გვანცა ღვედაშვილი
16.11.2017

იმ სამინისტროებში, რომლებიც სტრუქტურული ცვლილებების შედეგად უნდა გაუქმდეს და სხვა უწყებებთან შეერთდეს, დაახლოებით 2,900 ადამიანი მუშაობს. რამდენი პროცენტით შემცირდება ჯამში კადრების რაოდენობა, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ფაქტია, სამინისტროების გაერთიანებას ადამიანური რესურსის შემცირება ბუნებრივად მოჰყვება.

როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, სამინისტროების შერწყმის შედეგად არჩევანი პროფესიონალ კადრებზე გაკეთდება.

"ძირითადად ყველა სამინისტროს ბიუჯეტში მთავარი ნაწილი არის პროექტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ასე რომ, თანხის დაზოგვაზე არ არის აქცენტი გაკეთებული, აქცენტი გაკეთებულია ეფექტურობაზე.

"თანხა, ცხადია, დაიზოგება, თუნდაც - შენობების მიმართულებით, მაგრამ ეფექტურობის გაზრდა არის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება ადამიანებს, ყველა ის ადამიანი, ვინც არის ეფექტური, ცხადია, დარჩება სამინისტროების შერწყმის შემდეგაც და არჩევანი გაკეთდება პროფესიონალებზე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისაღებია თუ არა სამინისტროებში საკადრო შემცირებები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

 გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): მე რომ მკითხოთ, ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შემცირდეს, თუმცა არ ფიქრობ, რომ ხარჯების შემცირება დაბალანაზღაურებადი კადრების შემცირებით უნდა დაიწყოს. პირველ რიგში, დანამატებითა და პრემიების მოხსნით უნდა დაიწყოს ხარჯების შემცირება. მე ასე ვფიქრობ.

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი): მართალი გითხრათ, მივესალმები და რატომ, ამას კონკრეტულ მაგალითზე გეტყვით. ხმაურთან დაკავშირებით პარლამენტმა მიიღო კანონი, რომ 11 საათის მერე აკრძალული ყოფილიყო სხვადასხვა ტიპის ხმაური და არც ერთი შემთხვევა არ გვახსოვს ჩვენ, რომ მინისტრს ან მის დაქვემდებარებულ პირებს ეს კანონი აღესრულებინოთ.

პირიქით, აბსოლუტური უკანონობა მიმდინარეობს. თუკი, ასეთივე "უპატრონობა" სუფევს სხვა სფეროებშიც, მაშინ ნამდვილად საჭიროა განახლება.

ახლა, იმედი მინდა დავიტოვო, რომ ახალი შემადგენლობა უფრო მეტად მიხედავს ხალხის ინტერესებსა და კანონის დაცვას.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): საერთოდ, ოპტიმიზაცია საკმაოდ რთული და მტკივნეული თემაა ნებისმიერ დაწესებულებაში, მათ შორის - სამინისტროებში. მაგრამ თუ პროფესიონალურად მოხდება და ემსახურება განახლებასა და სამინისტროების უფრო მოქნილ ქმედებებს, ეს გარდაუვალი პროცესია.

ადამიანური თვალსაზრისით, როდესაც სამსახურს ტოვებ, ეს ძალიან ძნელია, მით უმეტეს - ასეთ ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში. თუმცა, ამას თავიდან ვერ ავიცილებთ, თუკი სამინისტროების უფრო ოპერატიულ მართვაზეა საუბარი. მეორე მხარეა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდნენ პროფესიონალი კადრები.

 მიხეილ ღანიშაშვილი  (პოეტი): სამინისტროების გამსხვილება და შერწყმა მისაღებია, თუმცა გამიჭირდება იმის თქმა, რამდენად სწორია საკადრო ცვლილებები. ამასთან, ჩვენ ვერც რადიკალურად განსვავებული მინისტრები დავინახეთ, მათ აკლიათ დამოუკიდებლობა, ამიტომ მეეჭვება, რომ რომელიმე მათგანმა რამე წარმატებას მიაღწიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×