გამორიცხული არ არის, 15-25 წლის შემდეგ ქართული მეგალოპოლისიც მივიღოთ
ნათია ლომიძე
28.09.2017

 ბოლო წლებში თბილისის მასშტაბი იმდენად გაიზარდა, რომ მალე შეიძლება, დასავლეთით მცხეთასა და აღმოსავლეთით რუსთავს შეუერთდეს. ამ სამ ქალაქს შორის ცარიელი ტერიტორია მინიმუმამდეა დასული. დედაქალაქი კი, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სწორედ ამ ორი მიმართულებით იზრდება. გამორიცხული არ არის, 15-25 წლის შემდეგ ქართული მეგალოპოლისიც მივიღოთ.

თბილისის მოსახლეობა დაახლოებით 1.5 მლნ-ია და იგი განუხრელად იზრდება. მატულობს მშენებლობის ტემპიც. დედაქალაქის მასშტაბები უკვე გასცდა ყველა დადგენილ ზღვარს და კარგა ხანია, მეზობელი ქალაქებისკენ "მიიწევს". დღესდღეობით მცხეთას, თბილისსა და რუსთავს შორის არსებული ცარიელი ტერიტორიის ათვისების ყველა წინაპირობა არსებობს. ქალაქებს შორის მანძილი იმაზე ნაკლებია, ვიდრე დედაქალაქის ზოგიერთ უბანსა და ცენტრს შორის. მით უფრო, რომ თბილისმა უკვე შეიერთა ირგვლივ მდებარე სოფლები და მისი ფართობი მკვეთრად გაიზარდა. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი სამი ერთმანეთთან ახლომდებარე ქალაქის გაერთიანების თაობაზე.

მეგალოპოლისების რამდენიმე ვარიანტი თანამედროვე მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობია. მაგალითისთვის, ამერიკაში არსებობს ბოსვაშის მეგალოპოლისი, რომელიც ბოსტონს, ვაშინგტონს, ფილადელფიას, ნიუ-იორკსა და ბალტიმორს აერთიანებს ჯამური მოსახლეობით 45 მილიონამდე. მსოფლიოში ყველაზე დიდი მეგალოპოლისი კი ტოკაიდოა, სადაც მცხოვრებთა რაოდენობა 70 მლნ-ს აჭარბებს. იგი იაპონიის რამდენიმე ქალაქს აერთიანებს (ტოკიო, იოკოჰამა, ოსაკა, კობე და კიოტო). ამერიკისა და იაპონიის გარდა, მეგალოპოლისებს ევროპაშიც შეხვდებით, მაგალითად, ასეთია ლონლივი ბრიტანეთში (ლონდონი, მანჩესტერი, ბირმინგემი, ლივერპული) 35 მილიონი მცხოვრებით.

ევროპისა და ამერიკის მსგავსად, საქართველოს არც ერთ ქალაქს მეგალოპოლისად გარდაქმნა არ ემუქრება, რადგან ამას, ურბანისტ მერაბ ბოლქვაძის აზრით, მიწათსარგებლობის გეგმა და აგლომერაციის საკითხები ეწინააღმდეგება. იმ დასახლებული პუნქტების შეერთებაც კი, რომელიც თბილისის ირგვლივაა, არ არის სასურველი. ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ამ ტენდენციას აშკარად უნდა შევეწინააღმდეგოთ, რადგან ევროპისა და ამერიკის ქალაქების მიბაძვა საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს.

"ამგვარი გაერთიანება საქართველოს არც ერთ ქალაქს არ ემუქრება. მიწათსარგებლობის გეგმითა და აგლომერაციის საკითხით ვითარება არ გვაქვს, რომ რუსთავი თბილისს შეუერთდეს. ეს ორი დასახლებული სივრცე აუცილებლად მწვანე სარტყელით უნდა იყოს გამოყოფილი. აგლომერაციის საკითხში ზუტად ეს ნიუანსი დევს, რომ დასახლებული პუნქტებიც კი, რომლებიც თბილისის ირგვლივაა, არ უნდა შეურთდეს და გადაებას დედაქალაქს. ქვეყნის სხვა ქალაქებში არც არის ამის პრობლემა.

ასეთი გაერთიანებების მართვა ძალიან ძნელია. ამ ტენდენციას აშკარად უნდა შევეწინააღმდეგოთ, რადგან სწორი არ არის და ვერ მივბაძავთ ევროპისა და ამერიკის ქალაქებს. ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს", - განუცხადა "რეზონანსს" მერაბ ბოლქვაძემ.

საქართველოს რამდენიმე ქალაქის მეგალოპოლისად გაერთიანების აუცილებელი წინაპირობა მოსახლეობის რაოდენობაა და არა მხოლოდ მშენებლობების სიმრავლე. ჩვენი ქალაქები ბევრად დიდი და მოუგვარებელი პრობლემის წინაშე დგანან, რაც განსახლების დაბალანსებას გულისხმობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი თბილისშია და სხვა ქალაქები თითქმის ცარიელია. ურბანისტ ლადო ვარდოსანიძის აზრით, ეს არის საკითხი, რომელიც, პირველ რიგში, დასაბალანსებელია.

"ასეთი უზარმაზარი გაიერთიანების შემთხვევაში გასათვალისწინებელი მოსახლეობის რაოდენობრივი პარამეტრი უფროა, ვიდრე მშენებლობით გადატვირთული უბნები. ჩვენი ქალაქის ძირითადი მიმართულება ეს არ არის. ამჟამად სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე ვდგავართ. არ არის დაბალანსებული განსახლების სისტემა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თბილისზე მოდის და სხვა ქალაქები "კვდება". ჭიათურას, სამტრედიას, გორსა და სხვა ქალაქებს პერსპექტივა არ აქვთ. ერთი ბათუმია, რომელიც მეტ-ნაკლებად ახერხებს და ინარჩუნებს მოსახლეობას. ეს უფრო მტკივნეული თემაა, რომ განსახლების დაბალანსება ვერ ხერხდება", - განუცხადა "რეზონანსს" ვარდოსანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×