როგორ გაისრისა ეგრისის მეფე ბუმბერაზების - ხოსრო ანუშირვანისა და იუსტინიანე კეისრის - პოლიტიკურ ორომტრიალში
მამუკა ნაცვალაძე
25.09.2017

 მეექვსე საუკუნის 40-იანი წლები საქართველოს ისტორიაში დრამატული მოვლენებით აღინიშნა. ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ იმ პერიოდის მსოფლიო იმპერიათა დაპირისპირების ერთ-ერთმა ფრონტმა დასავლეთ საქართველოსკენ გადაინაცვლა.

ეგრისის სამეფო ერთიანი ქართული პოლიტიკური სივრცისთვის ის ძალა იყო, რომელსაც ზღვისპირა გასასვლელის გამო საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნდა. ასეთ მზარდ სახელმწიფოებს ვერ იტანენ იმპერიები, ამიტომაც ეს ფაქტორიც არის ერთ-ერთი მიზეზი იმ უშეღავათო დაპირისპირებისა, რითაც სასანიანური ირანისა და ბიზანტიის კავკასიური ურთიერთობაა გამორჩეული.

მას შემდეგ, რაც აშკარად გამოიკვეთა ლაზიკის მეფე გუბაზ მეორის ინიციატივით შემოსულ სასანიანთა უპირატესობა ბიზანტიელებზე, იუსტინიანემ ხერხს მიმართა, ცნობილი სარდალი ველისარი შეუსია ირანს და ხოსრო პირველიც იძულებული გახდა, მიეტოვებინა კავკასია. ეს ქრისტეს აქეთ 545 წელს ხდება... აქ იწყება დაპირისპირებების ახალი ტალღა, რასაც მეტად საინტერესო ქვედინებები აქვს. იუსტინიანე დაზავებას სთავაზობს ხოსროს, თანაც - მყარი პირობით.

ბიზანტიელთა წინადადებას საკმაოდ მალე დაეთანხმა ანუშირვანი. ძნელი სათქმელია, თავად იუსტინიანეს საეჭვოდ მოეჩვენა თუ არა მეტოქის იოლად დაყოლიება, მაგრამ ფაქტია - ეს ზავი ორივეს აწყობს - აშკარად წამგებიანი გახლავთ ბიზანტიელთა პოზიცია ლაზიკაში და მათ სულის მოთქმა სჭირდებათ, ხოსრო ანუშირვანს კი ზავი იმის საშუალებას აძლევს, უკეთესად მოემზადოს ბიზანტიელებზე ახალი შეტევისა და მათი კავკასიიდან განდევნისათვის.

ხოსროს ანალიზი არ უჭირს, ის იოლად ხვდება, რა არის მისი კავკასიური პოლიტიკის მთავარი ბარიერი. უმეფოდ დარჩენილი აღმოსავლეთი საქართველო მის ხელთაა და იქ სრული კარტ-ბლანში აქვს, დასავლეთში კი ეგრისის მეფე გუბაზ მეორე ზეობს, რომელმაც უკვე სცადა ირანელთა ვითომცდა გაბითურება - საკუთარი მიზნებისათვის მათი გამოყენება.

რატომ აღმოჩნდა გუბაზ მეორე სასანიანებისთვის პოლიტიკური საფრთხობელა

ხოსრო არავის დაკრულზე ცეკვავს, ის დამოუკიდებელი პოლიტიკოსია და გადაწყვეტილებების მიღებაც არ უჭირს. ამ ფონზე მისთვის გამორჩეულად შეურაცხმყოფილია ახალგაზრდა გუბაზის დამოკიდებულება სასანიანებთან. ბუნებრივია, ანუშირვანი ეგრისის მეფეს თავიდანვე მიუხვდა ხვაშიადს, თუმცა, მას მაინც აჰყვა თამაშში, რადგანაც იმ კონკრეტული რეალობისას გუბაზისა და მისი ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, სასანიანი იმასაც გრძნობს, რომ გუბაზს მისი თანადგომა მხოლოდ ფრაგმენტულად სჭირდება, სჭირდება მანამ, სანამ ბიზანტიელებს არ განდევნის ეგრისიდან, მერე კი ირანელების ჯერიც დადგება...

ბუნებრივია, ანუშირვანის ასეთი გათვლა იოლია, დიდი პოლიტიკური წიაღსვლები არ არის საჭირო, განჭვრიტო გუბაზის სურვილი. ხოსროსაც ზავი სწორედ იმიტომ აწყობს, რომ კარგად გააანალიზოს ვითარება და შემდგომი მოქმედების გეგმა დასახოს.

სწორედ ამ პოლიტიკური მოვლენების შესაძლო განვითარების ვარიანტების დათვლისას მიდის ანუშირვანი მტკიცე გადაწყვეტილებამდე - გუბაზი უნდა მოკვდეს. სწორედ გუბაზია სასანიანთა პოლიტიკის მთავარი ხელემშლელი ფაქტორი კავკასიაში.

ეს მყარი ვერდიქტია, რომელიც ხოსრომ ეგრისის მეფეს გამოუტანა. მეფის ფენომენს ქართველურ სამყაროში ტრადიციულად დიდი ძალა აქვს. აშკარაა, მეფის სიკვდილი იოლად სამართავს გახდის პოლიტიკურ სიტუაციებს. მოვლენები სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს ლაზიკაში, ამისთვის კი ხოსრო ანუშირვანი რჩეულ სამას ირანელს გზავნის ლაზიკაში ფაბრიზის წინამძღოლობით.

თუმცა, ერთია გუბაზის მოკვლის გადაწყვეტილება და მეორეა ის, ვინ უნდა აღსარულოს ეს საქმე. ბუნებრივია, ორმხრივი იმპერიული თამაშებისას ცალხაზოვანი არ გახლავთ ეგრისის მეფის პოლიტიკა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეებიც მრავლად გამოუჩნდნენ გუბაზის სტრატეგიულ ხედვას. სხვაგვარად არც შეიძლებოდა იყოს - ირანელებზე ორიენტაციის აღება ეგრისში ყველასთვის მისაღები ვერ იქნება.

ბევრი ამ ნაბიჯს ქრისტიანობის უარყოფის წინაპირობადაც თვლის, რაც, ბუნებრივია, დამატებით მუხტს სძენს გუბაზისადმი უარყოფით განწყობებს, თუმცა, ამგვარი დაპირისპირება უფრო კონცეპტუალური დაპირისპირებაა და შორს დგას პირადი მტრობისგან. ეს უფრო განსხვავებული ხედვაა, რომლის არსებობასაც ახალგაზრდა მეფის ნაჩქარევი გადაწყვეტილებები უდევს საფუძვლად.

რატომ არ გაუმართლა დროში გუბაზ მეორეს

აქ საგანგებოდ უნდა შევნიშნოთ - ნამეტანი არ გაუმართლა გუბაზს, მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები იმ დონის მოაზროვნენი არიან, რომელთა ღვაწლი სულ სხვა რანგში დროის დისტანციიდან გამორჩეულად აღმატებულად გამოჩნდა.

ლაზიკის მეფე ერკინება მსოფლიო ისტორიის ორი გამორჩეულ ტიტანს - ერთ მხარესაა ხოსრო ანუშირვანი, თავისი რეფორმებითა და ნოვაციებით სულ სხვა სიმაღლეზე რომ აიყვანა სასანიანური ირანი და მეორე მხარეს - იუსტინიანე კეისარი, რომელმაც ქრისტიანობის განმტკიცებით საფუძველი შეუმზადა ბიზანტიის ოქროს ხანას, რაც მისი ძმისშვილ იუსტინიანე მეორის მმართველობისას დაუდგა ქვეყანას. ასეთ გამორჩეულ მოაზროვნეთა ურთიერთობა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, მით უფრო, როცა ისინი მსოფლიო იმპერიათა მმართველის რანგში არიან.

გასაკვირი არაა, რომ ახალგაზრდა გუბაზი ვერც იუსტინესა და ვერც ხოსროს ვერაფერს უპირისპირებს ისეთს, სტრატეგიულად რომ რთულად გათვალონ ერთმაც და მეორემაც.

ხოსრო საკმაოდ ვერაგია, იცის, რომ გუბაზის მკვლელობა ირანელის ხელით არ შეიძლება, აღესრულოს. თუკი ირანელების განზრახვა გამჟღავნდება, სამუდამოდ დაჰკარგავს ადგილობრივი მოსახლეობის ნდობას, ეს კი მისი პოლიტიკისთვის, ფაქტობრივად, წირვის გამოყვანას ნიშნავს. ამიტომაც ცდილობს, გამოიყენოს ის შიდა წინააღმდეგობები, რომლებიც ლაზიკის სამეფოში თვალსაჩინო და აშკარაა.

და აქ გამოიკვეთა კიდევ ერთი ვერდიქტი - მკვლელობა, ეს ბინძური საქმე ხოსრომ გუბაზის თანამოძმის, ქართველის ხელით უნდა აღასრულოს.

რატომ გაუცრუა იმედი სასანიანებს ეგრისელმა დიდებულმა

მაგრამ ვინ უნდა იყოს ასეთი ქართველი? - ესეც კარგად აქვს გათვლილი სასანიანს - ის, ვინც პოლიტიკურად უპირისპირდება მეფეს. სწორედ მეფისგან განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვს ეგრისელ დიდებულ ფარსანსს. სავარაუდოა, ფარსანსი გუბაზის იდეური მოწინააღმდეგეა და არა - პირადი მტერი. აი, აქ ვერ გაერკვა სიტუაციაში ანუშირვანის სარდალი - მისთვის მტერი მტერია და სხვა არაფერი.

მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ აშკარად აჩვენა, რომ ფარსანსისა და გუბაზის ურთიერთდაპირისპირება არ შეიძლება, ყოფილიყო პირადი მტრობა, ეს უფრო განსხვავებული პოლიტიკური ხედვა გახლდათ, რასაც ახლაც, და გასაკვირი არაა, ისეთ ორთოდოქსალურ სამყაროში, როგორიც სასანიანური ირანია, ხშირად პირად მტრობაში ურევენ.

ფაქტია, ფაბრიზს ფარსანსის ეიმედება, რატომღაც თვლის, რომ მეფეზე განაწყენებული დიდებული ყველაფერზე წამსვლელია, წამსვლელია მეფის მკვლელობაზეც და სწორედ აქ ჩნდება აშკარად, რომ სასანიანთა გათვლები მთლად ზუსტი არაა.

 ამბავი ღირსებაშემკული ფარსანსისა

მოლაპარაკებისას ფარსანსი არაფერს იმჩნევს, ყურადღებით უგდებს ყურს ფაბრიზს, სასანიანთა გეგმებსაც ეცნობა და გუბაზის მკვლელობის დავალებასაც თითქოს თვინიერად იღებს. იქვე გადაწყვეტს ეგრისელი წარჩინებული, როგორ უნდა მოიქცეს. ვერ გათვალეს სწორად სასანიანებმა, ვერ გაარჩიეს პირადი მტრობა იდეური დაპირისპირებისაგან. არადა, რასაც ფარსანსს სთავაზობენ ანუშირვანის მოციქულები, სწორედ ამ პრინციპებს ემიჯნება ეგრისელი ფეოდალი. სწორედ ამიტომაც უპირისპირდება ის ახალგაზრდა მეფეს.

დიდსულოვნებამ იმძლავრა ფარსანსში, ის იმდენად ამაღლებულია და კარგად გარკვეული საკუთარ პოლიტიკურ ხედვებში, რომ სულაც არ ახარებს გუბაზის არასწორი გათვლა. მისთვის მთავარი სამშობლოა, რომელსაც იგივე გუბაზი ემსახურება ერთგულად. ხვდება ფარსანსი, რომ ირანელთა შემოყვანა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ გუბაზს სამშობლო არ უყვარს.

და სწორედაც რომ აქ გადაეჯაჭვა სპონტანურად დაპირისპირებულთა ინტერესები ერთმანეთს - არც ფარსანია ის კაცი, ვინმეს დაკრულზე იცეკვოს, ისიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და იქვე მოლაპარაკებისას უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს. ბუნებრივია, ის არ იმჩნევს არაფერს, მშვიდად სცილდება სასანიანებს და ხელსაყრელ დროს ეძებს, რათა შეატყობინოს ეგრისის მეფეს ხოსრო ანუშირვანის მზაკვრული ხვაშიადი.

რატომ იყო ბიზანტიელებთან გუბაზის თამაში წინასწარ წაგებული

ეს 548 წელია... გუბაზი ხვდება თავის შეცდომას, ვერ ათამაშა თავის ჭკუაზე სასანიანები და იქით მიიღო საპასუხო დარტყმა. ახლა ის დროა, აშკარად რომ უნდა იმოქმედოს და ფარად ისევ ბიზანტიელები ამოიფაროს. ყველა გზა კონსტანტინოპოლისკენ მიდის... სწორედ იუსტინიანე კეისართან აფრინა მსტოვარი, პატიება სთხოვა და მეკავშირეობაზე დაყოლიება სცადა. ბიზანტიელებს იქით მაინც არ იყო სხვა გზა.

დიდი სიხარულით მიიღო გუბაზის ელჩობა იუსტინიანე კეისარმა, მაშინვე გადაწყვიტა - შვიდ ათას ბიზანტიელ მეომართან ერთად ჭანების ასეულიც მიეხმარებინა ეგრისელთათვის. აშკარა იყო, კონსტანტინოპოლს მეტი თავისუფლებისთვის გუბაზის მომართვამ ნამეტანი გაუხსნა ხელ-ფეხი.

ბუნებრივია, ახლა უკვე ხვდება გუბაზი, რომ ვერც ბიზანტიას გააბრიყვებს, არც იუსტინიანე იბრძოლებს ლაზიკის ინტერესებისთვის. მათ თავიანთი მიზანი და მისწრაფება გააჩნიათ და ისე იმოქმედებენ, როგორც საკუთარი ინტერესები უკარნახებს. თუმცა, ახლა აღარ არის თეორიული გათვლების დრო, გუბაზმა დროულად უნდა იხსნას ეგრისი განსაცდელისგან.

ხოსრომაც, ბუნებრივია, უწყის გუბაზის პოლიტიკური ფერისცვალება, მეტი გზა აღარ დარჩენია ანუშირვანს - აშკარად უნდა დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგეს, სწორედ იქ, ლაზიკაში, პეტრას ციხესთან ისევ უნდა შეერკინოს ორი უდიდესი იმპერია ერთმანეთს, ირანიც და ბიზანტიაც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პლაცდარმის ხელში ჩაგდებას შეეცდება ისევ, ლაზიკის დაკავება ორივეს სულ სხვა პერსპექტივას შესძენს. ეს, ფაქტობრივად, კავკასიაზე სრული კონტროლის წინაპირობაა...

ამბავი ყველა დროის იმპერიის ულმობელი კანონისა

იუსტინიანე ეგრისის სამეფოს დაპყრობას იოლად გეგმავს, ერთმორწმუნეობაა მთავარი იარაღი - მის მიერ გამნტკიცებული ქრისტიანული სარწმუნოება (სწორედ იუსტინიანეს ზეობისას დახურეს ათენში წარმართული ფილოსოფიური სკოლები) ბიზანტიაში ერთგვარი შირმაა იმისათვის, რომ სახელმწიფოს საზღვრები გააფართოვოს.

და ამ ორომტრიალში ხმალს იქნევს დაბნეული გუბაზი, ამჯერად ბიზანტიელების მხარდამხარ და ირანელების წინააღმდეგ. ეს ის ირანელები არიან, მისი სიკვდილი რომ დაგეგმეს, ეგრისის მეფე ხედავს - არც ბიზანტიელები გახლავან მამა აბრამის ბატკნები...

აშკარაა - ყველა თავის ინტერესისთვის იბრძვის, ირანიც და ბიზანტიაც და ლაზიკა ორივეს მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა თავიანთი ინტერესი ამ ქვეყნის ინტერესს ეჯაჭვება. იმპერიული მართვის ულმობელი ფორმულა ისევ მთელი სიცხადით წარმოჩინდება - იმას, რაც ვერ გააკეთეს სასანიდებმა, რამოდენიმე წელში აღასრულებენ თავად ერთმორწმუნე ბიზანტიელები - ისინი გამოუყვანენ წირვას ეგრისის მეფე გუბაზს.

გუბაზის მკვლელობით სულ მალე ისტორია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ყველა დროის იმპერიის ულმობელ კანონს - მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე მონსტრებს, ამ შემთხვევაში ირანსაც და ბიზანტიასაც თავიანთი საფიქრალი აქვთ, საცნაური კი ისაა, რომ ორივეს საქართველო ფეხებზე ჰკიდია...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×