას ყოფილი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი.
"ნინო სალიას მხოლოდ ერთხელ შევხვდი, მაგრამ ამ შეხვედრის დროს ბევრი რამის თქმა მოასწრო, მათ შორის, იმისაც, რომ გრიგოლ რობაქიძის არქივი მასთან ინახებოდა. როდესაც პარიზიდან დავბრუნდი, დავუკავშირდი ოთარ ეგაძეს, ვიცოდი, რომ გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებაზე იგი მუშაობდა.
ვკითხე, რისი დაბეჭდვა შეიძლებოდა რობაქიძის შემოქმედებიდან საბჭოთა საქართველოს პირობებში.
რასაკვირველია, ანტისაბჭოთა დისიდენტური განწყობის ნაწარმოების დაბეჭდვა გამორიცხული იყო, მაგრამ მქონდა სურვილი, რომ შესაძლებლობების ფარგლებში რობაქიძის გენიალური შემოქმედება ქართველ მკითხველამდე რაიმე ფორმით მიგვეტანა.
გრიგოლ როქაბიძის შემოქმედებაში მართლაც აღმოჩნდა ასეთი წერილი ლენინზე. დავუკავშირდით "ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორს. გვერდიგვერდ დაიბეჭდა გორკისა და რობაქიძის პუბლიკაციები, ორივე ლენინზე წერდა, მაგრამ შემოქმედებითი და მხატვრული თვალსაზრისით გორკი რობაქიძესთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ რობაქიძის შეუდარებლობა წარმოგვეჩინა.
"ლიტერატურული საქართველოს" ამ ნომერს საოცარი გამოხმაურება მოჰყვა მკითხველის მხრიდან, რომლის გარკვეულმა ნაწილმა რობაქიძის არსებობის შესახებ სწორედ მაშინ გაიგო.
მალევე მივავლინეთ გერმანიაში მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი ციციშვილი, რათა საარქივო მასალების გარდა გერმანულ ენაზე გამოცემული რობაქიძის ნაწარმოებები ჩამოეტანა საქართველოში.
ასე რომ, გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების შესწავლა და პოპულარიზაცია გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა, და ამის უშუალო მომსწრე და მონაწილე მე ვარ, როგორც საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელი".