თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის ლურ ჯერებში განათებასა და კახა კალაძის წინასაარჩევნო სლოგანის "სიცოცხლით სავსე ქალაქი" ამსახველი წარწერის გაკეთებას, როგორც ოპოზიციაში, ისე საზოგადოების ნაწილში, კრიტიკა მოჰყვა.
ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ "მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, ყველა უნდა შევეცადოთ, დედაქალაქი გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი".
"ჩვენ უნდა ვეცადოთ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ჩვენი ქალაქი გახდეს სიცოცხლით სავსე. მგონი, ამის წინააღმდეგი არავინ იქნება, არც თუნდაც ყველაზე მარგინალური პოლიტიკური ჯგუფი, როგორიც არის "ნაციონალური მოძრაობა". მე მგონია, რომ მათაც ექნებათ სურვილი, ჩვენი ქალაქი უახლოეს მომავალში იყოს სიცოცხლით სავსე", - განაცხადა კახა კალაძემ.
რამდენად სწორად მიგაჩნიათ დედაქალაქის საახალწლო ნაძვის ხეზე საარჩევნო სლოგანის განთავსება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): დედაქალაქის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით, ადრე გადაცემაში ვთქვი, რომ ჩემი რჩეული არ მყავს-მეთქი.
ეს იმიტომ კი არა, რომ მართლა არ მყავდა, უბრალოდ, სულ ვღელავ ხოლმე, არ მინდა, ჩემი ხალხი მოტყუებული დარჩეს და მე ჩემი ნათქვამის გამო პასუხისმგებლობა შემრჩეს.
ამიტომ, თავი შევიკავე და ხმამაღლა არ ვთქვი ჩემი არჩევანი. მართლა ვგულშემატკივრობ კალაძეს, ახალგაზრდა კაცია და ეჭვი მაქვს, მოინდომებს, რომ რაღაც კარგი გააკეთოს. მაგრამ, პიარ სამსახური რომ სწორად მუშაობდეს, ის აუცილებლად სწორ რჩევას მისცემდა.
ეტყოდა, რომ საახალწლო ნაძვის ხეზე ერთი პარტიის სლოგანის გამოყენება დიდად სასურველი არ არის. ამას უნდა აკეთებდეს მუნიციპალიტეტის პიარ სამსახური და უნდა იცოდეს, რომ ამგვარი რამით უბრალოდ ზედმეტად ღიზიანდებიან ადამიანები და რა საჭიროა?
რომ არ მოგატყუოთ, ამაში ვერც დიდ დანაშაულს ვხედავ, მაგრამ მომგებიანი იქნებოდა და არც სალაპარკო გახდებოდა, მხოლოდ ნაძვის ხე რომ ყოფილიყო.
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): აბსოლუტურად დაუშვებელია ასეთი რამის გაკეთება. ეს არის საახალწლო ნაძვის ხე და არა - ბილბორდი, სადაც შეიძლება საარჩევნო სლოგანებისა და განცხადებების განთავსება. ეს, ელემენტარულად, არაპროფესიონალიზმია.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): მე ვფიქრობ, "სოცოცხლით სავსე ქალაქი" მაინცდამაინც "ქართული ოცნების" სლოგანი არ არის. ეს არის ქალაქის განვითარების ხედვა, თუმცა პოლიტიკური ელფერი კი დაჰკრავს.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): მე ვფიქრობ, საახალწლო ნაძვის ხეზე არავითარ შემთხვევაში არ უდა იყოს საარჩევნო სლოგანი იმიტომ, რომ ქალაქის მერი ამ წუთას არის არა რომელიმე ერთი პარტიის, არამედ მთელი საქართველოს წარმომადგენელი.
შესაბამისად, ეს არ იყო საჭირო. მას სხვა ბევრი ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ წარმოაჩინოს პარტიის სახე, მაგრამ არა - საახალწლო ნაძვის ხით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე