ია აბულაშვილი
29.09.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ერის ისტორიაში დროშას უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება აქვს. ქართული დროშა სიძველით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, რაც დამტკიცებულია მსოფლიო ჰერალდიკის საბჭოს მიერ.

ქართულ ისტორიულ წყაროებში ტერმინი "დროშა" მე-9 საუკუნიდან გვხვდება, თუმცა მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ქართული დროშა უფრო ძველ დროს მიეკუთვნება, რომელიც თეთრი იყო, მასზე ქართველთა მფარველი წმინდა მხედრის - გიორგის გამოსახულებით. დროშის ტარს ეწოდებოდა "ძელი" ან "ბუნი", ტარზე შებმულ ტილოს კი - "ალამი".

საქართველოს ასევე უძველესი დროიდან ჰქონდა სახელმწიფო, საეკლესიო და სალაშქრო დროშები. სახელმწიფო დროშას სამეფო დროშა ეწოდებოდა, რომელიც მეფის მიერ ტახტის მემკვიდრეებს გადაეცემოდა. სახელმწიფო დროშას ქართველები სეფე დროშასაც უწოდებდნენ. იგი ორნაირი ყოფილა - დიდი და პატარა. დიდი დროშა განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოჰქონდათ, მაგალითად, მეფეთა კურთხევის ან მათი ქორწინების დროს. ლაშქრობაში მეფე სახელმწიფო დროშით მიდიოდა. პატარა დროშა აღმართული იყო მეფის სასახლის თავზე, ასევე ტაძარში წირვა-ლოცვის დროს.

მე-11-14 საუკუნეების ქართულ ისტორიულ წყაროებში ქართული სახელმწიფო დროშა იხსენიება, როგორც "გორგასლიან-დავითიანი" - "ბედნიერად ხმარებულს დროშას სევანს", იგი ერთიანი საქართველოს სიძლიერისა და სიამაყის სიმბოლოდ მიიჩნეოდა. "გორგასლიან-დავითიანი" დროშა ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდიოდა, თეთრი ფერისა წითელ ბუნზე იყო მიმაგრებული, ბუნი ჯვრის გამოსახულებით სრულდებოდა. სახელმწიფო დროშაზე წმინდა გიორგი იყო გამოსახული.

ქართული დროშის შესახებ ცნობები გვხვდება უცხოურ ისტორიულ წყაროებშიც, მაგალითად, შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაურის - კოტივიჩის ჩანაწერებში, რომელსაც თავისი თვალით უნახავს იერუსალიმში სალოცავად მისული ქართველები სახელმწიფო დროშით.

მე-15 საუკუნეში კი ბარსელონაში გამოქვეყნდა კატალონიელი ბერის მიერ შედგენილი მსოფლიო ქვეყნების ატლასი, სადაც 4 ქართული დროშაა აღწერილი (ორიგინალი ბარსელონის ბიბლიოთეკაში ინახება). ამ აღწერილობით ქართული დროშის ალმის თეთრ ფონზე მთელ სიგრძე-სიგანეზე შინდისფერი ჯვრის სწორი ხაზებია გამოსახული. სავარაუდოდ, ასეთი დროშა მე-13 საუკუნით უნდა თარიღდებოდეს.

თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ქართველი მეფეები სახელმწიფო დროშას, ეს კარგად ჩანს გიორგი ბრწყინვალის "ეგვიპტური პოლიტიკიდან". გიორგი ბრწყინვალის დროს პალესტინასა და ეგვიპტეში საქართველოს უკვე ჰყავდა მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ანუ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელსაც ომირი ეწოდებოდა. მეფემ ორჯერ გააგზავნა ელჩები ეგვიპტეში, პირველად 1316 წელს, მეორედ 1320 წელს. პირველი ელჩობა მიზნად ისახავდა პალესტინაში დაცული ქართული სიწმინდეების საკითხში ძველი შეთანხმების განახლებას. ამ ელჩობამ წარმატებით ჩაიარა. ეგვიპტის სულთანმა შეასრულა ქართველი მეფის თხოვნა, დაუბრუნა ქართველებს ყველა სიწმინდე და მოუხსნა ქრისტიანებისთვის დადგენილი წესი. ქრისტიანებს ეკრძალებოდათ გაშლილი დროშებით შესვლა იერუსალიმში. ამის შემდეგ ქართველები პალესტინაში ცხენზე ამხედრებული გაშლილი ეროვნული დროშებით შედიოდნენ. ამ დათმობის ფასად კი საქართველო პალესტინას საჭირო შემთხვევაში სამხედრო დახმარებას აღმოუჩენდა.

მე-14 საუკუნეში თეთრი ალმის გვერდით ჩნდება შავი დროშა, სავარაუდოდ, იგი დავით ნარინმა შემოიღო. მე-15 საუკუნეში საქართველოს სამეფო სამთავროებად დაიშალა და დროშების ნაირსახეობაც აქედან მოდის. მაგალითად, ქართლის სამეფო დროშა მოწითალო-შინდისფერი იყო, დასავლეთ საქართველოსი კი - თეთრი ფერის. გორგასლიან-დავითიანმა დროშამ მე-19 საუკუნის დასაწყისამდე მაინც მოაღწია, ქუთაისის სამეფო ზარდახშაში ინახებოდა. ახალციხის ბრძოლის დროს იგი თურქებს ჩაუგდიათ ხელში და გაუტაცნიათ.

1801 წელს, როცა საქართველოში რუსეთის მმართველობა დამყარდა, ქართულმა დროშამ არსებობა შეწყვიტა. შეიქმნა თბილისის და ქუთაისის გუბერნიები, რომელთაც ეროვნული დროშების ნაცვლად საგუბერნიო დროშები გადასცეს.

1917 წელს რუსეთში თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაძლიერდა. სწორედ მაშინ წამოიჭრა დროშის, როგორც ქართველი ხალხის თვითმყოფადობის სიმბოლოს, აუცილებლობა. დამოუკიდებელ ქვეყანას თავისი დროშა სჭირდებოდა. დროშების ესკიზის შექმნას ხელი მოჰკიდა იაკობ ნიკოლაძემ. როგორც ამბობენ, იგი ხელმძღვანელობდა გიორგი ბრწყინვალის ეპოქის დროშით, რომელიც შავ ქსოვილზე ხუთი თეთრი ჯვრით იყო წარმოდგენილი. სიმბოლოდ კი ქართული დროშისთვის შავ-წითელი და თეთრი ფერები შეურჩევია.

ქართული დროშის სიმბოლიკა აღნიშნავდა შინდისფერი ქსოვილით - ქართული მიწის ისტორიას, რომელიც დაღვრილი სისხლით გადარჩა. შავი და თეთრი ზოლები - ქვეყნის პოლიტიკური ერთობის სიმბოლო იყო.

კანონი "საქართველოს რესპუბლიკის დროშის შესახებ" 1918 წლის 10 სექტემბერს მიიღეს. დროშა ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით შეიქმნა, რომლის ავტორებიც იყვნენ იაკობ ნიკოლაძე და იოსებ შარლემანი. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისის თავზე ეროვნული სამფეროვანი დროშა ფრიალებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×