როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ქართულ ისტორიულ წყაროებში არ მოიპოვება ცნობა, როდის მოხდა მეფედ კურთხევის წესის შემოღება საქართველოში, თუმცა პირველი ცნობა ბაგრატიონთა სამეფო გვარის მემატიანეს ეკუთვნის, როცა დავით კურაპალატის ძე ადარნასე მეფედ დასვეს. ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, თამარ მეფის ისტორიკოსის გადმოცემით, მეფედ კურთხევის წესი მე-12 საუკუნეში უკვე არსებობდა, სერგი კაკაბაძის ვარაუდით კი, ეს წესი შედგენილი უნდა იყოს მე-13 საუკუნის დასაწყისში.
ფრესკებზე გამოსახული მეფედ კურთხევის რიტუალებიდან ყველაზე ძველი დავით აღმაშენებლის ძის, დიმიტრი პირველის მეფედ კურთხევის - ხმლის შებმის სცენას მიიჩნევენ მეცნიერები, რომელიც დაცულია სვანეთში, მაცხოვრის ეკლესიაში. ხელაპყრობილ მეფე დიმიტრის, ორსავ მხარეს, ზემოთ ანგელოზები გვირგვინს ადგამენ. მეფეს ქრისტე აკურთხებს. მის ქვემოთ - ორი ერისთავი მას ხმალს აბამს.
ერთადერთი წერილობითი წყარო, რომელიც საისტორიო მწერლობამ შემოგვინახა, თეიმურაზ მეორის მეფედ კურთხევის რიტუალია, რომელიც დაცულია პაპუნა ორბელიანის თხზულებაში "ამბავნი ქართლისანი". სწორედ ამ წერილობითი წყაროდან გვინდა შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს რამდენიმე ამონარიდი.
როგორც მემატიანე გადმოგვცემს, როსტომ ხანის გამეფებიდან თითქმის საუკუნეზე მეტი ქართლის სამეფო კარზე ქრისტიან მეფედ დასმის ბედნიერება მხოლოდ კახეთის ბაგრატოვანთა სახლის შვილს, თეიმურაზ მეორეს ერგო 1744 წელს. ქართველთა სიხარული უსაზღვრო იყო. პატრიარქმა ანტონ კათალიკოსმა მოიძია მეფეთა კურთხევის უძველესი წესი და სამღვდელოება საგანგებო სადღესასწაულო ცერემონიისთვის მოამზადა. გახარებულმა ხალხმა ქუჩები, მოედნები, ბაზრები მორთო. ჩირაღდნებითა და გალობით შეეგება მეფის, დედოფლისა და ბატონიშვილების გამოჩენას.
"მეფე თეიმურაზი ლილოდან შემობრძანდა ქალაქსა თბილისსა თვესა ივლისს 9-ს. მიეგებნენ მოქალაქენი, დასნი სამღვდელონი. შეასხეს ქება და შესწირეს მალდობა ღმერთსა. გაუშალეს ფიანდაზი მძიმე ლარითა, შეიქნა სროლა ზარბაზანთა, რამეთუ ყურთა ხმა აღარ იყო. ავლაბრით ალაყაფის კარამდის მორთეს ბაზარი და განაპრწყინეს ჩირაღდანით. იყო სამი დღე და ღამე განუწყვეტლად მეჯლისი და ლხინი უზომო. სიხარული ფრიად. თეიმურაზის ძე ერეკლეს, დედამისსა და კათოლიკოს ანტონს გაეგებნენ დასნი სამღვდელონი, დედათა ბანაკი, შეასხეს ქება და მადლობანი ღმერთს".
მეფის კურთხევის ცერემონიალი კი ასეთი იყო: მეფემ ოთხი საგანგებო დროშა დაამზადებინა, რომლებიც ოთხი სადროშოს მეთაურებს გადაეცა. სადროშოების მხედრები და ხალხი თბილისიდან მცხეთაში გაემართა, სადაც სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში უნდა ცხებულიყო მეფე. ეს დიდი ამალა ორი დღის მანძილზე ემზადებოდა ზეიმისთვის. მესამე დღეს სვეტიცხოვლის სიახლოვეს მდგარ ანტიოქიის ტაძართან საგანგებოდ მოწყობილ ადგილზე დიდი დარბაზობის მაგვარი შეკრებულობა - განწესება გაიმათა. აქედან სამღვდელოებამ სამეფო გვირგვინი, სკიპტრა და სხვა სამეფო ნივთები სვეტიცხოველში შეიტანა. ეკლესიაში დაიწყო მწუხრის ლოცვა, რომელსაც მეფეც დაესწრო.
მეორე დღეს მეფე კვლავ ანტიოქიის ტაძრის ეზოში მოწყობილ საგენგებო სეფაში დაბრძანდა. აქედან მიიწვიეს ის ეკლესიაში წირვის დასასწრებად და საკურთხევლად. პატრიარქის წინაშე თეიმურაზმა მართლმადიდებლური მრწამსი წარმოთქვა, შემდეგ მეფე აკურთხეს. მირონი სცხეს შუბლზე, გულსა და ბეჭებზე, ჯვრის სახით. შემოსეს სამეფო შემოსელით, დაადგეს გვირგვინი, აზიარეს და წირვის შემდეგ ეკლესიაშივე საგანგებო ტახტზე დააბრძანეს. ეს ყოფილა სვეტიცხოვლობას, 1744 წლის პირველ სექტემბერს.
პაპუნა ორბელიანი, თვითმხილველი, ასე აღწერს ამ ზეიმს: "გამობრძანდა გარეთ საყდრის წინ ანტიოქიისა, ზემორე სეფე იდგა დიდი და სეფასა გვერდით სევანი დაედგინეს. დაბრძანდა სევანსა შინა და ეგრეთ იხილეს დარბაისელნი ვინა ჯდომისა ღირსნი იყვნენს, ვინა დგომისა, ეგრე ყოველნი განაწესნეს. წირვაზე მისაცილებლად მივიდნენ დასნი სამღვდელონი შემოსილნი. კარისა დეკანოზსა ხატი პატიოსანი თავსა ედგა, ჯვრის მტვირთველსა ჯვარი ეპყრა, მთავარდიაკონნი აკმევდნენ საკმეველთა. მღვდელნი უკან უდიდეს, ყოველთა დიდრონი ლამპარნი ეტვირთეს და მგალობელნი გალობდნენ.
სამღვდელო დასი წინ შეუძღვნის ხატითა, ჯვრის წინამძღოლთა და ლამპრებით მნათობელთა და ეგრე გალობით შეიყვანეს ეკლესიასა შინა. ცალი მკლავი სარდალს ქაიხოსროს ეპყრა და მეორე მკლავი - მუხრან ბატონს. აღსავლის კარზე მთავარეპისკოპოსი და ალავერდელი მიეგებნენ და შეიყვანეს საკურთხევლად, სცხეს საცხებელი შუბლთა, ბეჭთა და გულთა ჯვრის სახად. თქვა პატრიარქმა საღმრთო მადლი და შემდგომ ამით ბისონსა ზედა ჩააცვეს დიადემა, წამოასხეს პორფირი, დაადგეს გვირგვინი სამეფო, მისცეს მარჯვენა ხელსა სკიპტრა და მარცხენა ხელსა - ქვეყნისა სფერო... განსრულდა ამით წირვა, გამობრძანდა მეფე ცხებული საკურთხეველით, ცალკერძ პატრიარქს ეპყრა მკლავი, ცალკერძ - მთავარეპისკოპოსს. მოიყვანეს, მარჯვნით კერძო სამეფო ტახტი იყო, იქ დაბრძანდა, მოიტანა სარდალმა ქაიხოსრო ორბელიანმა, რომელიც იყო ამირსპასალარი, ხმალი მეფისა, და დალოცეს და შემოარტყეს" - ხმლის შემორტყმა ქართველი მეფის კურთხევის დამამთავრებელი ცერემონიალი იყო. თეიმურაზ მეორეს ხმლის შემორტყმის შემდეგ მილოცვები მიუღია.