გვანცა ღვედაშვილი
15.12.2017

 მოზარდებისთვის პიროტექნიკის მიყიდვაზე შეზღუდვა ისევ არ არსებობს. ფეთქებადი მაშხალები, რომელთაც არაერთხელ შეუქმნიათ ბავშვების სიცოცხლისთვის საფრთხე, კვლავ უკონტროლოდ იყიდება და მისი შეძენა ნებისმიერი ასაკის მოზარდს თავისუფლად შეუძლია.

უკვე რამდენიმე წელია, არასამთავრობოებთან ერთად საზოგადოების ნაწილი პიროტექნიკის ბავშვებზე გაყიდვის აკრძალვას უშედეგოდ ითხოვს. არადა, ახალი წლის დღეებში საახალწლო ასაფეთქებლებით არაერთი მოზარდი ზიანდება. რამდენიმე დღის წინ დამწვრობის ცენტრში უკვე მოხვდა პიროტექნიკით დაზიანებული მოზარდი, რომელსაც მეორე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა მიღებული.

როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ "კვირას" განუცხადა, 2017 წლის ბოლოს, როცა მოახლოებულია საახალწლო დღესასწაული, ჯერჯერობით ეს პირველი შემთხვევაა, მოზარდმა თითის დამწვრობა მიიღო.

ქაშიბაძე ამბობს, რომ 8 წლის ბიჭს ამბულატორიული სამედიცინო დახმარება დასჭირდა და იგი სახლში მკურნალობას აგრძელებს. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მშობლებს მოუწოდებს, რომ საახალწლო დღეებში შვილებს მეტი ყურადღება მიაქციონ.

აღსანიშნავია, რომ ახალი წლის დღეებში, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 21:00 საათამდე პიროტექნიკის გამოყენებაზე გამონაკლისი დაიშვება და კანონით განსაზღვრული აკრძალვა არ იმოქმედებს.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 772-ე პრიმა მუხლი არეგულირებს ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენების წესებს, თუმცა არსებობს გამონაკლისი," - აცხადებენ შსს-ში.

შს სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისას დაიცვან უსაფრთხოების წესები, გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×