ჩვენი მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, მსოფლიოს რამდენ ენაზე ითარგმნა უკვდავი პოემა "ვეფხისტყაოსანი", მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსენოთ ერთი საინტერესო ისტორია, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" ფრანგულ თარგმანს უკავშირდება.
ეს ამბავი კი ასე ყოფილა: ცნობილ მწერალსა და საზოგადო მოღვაწე იონა მეუნარგიას, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" 1888 წლის გამოცემის ინიციატორი და კომისიის მდივანი იყო, ეკუთვნის "ვეფხისტყაოსნის" პირველი სრული თარმანი ფრანგულ ენაზე.
როგორც მწერლის ბიოგრაფები წერენ, 1878 წელს პარიზიდან სამშობლოში დაბრუნებულ იონა მეუნარგიას მოსვენებას არ აძლევდა ფიქრი "ვეფხისტყაოსანზე", მის პოპულარიზაციაზე, უცხო ენებზე თარგმანსა და ტექსტის "როშკოშით" გამოცემაზე, როგორც ის ერთ-ერთ პირად წერილში აღნიშნავდა.
მე-19 საუკუნის 80-იან წლებში იონა მეუნარგიამ და სხვა ცნობილმა ქართველმა მოღვაწეებმა დიდი ეროვნული საქმე წამოიწყეს - "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის დადგენა და დაბეჭდვა.
ილია ჭავჭავაძის წინადადებით, "ბეჭდვის კომიტეტმა" იონა მეუნარგიას "ვეფხისტყაოსნის" ფრანგული პროზაული თარგმანის გამზადება დაავალა.
მწერალი მისთვის ჩვეული მონდომებით შეუდგა დავალების შესრულებას და რამდენიმე თვეში გაასრულა კიდეც თარგმანი, თან დროდადრო გაზეთ "დროებაში" აქვეყნებდა ცნობებს თარგმანთან დაკავშირებით.
1884 წლის აგვისტოში "დროება" იუწყებოდა: "ერთი ჩვენი მწერალთაგანი შესდგომია სრულის "ვეფხისტყაოსნის" თარგმანს ფრანცუზულს ენაზე, მეოთხედი კიდეც გადაუთარგმნია და დანარჩენის გათავების იმედი სექტემბრისთვის აქვს. რაღა თქმა უნდა, რომ ფრანცუზული თარგმანი დაიბეჭდება კიდეც ლოგუვის ან რენანის წინასიტყვაობით, როგორც გვწერს ამ აზრით გატაცებული მთარგმნელი".
იონა მეუნარგიამ თარგმანზე მუშაობის დროს ტექსტის სრულყოფისა და საბოლოო რედაქტირების მიზნით თავის სოფელ ცაისში მიიწვია იმხანად საქართველოში მყოფი ფრანგი ჟურნალისტი ჟულ მურიე და ავსტრიელი მწერლები, ცოლ-ქმარი ბერტა და არტურ ფონ ზუტნერები. ქართველი მწერალი დიდ იმედს ამყარებდა უცხოელ მწერლებთან ერთობლივ მუშაობაზე.
"როგორც გაცნობე, ამას წინათ, მე სტუმრები სოფელში ჩამოვიყვანე და შევუდექით თარგმანს, უფრო უმეტესის დაკვირვებითა და სინდისით. ჯერ უკანასკნელს რედაქციას ვადგენთ ფრანციცულად და მერე იქვე ნემენცურად ვთარგმნით წიგნს.
"ეს ორი კვირაა, დღე და ღამე ვმუშაობთ და როგორც იყო, ერთს მეოთხედს მოვუღეთ ბოლო", - წერდა იონა მეუნარგია პეტერბურგში მყოფ თავის მეგობარ ნიკო ნიკოლაძეს.
ცნობილი ავსტრიელი მწერალი არტურ ზუტნერი კი რუსთაველის უკვდავ პოემას ასე აფასებდა: "რუსთაველი უდიდესი სიყვარულით ეკიდება თავის საქმეს. პოემას თავიდან ბოლომდე გასდევს ერთი მთავარი აზრი: ამაღლებული, წმინდა და მტკიცე სიყვარული. რომანის ეპიზოდები დახატულია უაღრესად ნათლად.
მკითხველი იოლად აღიქვამს გმირების გონიერებასა და მშვენირებას. გმირთა გამოკვეთის საშუალებები მოგვაგონებს ოთხი საუკუნით დაშორებულ ტასოს ხერხებს... სადაც არ უნდა მიმდინარეობდეს მოქმედება, "ვეფხისტყაოსანი" იყო და იქნება ქართული ნაწარმოები. ის მაღლა დგას "როლანდზე" და საერთოდ ვერაფერს ამნაირს იოლად ვერ იპოვით დასავლეთის ლიტერატურაში".
როგორც ჩანს, ცოლ-ქმარ ზუტნერების დაინტერესება "ვეფხისტყაოსნის" მხოლოდ თარგმანში მონაწილეობით არ შემოიფარგლა, 1884 წელს ქართულ და რუსულ პრესაში გამოქვეყნდა არტურ ზუტნერის წერილების სერია "უცხოელის აზრი ვეფხისტყაოსანზე", სადაც უცხოელი მკითხველისათვის ბევრი მასალა იყო რუსთაველისა და მისი პოემის, საქართველოსა და საერთოდ ქართული კულტურის შესახებ.
ავსტრიელი მწერალი თვლიდა, რომ პოემა უნდა ითარგმნოს თანამედროვე ევროპულ ენებზე, რაც უეჭველად დიდ სამსახურს გაუწევს მსოფლიო მეცნიერებასო.
"რუსთაველი თავისუფლად შეიძლება მოვაქციოთ იმ ათი თუ თორმეტი პოეტის გვერდით, ვისი სახელი და დიდებაც საუკუნეებთან ერთად იზრდება. რუსთაველის პოემის პოპულარიზაციაში უდიდესი როლი შეასრულა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალმა თაობამ, რომელმაც მიზნად დაისახა "ვეფხისტყაოსნის" თარგმნა უცხო ენებზე და მსოფლიოს გაცნობა" - წერდა არტურ ფონ ზუტნერი.
მოკლედ, იონა მეუნარგიამ, ცნობილი ავსტრიელი მწერლების არტურ და ბერტა ფონ ზუტნერების დახმარებით ფრანგულ ენაზე თარგმნა "ვეფხისტყაოსანი" და საილუსტრაციოდ წარუდგინა ცნობილ უნგრელ მხატვარ მიხაი ზიჩს, რომელმაც შექმნა გენიალური პოემის უნიკალური ილუსტრაციები.
როგორც ირკვევა, "ვეფხისტყაოსნის" ფრაგნული თარგმანის ერთი ეგზემპლარი გაეგზავნა მიხაი ზიჩს პეტერბურგში, ხოლო მეორე რემინგტონის მანქანაზე ნაბეჭდი თუ ხელით გადაწერილი იონა მეუნარგიას უჩუქებია თბილისში მყოფ იმპერატორ ალექსანდრე მეორისთვის.
მესამე ეგზემპლიარი 1915 წელს თბილისში ჩამოსული სახელგანთქმული რუსი პოეტისთვის, ბალმონტისთვის გადაუცია, რომელიც პოეტს პოემის რუსულ ენაზე თარგმანისთვის სჭირდებოდა. სწორედ ეს იყო ფრანაგული თარგმანის უკანასკნელი ეგზემპლარი.
ბალმონტი საქართველოში აღარ ჩამოსულა და აღარც მის მიერ დროებით წაღებული ხელნაწერი დაუბრუნებია მეუნარგიასთვის. როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, ეს ხელნაწერი თუ საერთოდ გადარჩა, პარიზში ბალმონტის არქივში უნდა იყოს ან პეტერბურგში ერმიტაჟის საცავებში ვეძებოთ ფრაგნგული თარგმანის ის ეგზემპლარი, რომელიც იონა მეუნარგიამ რუსეთის იმპერატორს გადასცა თბილისში ყოფნისას.
ცნობისთვის, არტურ და ბერტა ფონ ზუტნერები საქართველოში ეკატერინე ჭავჭავაძემ მოიწვია. ის სამეგრელოს დედოფალს 1864 წელს ჰამბურგში გაუცვნია. ეკატერინე ჭავჭავაძე უცხოელ ცოლ-ქმარს საქართველოსა და მის ისტორიაზე ბევრს უყვებოდა, რამაც მათ გადააწყვეტინა საქართველოში ჩამოსვლა.
ბერტა ზუტნერი თავის წიგნში წერდა: "ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვდრა, საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა. ჩვენ წინაშე მოულოდნელობით აღსავსე ახალი სამყარო გადაიშალა".
არტურ და ბერტა ზუტნერები საქართველოში თითქმის 9 წელი ცხოვრობდნენ. აქედან ხუთი წელი ზუგდიდში გაატარეს, სადაც ცოლ-ქმარი სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძის სტუმრები იყვნენ. შემდეგ თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.
ეკატერინე ჭავჭავაძემ სარეკომენდაციო წერილი გამოატანა მათ ერეკლე ბატონიშვილის ქვრივ თამართან. არტურ ზუტნერმა მუშაობა დაიწყო გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთში, სადაც საქართველოსა და კავკასიის შესახებ წერილებს აქვეყნებდა, ბერტა ზუტნერი კი ავსტრიულ გაზეთებში მოთხობებს და ესეებს აგზავნიდა. სწორედ საქართველოში დაწერა ავსტრიელმა მწერალმა ქალმა თავისი ყველაზე ცნობილი რომანები.
ეკატერინე ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ ბერტა და არტურ ზუტნერები ვენაში დაბრუნდნენ. ბერტა ზუტნერის რომანს "ძირს იარაღი", რომელიც 1884 წელს გამოიცა, დიდი წარმატება ხვდა წილად.
მწერალი ქალი, რომელიც მშვიდობისათვის თავდადებული მებრძოლი იყო, 1892 წელს მონაწილეობას იღებს ბერნში გამართულ პაციფისტების საერთაშორისო კონგრესში, რომლის ინიციატორი იყო ამერიკის პრეზიდენტი ბენჯამინ ჰარისონი. ამ კონგრესს ესწრებოდა ალფრედ ნობელიც.
როგორც ამბობენ, კონგრესის დასრულების შემდეგ ალფრედ ნობელმა ციურიხის ტბაზე, თავის იახტაზე მიიწვია ბერტა ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე და სწორედ ციურიხის ტბაზე გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეეტანა მშვიდობის საქმეში.
ბერტა ფონ ზუტნერი იყო პირველი ქალი, რომელსაც 1905 წლის 10 დეკემბერს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა. იგი გარდაიცვალა 1914 წელს და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო "ძირს იარაღი!".