მთავრობის მეთაური გიორგი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. "უცნობის" ბრალდებებს გიორგი კვირიკაშვილი ულტიმატუმით პასუხობს. პრემიერი ამბობს, რომ თუ გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება, ის მზად არის, პოსტი დატოვოს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ პრემიერ-მინისტრი ყოფილი მეგობრისგან ბოდიშს ელოდება.
"უცნობისა" და პრემიერის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი გაჩეჩილაძის სიძის ფირმა "სიტროენ ჯორჯიას" ჯანდაცვის სამინიტროს ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს.
გაჩეჩილაძის თქმით, ტენდერის პირობები მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებს საგანგებოდ მოარგეს. მან პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, საკითხით დაინტერესებულიყო.
პრემიერის განცხადებას მოგვიანებით თავად გაჩეჩილაძის სიძემ უპასუხა, თუმცა გამოძიების ობიექტურობის იმედი არ აქვს.
როდესაც პრემიერი ამბობს, რომ თუ ეს დადასტურდა, მე გადავდგები, ეს არის წნეხი ყველა იმ ორგანოზე, რომელმაც საქმე უნდა გამოიძიოს," - განაცხადა "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარაშიძემ.
გჯერათ, რომ პრემიერის ამ განცხადების შემდეგ გამოძიება სამართლიანად ჩატარდება? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
ირმა სოხაძე მომღერალი): მიუხედავად ამ განცხადებისა, სასურველია, რომ ეს წნეხად არ აღიქმებოდეს და გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს. არ მინდა, ეს განცხადება სხვანაირად აღვიქვა, ბატონმა გიორგიმ აბსოლუტურად გულწრფელად თქვა, ეს თუ დადასტურდება, მე გადავდგებიო. არა მგონია, რომ ეს რაღაც მინიშნება იყოს. არ მინდა, რომ ასე გავიგო. დიდი იმედი მაქვს, რომ ობიექტური დასკვნა დაიდება. აქ არ არსებობს არც მეგობრობა და არც ძველი ურთიერთობა. საზოგადოებისთვის არის ძალიან საინტერესო ამბავი.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): აქ ჯერ სხვა თემაა განსახილველი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიპყრო. მეგობრები და ძმაკაცები ასე საჯაროდ არ ლაპარაკობენ, მიდიან და პირადად უხსნიან მეგობრებს პრობლემის შესახებ. მეგობრებს შორის გაკიცხვა ტელევიზიით არ ხდება.
თუ მეგობრები არიან, სასამართლოს გარეშეც გაარკვევენ. თუ მეგობრები არ არიან და მათ შორის შავმა კატამ გაიარა, მაშინ ყველაფერი მოსალოდნელია. უცნობი, ყველამ იცის, რომ ძალიან შეუპოვარია და ბოლომდე იბრძოლებს, არაფერს არ დათმობს. გვახსოვს, "მაესტროს" ამბების დროს რა სერიოზულ ბრძოლაში ჩაერთო. ამიტომ კვირიკაშვილს არ უნდა აწყობდეს მასთან ბრძოლაში ჩაბმა.
გია ბურჯანაძე მსახიობი): რა თქმა უნდა, წნეხად აღიქმება. ისედაც ვიცით, სამართალდამცავი ორგანოები რისი მაქნისები არიან. საქართველოში ობიექტურობის იმედი არ მაქვს.
ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი): წნეხი, აბა, რა. ჩემი აზრით, პრემიერი უნდა გადადგეს იმიტომ, რომ საქართველოში არც ერთი სამინისტრო არ ატარებს ტენდერებს კანონის შესაბამისად და ხალხზე მორგებულს. ეს გვეტყობა ყველა სფეროში - არსად არ გვაქვს წინსვლა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე