"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისელებს ამომწურავად გაიცნო ის ეკოლოგიური ღონისძიებები, რასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. "სიცოცხლით სავსე ქალაქის" ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ გარემოს გაჯანსაღება იქნება.
წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში შეკრებილ საზოგადოებას პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მაია ბითაძემ წარუდგინა. მისი განმარტებით, სტრატეგია დაყოფილია სამ ძირითად მიმართულებად: დედაქალაქში დაბინძურების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა, გამწვანებისა და რეკრეაციული ტერიტორიების სივრცეების მოწესრიგება და აღნიშნულ პროცესში მოქალაქეების ჩართვა.
"საზოგადოების აქტიურობა და ინფორმირება იქნება გამჭოლი ხაზი
ნებისმიერ საქმიანობაში, რომელიც გარემოს დაცვის საკითხში გადაწყვეტილებებს შეეხება. ეს ქვაკუთხედი მოექცევა ორ მთავარ ჩარჩოში - ეს არის ჯანსაღი გარემო სოციალური განვითარებისთვის და საზოგადოების ჩართულობა ჯანსაღი გარემოსთვის", - აღნიშნა მაიაი ბითაძემ და დასძინა, რომ მმართველი გუნდი სოციალური განვითარებისთვის, ჯანსაღი გარემოსთვის, ეკონომიკის სტიმულირებისთვის მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ის მიზნები განხორციელდეს, რაც ეკოლოგიურ სტრატეგიაშია მოცემული.
მომავალი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში დიდი ყურადღება დაეთმობა ტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გამწვანებას, მათ შორის, ვაჟა-ფშაველას, ჭავჭავაძის, მოსკოვის გამზირებსა და აეროპორტის გზატკეცილს. 151 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება თბილისის გარეშემო არსებული ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ძველი თბილისის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონების მოწყობას, თბილისის ზღვაზე ახალი ზოოპარკის განვითარებას, "მზიურისა" და დენდროლოგიური პარკები, ვაკის, რიყის, გოძიაშვილის კიკვიძის, ვარკეთილის პარკების, ვერის ალექსანდრეს, 9 აპრილის ბაღებისა და დიღმის ტყე-პარკის განვითარებას, რათა თითოეულ უბანში მცხოვრებ თბილისელს ჰქონდეს რეკრეაციული ზონით ადგილზე სარგებლობის საშუალება.
რომ დაგეგმილია თანამედროვე სერვისების დანერგვა, რომელიც მოქალაქეებს გაუმარტივებს წვდომას სხვადასხვა მომსახურებაზე, მათ შორის, გარემოს დაცვის საკითხებისადმი მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში.
მაია ბითაძის თქმით, სისტემაში ასევე დაინერგება სიახლე, რაც გულისხმობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ურბანული განვითარების გავლენის წინასწარ შეფასებას და გადაწყვეტილების შემდგომ მიღებას.
„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ასევე იქნება სხვადასხვა ინოვაციისა და მწვანე პროექტის წახალისება. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ნარჩენი მხოლოდ ნარჩენია და არა პროდუქტი, რომელსაც მისი გადამუშავების შემდეგ მივიღებთ. ეს პროცესი შექმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილს და ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას. ვიმუშავებთ გარემოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ დაკარგული ეკოსერვისები დავაკომპენსიროთ გარკვეული ფონდების შექმნით და ესეც მივმართოთ ქალაქის ეკოლოგიური განვითარებისკენ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
"სიცოცხლით სავსე ქალაქის" უპირველესი ფასეულობა, მერობის კანდიდატის შეფასებით, ადამიანი და მისი ჯანმრთელობაა. ამდენად, ეკოლოგია თბილისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია, შესაბამისად, მისი გადაწყვეტა მმართველი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
კახი კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში 1400-მდე მცირე და საშუალო ზომის სკვერია, სადაც მწვანე საფარი საერთოდ არ არსებობს.
"დღეს ეკოლოგიური ვითარება თბილისში არც თუ სახარბიელოა. შესაბამისად, ამ მიმართულებას დიდი ყურადღება დაეთმობა. ზოგადად ჩვენი მიდგომა იყო, რომ სკვერებში არ უნდა ყოფილიყო მწვანე საფარი, რაც არასწორია და ქარის დროს, ალბათ, ყველა ვხედავთ როგორი მტვერია და ამას სუნთქავს თითოეული ჩვენგანი, ჩვენი შვილები",- აღნიშნა კახა კალაძემ და დასძინა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, სკვერების კეთილმოწყობის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1400-მდე სკვერს და თორმეტივე დიდ პარკს.
"მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ 4 წლის თავზე, ჩვენ მოვახერხებთ ქალაქში რადიკალურად განსხვავებული ეკოლოგიური და უკეთესი ვითრების ჩამოყალიბებას, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობისთვის. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ პარკებისა და სკვერების მოწესრიგება, ამ მხრივ მნიშვნელოანი როლი უკავია ტრანსპორტსაც. სულ რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე, რომ ვაპირებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას, მეტროს რეაბილიტაციას, ასევე მხარს დავუჭერთ სავომობილების ტექდათვალიერებას. ჩვენს გუნდს გააჩნია სწორი ხედვა, თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას ეკოლოგიური პრობლემა საქართველოში", - განმარტა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა.
მსგავსი პროექტების განხორციელება მერიის არსებული ბიუჯეტით შეუძლებელია. ამისთვის საჭიროა ძლიერი გუნდი და ახალგაზრდა კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც, კახა კალაძის თქმით, მის გვერდითაა.
მერობის კანდიდატი დარწმუნებით ამბობს, რომ გააჩნია ყველაზე სწორი გეგმა, რომლის განხორციელება სწორედ ერთიანი თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი. ეს კი საბოლოოდ, იქნება ახალი სუნთქვა, განვითარების ახალი ეტაპი "სიცოცხლით სავსე ქალაქისთვის".