ია აბულაშვილი
25.09.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ისტორიამ შემოგვინახა რუსთაველის მხოლოდ ორი პორტრეტი: ახალგაზრდობის პორტრეტი, რომელიც შესრულებულია მე-12-მე-13 საუკუნეებში უცნობი მხატვრის მიერ, მეორე კი - ფრესკული პორტრეტი. ის დაცულია იერუსალმის ჯვრის მონასტერში. სწორედ ამ ორი პორტრეტის ისტორიაზე გვინდა რამდენიმე საინტერესო მასალა მივაწოდოთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

რუსთაველის ახალგაზრდობის პორტრეტი მე-17 საუკუნის ზაზა ციციშვილისეულ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერს ჰქონია დართული, რომელიც მე-12-მე-13 საუკუნის უცნობი მხატვრის მიერ შექმნილი პორტრეტიდან გადმოუხატავთ. როგორც პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე თავის წიგნში "ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ" წერს: "ვეფხისტყაოსნის" ზაზა ციციშვილის ხელნაწერი პირველად 1870 წელს მიმოიხილა პლატონ იოსელიანმა, რომლის ცნობითაც, ამ ხელნაწერს ჰკუთნებია შოთა რუსთაველის პორტრეტი, სადაც პოეტი წარმოდგენილია ფეხმორთხმით მჯდომარე აღმოსავლურ ყაიდაზე ერისკაცის ტანსაცმელში.

1847 წელს პარიზში ლემერსიეს ფერად ლითოგრაფიაში ცნობილმა რუსმა მხატვარმა გრიგოლ გაგარინმა დაბეჭდა ალბომი, რომელშიც მოთავსებული იყო 1840-იან წლებში მის მიერ კავკასიურ თემებზე შესრულებული სურათები, დახატული ნატურიდან, მათ შორის 33 სურათი ეძღვნება საქართველოს თემას. სურათებს აქვს წარწერები, ამ სურათებს შორის დაბეჭდილია შოთა რუსთაველის პორტრეტი, რომელსაც ახლავს განმარტება "პორტრეტი, რომლის ასლსაც მე-11 ტაბულა იძლევა, მოთავსებული იყო ერთ ძალიან ძველ ხელნაწერში. ეს ხელნაწერი შედიოდა იმ თავად რევაზ ერისთავის ქალის მზითვში, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით 1700 წელს, შემდეგ იყო საკუთრება ბატონიშვილ თეკლასი, ერეკლე მეორის უმცროსი ქალისა, დღეს იგი ეკუთვნის მის ვაჟს, თავად ალექსანდრე ორბელიანს, რომელმაც დაგვდო პატივი და გაგავაცნო ამ გამოცემის ავტორებს".

ამ ხელნაწერისა და პორტრეტის შესახებ პლატონ იოსელიანი ტიმოთე გაბაშვილის "მიმოსვლის" კომენტარებში წერდა: "აქა თბილისს მეფის ირაკლის ასულს თეკლას აქუნდა ნაწერი "ვეფხისტყაოსანი" სახით - პორტრეტიტურთ თვით რუსთაველისა, ერისკაცისა სამოსით. ეს წიგნი და პორტრეტი წარუდგინე კნიაზ ვორონცოვს და ამან წარგზავნა სახე ესე ხელითა აქა ყოფილის ფრანცუზის მოგზაურის ფლერისა და საფრანგეთის ქალაქსა პარიჟსა, რათა გარადბეჭდონ იგი მრავალრიცხვედ ეგზემპლარად ხრომო- ლიტოგრაფიით".

1870 წელს გაზეთ "კავკაზში" გამოქვეყნებულ წერილში კი პალტაონ იოსელიანი წერს: "ომმა (იგულისხმება ყირიმის ომი) ხელი შეუშალა ვორონცოვის სურვილის განხორციელებას. მე ჩემ ხელთ არსებული ეგზემპლარი იმავე პორტრეტისა გასულ წელს მივართვი მოსკოვში განათლებულ თავად გრუზინსკის, მამულისა და მეფური წინაპრების იშვიათობათა და სიძველეთა შემკრებსა და დამცველს".

თავად ორიგინალი რუსთაველის პორტრეტისა აღმოჩენილი იქნა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში. პროფესორი სარგის კაკაბაძე მუშაობდა ცენტრალური არქივის უფროსად. მას თანამშრომლებისთვის დაუვალებია, შეეკრიბათ ცნობები თბილისის ყოფილ ცნობილ ოჯახებში შემორჩენილი ძველი დოკუმენტური მასალების შესახებ.

 როგორც თავად კაკაბაძე წერდა: "1922 წლის ივნისში ჩემთან მოვიდა ივანე ენიკოლოფაშვილი და მაცნობა, რომ არტო ყაზაროვს ბათუმში გაგაზავნილი აქვს შოთა რუსთაველის პორტრეტი ინგლისელებისათვის მისაყიდადო". ეს არტო ყაზაროვი (ყაზარა), როგორც ვარაუდობენ, იყო გრიგოლ ორბელიანის ძმისშვილის, გენერალ გიორგი ორბელიანის მოურავი ან ალქსანდრე ორბელიანის ძმა დიმიტრი ორბელიანის მოურავი. კაკაბაძეს მაშინვე გასჩენია ეჭვი, გასაყიდად წაღებული პორტრეტი ამოღებული ხომ არ იყო ვორონცოვისეული ხელნაწერიდან, რომელიც ალექსანდრე ორბელიანის ნაქონი იყო.

სარგის კაკაბაძემ დაიბარა არტო ყაზაროვი და უთხრა, ახლავე გააგზავნე დეპეშა ბათუმში, რომ რუსთაველის პორტრეტის გაყიდვა შეაჩერონ, შემდეგ წადი და სურათი უკანვე ჩამოიტანეო. ყაზაროვი მეორე დღესვე გაემგზავრა ბათუმში და ჩამოიტანა სურათი, რომელიც შოთას პორტრეტის დაკარგული ორიგინალი აღმოჩნდა. როდის და რატომ დააშორეს იგი ზაზა ციციშვილის ხელნაწერს, ამის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

კაკაბაძე ყაზაროვს დაჰპირდა, ბათუმში წასვლა-მოსვლის ხარჯებს აგინაზღაურებ და დამატებით ცოტა რამესაც მოგცემო, მაგრამ ცენტრალურ არქივს მაშინ არავითარი თანხა არ ჰქონია. კაკაბაძის თანაშემწე იოსებ ჭეიშვილმა მოძებნა ცნობილი მეყვავილე მიხეილ მამულაშვილი, რომელსაც მაშინ ერევნის მოედანზე საყვავილე მაღაზია ჰქონდა. მას სთხოვეს ყაზაროვთან ანგარიშის გასწორება, რის სამაგიეროდაც შესთავაზეს, სურათს იმ დაწესებულებას გადავცემთ, რომელსაც თქვენ აირჩევთო.

მიხეილ მამულაშვილი დათანხმდა და არჩევანიც გააკეთა, რუსთაველის პორტრეტი თბილისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადაეცა. თბილისის უნივერსიტეტის რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა მამულაშვილს მადლობის წერილი გაუგზავნა: "მოქალაქე მიხეილ მამაულაშვილს, სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობის სახელით უღრმეს მადლობას მოგახსენებთ თავად გაგარინის ხელში ნაქონი შოთა რუსთაველის ძველი სურათის შემოწირვისთვის. რექტორი პროფესორი ი. ჯავახიშვილი".

ასე გახდა 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიძველეთა მუზეუმის საკუთრება რუსთაველის პორტრეტი. სურათი 1927 წელს გადაეცა უნივერსიტეტის ქართული ხელოვნების მუზეუმს, რომელიც შემდეგ გახდა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და რუსთაველის პორტრეტი ახლაც იქ ინახება.

რაც შეეხება შოთა რუსთაველის ფრესკულ პორტრეტს, ძველი წყაროების მიხედვით, იერუსალიმში ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე გამოსახული უნდა ყოფილიყო შოთა რუსათველის პორტრეტი. მის მოსაძიებლად 1960 წელს იერუსალიმში გამეგზავრა ჯვრის მონასტრის ქართულ სიძველეთა შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიცია, რომელშიც შედიოდნენ: ირაკლი აბაშიძე, გიორგი წერეთელი და აკაკი შანიძე. მათ მართლაც მიაგნეს სვეტს, მაგრამ ის შავი საღებავებით დაფარული აღმოჩნდა. საღებავის ზედა ფერის მოშორების შემდეგ ფრესკა გამოჩნდა. წმინდა იოანე დამასკელისა და წმინდა მაქსიმე აღმსარებლის წინაშე მუხლმოდრეკილი და ხელებაპყრობილი ლოცულობს შოთა რუსთაველი. პოეტის გამოსახულებას ქვეშ აქვს წარწერა "ამის დამხატველსა შოთა (ს) შეუნდოს ღმერთმა ამინ. რუსთაველი".

ფრესკა უნდა შესრულებულიყო შოთას სიცოცხლეში. ცნობილი მოგზაური და საკლესიო მოღვაწე ტიმოთე გაბაშვილი, რომელმაც მოინახულა ჯვრის მონასტერი 1757-1758 წლებში, წერს: "გუმბათის ქვეით სვეტი გაუახლებია და დაუხატვინებია შოთას რუსთაველს, მეჭურჭლეთუხუცესს, თვითონაც შიგ ხატია მოხუცებული".

როგორ აღმოაჩინეს ქართველმა მეცნიერებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკული პორტრეტი, ამის შესახებ ირაკლი აბაშიძე წერდა თავის "პალესტინის დღიურებში".

"მე და აკადემიკოსი გიორგი წერეთელი შესვლისთანავე მარჯვენა სვეტს მივადექით, სად უნდა ყოფილიყო აქ დიდი შოთას პორტრეტი... შემოვუარეთ სვეტს ირგვლივ. შემოვუარეთ საკურთხევლის მხრიდანაც. გიორგი წერეთელი კითხულობს ბერძნულად "მაქსიმე აღმსარებელი: "იოანე დამასკელი". სწორედ აქ, აი აქ უნდა იყოს რუსთაველი, - ვამბობთ. ჩვენ წმინდანთა შორის დარჩენილი ადგილი დღეს მთლიანად ლურჯი, შავი საღებავებითაა დაფარული, მაგრამ აი, აქ ეტყობა, რაღაც უნდა ყოფილიყო და შემდეგ შეგნებულად წაუშლიათ.

კარგად ვაკვირდებით ამ ადგილს. ერთგან საღებავებს ქვეშ რაღაც ძნელად გასარჩევი კვალია ამობურცული. ჩვენ დიდხანს შევცქერით ამ კვალს. აკაკი შანიძეც თავს ანებებს თავის საქმეს და ჩვენ გვიერთდება. სასწრაფოდ სანთელს ვანთებთ და ამობურცულ ადგილს გვერდიდან ვაშუქებთ. დაბეჯითებით, თვალმოუშორებლად ვაკვირდებით სვეტის იმ ადგილს და ჩვენი მეცნიერები ხმადაბლა, დაფარული მღელვარებით მოულოდნელად კითხულობენ "ამასა დამხატ..." უსათუოდ ამასა დამხატავსა - ამბობს გიორგი წერეთელი - აქაა წარწერა, ცნობილი წარწერა, მივაგენით!

ისინი თვალმოუშორებლად ჩაჰკირკიტებენ სვეტს, მერე წარწერის ქვემოთ მუქ ლურჯ, შავ საღებავს კარგად ვაკვირდებით. აქ კიდევ რაღაც არის ამობურცული. ეს ხომ თითებს ჰგავს, თითების ლანდს, თითების კვალს, აგერ თვალიც, ნამდვილად თვალი... აკაკი შანიძე ადასტურებს, რომ იგი თითქოს ამჩნევს თითებსა და თვალის კვალს. გიორგი წერეთელიც ამჩნევს - თითების კვალია. თითების კვალია, - ვადასტურებთ ერთხმად. ბერძენი ბერი დიონისიოც გვიდასტურებს. ეს კიდევ ქუდი, ესეც მეორე ხელი. ნამდვილად მეორე ხელი. მივაგენით, ნამდვილად მივაგენით! აქ არის რუსთაველის პორტრეტი! ნამდვილად რუსთაველის პორტრეტი, სხვისა არავის."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×