ტექდათვალიერების 35 ცენტრი მზადაა, მაგრამ პროცესი ისე უჩუმრად მიმდინარეობს, მძღოლებმა არაფერი იციან
მარი ჩიტაია
19.09.2017

 სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების პროცესს პირველ ეტაპზე 20 და მეტი წლოვანების ავტომობილები გაივლიან. მათი ინსპექტირების საბოლოო ვადა 2018 წლის 1-ლი იანვარია. ეს ნიშნავს, რომ ნახევარ მილიონზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ ტექდათვალიერების გავლა 3 თვეში უნდა მოასწროს. ამ ეტაპისთვის ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებისათვის დაახლოებით 35-მდე აკრედიტირებული ტესტირების ცენტრი მზადაა. წლის ბოლომდე მათ კიდევ რამდენიმე შეემატება.

ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ვალდებულების ძალაში შესვლამდე 3 თვე დარჩა. ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ რეფორმა სრულად არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს, რასაც გვიყენებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება.

როგორც აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, აკრედიტირებული ტესტირების ცენტრების დანიშნულება იქნება სწორედ ის, რომ შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებები, რამდენად აკმაყოფილებს საგზაო უსაფრთხოებისა და გამონაბოლქვის მოთხოვნებს. არავითარ გადამეტებულ რეგულაციებზე საუბარი არ არის.

აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პაატა გოგოლიძის ინფორმაციით, შემოწმების ცენტრებში ხაზების რაოდენობა 35-მდეა. აქედან 7 თბილისშია. მათი რაოდენობა წლის ბოლომდეც მოიმატებს და მომდევნო თვეების განმავლობაში ცენტრების რაოდენობა დაახლოებით 15-20%-ით გაიზრდება.

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის ინსპექტირების ვადა განსხვავებულია. ეს ნიშნავს, რომ ყველას ერთად არ დასჭირდება ცენტრებში მისვლა, დროში ეს პროცესი ისე იქნება განაწილებული, რომ ცენტრების რაოდენობა საკმარისი იყოს. ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ გვექნება.

სავალდებულო ტექდათვალიერების დაწყებამდე სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიახლისთვის ბაზარი მზად იქნება, დაბრკოლებას არ ველოდებით. აკრედიტირებული ტესტირების ცენტრების დანიშნულება იქნება სწორედ ის, რომ შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებები რამდენად აკმაყოფილებს საგზაო უსაფრთხოებისა და გამონაბოლქვის მოთხოვნებს. ამ ეტაპზე საქართველოს ყველა რეგიონში უკვე არის ეს ცენტრები და წლის ბოლომდე მათ კიდევ რამდენიმე დაემატება, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა 15-20%-ით გაიზრდება", - აცხადებს გოგოლიძე.

აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავტომობილები წლოვანების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიად დაიყოფიან, მათი სავალდებულო შემოწმება კი ასეა გაწერილი ვადებში. კერძოდ, 20 და მეტი წლოვანების ავტომობილების შემოწმების საბოლოო ვადაა 2018 წლის 1-ლი იანვარი; ასევე, 17-დან 19 წლამდე ავტომობილებიც უნდა შემოწმდეს 2018 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო 14-დან 16 წლამდე მანქანების საბოლოო ვადა 2018 წლის 1-ლი ივნისია. 11-დან 13 წლამდე ავტომობილების შემოწმების ვადა 2019 წლის 1-ლი იანვარია; 1-დან 10 წლამდე ავტომობილებისთვის საბოლოო ვადაა 2019 წლის 1-ლი ივნისი.

ცხადია, თუკი მოცემულ ვადებში არ ექნებათ მძღოლებს სერტიფიკატი, დაჯარიმდებიან. შესაბამისად, ახლა ყველაზე მეტად 1997 წლამდე გამოშვებული მანქანების მძღოლებმა უნდა იჩქარონ. 1-ლი იანვრიდან იგივე რეგულაცია უკვე 2007 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება.

საქართველოში სულ დაახლოებით 1,2 მლნ ავტომობილია რეგისტრირებული, საიდანაც ბუნებრივ აირზე 300 ათასი მუშაობს. მათი 40 პროცენტი, დაახლოებით 550 ათასი კი 20 წელზე მეტი ხნისაა.

არასამთავრობო სექტორი სისტემის გამჭვირვალობაზე ამახვილებს ყურადღებას. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მიმდინარე ეტაპზე ბევრი ავტომობილი ნამდვილად ვერ გაივლის ტექდათვალიერებას, თუმცა ჩვენ უნდა ავირჩიოთ პრიორიტეტები. ექსპერტების წინასწარი შეფასებით, საწყის ეტაპზე უნდა იყოს ლიბერალური მიდგომა, მოგვიანებით კი ეტაპობრივად გამკაცრდეს.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელ დავით მესხიშვილის თქმით, ტექნიკური დათვალიერების ცენტრები მაქსიმალურად მოწესრიგებული და მომზადებული უნდა იყოს, პერსონალი კი - აუცილებლად გადამზადებული, რათა შეძლონ ტესტირების იმ სტანდარტში ჩატარება, როგორც ეს ევროპაშია მიღებული. კორუფციის დონე ნულამდე უნდა იყოს დასული.

"მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 4 წელზე მეტი ასაკის ავტომობილი 2 წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს, თუმცა, არ არის გამორიცხული, კანონმდებლობა გადაიხედოს. მაგალითად, რაც უფრო ახალია ავტომობილი, მით უფრო იშვიათად მოწმდებოდეს.

ჩვენ თუ ავდგებით და ყველა მძღოლს ვაიძულებთ, ყველაფერი ერთად შეამოწმოს, ეს შედეგს ვერ მოგვცემს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში 1,2 მლნ-დან 10 წელზე უფრო ასაკოვანი ავტომობილი დაახლოებით 800 000-ია. ეს მოთხოვნა ძალიან მძიმე სოციალური დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის.

ტექდათვალიერება აუცილებელად, თუმცა ეტაპობრივად უნდა ჩატარდეს და კანონმდებლობით ეს არის კიდეც გათვალისწინებული. სადაც კი გამოვდივართ, ყველგან ვსაუბრობთ, რომ კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ აქამდე რეალურად არაფერი შეცვლილა.

პრობლემას უფრო რეფორმისადმი ხელისუფლების არასწორ მიდგომაში ვხედავ. საზოგადოებასთან, კერძოდ, მძღოლებთან, ნულოვანი კომუნიკაციაა. ასეთი მიდგომით რეფორმის გატარება შეუძლებელია. ელემენტარულად, ქვეყანას არ ჰყავს ტრანსპორტის პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება, პასუხისმგებელი პოლიტიკური პირი და დამოუკიდებლად საუბრობენ იმ პრობლემაზე, რომელიც აირბალონიანი ავტომობილების სავალდებულო დათვალიერებას უკავშირდება.

არ ვამბობ, რომ მასობრივად დააჯარიმონ ხალხი, მაგრამ შესაძლებელია ისიც, რომ გამაფრთხიელებელი რეიდები მოაწყონ, რათა დარწმუნდნენ, რეალურად რა პრობლემასთან გვაქვს საქმე", - აცხადებს მესხიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×