ლარის კურსი დოლარის მიმართ გაუფასურებას განაგრძობს. ამასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში დაიბაროს და არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განმარტებები მოისმინოს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრ ლევან კობერიძის განცხადებით, პირველ რიგში, ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს კითხვებს პასუხი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში მოუსმენენ.
"პირველივე დღიდანვე, როგორც კი ლარის გაუფასურება დაიწყო, მოვითხოვეთ ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის ეროვნული ბანკიდან, რადგან სწორედ ეროვნული ბანკი არის ის დაწესებულება, რომელსაც აქვს სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება ლარის გარშემო. სწორედ ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს განცხადებები იმ შემთხვევაში, თუ ასეთი პრობლემები ექმნება ლარს. აქ ვსაუბრობ მყისიერ ცვალებადობაზე და არა გრძელვადიანად ლარის კურსზე.
"პირველ რიგში, ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს ამ კითხვებს პასუხი. თუკი გამოიკვეთება სხვა დეტალები, აუცილებლად შემდეგ უნდა მოხდეს სხვა თემებზე პასუხის გაცემაც," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
გჯერათ თუ არა, რომ მთავრობა შეძლებს ლარის ვარდნასთან დაკავშირებულ პრობლემასთან გამკლავებას? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
დოდო ხურცილავა თეატრმცოდნე): არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, ამიტომ ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ღმერთმა ქნას, რომ გაუმკლავდეს.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): არის ვერსია, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება, ვიღაცები, ბანკები და ა.შ. არიან ამით დაინტერესებულნი. ადრე თუ გვიან დასტაბილურდება, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს იქნება ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ეს როგორ არის, იცით? აი, გრიპს თუ მკურნალობთ, 3 დღეში განიკურნებით, თუ არ მკურნალობთ - ერთ კვირაში. დაახლოებით ასეთი ამბავია ლართან მიმართებითაც.
გია ბურჯანაძე (მსახიობი): ვერ გეტყვით. არ ვარ ეკონომიკის ექსპერტი, მაგრამ ყოველ წელს ახალი წლის წინა პერიოდში სულ ასე ხდება. ეტყობა, რაღაცაშია საქმე. ხელისუფლების მოწყობილი თუ არის, თვითონვე როგორც მოაწყვეს, ისევე გამოასწორებენ. შარშანაც ამ დროს 2,80-ზე ავიდა თითქმის და ზაფხულს მერე 2,30-სკენ ჩამოვიდა. არ ვიცი. ან ხელოვნურად არის ეს ყველაფერი, ვიღაც ხეირობს და თუ მართლაც ასეა, თავისთავად ხელისუფლების გარეშე არ იქნება. ასე რომ, თუ ამათი გაკეთებულია, როგორც უნდათ, ისე მართავენ. ხოლო თუ ვერ გაუმკლავდნენ, მაშინ უნდა გადადგნენ.
ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): დღევანდელი ხელისუფლება ლართან დაკავშირებულ პრობლემას ვერ გაუმკლავდება. მოსახლეობა უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება, ყველაფერი გაძვირდება, ამიტომ ვფიქრობ, ხელისუფლებამ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გადადგეს. ხელისუფლებამ ვერავითარი ანტიკრიზისული პროგრამა ვერ წარმოადგინა. სამინისტროები სულაც რომ გაანახევროს, ესეც აღარ უშველის. მართვის სისტემაა შესაცვლელი. ადგილობრივ წარმოებას არავითარი ხელშეწყობა არ აქვს, დაქცეულია სოფლის მეურნეობა. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ამ პირობებში ლარის კურსი გამყარდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე