მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევს.
გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მერაბიშვილი იყო ჩამოცილებული პოლიტიკური პროცესებისგან აღნიშნული დაკავების საფუძველზე.
"მეთვრამეტე მუხლი ნიშნავს იმას, რომ მისი დაკავების საფუძველი არ გამომდინარეობდა იმ მტკიცებულებებიდან, რომლებიც პროკურატურას გააჩნდა, ანუ მოხდა მისი ჩამოცილება სხვა მიზნების გამო. დღეს ჩვენ გვყავს სტრასბურგის სასამართლოს მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევს მისი გათავისუფლება", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
აღნიშნულს უკრაინიდან გამოეხმაურა საქართევლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მისი თქმით, ხელისუფლებამ ვანო მერაბიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.
ხელისულებაში კი აცხადებენ, რომ ვერავითარი ტიპის სამართლებრივ გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ, გარდა კომპენსაციის გადახდისა, დიდი პალატის გადაწყვეტილება ვერ იწვევს.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, 17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი. შესაბამისად, ყველანაირი სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წინასწარი პატიმრობა პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფილი.
მისივე თქმით, თავად მერაბიშვილის მიერ მოთხოვილ 15 000 ევროს ნაცვლად, დიდმა პალატამ სახელმწიფოს არამატერიალური ზიანისთვის 4 000 ევროს გადახდა დააკისრა.
მოუწევს თუ არა ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ეს იმდენად რთული თემაა, ალბათ, იურისტების განსჯის საგანი უფროა. თუმცა, ჩემი ვარაუდით, ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაითვალისწინებს და ამის გამო ვანო მერაბიშვილს არ გაათავისუფლებს.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): თუ სტრასბურგის სასამართლოს ხელისუფლება ენდობა, მაშინ, ალბათ, უნდა გაათავისუფლოს. თუმცა, მე პირადად ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ვენდობი არასდროს.
ირმა სოხაძე (მომღერალი): თუ სტრასბურგის სასმართლოს მიერ მოყვანილი დარღვევები საკმარისია იმისთვის, რომ მერაბიშვილი გაათავისუფლონ, ალბათ, ასეც იზამენ. მაგრამ ჩვენც საკუთარი კანონები გვაქვს და ასე ბრმად ხომ არ ვედნობით და ვექვემდებარებით ვინმეს. ამიტომ, მე მაინც ვფიქრობ, რომ არ გაათავისუფლებენ.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მისი დაკავებაც და წინასწარი პატიმრობაც იყო კანონიერი. ერთადერთი, რაც ხელისუფლებას არ დაუკმაყოფილეს, ეს არის ღამე გაყვანის ეპიზოდი, რაც ხელისუფლებამ ვერ დაასაბუთა. ეს იწვევს ეჭვს, რომ შესაძლოა, ის გაყვალინი იყო არა იმ მუხლებით, რომლებითაც მას დასდეს ბრალი, არამედ სხვა საქმეშიც უნდოდათ მისი გამოყენება. აღნიშნული დაღვევა ევროსასამართლომ შეაფასა 4 ათას ევროდ. იქ არანაირ გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და არც იმაზე, რომ მისი განაჩენი იყო არაკანონიერი. ეს ვერ გახდება მისი გათავისუფლების საფუძველი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე