ია აბულაშვილი
28.09.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველოში ცხენს უძველესი დროიდან იყენებდნენ, როგორც სამხედრო მიზნით, ასევე სატრანსპორტო საშუალებად. ამბობენ იმასაც, რომ საქართველოში ჯიშიან ცხენებს აშენებდნენ და არაბებს თავიანთი ცხენსაშენებისათვის კახეთიდან გაჰყავდათ ფაშატები.

მეცხენეობა განსაკუთრებით გავრცელებული იყო თუშეთში, კახეთში, ფშავში, ერწო-თიანეთში. უძველეს ჯიშებს მიეკუთვნება თუშური ცხენი, რომელიც საშუალო ტანის, ძლიერი და კარგი აღნაგობისაა. იგი უპრობლემოდ დადის მთლის ბილიკებზე და 120 კგ ტვირთის ტარება შეუძლია. ასევე მეგრული და მოგვიანებით ჯავახური ცხენის ჯიშები.

ქართული და უცხოური ისტორიული წყაროების მიხედვით საქართველო, რომელიც მხედრული ტრადიციებით მდიდარი ქვეყანა იყო. ძვ.წ. მეორე და პირველი ათასწლეულის ბრინჯაოს ბალთაზე შემორჩენილი გამოსახულებები, ხის ურიკები და ცხენის რიტუალური სამარხები, ასევე კოლხეთში, ნაოხვაუმში აღმოჩენილი ჯიშიანი ცხენის თიხის ფიგურა ადასტურებს, რომ ქართველებს ცხენის მოშენება-გაწვრთნაში მთელს ურარტუში ბადალი არ ჰყოლია.

რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის ცნობით, ომის ღმერთისადმი მიძღვნილ დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე საუკუნეში იბერთა მეფე ფარსმან ქველი წარჩინებულებთან ერთად რომს ეწვია და ასპარეზობა გაუმართავს ცხენოსნობაში.

ქართველ ოსტატთა ხელოვნებით აღფრთოვანებული იმპერატორის ბრძანებით კი, პატივისცემის ნიშნად მარსის მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკების აღუმართავთ.

ლიტერატურულ წყაროებში, ასევე მრავლადაა მოხსენიებული ცხენოსნობის სხვადახსვა სახეობების შესახებ, დოღი, ჯირითი, ისინდი.

იპოდრომის შესახებ კი პირველ ცნობებს გვაწვდის ბერძენი ისტორიკოსი აპოლონიოს როდოსელი: "კოლხეთში, არესის ველზე ვრცელი იპოდრომი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა, კოლხები ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენას და მხედრულ შეჯიბრებს აწყობდნენ".

ჩანახატები და ნახატები აქვთ შექმნილი მე-17 საუკუნის იტალიელ მისიონერს არქანჯელო ლამბერტის, დიონიჯო კარლის და დონ კრისტოფერ დე კასტელის, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა 1629 წელს, თითქმის ყველა კუთხე მოიარა.

შექმნა მრავალი ნახატი, მათ შორის "ცხენოსანთა თამაში", სადაც ასეთი მინაწერი გააკეთა: "უცქირეთ მათ მშვენიერ ცხენოსნებს. როგორ კარგად მართავენ თავიანთ ცხენებს. ესაა "ხელოვნება ცხენოსნობაში". იშვიათად მიღწეული. იგი მოითხოვს დიდ მოძრაობას, გონების თანამიმდევრობას, მოთამაშენი როდი ვარდებიან ცხენებიდან".

ძველი ქართული მხედრული ტრადიციების გამგრძელებელები კი მე-19 საუკუნეში იყვნენ რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფი ქართველი კავალერისტები, მათ შორის გამოირჩეოდნენ გიორგი და კონა ერისთავები, ივანე ანდრონიკაშვილი, გრიგოლ და ილია ორბელიანები. სპირიდონ ჭავჭავავძე, ივანე ამილახვარი და სხვები.

მე-20 საუკუნის დასაწყისში კი საქართველოში პირველი ცხენთსაშენიც აშენდა, რომელიც ცნობილი მაგნატის, მანთაშოვის სახელს უკავშირდება.

1905 წელს აშენებულმა ცხენსაშენმა 1914 წლისთვის რუსეთის ერთ-ერთი და უმდიდრესი, პეტერბურგის ცხსენსაშენი დაჯაბნა, რომელიც ეკუთვნოდა იმპერიის უმდიდრეს მაგნატებს ძმებ ლაზარევებს.

ქართულ ცხენსაშენში იმ დროს 57 წმინდა სისხლის რაში ჰყავდათ, რომლებიც რუსეთის იმპერიაში გამართულ ასპერეზობებში მონაწილეობდნენ. 1914 წელს სწორედ ქართულ ცხესაშენში გამოზრდილმა რაშმა მიიღო რუსეთის იმპერიის მთავარი პრიზი.

ქართველი ცხენოსნები არა მხოლოდ რუსეთის იმპერიაში იყვნენ ცნობილნი, არამედ მათი სახელი განთმული იყო ევროპასა და ამერიკაში. 1892 წელს ბათუმში ჩამოვიდა ამერიკელი იმპერსარიო თომას ოლივერი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ველური დასავლეთის შოუებისთვის ცხენოსნების შერჩევა.

თომას ოლივერმა ბათუმში აშშ-ს კონსულთან გაიცნო ქართველი მოჯირითე კირილე ჯორბენაძე, რომლის დახმარებითაც გურიაში შეკრიბა 10 ცხენოსანი ივანე მახარაძის მეთაურობით.

"ბათუმი. ამას წინად წავიდა გურიაში ჩიკაგოს გამოფენის გამგებელთა სანდო კაცი, რომელსაც დავალებული ჰქონდა, შეჰკრიბე რამდენიმე ცხენოსანი გურული ვაჟკაცები და ჩიკაგოს გამოჰგზავნეო. ამ კაცს უკვე შეუკრებია ეს დასი, რომელშიც 10 კარგი ვაჟკაცია, მშვენივრად გამოწყობილი და შეთოფ-იარაღებული. ეს დასი 13 თებერვალს უკვე ჩამოვიდა ბათუმს და მოკლე ხანში გაემგზავრება კიდევაც ამერიკას", - წერდა მაშინდელი ადგილობრივი პრესა.

გურული მხედრები პირველად მარსელში ჩავიდნენ, შემდეგ პარიზში, იქიდან ინგლისში. იმ დროს ლონდონში იმართებოდა ამერიკელი შოუმენის ბაფილიო ბილი ქოუდის წარმოდგენები, სადაც მონაწილეობა გურულმა მხედრებმაც მიიღეს.

მათმა გამოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია და დედოფალმა ვიქტორიამ გურული მხედრები უინდძორის სასახლეში მიიწვია. 1892 წლის 25 ივნისს ქართველი მხედრები ივანე მახარაძის მეთაურობით ინგლისის სამეფო ოჯახის წინაშე წარსდგნენ.

ქართველ მხედართა ოსტატობით აღფრთოვანეულმა დედოფალმა წარმოდგენის ამსახველი ფოტოების მოოქროვილი ალბომი გადასცა ქართველ მოჯირითეებს.

შემდეგ გურული მხედრები ამერიკაში გაემგზავრნენ, მათ წარმოდგენებს ესწრებოდნენ აშშ-ს პრეზიდენტები: უილსონი და თეოდორ რუზველტი. როგორც ამბობენ, ქართველ ცხენოსანს გიორგი ჩხაიძეს თეოდორ რუზველტმა სამახსოვროდ ოქროს ბეჭედი და ლანგარი გადასცა.

გურულ ვაჟკაცებს ტოლს არ უდებდნენ ქართველი ქალებიც. პირველი ქართველი ცხენოსანი ქალები, რომლებიც ამერიკაში ჩავიდნენ, იყვნენ ფრიდა მგალობლიშვილი, დები მარო და ბარბარე ზაქარეიშვილები, ქრიტინე ცინცაძე და სხვები, რომლებიც "ბოფილიო ბილის" ცირკში გამოდიოდნენ.

ამ პერიოდში საქართველოშიც თითქმის ყველა კუთხეში იმართებოდა დოღი, თბილისში დიდუბეში, საბურთალოზე, ვაკეში, დელისსა და ვეძისში არსებულ იპოდრომებზე იმართებოდა ასპარეზობები ცხენოსნობაში.

1912 წელს ქართველმა ცხენოსანმა კონსტანტინე ავალიშვილმა ლივერპულის სტიპლ-ჩეიზის დიდი პრიზი მოიპოვა, რომელიც ჯერ მოსკოვის, ხოლო შემდეგ თბილისის იპოდრომის ჟოკეი იყო.

ადამიანისა და ცხენის ურთიერთობებზე არაერთი ისტორია სმენია ჩვენს მკითხველს. ეს უწყინარი და მგრძნობიარე ცხოველი ყოველთვის თან ახლდა ჭირსა თუ ლხინში, ბრძოლის ველზე თავის პატრონს. ომში მოკლულ ცხენს ისე დაიტირებდნენ, როგორც ახლობელს.

ცხენიც მუდამ ერთგული იყო თავისი პატრონის. საქვეყნოდ ცნობილია ეკლესიის მიერ ახალმოწამედ შერაცხული მამა სამსონ მძინარიშვილისა და მისი ცხენის ამბავი. ცხენი თურმე ზურგზე პატრონის მეტს არავის შეისვამდა. შორს წასული ცხენისთვის ჩურჩულითაც რომ დაეძახა მამა სამსონს, ცხენი თქარათქურით გამორბოდა.

1938 წელს ბოლშევიკებმა მოძღვარი დახვრიტეს; იმ დღიდან თვეც არ იყო გასული, მისი ცხენი დარდით რომ მოკვდა. არც წყალს აკარებდა პირს და არც საჭმელს. იდგა და თვალები ცრემლით ჰქონდა თურმე სავსე. ასე დალია სული მშიერ-მწყურვალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×