5-10 წლის შემდეგ დაიწყება შეუქცევადი პროცესი, რომელსაც სპეციალისტები გაუტყეურებას ეძახიან - ეს იმას ნიშნავს, რომ საქარველოში ტყე პრაქტიკულად აღარ იქნება.
ამასთან, სპეციალისტების შეფასებით, 1-2 წელში დავდგებით იმ პრობლემის წინაშე, რომელსაც ენერგეტიკული შიმშილი ეწოდება, ანუ რაიონის მცხოვრებლები ვეღარ გათბებიან იმ ტრადიციული მეთოდით, შეშით, რომელსაც დღემდე იყენებდნენ, რაც, თავის მხრივ, იმის საფრთხეს ქმნის, რომ ახალი მიგრაციული ტალღის მომსწრენი გავხდეთ.
სატყეო სააგენტო აცხადებს, რომ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებით გარემოზე მიყენებულმა ზიანის ოდენობამ წელს 2 მილიონ 600 ათასზე მეტი ლარი შეადგინა, ხოლო რაოდენობრივად უკანონოდ 35 700-ზე მეტი ძირი მოიჭრა.
"სატყეო სააგენტოში განაცხადეს, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, რეგიონული სატყეო სამსახურებისა და შიდა კონტროლის სამსახურის თანამშრომელთა მიერ გამოვლენილი იქნა სამართალდარღვევის 2 474 ფაქტი. უკანონოდ მოპოვებული რესურსის მოცულობამ 18,619,49 კუბმეტრი შეადგინა; უკანონოდ მოპოვებული რესურსის რაოდენობამ ძირობრივად - 35,741 ძირი; გარემოზე მიყენებულმა ზიანის ოდენობამ - 2,615,475 ლარი. უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს ასევე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმაც.
"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში განაცხადეს, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 14 სექტემბრამდე გამოვლინდა: უკანონო ტყითსარგებლობის 1 103 ფაქტი, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 844 ფაქტი, სულ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ოდენობამ კი 9780,97 კუბმეტრი შეადგინა", - ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
როგორც აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით "რეზონანსთან" "კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის" გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა განაცხადა, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მიერ გამოვლენილ რაოდენობაზე რეალურად უკანონოდ მოპოვებული ხეების რაოდენობა 100-ჯერ მეტია.
"ეს არის ის რაოდენობა და მოცულობა, რომელიც სახელმწიფომ გამოავლინა, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ამაზე დაახლოებით 100-ჯერ მეტი ხეა მოჭრილი.
"კანონიერად, მხოლოდ შეშისთვის სახელმწიფო იმაზე გაცილებით ნაკლებ ხეს გამოყოფს მოსაჭრელად, ვიდრე მოსახლეობაშია ამის მოთხოვნა.
"დღეს შეშაზე მოთხოვნა აღემატება 2.5 მილიონ კუბმეტრს, საექსპერტო დაანგარიშებით ეს აღწევს 3 მილიონ კუბმეტრამდე, ხოლო სახელმწიფო ოფიციალურად საშუალოდ 600-700 კუბმეტრს გამოყოფს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 60-70 პროცენტი უკანონოდ იჭრება.
"ამასთან, ეს იმის მანიშნებლიც არის, რომ სახელმწიფო ვერ იქნება მომთხოვნი ამ კანონდარღვევის მიმართ, რადგან თავად არ შეუძლია, უზრუნველყოს მოსახლეობა სასიცოცხლო მნიშვნელობის სათბობი რესურსით.
"მნიშვნელოვანია ის, რომ თუკი მოსახლეობა, რომელისთვისაც შეშით გათბობა ერთადერთი გამოსავალია, ვერ მოახერხებს მის მოპოვებას, ეს იმას გამოიწვევს, რომ ისინი დაკეტავენ თავიანთ სახლებს და ჩვენ ახალ მიგრაციულ ტალღას მივიღებთ", - აცხადებს გეთიაშვილი.
"რეზონანსის" კომენტარზე, გამოდის რომ მოსახლეობას არ აქვს ალტერნატივა, ზამთრის პირობებში შეშის გარეშე გათბეს და იგი იძულებულია, დაარღვიოს კანონი და ამასთან, საფრთხის ქვეშ დააყენოს საკუთარი სიცოცხლე, გარემოსდამცველი გვაპსუხობს, რომ ეს დაზუსტებულია. რადგან გარემოს დაცვის სამინისტროში შემუშავდა მონაცემები, განისაზღვრა შეშის ის რაოდენობა, რაც მოსახლეობას ყოველწლიურად სჭირდება გასათბობად.
"სამინისტროსა და სპეციალისტების მიერ მონაცემების დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ ყოველწლიურად მხოლოდ მოსახლეობა ჭრის 2.4 მილიონონ კუბმეტრს, ხოლო სახელმწიფო გამოყოფს 600 ათას კუბმეტრს. ეს თანაფარდობა დაახლოებით 1:5-ზეა.
"ანუ სახელმწიფოს შეუძლია, მოსახლეობის მხოლოდ მეხუთედი დააკმაყოფილოს შეშით, დანარჩენი 4/5 არის უკანონოდ მოპოვებული.
"ამას ემატება კერძო სექტორიც, სასტუმროები, რესტორნები და თონეები. ამათან, აბსოლუტურად ყველა უკანონოდ მოიხმარს შეშას, როგორც სათბობ რესურსს, რადგან საქართველოში კანონით, შეშის ყიდვა-გაყიდვა აკრძალულია და ნებისმიერ რესტორანსა და სასტუმროში თუ ვნახავთ, რომ შეშა არის დაყრილი, ეს იმის ნიშანია, რომ ის უკანონოა.
"შეშის დიდი მომხმარებელია ასევე სკოლები, ბაღები, ეკლესია და თავდაცვის სამინისტროც. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო გაცილებით ნაკლებ მოთხოვნას აკმაყოფილებს და ეს მაჩვენებელი შეიძლება 1:6-თან თანაფარდობაც იყოს, რაც, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ ყოველი 6 მოჭრილი ხიდან 5 უკანონოა", - აცხადებს გეთიაშვილი.
მისივე თქმით, უკანონოდ მოპოვებული მოჭრილი ხეების გამოვლენა თითქმის უშედეგოა, რადგან სასამართლო თითქმის 100%-ით ათავისუფლებს ყოველგვარი ვალდებულებისგან სამართალდამრღვევს.
"სახელმწიფოს არ აქვს იმის საშუალება, რომ თითოეული უკანონო ფაქტი დააფიქსიროს და მასზე აღძრას სამართლებრივი პროცედურა. უფრო მეტიც, ერთი წლის განმავლობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩვენ გამოვიკვლიეთ ყველა ის სასამართლო პროცესი, რომელიც ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების აღსრულებას ეხებოდა და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სასამართლოს გათავისუფლებული ჰყავდა პასუხისმგებლობისგან სამართალდამრღვევი.
"კი, სასამართლო ჰუმანურია, მან იცის, რომ ამ ადამიანებს სხვა გზა არ ჰქონდათ და ამიტომ ჭრიდნენ უკანონოდ ხეებს, მაგრამ რეალურად ეს იმასაც ნიშნავს, რომ საერთოდ აზრი ეკარგება ასეთი სამართალდარღვევების გამოვლენას.
"თუკი ამაზე ვხარჯავთ საკმაოდ დიდ რესურსს, ვავლენთ სამართალდარღვევას, ვგზავნით სასამართლოში, რომელიც ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს კანონის დამრღვევს, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ამ სისტემის შენახვაზე გამოყოფილი და დახარჯული რესურსი არამართლზომიერი და გაუმართლებელია.
"ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ზამთრის პერიოდში ოჯახს გასათბობად სჭირდება დაახლოებით 7 კუბმეტრი, მაღალმთიან რაიონებში 14 კუბმეტრი. თუ ადრე ერთი მოჭრილი ხისგან რამდენიმე კუბმეტრ შეშას ვიღებდით, ახლა 1 კუბმეტრი შეშის დასამზადებლად, დაახლოებით 10 ხის მოჭრაა საჭირო. ანუ ახლა ერთი ოჯახისთვის სამყოფი შეშის წამოსაღებად ტყეში დაახლოებით 40-50-60 ხის გაჩეხვა არის საჭირო.
"ის ადამიანებიც, რომლებსაც მოსახლეობისთვის მოაქვთ შეშა, თავადვე ხედავენ, რომ შეშა პრაქტიკულად აღარ არის ტყეში და ზოგიერთ რაიონში თავადვე აფრთხილებენ მცხოვრებლებს, რომ ეს შეიძლება იყოს ბოლო ზამთარი, როდესაც ისინი ამ სამუშაოს ასრულებენ. ისინი უკვე ყიდიან თავის ტექნიკასაც, ეძებენ ალტერნატიულ სამუშაოს, რადგან ტყეში რესურსი გამოილია", - გვეუბნება გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი.
"რეზონანსის" კითხვაზე, თუკი ასე გაგრძელდა ხე-ტყის გაკაფვა, რა შედეგს მივიღებთ, გეთიაშვილი გვასუხობს, რომ საქართველო პრაქტიკულად დადგება იმ რეალობის წინაშე, რომელშიც მას ტყე პრაქტიკულად აღარ ექნება.
"ტყე ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანი რესურსია, როგორიც აზერბაიჯანისთვის ნავთობი. 5-10 წლის შემდეგ კი ამ პერსპექტივაში უკვე იქნება ტყეების შეუქცევადი დეგრადაცია, ამას სპეციალისტიები გაუტყეურებას ეძახიან, ანუ ჩვენ ტყე აღარ გვექნება.
"ჩვენი ეს ძირითადი ბუნებრივი სიმდიდრე, რომელიც ქვეყნის თითქმის 40%-ს შეადგენს და რომელზე მნიშვნელოვანი რესურსიც საქართველოს არ გააჩნია, აღარ გვექნება.
"კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც 5 და 10 წელი კი არა, 1-2 წელი დასჭირდება, არის ის, რასაც სოციალისტები ენერგეტიკულ შიმშილს ეძახიან, ანუ მოსახლეობა დადგება სათბობი რესურსის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე.
"ე.ი. მოსახლეობა ვეღარ შეძლებს იმ ტრადიციული მეთოდებით გათბობას, რომელსაც აქამდე იყენებდა. ეს იმას გამოიწვევს, რომ ის იძულებული გახდება, გაყიდოს საცხოვრებელი და ჩვენ მიგრაციის ახალ ტალღას მივიღებთ", - აცხადებს რეზო გეთიაშვილი.