ია აბულაშვილი
30.09.2017

 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის შექმნის ისტორია ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, ერთი საინტერესო დოკუმენტი გავაცნოთ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით 1918 წელს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო.

როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გერბი წარმოადგენს ქართულ ფარს, რომელიც მოთავსებულია ორნამენტირებულ შვიდქიმიან ვარსკვლავში. ფარზე დაბლა გამოსახულია შავ ფერში მთა (კავკასიონი), რომელზეც თეთრი მხედარია აღმართული, ყალყზე შემდგარ თეთრსავე რაშზე - წმინდა გიორგი. თუმცა მას არა აქვს ტრადიციული შარავანდედი თავზე და არავის ებრძვის როგორც თავისუფალი, მშვიდობიანი სახელმწიფოს სიმბოლო.

არსებობდა კიდევ ერთი კომპოზიცია - "კლდეზე მიჯაჭვული ამირანი", თუმცა მას არ გაუმარჯვია. ნოე ჟორდანია ამის შესახებ წერდა:

"სოც-დემოკრატების ფრაქციაში პირველი დიდი დავა აგვიტყდა რესპუბლიკის ემბლემის შესახებ. ირაკლი წერეთელმა წამოაყენა მიჯაჭვული პრომეთეს ნაციონალური ემბლემის გამოცხადება. მე არ მომეწონა, შევედავე. მთავარი ჩემი არგუმენტი ის იყო, რომ ტყვე მიჯაჭვული პრომეთე სრულიად არ შეესაბამებოდა განთავისუფლებულ ქართველ ერს.

"მე წამოვაყენე ამ აზრის გამომხატველი თეთრი გიორგი, ცხენზე კოხტად შემჯდარი და ცის სივრცეში თავისუფლად მარდად მფრინავი. მოწინააღმდეგენი ასაბუთებდნენ თავის აზრს, რომ თეთრი გიორგი იგივე წმინდანია, ეს კრელიკალიზმია, უკან დაბრუნება, საეკლესიო ემბლემის რესპუბლიკის ემბლემაზე გამოცხადება და სხვა. მათი აზრიც მივიღეთ. თეთრ გიორგის წმინდა გიორგის ყველა ნიშანი ჩამოვაშორეთ", - წერდა ნოე ჟორდანია.

გერბი თეთრი გიორგი გამოსახულებით საქართველოს რესპუბლიკის სიმბოლო გახდა, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინსიგნია ემიგრაციაში.

სახელმწიფო გერბის შესახებ კანონპროექტის განხილვა საქართველოს ეროვნულ საბჭოში გამართულა 1918 წლის 17 სექტემბერს. კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე. პირველი სიტყვა წარმოთქვა კოტე მაყაშვილმა.

"ეროვნული საბჭოს წევრებო! შიშით და კრძალვით ამოვედი ამ ტრიბუნაზე. უნდა მოგახსენოთ, რომ მე ვექილის მდგომარეობაში ვიმყოფები, რომლის კლიენტსაც სასჯელი მოელის. საქმის არსებითად გარჩევამდე საჭიროდ ვთვლი, შევეხო მოკლედ გერბის საკითხის ისტორიას.

"გერბის საკითხი დაიბადა ჩვენს მთავრობაში ამ ორი თვის წინად ქართული ფულის შემოღების იდეასთან ერთად. მაშინ ქართულ ფულზე საჭირო იყო რაიმე ემბლემის გამოსახვა. ამიტომ მოიწვია მთავრობამ მცოდნე პირები, მხატვრები, პროფესორები და მათთან ერთად შეუდგა ამ საკითხის განხილვას.

"აზრების გაცვლა-გამოცვლის შემდეგ ამ მცოდნე პირებმა ერთხმად სცნეს, რომ საქართველოს გერბზე უნდა იყოს გამოსახული თეთრი გიორგი შვიდი მნათობით, მაგრამ მთავრობის უმრავლესობა იმჟამად არ დაეთანხმა იმათ და დაადგინა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გერბზე უნდა იყოს გამოსახული ამირანი. ამისთვის კონკურსი გამოცხადდა, მაგრამ ეს კონკურსი არ შესდგა, რადგან ჩვენი მხატვრების უმრავლესობას ძალიან ეუცხოვა ამირანის გერბზე გამოსახვა და კონკურსში მონაწილეობა არ მიიღეს.

"ამის შემდეგ გერბის საკითხი გადავიდა კომისიაში. აგვისტოს ხუთში შესდგა ამ კომისიის კრება, რომელსაც დაესწრნენ ფინანსთა, განათლების და შსს მინისტრები, პროფესორები ექვთიმე თაყაიშვილი, ჯავახიშვილი და კომისიის წევრები. კომისიამ მოისმინა ვრცელი დასაბუთებული მოხსენება პროფესორ ჯავახიშვილისა.

"მცირე თათბირის შემდეგ ერთხმად დადგინდა, რომ ქართულ გერბზე იყოს გამოსახული თეთრი გიორგი შვიდი მნათობით. ეს გადაწყვეტილება კომისიისა ეცნო ფრაქციებს და მთავრობას.

"იმის შემდეგ ამ საკითხის გარშემო ასტყდა ერთი ალიაქოთი, დღემდის არ ეშველა. დღეს ეს საკითხი სწორი და ხვეული გზით მოსული თქვენს წინაშე დგას და თქვენს მსჯავრს ელის", - ასეთი სიტყვით წარდგა კრების წინაშე კოტე მაყაშვილი.

თავისი მოსაზრება გამოთქვა ირაკლი წერეთელმა. მან თქვა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით, თუ რა შეეფერება ქართველი ხალხის სურვილს. მისი თქმით, ამირანი გამოხატავს სწორედ და სავსებით გადმოსცემს ჩვენი ხალხის დღევანდელ მდგომარეობასო.

სოციალ-ფედერალისტმა აკაკი ფაღავამ მხარი დაუჭირა თეთრი გიორგის გამოხატვას გერბზე და თქვა, რომ ეს ემბლემა მაინც დარჩება, ვინაიდან ჩვენი ცხოვრება არის ბრძოლა მერმისისთვის.

"ჩვენ ვიყავით, ვართ და მომავალში მებრძოლ ერად დავრჩებით, რადგან ჩვენს ისტორიაში არ გვაქვს არც ერთი ისეთი დიდი ხანა, როდესაც ბრძოლიდან დასვენებული ვყოფილიყავით, უეჭველია, დღესაც და მომავალში დაგვჭირდება. უკეთეს ემბლემას ღერბისა, ემბლემას ბრძოლისა ვერ წარმოვიდგენთ გარდა თეთრი გიორგის", - უთქვამს კოტე ფაღავას.

დიდი კამათის შემდეგ საკითხი დადგა კენჭისყრაზე. გიორგიმ მიიღო 33 ხმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა 17, ორმა თავი შეიკავა. ამირანის მომხრე აღმოჩნდა 16, ხოლო მოწინააღმდეგე - 34. ამ რიგით გაიმარჯვა გიორგიმ. კრება იხურება 4 საათსა და 25 წუთზე, 1918 წლის 17 სექტემბერი.

ასე მიიღო საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველოში მოღვაწე მხატვარ იოსებ შარლემანის მიერ შექმნილი საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გერბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×