ნინო ქეთელაური
16.09.2017

 უკვე 2 კვირაა, რაც ყოფილი ჟურნალისტი ვასილ სილაგაძე დიდუბის ეკლესიასთან მათხოვრობს. ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით უკვე 14 წელია, მას გადაადგილება უჭირს, მდგომარება კი დღითი დღე მძიმდება. როგორც სილაგაძე აცხადებს, წინა და ახლანდელ მთავრობას დახმარების თხოვნით არერთხელ მიმართა, თუმცა - უშედეგოდ.

შემთხვევა, რომელმაც ყოფილი ჟურნალისტის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, 2003 წელს მოხდა. იგი სასტუმრო "აჭარასთან" გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. მიღებული ქალა-ტვინის დაზიანებისა და 4-თვიანი კომის შემდეგ, მას სხეულის მარჯვენა ნაწილის მოძრაობა შეეზღუდა.

ამას დაემატა ის ფაქტიც, რომ საავადმყოფოში ყოფნისას მას ხორხზე ზონდი შეუხორცდა, მის ამოღებას კი მეტყველებისა და ყლაპვის ფუნქციის დარღვევა მოჰყვა.

ვასილ სილაგაძეს საქართველოში შვიდი ოპერაცია და 6 სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა, თუმცა, მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება.

როგორც თავად აცახდებს, დახმარების თხოვნით მოვლილი აქვს არაერთი უწყება თუ კომპანია, მაგრამ - უშედეგოდ. ის ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედადაა დარჩენილი.

"აქ ვზივარ იმიტომ, რომ დავფიქსირდე. დამინახონ, რა მდგომარობაში ვარ. ამით როგორ უნდა იცხოვრო ადამიანმა... მათხოვრობით იმდენ ფულს როგორ მოვაგროვებ, რომ საზღვარგარეთ გავემგზავრო და ოპერაცია გავიკეთო.

"ოჯახის წევრებმა არც იციან, მოწყალებას რომ ვითხოვ. სახლში ვთქვი, "რეზონანსში" დავბრუნდი-მეთქი და ჰგონიათ, სამსახურში დავდივარ", - ამბობს ვასილ სილაგაძე და აღნიშნავს, რომ მას პერიდულად სარეაბილიტაციო კურსიც ესაჭიროება, რომლის დაფინანსებასაც წვალების შედეგად აღწევს.

"დაფინანსებაზე სირბილით და მათხოვრობითაც დავიღალე უკვე. ხომ შეიძლება, ერთხელ დავფინანსდე და დავისვენო მეც და იმათ კარზე აღარ ვიდგე ყოველ წუთას", - ამბობს ვასილ სილაგაძე.

აღსანიშნვია, რომ გამოხმაურება მხოლოდ მის მიერ ჯანდაცვის სამინისტროში შეტანილ განაცხადს მოჰყვა, თუმცა დაფინანსებამდე საჭირო იყო სპეციალისტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა, რომ ჟურნალისტს ნამდვილად ესაჭროება საზღვარგარეთ ოპერაცია. ამისთვის სამინისიტრომ ექიმი თემურ მარღანია გამოუყო, რომელზეც ვასილ სილაგაძე აცხადებს, რომ მას არც კი შეხვერია, ტელეფონზე საუბრისას ისე განუცხადა, რომ მსგავს დასკვნას არ დაუწერდა, რადგან ეს "ძველი ტრავმაა და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება".

ვასილ სილაგაძის თქმით, გამოჯანმრეთელების იმედს აძლევს ადამიანი, რომელიც მსგავს მდგომარეობაში იყო, გერმანიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად კი სრულიად გამოჯანმრთელდა.

"ეს იყო სამხედრო გიორგი ძებისაშვილი, რომელსაც ოპერაცია გერმანიაში ჩაუტარდა და სრულიად გამოჯანმრთელდა. მაშინ მეც შევაგროვე ყველა საჭირო საბუთი, მაგრამ ფინანსების არქონის გამო დავრჩი ისევ ასე.

"აქ გამოჯანმრთელების იმედი არ მაქვს. ვნახე უკვე ჩვენი ექიმების მიდგომა და მათი იმედი არ მაქვს. გერმანიაში კი ჩემს მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი დააყენეს ფეხზე", - ამბობს ვასილ სილაგაძე.

ამასთან, როგორც ყოფილი ჟურნალისტი აღნიშნავს, მას სოციალური დახმარება მოუხსნეს, რის გამოც ყველა სამედიცინო მომსახურებაში ფულის გადახდა უწევს.

"ჩემს დას დაუფიქსირდა ხელფასი (ის საბავშვო ბაღში მუშაობს), რაც გახდა იმის მიზეზი, რომ სოციალური დახმარება მოგვიხსნეს", - აცხადებს სილაგაძე.

მას ახლა უკვე გადაწყვეტილი აქვს, "ნაცმოძრაობის" ან "ოცნების" მერობის კანდიდატების სააჩევნო შტაბთან პროტესტის ნიშნად დაჯდეს მანამ, სანამ მისთვის არ მოიცლიან.

"ჯერ "ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვდი დახმარებას, მერე - "ქართულ ოცნებას". არც ერთი არ დამეხმარა, ამიტომ ვიჯდები მათ საარჩევნო შტაბთან იქამდე, სანამ ყურადღებას არ მომაქცევენ", - ამბობს ყოფილი ჟურნალისტი.

ვასილ სილაგაძის სახელზე "თიბისი ბანკში" გახსნილია ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის გადარიცხვა:

GE01TB7102345063600014.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×