ია აბულაშვილი
20.09.2017

 "ამისთანა ლამაზსა და კარგს სანახავს იშვიათად შეხვდება კაცი არამცთუ ჩვენში, არამედ უცხოეთში8 ეს წიგნი განძი იქნება ყოველი ქართველის ოჯახისათვის"7 - ასე გამოეხმაურა გაზეთი "ივერია" 1888 წელს "ვეფხისტაყოსნის" ახალ გამოცემას. ამ წიგნის შესახებ ჩვენს ისტორიულ წყაროებში უამრავი მასალა არსებობს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ამბავი, რომელიც წიგნის გამოცემის ისტორიას უკავშირდება.

აყველაფერი კი ასე დაიწყო: "ვეფხისტყაოსნის" გამოცემის ინიციატორებად გამოვიდნენ მაშინდელი მოწინავე ქართული საზოგადოების წარმომადგენლები რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი და იონა მეუნარგია, რომლებმაც მიზნად დაისახეს ახალი რედაქციის დადგენა, ნაბეჭდი ტექსტისა და ხელნაწერების ერთმანეთთან შეჯერება. ამ სამუშაოს შესასრულებლად შეიქმნა კომისია, რომელშიც შედიოდნენ გრიგოლ ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, გაბრიელ ქიქოძე, სერგი მესხი, პატრე უმიკაშვილი, ნიკო დადიანი, დავით ერისთავი. კომისიას ხელმძღვანელობდა გრიგოლ ორბელიანი, მდივნობდა იონა მეუნარგია.

"რაც ჰომერი ბერძნებისთვის იყო, ის რუსათველი ქართველებისთვის არის. შვიდ საუკუნეში, რომელიც გასულია რუსთაველის დროებიდამ "ვეფხისტყაოსანი" ბევრის გადაწერა-გადმოწერით, ჩამატებით გამოკლებით, ისე შეიცვალა, რომ გვგონია, რუსათველის გენიამ უარყოს პოემის ავტორობა. ამიტომ ქართული ლიტარატურის მოყვარულთა ვალია, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, აღვადგინოთ ნამდვილი პოემა დიდის პოეტისა, ისეთსავე მეცადინეობითა და მონდომებით, რა მეცადინებითაც სხვა ხალხები ეპყრობიან თავიანთ საუკეთესო პოეტების მანუსკრიპტებს" - ასე გააცნეს კომისიის წევრებმა ქართულ საზოგადოებას თავისი მიზნები 1880 წელს გაზეთ "დროების" ფურცლებიდან.

"ვეფხისტყაოსნის" ახალი გამოცემის კომისია პირველად 1880 წლის 24 ნოემბერს შეიკრიბა, თუმცა მაშინვე თავი იჩინა პრობლემებმა, გამოცემის ინიციატორებს ხელთ მხოლოდ 8 ხელნაწერი აღმოაჩნდათ, კომისიამ ჩათვალა, რომ ეს ხელნაწერები არ კმაროდა. ამიტომ "დროების" ფურცლებიდან თხოვნით მიმართეს ქართველ ხალხს - ვისაც აქვს, დროებით გამოგვიგზავნოთ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი, რომელიც შემდეგ შესწორებისა დაგიბრუნდებათ უკლებლად და ყოვლის მიზეზის გარეშეო.

იონა მეუნარგია წერდა: "როცა მითხრეს, "ვეფხისტყაოსანს", როგორც განძს, გამოსაგზავნად ვერავინ შეელევაო, მივმართე თხოვნით გრიგოლ ორბელიანს და "ვეფხისტყაოსნის" კუთხე-კუთხე ჩამოთხოვა მოხდა... გრიგოლ ორბელიანის წერილით".

"ქართულის გაზეთით მოხსენიებული გექნებათ, რომ არის სურვილი შეთანხმდეს დაბეჭდილი "ვეფხისტყაოსანი" სხვადასხვა ხელნაწერ "ვეფხისტყაოსანთან". მე თვითნ მივიღე მონაწილეობა ამ სასარგებლო საქმეში და უმორჩილესად გთხოვთ თუ გქონდესთ, ან თუ შოვნა შეგეძლოსთ, გამოგვიგზავნოთ მოყვანილი ადრესით ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი". დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ შემდგომ შესწორებისა, თქვენი წიგნი უნაკლოთ მოგერთმევათ. თქვენი გულითად პატივისმცემელი თავადი გრიგოლ ორბელიანი. 30 ნოემბერის, 1880 წ." - ამ თხოვნით მიმართა გრიგოლ ორბელიანმა ქართულ საზოგადოებას.

წერილი 1880 წლის 30 ნემბერს გამოქვეყნდა პრესაში. გაიგზავნა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცნობილ ოჯახებში. როგორც აღმოჩნდა, ზოგს ხელნაწერი აღმოაჩნდა, ზოგს - არა, რამდენიმემ ხელნაწერის თხოვებისაგან თავი შეიკავა, მაგრამ პოეტის თხოვნამ გასჭრა და კომისიას 22 ხელნაწერი დაუგროვდა. მათი აღწერა დაევალა იონა მეუნარგიას. 1881 წლის თებერვალში კომისია უკვე შეუდგა ტექსტის დადგენას და გარკვეული მუშაობის შემდეგ დასაბეჭდად მოამზადა. პირობის თანახმად, "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერები პატრონებს დაუბრუნდათ.

კომისიამ ასევე დაიწყო ზრუნვა წიგნის გაფორმებაზე. დასურათება მიანდეს ცნობილ უნგრელ მხატვარ მიხაი ზიჩის. წიგნის გასაფორმებლად ასევე მოიწვიეს პირველი ქართველი გრავიორ-ქსილოგრაფი გრიგოლ ტატიშვილი, რომელმაც წიგნის გასაფორმებლად შეარჩია ძველი ქართული ტაძრების ჩუქურთმები. პოემის თითოეული გვერდი შეამკო ორნამენტული ჩარჩოებით.

როგორც ამბობენ, ქართული ლიტერატურის წარმომადგენლებმა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამეს თხოვნით მიმართეს, საქართველოში გამოეგზავნა რამდენიმე თვით ცნობილი უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი: "თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ გყავთ ცნობილი მხატვარი, ჩვენ კი გვაქვს ცნობილი პოემა, ნება გვიბოძეთ, ისინი ერთმანეთს დავაკავშიროთ. დაე, თქვენი დიდი მხატვარი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენთან დარჩეს და დიდებული ეროვნული გამოცემისთვის ჩვენი დიდი პოეტის თხზულების ილუსტრაცია შეასრულოს".

მიხაი ზიჩი თბილისში 1881 წელს ჩამოვიდა. სანამ სამუშაოს დაიწყებდა, საქართველოში იმოგზაურა. თბილისისა და ქუთაისის თეატრებში პოემის ცალკეული ეპიზოდების მიხედვით ცოცხალ სურათებს აწყობდა. საქართველოში უნგრელმა მხატვარმა წელიწად-ნახევარი დაჰყო, პეტერებურგში კი შესარჩევად და დასამუშავებლად ესკიზები წაიღო. 1885 წელს მან თბილისში ესკიზები და ილუსტრაციები გამოაგზავნა და თან წერილიც დაურთო, სადაც ეწერა: "გიგზავნით არა თორმეტ, არამედ ოცდათოთხმეტ ესკიზს ასარჩევად. აღნიშნეთ, რაც აღსანიშნავია, დანომრეთ და სასწრაფოდ უკან გამომიგზავნეთ, რომ ამ სამუშაოს სწრაფად დამთავრება შევძლო. ჩემი მხრიდან არა მხოლოდ 34 ნახატს გამოვცემ, არამედ შეიძლება, სხვებიც დავუმატო და მათ დასავლეთ ევროპაში პატარა ფოტოგრაფიულ ალბომში დავბეჭდავ. ამით ქართველი პოეტის, რუსთაველის სახელი და დიდება უფრო ფართოდ გავრცელდება. დასასრულს გთხოვთ, ჩემს სურათებს ისე მოეპყარით, როგორც ქართველები ეპყრობიან უცოდველ ქალებს - ნაზად და ფრთხილად!"

წიგნში ჩასართავად 27 ილუტრაცია შეირჩა. მიხაი ზიჩმა, რომელიც "ვეფხისტყაოსანს" ქართველების ბიბლიას უწოდებდა, ილუსტრაციების დაბეჭდვა უსასყიდლოდ თავის თავზე აიღო. უცხოეთში გამგზავრების დროს ნახატები თან წაიღო, რათა ვენაში, სამხატვრო სახელოსნოში "ანგერსი და გეშლის" კლიშეები დაემზადებინა. ილუსტრაციები მიხაი ზიჩის მეთვალყურეობით იბეჭდებოდა. ფერადი - ლეიფციგში, დანარჩენები - პეტერბურგში. ილუსტრაციები საბოლოო სახით მხატვარმა თბილისში 1887 წელს გამოაგზავნა. თბილისში მეორედ სტუმრობის დროს მან ჩამოიტანა "ვეფხისტყაოსნის" ილუტრაციების ალბომი, რომელიც პოემის გამომცემლობას აჩუქა წარწერით "ქართველ ხალხს ჩემი სიმპათიისა და გულითადი ერგულების ნიშნად. ზიჩი. ს. პეტერბურგი 1889 წ. 10 მარტი".

წიგნის გამოცემის ინიციატორებმაც, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატეს უნგრელი მხატვრის მიმართ და წიგნის ბოლოსიტყვაობაში ასეთი ჩანაწერი გააკეთეს: "ამ წიგნის უსასყიდოლოდ დასურათება იკისრა მხატვარმა მიხაი ზიჩმა, რომელსაც უსაზღვრო მადლობას ვუხდით. ზიჩის ხელით დახატულიდამ ფოტოცინკოგრაფიით ვენაში ანგერერმა გადაიღო, ხოლო ფერადებიანი სურათები გააკეთებული პეტერბურგს ბერზეს ქრომო-ლითოგრაფიაში. არშიები, სათაური ასოები და საბოლოები შეადგინა გრიგოლ ტატიშვილმა და ამოსჭრეს პეტერბურგში ლემანმა და მეიმ. მხატვრობა ამ მორთულობისთვის გადმოცემულია ძველის მწერლობიდამ და საქართველოს ციხე-ეკლესიებიდამ. მხოლოდ ზოგიერთი ამ მხატვრობათაგან უფრო დამთავრებული და დასურათებულია თითქოს ყოველ მონასტერსა და ციხეს, მცხეთას, უფლისციხეს, ბეთანიას, ქუთაისს, გელათს, საფარას, კაბენს, სამთავისს, ატენს - თავისი წვლილი უდევს ამ წიგნში, თავისი კვალი აქვს აღბეჭდილი".

ასეთი წიგნის გამოცემას, რა თქმა უნდა, დიდი თანხა სჭირდებოდა. ეს საქმე ითავა ცნობილმა ქართველმა მეცენატმა გიორგი ქართველიშვილმა, რომლიც ისტორიაში შევიდა, როგორც "ქართველიშვილისეული გამოცემა". წიგნის გამოსაცემად გიორგი ქართველიშვილმა გამოიწერა ახალი შრიფტი, სათაურის ასოები, ორნამენტები, გასაფორმებელი ნახატები. წიგნი დაიბეჭდა თბილისში, მარტიროსიანცის სტამბაში. ტირაჟი - 1 270 ცალი. წიგნი გამოვიდა 1888 წლის გაზაფხულზე. გამოცემის მთელი ტირაჟი ქართველიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა.

როგორც მაშინდელი ქართული პრესა წერდა, ქართველიშვილმა "ვეფხისტყაოსნის" ეს უნიკალური გამოცემა თბილისში სტუმრად მყოფ ალექსანდრე მესამესა და მის მეუღლეს, დედოფალ მარიამ თეოდორეს ასულასაც უსახსოვრა. "იმპერტარიცას ქართველიშვილმა და მეუნრაგიამ მიართვეს ძღვნად "ვეფხისტყაოსნის" გამოცემა 1888 წლისა, რისთვისაც ისინი დაჯილდოვდნენ". ამბობენ, წიგნით აღფროვანებულმა იმპერატრიცამ ქართველიშვილი და მეუნარგია ძვირფასი ბეჭდებით დაასაჩუქრაო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×