რატომ გაათავისუფლა შაჰ-აბასის ქართველმა ბებიამ სიმონ მეფე ალამუთის ციხიდან
მამუკა ნაცვალაძე
16.09.2017

 მეთქევსმეტე საუკუნის 80-იანი წლები კავკასიის ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო მონაკვეთია. უმძიმესი პოლიტიკური ვითარების ფონზე იქარგება მოვლენები. მაჰმადიანური გარემოცვა ქართველთა სამეფო-სამთავროებს ყოფნა-არყოფნის დილემის წინაშე აყენებს. ეს ის დილემაა, რომლის დაძლევაც მხოლოდ ფილიგრანული დიპლომატიითა და სამხედრო წინააღმდეგობის ბალანსით მიიღწევა.

ქართლის მეფე სიმონს ერთიც ეხერხება და მეორეც. თუმცა, ის 1569 წელს ფარცხისთან ბრძოლისას ტყვედ ჩაიგდეს ყიზილბაშებმა და მაჰმადიანობაზე რომ ვერ მოაქციეს, საგულდაგულოდ გამოკეტეს ალამუთის ციხეში. იმ ციხეში საიდანაც კაცი კი არა ჩიტიც ვერ გაფრინდება თავისუფლად.

1578 წელს მოხდა უპრეცედენტო ფაქტი - თავად სეფიანებმა ისურვეს სიმონის გათავისუფლება. ბუნებრივია, ქართლის მეფის ბედი მათ ნაკლებად აწუხებთ, ისინი მიხვდნენ, რომ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში ქართლი მათი მოკავშირე უნდა იყოს, რამდენადაც აქ გადაეჯაჭვა ერთმანეთს ქართლისა და ყიზილბაშთა ინტერესები.

რატომ არ დააცალეს შაჰ თამაზს შვილებმა სიკვდილი

მანამდე კი ყაზვინში ირანის შაჰის ტახტზე დიდი ცილობა გაუმართავთ შაჰ-თამაზის მემკვიდრეებს. მომაკვდავს აღარ აცლიან ნებიერად ამა ქვეყნიდან განშორებას, შვილებმა სიკვდილიც კი გაუმწარეს სეფიანთა მბრძანებელს, რომელიც 52 წელი მართავდა ქვეყანას.

ეს იყო უსასტიკესი წლები, რომლის სუსხიც ოთხგზის იწვნია საქართველომ. შაჰ თამაზის შემოსევები სისხლიან ლაქად დააჩნდა ჩვენს ქვეყანას და ეს სისასტიკე ყაზვინის სასახლის კარზე მიმდინარე პროცესებისაც დაეტყო.

ჯერ დედით ქართველი ჰაიდარ მირზა აიყვანეს ტახტზე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღით, ის მისმა ძმამ ისმაილმა მოაკვლევინა. ამ ამბავს "მესხური მატიანე" გადმოგვცემს, რაც იმის დასტური უნდა იყოს, რომ პოლიტიკურ გადატრიალებაში თავრიზის სამეფო ტახტზე ქართველები აქტიურობენ.

სწორედ ჰაიდარ მირზას დამამხობელი შაჰ ისმაილის პოლიტიკური გათვლაა ქართლის მეფის სიმონის გათავისუფფლება. მასთან ერთად თავისუფლება უბოძეს კახეთის ბატონიშვილს იესეს, იგივე ისა ხანს და სხვა ქართველ დიდებულებს.

ეს ის ძალაა, ოსმალოს რომ უნდა დაუპირისპირდეს, იმ ოსმალოს, ყაზვინის სასახლის ინტრიგებს რომ ადევნებს ფხიზლად თვალს და აქტიურად ფიქრობს ამასიის ზავის დარღვევას.

როგორ ჩაიგდო ხელში სეფიანთა ძალაუფლება მესხი ფეოდალის ქალიშვილმა

1555 წელს ირანმა და ოსმალეთმა საქართველო ორად გაიყვეს - ირანს აღმოსავლეთი ერგო, ოსმალოს - დასავლეთი, თუმცა, ეს მხოლოდ დროებითი ზავია, მართალია ბუნებრივი საზღვარი ამ ზავს და შესაბამისად გავლენათა სფეროების ასეთ განაწილებას შემდეგში კლასიკურ არტახებში მოაქცევს, თუმცა, ახლა მზარდი პოლიტიკური ძალის შემთხვევაში ოსმალთათვის სრულიადაც არაა მისაღები რაიმე დაუთმოს სეფიანებს.

ეს უკანასკნელნი საკმაოდ პასიურობენ საგარეო ასპარეზზე, შიდაარეულობამ და სასახლის ინტრიგებმა მათი პოტენცია სრულად შეიწირა, ჰოდა, ოსმალოსაც მეტი რა უნდა - ხედავს რომ უკეთეს დროს ვერ ინატრებს ამასიის ზავის დასარღვევად, მით უფრო, რომ ახლა ისმაილიც შეიწირა შიდა ინტრიგებმა და შაჰის ტახტზე შაჰ თამაზის სხვა შვილი - ბრმა და დავრდომილი ხუდაბანდა ზის, ბრმა და დავრდომილი რომ ვერ მართავს სეფიანთა იმპერიას, ამას რა მიხვედრა უნდა. საცნაური სწორედ ისაა, რომ მთელს ძალაუფლებას თავის ხელში იღებს ქართველი ქალი - მესხი ფეოდალის შალიკაშვილის ასული, შაჰ-თამაზის ცოლი, შაჰ ხუდაბანდას დედა, რომელიც სულ მალე უფრო დიდ სიურპრიზს შესთავაზებს სეფიანებს - გავა სულ ათიოდე წელი და ასპარეზზე გამოვა სეფიანთა ისტორიაში უძლიერესი მმართველი, მისი შვილიშვილი, მისი გაზრდილი აბას პირველი...

რატომ იჩენდნენ საქართველოსადმი სისასტიკეს დედით ქართველი სეფიანები

კიდევ ერთი სახასიათო მომენტი - შაჰ თამაზის 12 შვილიდან ოთხი ქართველი ქალიდან ჰყავდა, საცნაური კი ისაა, რომ სწორედ ეს დედით ქართველნი იჩენენ განსაკუთრებულ სისასტიკეს ქართველებისადმი, ძნელია იმის თქმა, რატომ არის მათთვის გამორჩერული მოტივაცია უშეღავათონი და სასტიკნი იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლისას...

არ დასცალდა შაჰ ისმაილს სიმონ მეფისა და სხვა ქართველების დამოძღვრა, თავრიზის სასახლეში მოყვანილ საპატიო ტყვეებს ჯერ დირექტივა არ მიუღიათ, შაჰ ისმაილი, მათი გათავისუფლების მოთავე, აღარაა ცოცხალი, თუმცა, ბრმა ხუდაბენდა, უფრო დედამისი შალიკაშვულის ასულია უკვე ინიციატორი გააგრძელოს ის საქმე, რაც შაჰ-ისმაილმა ჩაიფიქრა.

მრისხანე მოწინააღმდეგენი, ერთმანეთს რომ არაფერში ინდობენ, ამ შემთხვევაში სრული თანამოაზრეები არიან. ფაქტია, ირანს მზარდი ოსმალეთის შეტევის მოგერიება არ ძალუძს, ამიტომაც ქართული კოზირი უნდა დაუპირისპიროს მოწინააღმდეგეს. კარგად ხვდება შალიკაშვილის ასული ამ რეალობას, ამიტომაც ზუსტად იმ გზას აგრძელებს, რაც ჯერ კიდევ მისი შვილის ხუდაბანდას დაუძინებელმა მტერმა შაჰ ისმაილმა დასახა. სწორედ მესხი ფეოდალის ასულის ინიციატივით ხდება საბოლოოდ ქართველთა გათავისუფლება და ქართლში გამოგზავნა.

რატომ არ გამოდგა სიმონ მეფე სეფიანთა მარიონეტად

მაგრამ ერთია სეფიანთა გეგმები და მეორეა თავად სიმონი... ქართლის მეფე არ არის ის კაცი ვინმეს მარიონეტად გამოდგეს, აშკარაა რომ დასავლეთიდან ოსმალთა აგრესია არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას, ამიტომაც თანხმდება სეფიანთა თამაშის პირობებს სიმონი, იმიტომ რომ აქ საქართველოსა და ირანის ინტერესი გადაეჯაჭვა ერთმანეთს. ეს ის ძალაა, რომელიც ოსმალოს აგრესიას უნდა აღუდგეს წინ, რომ არა ეს წინააღმდეგობა, სრულიად დაიპყრობს საქართველოს ოსმალო... ამას კარგად აცნობიერებენ ქართველები, ამიტომაც არის სეფიანთა წინადადება სიმონისა და მასთან ერთად დატყვევებული თავადებისთვის მისაღები.

მაგრამ ბოლომდე მაინც არ ენდობიან სეფიანები სიმონს. მას და მის გვერდით მყოფ ქართველ თავადებს ისლამის რჯულზე მოქცევას აიძულებენ. ახლა აღარ არის გაჯიუტების დრო - სიმონისთვის და სხვა ქართველთათვის მთავარია სამშვიდობოს გასვლა და ქართლის გადარჩენა, ამ შემთხვევაში შეცვლილი რწმენა, მითუმეტეს როცა ამას მხოლოდ მოჩვენებითი ხასიათი აქვს, არ არის გადამწყვეტი ფაქტორი.

ბუნებრივია, თავრიზში იციან და სიმონიც საქმის კურსშია, რომ ოსმალებმა დაიპყრეს სამცხე საათაბაგო, ქართლს მოადგნენ, თბილისშიც გამაგრდნენ და ახლა სწორედ ეს ჭირია მოსაცილებელი... ახლა საქართველოს ოსმალთაგან დახსნაა პრიორიტეტული და ისიც სწორედ ამ მიმართულებით იწყებს ფიქრს და მოქმედებას.

არც სეფიანები არიან გულუბრყვილონი, ბუნებირივია, მათთვისაც ძნელად დასაჯერებელია, რომ ქართველებმა, რომელთაც თავის დროზე არ დათმეს საკუთარი რჯული, ახლა შეიცვალეს ხედვა და ჭეშმარიტად მოექცნენ ისლამზე, თუმცა ამ თვალთმაქცობაზეც ხუჭავს თვალს ყიზილბაში, ახლა მას ყოფნა-არყოფნის ჟამი უდგას, რადგანაც, აშკარაა, რომ ქართლში მოთარეშე ოსმალები იქ არ გაჩერდებიან და სულ მალე თავრიზსაც მოადგებიან.

ერთი სიტყვით, სიმონისა და მისი თანმხლები თავადების გათავისუფლებას და ქართლისკენ გამომგზავრებას ალტერნატივა არ გააჩნია. ფარსადან გორგიჯანიძე გადმოგვცემს თუ რა პატივით გამოისტუმრეს ცხრა წლის წინ დატყვევებული ქართველობა ირანელებმა: "ცხენი, აქლემი, ჯორი შეუკაზმეს, კარვები მოუფინეს და სალაროთ აუკიდეს და საქართველოს მეფობა მისცეს და რაყამი ძმობით მისწერეს..."

როგორ მიიღო ქართლმა გამაჰმადიანებული სიმონი

ქართლის მოსახლეობისთვის თავსებადი არ გახლავთ სიმონ მეფე და მაჰმადიანობა, ეს ერთობა ფაქტობრივად ის ლახვარია, რაც მაჰმადიან მონსტრთა ინტერესებს ემსახურება, ბუნებრივია, რთულია იმის შეგუება რომ მათი სათაყვანო მეფის ლუარსაბის მეორე შვილმაც შეიცვალა რჯული. საკმაოდ მწარედ განიცადა სიმონმა საკუთარი ძმის, სისხლისა და ხორცის დავითის - შემდგომში დაუდ ხანის ღალატი. იტალიელი მისიონერების მტკიცებით, სიმონს მწარედ უტირია ამ ამბის გაგების შემდეგ.

ბუნებრივია იცის ქართლის მეფემ რომ მას ახლა ბერი ეჭვით შეხედავს, ის მზადაა ასეთი ფსიქოლოგიური წნეხისთვის, ამიტომაც მან წინასწარ საზღვრავს რაზე აიღოს აქცენტი, რა გააკეთოს იმისათვის, რომ ხალხს ეჭვები გაუფანტოს.

აყოველდღიურ ურთიერთობაში მეფესთან შეხვედრებისას ხალხი რწმუნდება, რომ სიმონის მაჰმადიანობას მოჩვენებითი ხასიათი აქვს და მხოლოდ შირმაა იმისათვის, რომ სეფიანებმა თავიანთი პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილონ. ყველა ხვდება, რომ ფარცხისის ომში მედგრად მებროლი სიმონი არ შეცვლილა, ის ისევ ძველებურად სამშობლოს ინტერესებსა და ქართულ რწმენას იცავს.

ხალხი არასდროს ტყუვდება, ხალხს ყოველთვის სამართლიანი განაჩენი გამოაქვს, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სულ მალე სიმონი გაერთიანებული ქართლის ლაშქრის წინამძღოლია, მის ლაშქარში ეწერება ყველა, ვისაც კი სამშობლოზე შესტკივა გული.

ოსმალო თბილისში გამაგრებულა, სიმონის გამაჰმადიანებულმა ძმამ დაუდ ხანმა ჩააბარა ოსმალოს ქალაქის კლიტენი და სტამბულს გაეშურა განცხრომისათვის, სწორედ ამ დროიდან ჩააყენეს იქ ხონთქარის ჯარი... სანამ სიმონის ლაშქარი თბილისს შეუტევს, იმ თავადებს უნდა მიხედოს, რომელთა იწილო-ბიწილოს ქვეყნის ინტერესებისათვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს და რაც მთავარია, ძალიან ცუდ პრეცედენტს ქმნის.

სიმონის ფეოდალური პრევენციის ფორმები

საჭიროა პრევენციის ზომების მიღება - ღალატი არ უნდა იქნას წახალისებული, არ უნდა ჩამოყალიბდეს განცდა იმისა, რომ ვინმე ქვეყნის ღალატით რაიმე სარგებელს ნახავს.

თითქოს სიმონ მეფის საქციელი პირადულია, თითქოს ანგარისშს უსწორებს საკუთარ მტრებს, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ მეფე, რომელიც ეროვნულ ინტერესებს იცავს, ქვეყნის ინტერესების დამცველია და მისი ღალატი ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

ეს მოდელი საქართველოს მთელს ისტორიას წითელ ზოლად გასდევს, ამიტომაც სავსებით ლოგიკურია და ლეგიტიმური სიმონის გადაწყვეტილება დასაჯოს ბარძიმ ამილახვარი და მისი თანამოაზრე ყველა ის თავადი, სიმონის არყოფნის დროს სამეფო ოჯახი რომ დაარბია... არ ინდობს სიმონი ვახტანგ მუხრანბატონსაც, რომელიც ცდილობს გამოესარჩლოს ბარძიმს... განაჩენი გამოუტანეს კახაბერ ყორღანაშვილის ოჯახსაც, რომლის წყალობითაც სიმონი ყიზილბაებმა ტყვედ ჩაიგდეს - ყორღანაშვილის სახლეული დედაწულიანად ამოწყვიტეს.

სანამ თბილისზე შეტევას დაიწყებს, განსაკუთრებულად ღვივდება შუღლი სიმონსა და კახთა მეფე ალექსანდრეს შორის. აშკარაა დიდი ჯიბრი და შინაგანი დაპირისპირება. კახთა მეფეს ალექსანდრეს, რომლის დაც ნესტან დარეჯანი სიმონის მეუღლეა, სიმონის გამაჰმადიანებული ძმა რენეგატი დაუდ ხანი შეუფარებია, ეს ის დაუდ ხანია, სეფიანთა კოზირი რომ გახლდათ დიდი ხნის მანძილზე და შემდეგ ირანელებსაც რომ უღალატა. არც სიმონი დარჩა ვალში - სამაგიეროდ ის კახთა მეფისწულს იესეს, გამახმადიანებულ ისა-ხანს მფარველობს.

სულ მალე სიძე ცოლისძმა - სიმონი და ალექსანდრე დაუპირისპირდება ერთმანეთს და აქ კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი იშლება საქართველოს ისტორიისა, რომელიც ცხადყოფს - ღალატსა და შურს, ურთიერთქიშპს ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი მოაქვს...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×