კავკასიონზე ნახევარ საუკუნეში 200-მდე მყინვარი გაქრა
გვანცა ღვედაშვილი
26.09.2017

 ბოლო ნახევარ საუკუნეში დაახლოებით 200-მდე მყინვარი საერთოდ გადნა კავკასიონზე. თუ კლიმატური პირობები ასე გაგრძელდება, მეცნიერები ამბობენ, რომ საუკუნის ბოლოსთვის კავკასიონის მყინვარების 50% გაქრება, ხოლო აღმოსავლეთ კავკასიონზე მყინვარი საერთოდ აღარ იქნება.

ის, რომ 2017 წელი განსაკუთრებით "ცხელი" და დასამახსოვრებელი არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის იყო, უკვე არაერთხელ ითქვა ხანძრების იმ რაოდენობისა და მასშტაბების გამო, რომელიც მსოფლიომ იხილა. აღნიშნულის მიზეზად მეცნიერები გლობალურ დათბობას და კლიმატურ ცვლილებებს ასახელებენ.

აღსანიშნავია, რომ გლობალური დათბობის შესახებ ჯერ კიდევ 1895 წელს ცნობილმა ქიმიკოსმა სვანტე არენიუსმა იწინასწარმეტყველა, ამ საკითხმა აქტუალობა კი მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოიპოვა.

სწორედ მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან გახდა ცნობილი თანამედროვე კლიმატის ცვლილებები, როდესაც შეამჩნიეს მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდა და გახშირდა კლიმატური კატასტროფები.

სწორედ გლობალურ დათბობას და კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება მყინვართა დნობაც. რამდენად შეცვლილა ბოლო წლების განმავლობაში კლიმატი და რა გავლენას ახდენს ეს როგორც გარემოზე, ისე ადამიანებზე და რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი, ამის შესახებ "რეზონანსს" გლაციო-გეომორფოლოგი, თსუ-ს გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერი ლევან ტიელიძე ესაუბრა.

მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ ჩატარებულმა კავკასიონის მყინვარების ინვენტარიზაციამ, რომელიც საქართველოს, რუსეთისა და აზერბაიჯანის მყინვარებს მოიცავდა, აჩვენა, რომ ტემპერატურამ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში 0.5-დან 0.8 გრადუსამდე მოიმატა. რაც ჩვენი რეგიონისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

"ტემპერატურის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 0.8 გრადუსამდე მატება დაფიქსირდა აღმოსავლეთ რეგიონში, რაც ჩვენთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა თუ შევადარებთ, მაგალითად - ალპებში იგივე პერიოდში, ანუ 60-იანი წლებიდან დღევანდლამდე დაფიქსირებულია 1.5 გრადუსით მაღალი ტემპერატურა, ანუ ჩვენთან შედარებით თითქმის 2-ჯერ მაღალი.

"ასევე, ანტარქტიდაზე თითქმის იმავე პერიოდის განმავლობაში, 50-იანი წლებიდან დღემდე - 3 გრადუსითაც კი ფიქსირდება ტემპერატურის მატება", - აცხადებს ტიელიძე და აღნიშნავს, რომ კავკასიის რეგიონში შედარებით დაბალი ტემპერატურის მატება მიკროკლიმატის დამსახურებაა.

მისივე თქმით, იგივე ითქმის მყინვარების დნობასთან დაკავშირებითაც. კავკასიის რეგიონში თითქმით 1.5-ჯერ უფრო დაბალია მყინვართა დნობის ტემპი, ვიდრე, დავუშვათ, ალპებში.

"საქართველოში ერთადერთი სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც მეცნიერულად სწავლობს კავკასიონის მყინვარებს, არის თსუ-ს გეოგრაფიის ინსტიტუტი, რომელსაც 80-წლიანი გამოცდილება აქვს.

"ჩვენ რა მონაცემებიც დავაფიქსირეთ ტემპერატურის მატებასა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებით, აღმოვაჩინეთ, რომ ყოველწლიურად 0.50%-ით მცირდება მყინვარები ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონზე, რაც იმას ნიშნავს, თეორიულად რომ დავუშვათ, თუ ასე გაგრძელდება, საუკუნის ბოლოს, ზოგადად, კავკასიონზე მყინვარების 50% უნდა გაქრეს, აღმოსავლეთ კავკასიონზე კი მყინვარები მთლიანად უნდა გაქრეს.

"მაგრამ არავინ იცის, როგორ გაგრძელდება მოვლენები მომავალში. დედამიწის ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც უფრო მეტად თბილოდა ან ციოდა. პროგნოზი ისეთი რამ არის, რომ მისი გამოთქმისგან თავი უნდა შევიკავოთ, თუმცა თუ ასე გაგრძელდა, კარგი ნამდვილად არაფერი იქნება.

"ხედავთ ხანძრებს, რომლებიც ამ წელს გახშირდა. მშრალი კლიმატია, ატმოსფერული ნალექები უკვე რამდენი ხანია, არ ყოფილა. აბსოლუტურად ანომალიური შემოდგომაა, ზაფხულზე რომ არაფერი ვთქვათ.

"ეს კარგს არაფერს მოიტანს, თუმცა კიდევ ვიტყვი, რომ პროგნოზი რთულია, მომავალი წელი შეიძლება ისეთი იყოს, რომ, პირიქით, ზედმეტ სიცივეზე ვისაუბროთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია გლობალურ დათბობასთან.

"მსოფლიოს აბსულუტურად ყველა რეგიონშია ამაზე საუბარი, თუ რამდენიმე მიკროკლიმატურ რეგიონს არ გამოვყოფთ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ტემპერატურის კლება, ანუ აციებაა.

"ძირითადად 99%-ის შემთხვევაში გლობალური დათბობა პირდაპირ კავშირშია კლიმატურ ცვლილებებთან - ტემპერატურის მატებასთან, მყინვარების დნობასთან და ა.შ. ეს არის ჯაჭვური რეაქცია.

"რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვნახეთ, რომ ანტარქტიდაზე დაახლოებით 5800 კვ.კმ ყინულის მასა მოწყდა. მსგავსი მასშტაბის ყინულის მოწყვეტა კი ბოლო საუკუნენახევრის განმავლობაში არ ყოფილა. ესეც გლობალურ დათბობაზე მეტყველებს.

"ამასთან, ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ანტარქტიდის მყინვარის სრულად დადნობის შემთხვევაში რამდენიმე ათეული მეტრით აიწევს მსოფლიო ოკეანის დონე.

"განსაკუთრებით სანაპირო ქალაქებისა და დიდი მეგაპოლისებისთვისაა ცუდი, რომლებიც ზღვის დონიდან დაბალ სიმაღლეზე არიან. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის პროგნოზი, რომელიც თეორიულია და რეალურად როგორ გაგრძელდება მოვლენები, არავინ იცის", - აღნიშნავს გლაციო-გეომორფოლოგი.

ლევან ტიელიძის თქმით, მყინვარების გაქრობა არაერთ პრობლემას იწვევს, მათ შორის მტკნარი წლის ნაკლებობას, რადგან მყინვარები პირველ რიგში მტკნარი წლის რესურსია, რომელიც სასმელად არის ვარგისი.

"ნებისმიერი მთიანი ქვეყნისთვის მყინვარების გაქრობა კარგი არ იქნება, რადგან ეს წყალი გამოიყენება როგორც სასმელ წყლად, ისე მოსარწყავად.

"ამასთან, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაპროექტების დროს აუცილებელია, მყინვარული ჩამონადენი იყოს გათვალისწინებული და ა.შ.

"მაგალითად, ენგურისა და საქართველოს მდინარეების დაახლოებით 30% წყლის ჩამონადენი არის მტკნარი წყალი, რომელიც მყინვარულია და რომ არ გვქონდეს მყინვარები, ასეთი წყალუხვი ქვეყანა არ ვიქნებოდით.

"1960-იან წლებამდე კავკასიონზე ისე ხდებოდა, რომ მყინვარების დნობის პარალელურად მათი რაოდენობა იმატებდა, ანუ დნობის პარალელურად დიდი ზომის მყინვარები მცირდება და იყოფა პატარ-პატარა ზომის მყინვარებად.

"მაგრამ ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მყინვარების ფართობის შემცირების პარალელურად მათი რაოდენობა აღარ მატულობს. ის მცირე ზომის მყინვარებიც, რომლებიც 1960-იან წლებამდე ჩამოყალიბდა, უკვე დნებიან და ქრებიან.

"ბოლო ნახევარ საუკუნეში დაახლოებით 200-მდე მყინვარი საერთოდ გადნა კავკასიონზე და ახლა უკვე მათზე შეიძლება მხოლოდ დროებითი თოვლი გაჩერდეს და ისიც სეზონურად. ანუ მყინვარები იქ აღარ იქნება", - აცხადებს ლევან ტიელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×