იმპერიული ამბიციები ვერ იტანს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა თავგანწირვას, იმპერიას თავისი ლოგიკა აქვს, რაც შეუვალი და ულმობელია. მისთვის არ არსებობს სენტიმენტები, უცხოა გულჩვილობა და რომანტიზმი. ის მხოლოდ ძალის პოლიტიკას ცნობს, რომელიც ხშირად სხვადასხვა იდეოლოგიური საბურველითაა შეფუთული.
ამ კანონს ერთნაირად ემორჩილება ნებისმიერი იმპერია ყველა დროსა და სივრცეში. მეექვსე საუკუნის 40-იან წლებში ეგრისის მეფის გუბაზ მეორის მკვლელობაც, რომელიც თავდაპირველად ირანელებმა დაგეგმეს, შემდეგ კი ბიზანტიელებმა აღასრულეს, სწორედ ამ ულმობელი იმპერიული კანონზომიერების ლოგიკური შედეგია.
ლოგიკური იყო ის, რომ ორ უდიდეს მონსტრს - ბიზანტიასა და სასანაინთა ირანს საკუთარი მიზნების აღსრულებაში ერთნაირად უშლიდა ხელს ლაზიკის ინტერესების დამცველი ახალგაზრდა მეფე გუბაზ მეორე. სწორედ ამიტომაც იყო, რომ მას შემდეგ რაც ირანელთა გეგმა გამჟღავნდა და სასანიანებს დასახული მიზნის შესრულება არ გამოუვიდათ, გუბაზის მკვლელობა ერთმორწმუნე ბიზანტიამ აღასრულა.
რატომ უგულვებელყოფდა ბიზანტია ეგრისის სამეფო ინტერესებს
საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვება საკმაოდ მტკივნეული გამოდგა ბიზანტიის იმპერიისათვის, მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასალმა საკმაოდ მყარად აიღო ორიენტირი დასავლეთზე, ამასთან ურთულეს პოლიტიკურ მდგომარეობაში შესძლო საქართველოს გაერთიანება და ორი უდიდესი მონსტრი - სასანიანური ირანი და ბიზანტია თავის დაკრულზე ათამაშა.
ბუნებრივია, სარწმუნოებრივი ერთობა საკმაოდ კარგი წანამძღვარი იყო ქართველური და ბიზანტიური ურთიერთობებისთვის, თუმცა, მთავარი იმპერიული ფაქტორი გახლდათ. სწორედ იმპერიული ინსტიქტები კვებავს ბიზანტიას, მისთვის ქრისტიანული სივრცე ის არეალია, რომელიც მის პოლიტიკურ ავანსცენას განსაზღვრავს.
ისეთი ძლიერი სახელმწიფო, რომელიც ვახტანგ გორგასლის დროინდელი საქართველო იყო, სწორედაც რომ ეწინააღმდეგება ბიზანტიის ინტერესებს, ამიტომაც ვახტანგის გარდაცვალების შემდგომ კონსტანტინოპოლმა არტახები აიშვა და აშკარად დაუპირისპირდა საქართველოს.
ეს მეექვსე საუკუნის 30-იანი წლებში ხდება... მთავარი აქცენტი ლაზიკაზე კეთდება, ლაზიკა, როგორც ზღვისპირა სახელმწიფო, განვითარების უდიდესი პოტენციალის მიუხედავად, ისეთი საშიში აღარაა, რამდენადაც ის მხოლოდ დასავლეთ საქართველოს საზღვრებშია მოქცეული. ის ვერ შექმნის ერთიან კავკასიურ პოლიტიკურ სივრცეს, რაც მართლაც რომ დაუძლეველი ძალაა ყველა დროის ნებისმიერი იმპერიისთვის.
ბიზანტიელებს ამ შემთხვევაში უკეთ აქვთ საქმე, რამდენადაც ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოში მეფობა გაუქმებულია და იქ სასანიანები ბატონობენ.
ეს დიდი შეღავათია ბიზანტიისთვის, თუმცა, მთლად დალხინებული ვერ არის კონსტანტინოპოლის საქმე - თავს იჩენს სასანიანური ფაქტორი, რაც ბიზანტიის მთავარი თავისტკივილია.
რა პერსპექტივას ხედავდნენ ირანელები ლაზიკის დაპყრობით
სასანიდებს მნიშვნელოვანი პლაცდარმი აქვთ ბიზანტიის წინააღმდეგ აღმოსავლეთ საქართველოს სახით, აქედან დიდია შანსი დასავლეთში გადასვლის, რისი წინაპირობაც ბიზანტიელთა ანტიქრთული პოლიტიკაა ეგრისში.
თავის მხრივ, ბიზანტიასაც სურს გაიმაგროს პოზიციები დასავლეთ საქრთველოში. ერთმორწმუნოება ამისთვის საკმაოდ კარგი საფუძველია, მაგრამ ის ვერ ფარავს იმპერიულ მისწრაფებებს, ანტიქართულ განწყობებს. კონსტანტინოპოლი მოვლენებს მხოლოდ თავის პრიზმაში ხედავს და არანაირი სურვილი არა აქვს ეგრისის სახელმწიფოებრივი ინტერესები გაითვალისწინოს.
ლაზიკაში გაბატონება ბიზანტიისთვის ერთგვარი შანსია არეულობა შეიტანოს აღმოსავლეთ საქართველოში. ირანელებს სწორედ ქართველთა ხელით დაუწყოს ბრძოლა. ბიზანტიური სტილია შეთქმულებები და საკმაოდ ადვილად მოხერხდება ანტიირანული გამოსვლების ინსპირირება, ეს ის სტრატეგიაა, დაპირისპირებული მხარეები რომ აშკარად სუსტდებიან და მოგებული მხოლოდ შორიდან სეირის მაყურებელი რომ გამოდის.
ლაზიკა ბიზანტიური პოლიტიკური იდილიის პრიზმაში
ბიზანტიას სწორედ ასეთი იდილია სურს შექმნას კავკასიაში, ასეთი ინსპირირებით ხელში ჩაიგდოს და გააკონტროლოს ჩრდილოეთ კავკასიის უღელტეხილები, რაც ნებისმიერი იმპერიის, ამ შემთხვევაში სასანიანურ სამყაროს წინააღმდეგ საკმაოდ წონადი კოზირია. და ეს ყველაფერი მიმართულია იმისაკენ, რომ ბიზანტიამ მაქსიმალურად შეაკვეცოს ფრთები ირანის ტერიტორიული გაფართოების პერსპექტივებს, განსაკუთრებით შავ ზღვაზე გასვლის მცდელობას, რაც კონსტანტინოპოლისთვის უდიდესი სახელმწიფოებრივი რანგის საფრთხეა.
ლაზიკაში გაბატონება ბიზანტიისთვის სწორედაც რომ ერთგვარი პრევენციაა საგარეო საფრთხეები აბსოლუტურად გაანეიტრალოს. ბუნებრივია, ამას აცნობიერებს სასანიანური ირანი, ამიტომაც ბოლომდე იყენებს იმის შანსს, რომ აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში გადავიდეს და თავად დაიკავოს უმნიშვნელივანესი სტრატეგიული სივრცე - ეგრისი.
როგორ შემოვიდნენ სასანიანები ეგრისში
542 წლის გუბაზის წარმომადგენელთა ელჩობა ხოსრო პირველი ანუშირვანის კარზე სწორედ ბიზანტიელთა ანტიქართული პოლიტიკის შედეგი იყო. კონსტანტინოპოლიდან დანიშნული სტრატეგოსის იოანე ციბეს პოლიტიკამ ფაქტობრივად საერთაშორისო ფუნქცია დაუკარგა ლაზიკის სამეფოს.
542 წელს სასანიანები გუბაზ მეორის მოწვევით ეგრისში უნდა შევიდნენ. დიდძალი ჯარიც შეკრიბეს, ბუნებრივია, ბიზანტია ფხიზლობს და მისი მსტოვრები აქტიურად ადევნებენ მოვლენების განვითარებას თვალს, ამიტომაც საჭირიოა გარკვეული ინსპირირება. მხოლოდ ხოსრო პირველ ანუშირვანთან დაახლოებულმა რამდენიმე კაცმა თუ იცის სასანიანთა გეგმები.
ანუშირვანმა ჯარი იბერიისკან დაძრა, ამას არგუმენტი სჭირდება და მასაც აქვს სრულიად დამაჯერებელი ვერსია - ჰუნთა ტომი თავ დაესხა ირანელებს და მათ დასახმარებლად შევკრიბე ჯარიო...
არავის უკვირს ირანელთა ჯარის გამოჩენა იბერიაში, თუმცა, მოულოდნელად იბერიიდან ხოსრო ლიხის ქედზე გადადის. მთავარი დაბრკოლება კოლხეთის გაუვალი ადგილებია, ეს თავიდანვე აფიქრებდა სასანიანთა მბრძანებელს, თუმცა, გუბაზის ელჩებმა ანუგეშეს - ჩვენ ვიქნებით გზის მაჩვენებლებიო.
ლიხის ქედს იქით სასანიანთა მრავალრიცხოვან ჯარს გუბაზი ხვდება თავისი ლაშქრით. მთავარი სამიზნე ბიზანტიელთა გამაგრებული რეზიდენცია პეტრას ციხეა.
რა ხრიკი მოუმზადა იოანე ციბემ სასანიანებს
საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები პეტრას ციხეზე შეტევისას. ქართველთა და ირანელთა გაერთიანებული ლაშქარი ეგრისში ბიზანტიელთა მთავარ დასაყრდენს მისდგომია, ბუნებრივია არის მოლოდინი, რომ ციხე გამაგრებული იქნება, არადა ირგვლივ უცნაური სურათია - სულიერი არ ჭაჭანებს, ციხის ქონგურებზეც კი არავინ ჩანს.
აშკარაა ბიზანტიელ სარდალს იოანე ციბეს გუბაზისა და ხოსროს წინააღმდეგ რაღაც ფანდი აქვს ჩაფიქრებული. ეს ბუნებრივიცაა - ბიზანტიის იმპერიის მსახურებს არ გამოპარვიათ სასანიანთა ჯარის შემოსვლა ეგრისის მიწაზე. აშკარაა, რომ გუბაზი ბიზანტიელებთან ღია კონფრონტაციაშია და ამიტომაც არც ლაზიკის მეფის კავშირი უკვირთ სასანიანებთან.
საცნაური მხოლოდ ისაა, რომ რატომაც იოანე ციბეს მიერ მომზადებულ მანევრს საკმაოდ მარტივად შეხედა ქართველთა და ირანელთა გაერთიანებულმა ლაშქარმა. იმ ვარიანტს, რომ აქ რაღაც ფანდია ჩაფიქრებული, არავინ იხილავს. ყველა დარწმუნებულია რომ ბიზანტიელები შეშინდნენ და იქაურობა მიატოვეს.
მოვლენათა ასეთ განვითარებას ლოგიკურად უშვებს ხოსრო ანუშირვანის სარდალი, მიზეზი ლაშქრის სიმრავლეა, ამიტომაც აუღელვებლად უახლოვდებიან პეტრას ციხეს. მიადგეს კიდეც კიბეები კედელს და ცდილობენ ახლა თავად დაიკავონ ის ფორპოსტი მიტოვებული რომ ეგულებათ გაქცეული ბიზანტიელებისგან.
გადავიდნენ თუ არა პეტრას ციხეში, სწორედ მაშინ გამოენთნენ ჩასაფრებული ბიზანტიელები. ციხის შიგნით მყოფთა განადგურება ბუნებრივია არ გაუჭირდათ, ციხის გარეთაც გამოვიდნენ, მოულოდნელობის ფაქტორი გადამწყვეტი გახლდათ. ბიზანტიელებმა საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს მომხდურს.
როგორ დასაჯა ხოსრო ანუშირვანმა დოყლაპია სარდალი
განრისხდა ხოსრო ანუშირვანი საკუთარი სარდლის გულუბრყვილობით, რომელმაც ვერ გათვალა მოსალოდნელი საფრთხე და იოლად წამოეგო ბიზანტიელთა ფანდს. შორიდან, გამორჩეული სტრატეგიული ადგილი მიატოვა შაჰმა, ულმობელი ვერდიქტი გამოუტანა დოყლაპიას - სარზე გასვა და საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად თავად ჩაუდგა პეტრას ციხეზე იერიშს სათავეში.
პეტრას ციხე კლდოვან მასაზე იდგა და იქიდან იოლი იყო ვითარების კონტროლი, ბუნებრივია ბიზანტიელები სარგებლობდნენ ამ სტრატეგიული უპირატესობით და ისარს უშენდნენ ქართველ-ირანელთა გაერთიანებულ ლაშქარს. ეს დიდი ზიანის მომტანი გახლდათ.
თუმცა, სიტუაცია მალე შეიცვალა - ხოსრო პირველის მოლაშქრეებმა ნახეს, რომ ერთ პატარა მონაკვეთში ციხის კოშკის ქვეშ იყო არა კლდოვანი მასა, არამედ მიწა. სწორედ ეს გახლდათ ამ ციხის აქილევსის ქუსლი. ეს იყო ის ადგილი, სადაც შეიძლებოდა გვირაბის გაყვანა, ციხის მორღვევა და იქ შეღწევა.
პირველად ეს ხერხი წარმატებით სწორედ ხოსრო ანუშირვანმა სცადა. საგულისხმოა, რომ მსგავსი მეთოდის გამოყენებით შემდგომში კიდევ არაერთხელ დაეცა პეტრას ციხე. გათხრილმა გვირაბმა და შიგნით დანთებულმა ცეცხლმა ციხის კოშკი ჩამოანგრია. ეს უკვე იმის ნიშანი იყო, რომ სასანიანებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.
როგორ გაურიგდნენ ბიზანტიელები სასანიანებს
ამ ბრძოლაში იოანე ციბე დაიღუპა, რამაც არეულობა შეიტანა მის თანამებრძოლთა შორის. სიტუაცია ჯანსაღად შეაფასა ბიზანტიელთა სარდლობამ, ხოსრო პირველთან ელჩები გაგზავნა და ციხის დათმობის პირობებზე მოლაპარაკების დაწყება შესთავაზა.
მოლაპარაკება დასრულდა საკმაოდ უმტკივნეულოდ - ყველამ მიიღო ის, რისი მიღებაც სურდა, ბიზანტიელებს ქონების უსაფრთხოება და საკუთარი სიცოცხლე ედარდებოდათ. ხოსროს პეტრას ციხე სურდა. ბიზანტიელებმა დაუთმეს ციხე ირანელებს და ქონების უსაფრთხო გატანის გარანტიაც მიიღეს.
სიტყვის კაცი აღმოჩნდა ანუშირვანი - მხოლოდ მოკლული იოანე ციბეს დიდძალი ქონება წამოიღო, მეტი არაფრისთვის უხლია ხელი. რაც მთავარია, არც საკუთარი ჯარისთვის მიუცია ნება გაეძარცვა იქაურობა. სულ მალე ანუშირვანის გეგმები შეიცვალა. ბიზანტიელებმა სასანიდებთან ბრძოლა სხვა მიმართულებით განაგრძეს.
რატომ დაუთმეს პეტრას ციხე ირანელებმა ბიზანტიელებს
მიუხედავად პეტრას ციხის დათმობისა, ბიზანტიელები არ აპირებენ დანებებას, მათ მხოლოდ სტრატეგია და საომარი მოქმედების არეალი შეცვალეს. ცნობილი ბიზანტიელი სარდალი ველისარი შეესია ირანს და ხოსრო პირველი ანუშირვანიც იძულებული გახდა პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ეზრუნა და ეგრისი მიეტოვენა.
სულ მალე იუსტინე კეისარი ხოსრო ანუშირვანს ლაზიკის დაბრუნების სანაცვლოდ მტკიცე ზავის დადებას სთავაზობს... სასანიანთა მბრძანებელი ამ წინანადებას იღებს...
ასე სრულდება ერთი მცირე ეტაპი სასანიანთა აგრესიისა, რომელიც საქართველოს სრულ დაპყრობას ითვალისწინებდა. მიუხადავად ფრაგმენტული წარმატებისა, ირანელებმა მაინც ვერ შესძლეს მიზნის მიღწევა. ხოსრო პირველ ანუშირვანს არ უჭირს ანალიზი, ის კარგად ხვდება რომ მისი გეგმის მთავარი ბარიერი გუბაზ მეორეა, ეგრისის მეფე, რომელიც ცდილობს ირანისა და ბიზანტიის წინააღმდეგობის თავის სასარგებლოდ გამოყენებას, მაგრამ ესეც იოლი გასაშიფრია... ხოსრო პირველი არ არის ის კაცი ვიღაცის მარიონეტობას შეეგუოს...
ასეთ ვითარებაში ყალიბდება სასანიანთა იმპერიული პოლიტიკის ულმობელი ვერდიქტი - გუბაზი უნდა მოკვდეს... ეს დავალება უნდა აღასრულოს ხოსროს მიერ გაგზავნილმა სამასმა სასანიანმა ფაბრიზის მეთაურობით...
სულ მალე გათამაშდება სცენა, სადაც ადამიანური დამოკიდებულებები იძალებს ულმობელ იმპერიულ ლოგიკაზე...