მეექვსე საუკუნის 30-იანი წლები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი დრამატული პერიოდია. ეს ის დროა, როცა ქართლში მეფობა გაუქმებულია, ერთიანი ქართველური პოლიტიკური სივრცე მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე ბიზანტიასა და ირანს შორის ცილობის საგანია. სწორედ ამ პერიოდში ზეობს ეგრისის მეფე გუბაზ მეორე, გამორჩეულად ტრაგიკული ბედი რომ არგუნა განგებამ.
გუბაზს ურთულეს პერიოდში მოუწია მეფობა, მისი მიზანი იმ ფილიგრანული დიპლომატიის გაგრძელება იყო, რომლის გამოყენებით რამდენიმე ათეული წლის წინ ვახტანგ გორგასალმა თავის ჭკუაზე ათამაშა ორი პოლიტიკური მონსტრი. ეგრისის მეფემ ეს ვერ შეძლო, ალბათ იმიტომ, რომ უკვე სხვა დრო და ჟამი იდგა, სრულიად განსხვავებული გორგასლის პერიოდის მსოფლიოსაგან.
რა თავსატეხი გაუჩინა ვახტანგ გორგასალმა მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე იმპერიებს
ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასლმა დიდი თავსატეხი გაუჩინა მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე ბიზანტიასა და სასანიანურ ირანს. ფილიგრანული დიპლომატიის წყალობით უზადოდ გამოიყენა ამ სახელმწიფოთა დაპირისპირება და მემკვიდრეებს დაუტოვა თვისებრივად განსხვავებული საქართველო - საქართველოს გაერთიანების მეორე პრეცედენტი, გარდა ამისა, გამოიკვეთა საქართველოს დასავლური პოლიტიკური ორიენტირი, რომელიც, მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული, აღარასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ.
ქართველთა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მყარი ორიენტირი თითქოსდა ბიზანტიის წისქვილზე ასხამდა წყალს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიზანტია იმპერიაა და მას ქრისტიანობა, როგორც იდეოლოგია, საკუთარი პოლიტიკური საზღვრების გაფართოებისათვის სჭირდება. ეს კი სწორედაც რომ წინასწარ გამორიცხავს ქართულ ბიზანტიურ დალხენილ ურთიერთობებს.
ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ ირანელებმა იძალეს კავკასიაში, ეს ქართულ პოლიტიკურ რეალობასაც დაეტყო, მეექვსე საუკუნის 20-30-იანი წლებიდან საერთაშორისო ასპარეზზე ბიზანტიაც იწყებს აქტიურობას.
რატომ ვერ იგუა ბიზანტიამ ლაზიკის სამეფოს არსებობა
აგრესიული პოლიტიკის სამიზნე მთლიანად ერთიანი ქართველური სივრცეა, თუმცა, გეოგრაფიული ფაქტორიდან გამომდინარე, განსაკუთრებული შეტევა ეგრისის, ლაზიკის სამეფოზე ხორციელდება.
თავისი გეგმები აქვს დასავლეთ საქართველოს მიმართ სასანიანურ ირანსაც, სწორედ ამ დასავლურ-აღმოსავლური მსოფლიო ჭიდილის ფონზე უნდა მოახერხოს გუბაზ მეორემ ქვეყნის მართვა. ეს არ არის იოლი საქმე, ბეწვის ხიდზე გავლის ტოლფასია ფილიგრანული დიპლომატია, მით უფრო, რომ ირანსაც და ბიზანტიასაც აქვს მწარე გამოცდილება - გორგასალმა სულ სამიოდ ათეული წლის წინ როგორ მოახვია თავს ქართული სახელმწიფოს ინტერესები. ახლა ორივე იმპერია უფრო ფრთხილია, უფრო გამოცდილი...
ბიზანტიელები მეექვსე საუკუნის 20-30 წლებიდან იკავებენ დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ნაგებობებს, აშენებენ ციხე-ქალაქ პეტრას, აქ დასვა ბიზანტიის იმპერატორმა განსაკუთრებული უფლებებით აღჭურვილი მოხელე სტრატეგოსი, რომელიც, ფაქტობრივად, მთელი ეგრისის ვაჭრობას აკონტროლებდა. კავკასიის ხელში ჩაგდებაც ამ დიდ იმპერიებს სწორედ იმ სავაჭრო გზის კონტროლისათვის სჭირდებათ, რომელიც დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ სავაჭრო არტერიის კონტროლი უდიდესი ფინანსური შემოსავლის მომტანია.
როგორ ითვალისწინებდა ბიზანტია რომის იმპერიის ქართულ გაკვეთილებს
ეს ის დროა, მსოფლიოს მწარედ რომ ახსოვს, რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას დიდ იმპერიებს ერთიანმა კავკასიამ. ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ქართლის მეფე ფარსმან ქველმა სწორედ მის ხელთ არსებული კოზირის გამოყენებით დააჩოქა უძლიერესი სახელმწიფო. ეს კოზირი ჩრდილოეთ კავკასიის უღელტეხილებია, რომელსაც ტრადიციულად ქართული სახელმწიფოები აკონტროლებდნენ.
ბიზანტიური ჯარების შემოყვანა სწორედ ამ უღელტეხილების გაკონტროლების მცდელობაა, ერთმორწმუნის მიზნები უფრო შორსაც მიდის - მისი მოქმედება სხვა არა არის რა, თუ არა აშკარა განაცხადი - რომ დასავლეთი საქართველო მათი ტერიტორია და, შესაბამისად, ბიზანტიის იმპერიის განუყოფელი ნაწილია.
ბუნებრივია, ბიზანტიელი სტრატეგოსები ერთგულად ასრულებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს - ჯერ პეტრე, შემდეგ კი იოანე ციბე სწორედ ამ კუთხით იყვნენ გამორჩეული.
მიუხედავად ერთმორწმუნეობისა, ბიზანტიისა და ლაზიკის ინტერესები არ არის თანხვედრაში. ბიზანტიელი მოხელეების მთავარი მიზანი დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური დამორჩილება გახლავთ. ბუნებრივია ისიც, რომ ხშირად სტრატეგოსები მეფის ხელისუფლებაში ერევიან. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ეგრისის მეფის ინსტიტუცია მათთვის სრულიად ზედმეტია და ამიტომაც არაფერს იშურებენ ამ ინსტიტუციის დასაკნინებლად.
რა საერთაშორისო ფუნქცია გააჩნდა ლაზიკის სამეფოს
ლაზიკის სამეფოს, მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე საუკუნის 30-იანი წლებიდან ერთგვარად შესუსტებულია, მკაცრად გამოკვეთილი საერთაშორისო ფუნქცია გააჩნია - ის საზღვაო სახელმწიფოა, რომელსაც თავისი ეკონომიკა აქვს, საზღვაო სავაჭრო ურთიერთობები მისთვის საკმაოდ დიდი კაპიტალის მომტანია, ეს ის გზაა, რომელიც ნებისმიერ სამეფოს განუზომელ პოტენციას სძენს. მსოფლიოს ისტორიას აქვს ამისი კლასიკური მაგალითი კართაგენის სახით.
საზღვაო სახელმწიფო ტრადიციულად დიდ საშიშროებას ქმნის რომისა და ბიზანტიისათვის, ამიტომაც ცდილობენ რომეების სტრატეგოსები ლაზიკის განეიტრალებას და ირანთან საზღვრის რაც შეიძლება შორს გადაწევას. მაგრამ მთავარი დარტყმა თავისუფალ ვაჭრობას უნდა მიადგეს, ეს ის სტრატეგიაა, კარდინალურად რომ აკნინებს ლაზიკის სამეფოს საერთაშორისო ფუნქციას.
ბუნებრივია, ლაზიკა თავის პოტენციალს კარგად იყენებს და ეს იციან ბიზანტიელებმა. არექოლოგიური გათხრებისას ბიჭვინთასა და სოხუმში აღმოჩენილია ამ პერიოდის ბევრი უცხოური ნივთი, რაც მოწმობს ლაზიკის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობს, ერთი მხრივ, რომის იმპერიასთან, მეორე მხრივ, აღმოსავლეთთან. ამ არტეფაქტების ანალიზისას აშკარაა ლაზიკის სავაჭრო კავშირები სირიასა და ეგვიპტესთანაც.
ამ მოვლენების თანამედროვე ავტორი პროკოფი კესარიელი ცხადად მიანიშნებს იმ ფსიქოლოგიურ ფონზე, ბიზანტიის ჯარის შემოსვლას რომ მოჰყვა ეგრისში. ამას ბიზანტიელთა სასარგებლოდ დაკისრებული გადასახადიც დაემატა, რამაც კიდევ უფრო გააუარესა დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთა მდგომარეობა.
როგორ ზღუდავდნენ ბიზანტიელები ეგრისში ვაჭრობას
532 წელს ბიზანტია და ირანი საუკუნო ზავს დებენ. ზავის პირობით, ბიზანტია ინარჩუნებს დასავლეთ საქართველოს, ირანის გავლენის სფეროში მოექცა აღმოსავლეთი საქართველო და დასავლეთ საქართველოს ნაწილი შორაპნისა და სკანდის ციხეების ჩათვლით.
ეს ის ფონია, რომელშიც ეგრისის ტრაგიკული ხელისუფალი, ახალგაზრდა გუბაზ მეორე ზეობს. მისთვის მიუღებელია ის პოლიტიკა, რასაც ბიზანტია ატარებს, მით უფრო მას შემდეგ, რაც რომეებმა თავისუფალი ვაჭრობა აკრძალეს. ლაზიკაში აიკრძალა მარილით ვაჭრობა, ეს პროდუქტი ეგრისელებს ყირიმიდან შემოჰქონდათ და მის ფასსაც მაშინდელი საბაზრო ეკონომიკა განსაზღვრავდა. იოანე ციბემ მარილის ვაჭრობაზე სრული კონტროლი დააწესა და ფასიც საკუთარი შეხედულებისამებრ დაადო. მარტო მარილი არ აღმოჩნდა ბიზანტიური ვაჭრობის ინტერესში, სხვა საქონელზეც ანალოგიური შეზღუდვები დაადგინეს.
საცნაური კი ისაა, რომ ბიზანტიელები აიძულებენ ლაზებს, იყიდონ ის, რაც რომაელებს ეზედმეტებათ. რაც შეეხება ეგრისელებისათვის სასურველ საქონელს, მასზე ფასს თვითონვე აწესებენ. ბიზანტიელები ლაზებს ოქროსაც ართმევდნენ და ამას რატომღაც ვაჭრობას უწოდებდნენ.
როგორ ესმოდა ეგრისის გეოსტრატეგიული ფუნქცია გუბაზ მეორეს
ეს საკმაოდ თავხედური გამოწვევებია ლაზიკის მეფისათვის, მისი სამეფოს ტერიტორიაზე ჩაყენებული უცხო ქვეყნის ჯარები, მათ მიერ სავაჭრო და სხვა სტრატეგიული გზების კონტროლი აშკარად მოასწავებდა იმას, რომ შემდგომი ნაბიჯი ბიზანტისათვის ლაზიკის სამეფოს გაუქმებაა.
სწორედ აქ უნდა გამოჩენილიყო ლაზიკის მეფე გუბაზის დიპლომატიური ნიჭი. ბუნებრივია, მან იცის ირანელთა დამოკიდებულება ბიზანტიისადმი, იცის, რომ საუკუნო ზავი მათთვის მხოლოდ შირმაა სულის მოსათქმელად, მზადებაა შემდგომი შეტევისათვის, ამიტომაც გზავნის ელჩებს ხოსრო პირველ ანუშირვანის კარზე ქტეზიფონში.
ეს 541 წელია... ბუნებრივია, იცის გუბაზმა, რა უნდა შესთავაზოს ირანელებს. სასანიანთა მთავარი საფიქრალი ბიზანტიის განადგურებაა, ლაზიკა შესანიშნავი პლაცდარმია ამ მიზნის აღსრულებისთვის, საუკეთესო ვარიანტია, რომ ირანელები აქედან კონსტანტინოპოლში შეიჭრნენ და საკუთარ ბუნაგში გაანადგურონ ბიზანტიელები. ამ მიზანს ემსახურება ის აქცენტები, რომლებსაც გუბაზის ელჩების კონკრეტული შეთავაზებები შეიცავს.
დასავლეთ საქართველოში გაბატონების მთავარი წინაპირობაა აქ არსებული დიდი და პატარა უღელტეხილების კონტროლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიოსკურიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გადასასვლელი, ასევე რაჭიდან ჩრდილოეთით მიმავალი გზა. სწორედ ამ გზის გამოყენებას სთავაზობს გუბაზი ირანელებს.
ეს ის პერიოდია, როცა ქართველები ჩრდილოეთ კავკასიელ მთიელებთან ინარჩუნებენ ინტენსიურ კონტრაქტებს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ გუბაზის ელჩები ხოსრო პირველს ამ მთიელების გამოყენებასაც სთავაზობენ ბიზანტიის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ეს პირველი ნაბიჯია იმისათვის, რომ ირანმა ბიზანტია ჩამოიცილოს, მეორე მნიშვნელოვანი შეთავაზებაა გემების მშენებლობისთვის დასავლეთ საქართველოში არსებული სასარგებლო წიაღისეულის გამოყენება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რამდენადაც საზღვაო ხომალდები ის საშუალებაა, რითაც შესაძლებელია ბიზანტიის დედაქალაქზე შეტევის განხორციელება.
რა საფრთხეს შეიცავდა გუბაზის ირანელებისადმი შეთავაზებები ერთიანი ქართული პოლიტიკისთვის
არადა, ეს წინადადებები ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს ერთიანი ქართული პოლიტიკური სივრცისთვის. ამ გეგმით, ფაქტობრივად, გარანტირტებული ჰქონდათ ირანელებს აღმოსავლეთ საქართველოს საბოლოო დამორჩილება, რამდენადაც, ერთიანი ქართული სივრცე, ერთიანი ცნობიერება და ნათესაური კავშირები ქმნიდა იმის საშუალებას, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ირანელთა წინააღმდეგ თუნდაც წარუმატებელი აჯანყებისას, ანტიირანული განწყობის მქონე ადამიანებს დასავლეთ საქართველოსთვის შეეფარებინათ თავი.
დასავლეთი საქართველო აღმოსავლეთისათვის ის პოლიტიკური ზურგი იყო, რაც მათი დამოუკიდებლობის მთავარ გარანტს წარმოადგენდა. სწორედ ამ ზურგს აშიშვლებდა გუბაზის პოლიტიკა. მას, ვინც სასანიანთა წინააღმდეგ გამოვიდოდა აღმოსავლეთ საქართველოში, აღარ ექნებოდა გასაქცევი დასავლეთ საქართველოში.
ეს მცირე, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიუანსი კი იმის წინაპირობა იყო, რომ ერთიანი საქართველო ირანელთა გავლენის სფეროში ექცეოდა.
ბუნებრივია, კარგად ჩანს, თუ რა დონეზე აცნობიერებს გუბაზ მეორე საკუთარი ქვეყნის გეოსტრატეგიულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს წინადადებები სასანიანთათვის მისაღებია, მაგრამ ამას იქით არის მთავარი პირობა - ის, რისთვისაც სთავაზობს ამ ყველაფერს ირანის შაჰს ლაზიკის მეფე. სასანიანებმა უნდა აღიარონ ეგრისის სამეფოს არსებობა და დასავლეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინსტიტუციები.
რატომ არ სჯერა ქტეზიფონს ცრემლების
სწორედ ეს უჭირს ხოსრო ანუშირვანს, ისევე როგორც ბიზანტიისთვის, სასანიანთათვისაც თავიანთი მიზნების აღსრულებისას ხელისშემშლელია სწორედ ლაზიკის სამეფოს არსებობა. ამიტომაც, ის არ შეეგუება ეგრისის დამოუკიდებლობას.
გუბაზი ძნელად აცნობიერებს ამას, მაგრამ ვა-ბანკზე მიდის. ეს მისი ახალგაზრდობითა და უმწიფარობით შეიძლება ავხსნათ - ის ხომ 541 წელს სულ რაღაც 18 წლისაა.
დამნაზესა და წათე პირველის მწარე მაგალითები, სამწუხაროდ, ვერ აღმოჩნდა მისთვის შემაბრკოლებელი არგუმენტი...
542 წელს ირანელთა ლაშქარი ლაზიკაში შედის... სულ მალე კიდევ ერთხელ გახდება ცხადი, რომ ნებისმიერ იმპერიას ულმობელი კანონები მართავს, რომ ქტეზიფონს "ცრემლების არ სჯერა"...