გვანცა ღვედაშვილი
20.11.2017

საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესი, შესაძლოა, შეიზღუდოს. ეს ყველაფერი პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, მინიმალური ასაკი 18-დან 21 წლამდე იზრდება.

ასევე, შეიძლება შეიქმნას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ მოქალაქეთა სია. ამ სიაში მოხვედრის შემთხვევაში პირს სამორინეებსა და ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინტერნეტის ეპოქაში აღნიშნული პრობლემის ბოლომდე მოგვარება რთული იქნება.

"ინტერნეტიზაციის პირობებში საკმაოდ რთული იქნება ამ პრობლემის ბოლომდე მოგვარება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, რათა მათი შვილები აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები არ გახდნენ, თუმცა ის რეგულაციები, რომლებზეც მთავრობა მუშაობს, მნიშვნელოვნად შეამცირებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეამცირებს თუ არა ეს კანონი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რაოდენობას? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "შემცირება, არ მგონია, გამოიწვიოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო კანონია. ხლისუფლების მხრიდან ამ კანონის მიღება იქნება ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი, რაც შეიძლება მთავრობამ ამ მხრივ საზოგადოების გადარჩენის კუთხით გადადგას."

 

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "არ ვფიქრობ, რომ ეს კანონი დამოკიდებულთა რაოდენობას შეამცირებს. აზარტული თამაშები უნდა გაიტანონ ქალაქგარეთ და როგორც არის, კანონით, არ უნდა დაიშვებოდნენ არასრულწლოვნები. დანარჩენი შეზღუდვები, ვფიქრობ, არ არის საჭირო."

 

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): "ჩემი აზრით, შეამცირებს. ამასთან, თუკი ამდენი სამორინე და კაზინო არ იქნება ბავშვების თვალწინ და სადმე გაიტანენ, ძალიან კარგი იქნება. საერთოდ ვერ ვხვდები, ქალაქში, საპატრიარქოსა და სიონს შორის, ყველაზე დიდი ეშმაკის მანქანა რატომ უნდა იდგეს. ეს თუ აღარ იქნება, ძალიან კარგი. ქალაქგარეთ გადატანის შემთხვევაშიც, ვინც არიან ნამდვილი მოთამაშეები, ისინი მაინც წავლენ და მეპატრონეებიც, ვფიქრობ, მშვიდად იმუშავებენ მოგებაზე."

 

 ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): "არასდროს მითამაშია, არ ვარ აზარტული და მიჭირს პასუხის გაცემა. თუმცა, როგორც სხვებისგან ვიცი, ეს ნარკოტიკივით არის და ძალიან რთულია თავის დანებება. ვფიქრობ, რომ ქალაქგარეთ უნდა გავიდეს და მაქსიმალურად შეიზღუდოს, რადგან სახელმწიფოსთვის დიდი არაფერი შემოსავალი არ მოაქვს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×