ია აბულაშვილი
22.09.2017

 ქართული იარაღის დამზადების შესახებ მრავალი მასალა არსებობს ჩვენს ისტორიულ წყაროებში და ამის შეხსენებით მკითხველს თავს არ შევაწყენთ. დღევანდელ სტატიაში მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ამბავს გავიხსენებთ.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დენთის დამზადების დიდი ტრადიცია არსებობდა, თოფი საქართველოში მხოლოდ მე-14 და მე-15 საუკუნეების მიჯნაზე გამოჩნდა. მე-17 და მე-18 საუკუნეებში კი ეს იარაღი უკვე ჩვენშიც მზადდებოდა. იმ დროისათვის გავრცელებული იყო თოფის რამდენიმე სახეობა, მაგალითად თოფი "სიათა" 3-4 ძროხა ღირდა, "მაჟარი" - 2 ძროხა, "ხირიმი" - 15 ძროხა, "ოსტამული" კი 25 ძროხა.

მაჭახელას ხეობაში დამზადებული თოფები და დამბაჩები კი ნაქები იყო მთელს კავკასიაში და, როგორც ამბობენ, ყირიმულ თოფებსაც კი სჯობდა. "მაჭახელას" სახელი განთქმული ჰქონდა ოსმალეთის იმპერიაშიც. მე-18 საუკუნის 70-იან წლებში მაჭახელას ხაობაში ირაღის მკეთებელი 30 ოსტატი ყოფილა. ისინი ორის სახის თოფს ამზადეყდნენ - "თოფხანასა" და "ნალფარას". თოფხანა მოპირკეთებული იყო ვერცხლითა და ძვლით. მისი ლულა კი ხრახნიანი იყო, რაც შორსა და მიზანში სროლას უწყობდა ხელს.

მთელს ამიერკავკასიაში ასევე ცნობილი იყო თბილისელ ხელოვანთა მიერ დამზადებული თოფები და დამბაჩები. ქართული თოფების არაერთი საუცხოო ნიმუშები დღესაც დაცულია სანკ-პეტერბურგში, ერმიტაჟში. ამ საქმეში კი დიდი წვლილი მიუძღვით მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ჩამოსახლებულ გერმანელებს. 1846 წელს თბილისში საკუთარი ირაღის სახელოსნო გახსნა გიუჩკემ, სადაც ორლულიანი თოფები მზადდებოდა. ჩახმახებზე სამარკო წარწერას უკეთებდა "ტიფლისი, გიუჩკე". ირაღის კეთებაში მას ეხმარებოდნენ ცნობილი ძმები შპაგინები.

1896 წელს თბილისში ფრანაგულენვანი გაზეთი აქვეყნებს სამლულიანი თოფების რეკლამას, რომელიც გოტლიფ კურცის სახელთან იყო დაკავშირებული. კურცი ამზადებდა ორლულიან და სამლულიან ფისტონიან თოფებს. გოტლიფ კურცის მოწაფე იყო გეგელი, რომელსაც მიხაილოვის ქუჩაზე ჰქონა გახსნილი "მონადირეთა საიარაღო სახელოსნო" და თავადაც იქ მუშაობდა. თბილისში არსებობდა სასინჯი პალატა, რომელიც თავის დამღას ადებდა ირაღს. ეს თოფები ძირითადად ქართული ორნამენტებით იყო მორთული.

საქართველოში მოგზაურობის დროს ალექსანდრე დიუმა როცა თბილისის ოპერაში სპექტაკლ "ლამბარდიელს" დაესწრო, ყველაზე მეტად მოხიბლულა ოპერის ფარდით, სადაც სხვა ქართულ ღირშესანიშნაობებთან ერთად გამოსახული იყო ვერცხლის სევადიანი თოფი.

1867 წელს თბილისში ადგილობრივი მმართველობის გადაწყვეტილებით მეირაღეთა ოთხი ამქარი შეიქმნა, სადაც 64 ოსტატი გაერთანდა, რომლებიც ხმლებთან ერთად ამზადებდნენ კონდახებს და ჩახმახებს. ამ საამქრომ 1919 წლამდე იარსება.

 საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილების ირაღის ფონდში დაცულია უნიკალური თოფი, რომელმაც არა ერთი ბაგრატიონის ხელში გამოიარა და ძალიან საინტერსო ისტორია აქვს. ამ თოფის შესახებ სტატია გამოაქვეყნა მეცნიერმა კოტე ჩოლოყაშვილმა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის "მოამბეში". ეს თოფი სახელმწიფო მუზემში 1925 წელს მოხვდა ნიკო ბურის ოჯახიდან.

ეს იარაღი 171 სმ-ისაა, მდიდარი შემკულობით და ქართული წარწერებით, რომლითაც ირკვევა მისი ისტორია. თოფი ვახტანგ მეექვსის ვაჟის, მეფე ბაქარის საკუთრება ყოფილა და დამზადებულია ბაქარის მეფობის პერიოდში, 1717-1719 წლებში. მეორე წარწერით ირკვევა, რომ თოფის პატრონი შემდეგ ყოფილა მეფე კონსტანტინე და იგი ქართლის მეფე ბაქარს უჩუქებია. ნიკო ბურის ცნობით, კახთა მეფის კონსტანტინეს შემდეგ თოფი ედიშერ ბაგრატიონის ნიკო ბურის პაპის მამას ეკუთვნოდა. 1851 წლიდან ეს უნიკალური ირაღი ნიკო ბურის პაპის, ნიკოლოზის საკუთრება გამხდარა.

რაც შეეხება საქართველოში საარტილერიო საქმის ჩამოყალიბებას, ისტორიული წყაროების მიხედვით მე-18 საუკუნის დასაწყისში ვახტანგ მეექვსეს ჰქონდა მცდელობა, რომ საარტილერიო საქმე ქარხნული წესით ეწარმოებინათ. მისი დავალებით 1725 წელს რუსული ენიდან ვინმე მიხაილ ელიავიჩს ქართულ ენაზე უთარგმნია საარტილერიო საქმის სახელმძღვანელო, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა სახელმძღვანელო შემდგომში ერეკლე მეფის თოფჩიხანს გამოუყენებია.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან საარტილერიო საქმის განვითარებაზე ზრუნვა ერეკლე მეორემ დაიწყო. მანამდე ერეკლე მეორის ინიციატივით თბილისში, 1749 წელს გახსნილი იყო საარტილერიო ქარხანა (ჯაბახანა), სადაც თოფ-იარაღს, ზანზალიკებს და ზარბაზნებს ამზადებდნენ. ქარხანა მდებარეობდა ძველი თბილისში, კოჯრის ძველ გზის დასაწყისში, დღევანდელი ლესელიძის, დადიანისა და ასათიანის ქუჩების მიდამოებში. 1776 წელს კი განახლებულ საარტილერიო ქარხანაში გიორგი თარხან მოურავმა მეფე ერეკლეს ზარბაზანი დაუმზადა. საარტილერიო საქმის შესასწავლად რუსეთში ერეკლეს პაატა ანდრონიკაშვილი გაუგზავნია, სადაც მან რუსეთის არმიის არტილერიის ოფიცრის წოდება მიიღო. სამშობლოში დაბრუნებულს კი საარტილერიო საქმის ხელმძღვანელობა დაევალა.

ამით არ დასრულებულა ეკრეკლე მეფის მცდელობა უფრო მაღალ დონეზე აეყვანა საარტილერიო საქმე და ქვემეხების ჩამომსხმელი ქარხნის მოდერნიზება განიზრახა. დამატებით შეისყიდა 19 ევროპული ყაიდის ქვემეხი. მოიწვია არტილერიის ინგლისელი სპეციალისტები თბილისში და მათი დახამრებით ქვემეხების დამზადება მთლიანად ინგლისურ წესზე გადაიყვანა.

 პაატა ანდრონიაკშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმე განაგრძეს რუსეთში განსწავლულმა გაბრიელ არეშიშვილმა და გიორგი გურამიშვილმა, რომლებმაც ზედმიწევნით შეისწავლეს არტილერიის წარმოებისა და განვითარების ინგლისური მეთოდები. ქართული არტილერიის ჩამოყალიბებისა და მის სრულყოფის საქმეში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ავსტრიელ სპეციალისტს ოსიპ ვეტინგენს. ზარბაზნის ჩამომსხმელი ეს უნიკალური ქარხნები აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს მთლიანად განადგურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×